როგორ გახდა ქართველი მასწავლებელი კიბერთაღლითების მსხვერპლი - მისი სახელით სესხი აიღეს

„გავხდი ფიშინგის მსხვერპლი“ - 64 წლის ქართველ პედაგოგს კიბერთაღლითებმა დიდი ზარალი მიაყენეს.

„ვისაც ჩემს ამბავს ვუყვები, ყველა მაშინვე ინტერნეტბანკში შედის, ამოწმებს, ხომ არ გაქურდეს“, - გვეუბნება 64 წლის თამაზ წიკლაური, ფიზიკის მასწავლებელი თბილისიდან. მისი სახელით ბანკიდან თაღლითებმა 28 000 ლარი გაიტანეს. ახლა ამ „სესხის“ დასაფარად პედაგოგს 4 წელი ხელფასის ნახევრის გადახდა მოუწევს.

დაზარალებულმა მიმართა შსს-ს, ეროვნულ ბანკსა და თავისთავად - „საქართველოს ბანკს“, - რომლის კლიენტიც არის.

ჯერჯერობით დამნაშავეების კვალი ნაპოვნი არ არის.

„რაღაც კოდი“

ეს 2026 წლის 1 ივლისს მოხდა - თამაზ წიკლაური “საქართველოს ბანკის” ელექტრონული ბანკინგის სისტემაში მობილური ტელეფონით შევიდა და თავზარი დაეცა:

  • მის სახელზე გაცემული იყო 28 ათასი ლარი - 4-წლიანი სესხი, რომლის ნახევარიც უკვე გადარიცხული იყო უცნობთან - 7000-ლარიანი ორი ტრანზაქციით;
  • გამქრალი იყო მისი ბოლო ხელფასიც - 1900 ლარი - ასევე გადარიცხული სხვასთან.

ბანკმა მოასწრო გაცემული სესხის ნაწილის - 14 ათასი ლარის - დაბლოკვა მას შემდეგ, რაც თამაზ წიკლაურმა ფულის დაკარგვის ამბავი შეატყობინა. თუმცა მანამდე, 10-15 წუთით ადრე, საღამოს 9 საათისთვის ბანკიდან დაურეკეს, მისი პირადობის მოწმობის ნომერი იკითხეს და მის ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციების შესახებაც აცნობეს. ბანკის თანამშრომელს მან პირადი ნომერი არ უკარნახა და ინტერნეტბანკის თავად შემოწმება გადაწყვიტა.

მოვლენათა ჯაჭვში, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა დილით მომხდარი საეჭვო ამბავი.

„შევდიოდი ინტერნეტბანკში კომპიუტერიდან, მაგრამ ვერ შევედი. იწვალა, იწვალა… პაროლი შემყავდა და ვერ შევდიოდი. მერე ბანკიდან მომივიდა რაღაც კოდი - შეიყვანეთო… რა ვიცი ბანკიდან იყო?! ბანკიდან იქნებოდა, რადგან ბანკის მესიჯებში ზის. შევიყვანე ეს კოდი, რის მერეც კიდევ იტრიალა, იტრიალა და საბოლოოდ ვერ შევედი და დავანებე თავი, მერე აღარ მიცდია… და მაგის მერე მესიჯი აღარ მომსვლია ბანკიდან“, - ასე იხსენებს თამაზ წიკლაური 1 ივლისის დილის ამბავს.

თამაზ წიკლაური - დაზარალებული მასწავლებელი

„აბსოლუტურად ხელებს იბანს "საქართველოს ბანკი". ყველა ვალდებულებას ირიდებს. სადღაც შეხვიდოდი, რაღაცას დააწვებოდიო… შემეშალა, ვთქვათ, და დავაწექი რაღაცას. ყველა შედის კომპიუტერში და ხომ შეიძლება დააწვე რაღაცას და 40 ათასი ვალი უნდა დაგადონ?! ის 28 ათასი პროცენტებით 40 ათასი ლარი გამოდის; 4-წლიანი სესხია… ბანკის დაბლოკილი 14 ათასი ხელმიუწვდომელია ჩემთვის. 3-ში [აგვისტოს] მომიწევს პირველი გადახდა - 870 ლარის. ეს არის ჩემი ხელფასის ნახევარი“, - თამაზ წიკლაური გვეუბნება, რომ “საქართველოს ბანკმა“ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა სესხის გაუქმების ან გამოძიების დასრულებამდე გადავადების შესახებ.

წიკლაურს ცოლი, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. “ძალიან ბევრნი დავზარალდით ამ ამბითო”, გვეუბნება.

რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა როგორც „საქართველოს ბანკს“, ასევე - ეროვნულ ბანკს დეტალების გადასამოწმებლად, შეფასებებისთვის და იმის დასადგენად, თუ რა დაცვის მექანიზმები არსებობს საბანკო სისტემაში, თუკი ვინმე კლიენტის ფულის მითვისებას ცდილობს.

ეროვნული ბანკის პასუხი

„თამაზ წიკლაურის მომართვის საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ დაიწყო საქმის განხილვა. „საქართველოს ბანკისგან“ ინფორმაცია გამოთხოვილია და კომისია ელის მის წარდგენას. საკითხის გამოკვლევის და ტექნიკური ანალიზის შემდეგ, მოქალაქეს პასუხი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ეცნობება“, - გვიპასუხეს ეროვნული ბანკიდან.

საბანკო სისტემის რეგულატორი განმარტავს, რომ:

  • მომხმარებლის ფიშინგისგან დაცვის მექანიზმებია საგადახდო მომსახურების მონიტორინგი, „საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება“ და „ქმედებების ძლიერი ავთენტიფიკაციით დადასტურება".
  • ამიტომ „საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია ინდივიდუალური შემთხვევის ტექნიკურ გარემოებებზე და სამართლებრივ შეფასებაზე".


ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ წელს შეიცვალა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ და ამ ცვლილებამ უკეთესად უნდა დაიცვას მოწყვლადი სეგმენტი - „60 წელს გადაცილებული მომხმარებელი თაღლითური სქემებისგან“.

"საქართველოს ბანკისგან" პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია [მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება].

„საქართველოს ბანკი“ თამაზ წიკლაურს წერილობით ატყობინებს, რომ სესხი მის სახელზე რეგისტირებული დისტანციური არხით გაიცა.

წერილში, რომელიც თამაზ წიკლაურმა „საქართველოს ბანკისგან“ მიიღო, წერია, რომ 28 620 ლარის სესხი გაიცა მის სახელზე „რეგისტრირებული დისტანციური არხის საშუალებით, ავტორიზაციისთვის საჭირო უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ“. ამის გამო გადაურიცხეს ფული ორჯერ - 1900 და 14 365 ლარი.

„ოპერაციები შესრულებულია მოწყობილობით, რომელსაც თქვენ მიერ მინიჭებული აქვს სანდო მოწყობილობის სტატუსი“; „ოპერაციების შესრულების შესახებ, ბანკში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე გამოგეგზავნათ შესაბამისი სმს [SMS] შეტყობინებები“, - წერია "საქართველოს ბანკის" წერილში.

თავად თამაზ წიკლაური ამბობს, რომ თანხების გადარიცხვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ მიუღია.

"საქართველოს ბანკი" დაზარალებულ კლიენტს წერილში განუმარტავს, რომ “ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობების” თანახმად, რაზეც ხელი აქვს მოწერილი კლიენტსაც, “კლიენტი პასუხისმგებელია ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდა მის სარგებლობაში არსებული დისტანციური საბანკო მომსახურებით”; ასევე კლიენტის “უპირობო ვალდებულებაა”, “დისტანციურ არხში ავტორიზაციისთვის საჭირო უნივერსალური იდენტიფიკატორების უსაფრთხო შენახვა” და საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ბანკისთვის დაუყოვნებელი მიწოდება.

“საქართველოს ბანკმა” წიკლაურს ურჩია, რომ დამატებითი დეტალების გასარკვევად მიემართა სამართალდამცველი ორგანოსთვის და ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისიისთვის. წიკლაური გვეუბნება, რომ ეროვნულ ბანკში მას გულისხმიერად მოუსმინეს, განსხვავებით “საქართველოს ბანკისგან”.

ფიშინგი

ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ ხელნაწერ წერილში წიკლაური თავად ახსენებს სიტყვა ფიშინგს და ვარაუდობს, რომ სწორედ ფიშინგის მსხვერპლი გახდა, ხოლო ბანკმა ის ვერ დაიცვა:

„საქართველოს ბანკმა და მისმა უსაფრთხოების სისტემამ ვერ დაიცვა ჩემი უსაფრთხოება და შესაძლებელი გახადა, ბოროტმოქმედებს ესარგებლათ ჩემი ინტერნეტბანკით. მიეთვისებინათ ჩემი კუთვნილი თანხა“.

ეროვნულ ბანკში გაგზავნილი წერილი

ფიშინგის დროს, თაღლითები სხვადასხვა გზით - მოტყუებით - აიძულებენ ადამიანს, რომ გაამჟღავნოს თავისი საბანკო და პერსონალური ინფორმაცია მათ მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე, რომელიც გარეგნულად ნამდვილის იდენტურია. ხშირად ეს თაღლითური სისტემა ითხოვს კოდსაც, რომელიც მოტყუებულ ადამიანს ტელეფონზეც მისდის.

სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ამ ტიპის კიბერთაღლითობის დროს კომერციული ბანკები პასუხისმგებლობას კლიენტებს აკისრებენ.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ ფიშინგის მსხვერპლად ქცევა სულ უფრო ადვილი ხდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად - რადგან ყალბი ვებგვერდების ამოცნობა კარგად ინფორმირებულ ადამიანსაც შეიძლება გაუჭირდეს.

„საბანკო აპლიკაციაში შეღწევა ძირითადად სოციალური ინჟინერიით ხდება, როდესაც ხდება ინფორმაციის გამოტყუება - პაროლის, პირადი მონაცემების თუ უსაფრთხოებისთვის საჭირო კოდის… საბანკო აპლიკაციებს მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია აქვთ, აუცილებლად მოგდით კოდი, რომელიც არამც და არამც არავის არ უნდა გაუზიაროთ. თუ ამ კოდს გამოგტყუებენ, შემდეგ თავისუფლად მისწვდებიან თქვენს ანგარიშებს. ანუ ეს კლასიკური გატეხვა არ არის - გამოდის, რომ ჩვენი ნებით ვაძლევთ გასაღებს უცნობ პირებს“, - ეუბნება ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ხშირად თაღლითები მსხვერპლს ისეთ საგანგაშო ინფორმაციას აწვდიან, რაც სწრაფად მოქმედებას მოითხოვს [მაგალითად, რომ ანგარიში ებლოკება, თუკი ახლავე არ გაუგზავნის ინფორმაციას] - ამით მას ყურადღებას უფანტავენ და დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ.

თამაზ წიკლაური გვეუბნება, რომ პოლიციაში საჩივარი შეტანილი აქვს არა ბანკის, არამედ უშუალოდ თაღლითების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი თანხები მიითვისეს. თუმცა ფიქრობს, რომ თუკი გამოძიება შედეგს არ მოიტანს, ბანკსაც უჩივლებს.

გამოძიება

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თამაზ წიკლაურმა ასევე 1 ივლისს მიმართა; იქიდან მისი საქმე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გადააგზავნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პროცესი დაწყებულია თამაზ წიკლაურის მიმართვის საფუძველზე და “საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს” - სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით.

სს კოდექსის 286-ე პრიმა მუხლი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას შეეხება. “თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა ან კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია” – ეს ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანდა არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.


შს სამინისტროს სტატისტიკით, 286-ე პრიმა მუხლით რეგისტრირებული და გახსნილი საქმეების თანაფარდობა ასეთია:

  • 2022 წელს - რეგისტრირებულია 808, გახსნილია 329;
  • 2023 წელს - რეგისტრირებულია 892, გახსნილია 476;
  • 2024 წელს - რეგისტრირებულია 657, გახსნილია 306;
  • 2025 წელს [პირველი 6 თვე] - რეგისტრირებულია 295, გახსნილია 189.


ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ კიბერდანაშაულის გახსნა იოლი არ არის, თუმცა ამ ბრძოლაში საქართველო „საერთო ტრენდშია, რაც მსოფლიოს მასშტაბით არის“ და წლების მანძილზე, ამ სფეროს განვითარება დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და საჭირო ცოდნის გაზიარებით ხდებოდა.

„ასეთი დანაშაულების გახსნა შესაძლებელია, რადგან დამნაშავეებიც ადამიანები არიან და შეცდომას ისინიც უშვებენ. ასევე, ბანკიდან წაღებული თანხა სადღაც უნდა გადაირიცხოს, ამიტომ კვალზე მიდევნება სავსებით შესაძლებელია. სხვა საკითხია, თანხის დაბრუნება რამდენად შესაძლებელია, რადგან თანხა შეიძლება უკვე გატანილი იყოს“, - ეუბნება გოცირიძე რადიო თავისუფლებას.

წიკლაურის ინფორმაციით, დაბლოკილია მისი თანხის თავდაპირველი მიმღებების ანგარიშები, თუმცა ამ ანგარიშებზე მისთვის წართმეული თანხები უკვე აღარ არის. დაზარალებულმა ასევე შეიტყო, რომ მის საქმესთან ერთად გამომძიებელი კიდევ რამდენიმე ასეთივე საქმეს იძიებს.

ასევე ნახეთ

160 ევრო სიგარეტში - აი, როგორია ციფრული თაღლითობა და რა უნდა ქნა, რომ არ მოტყუვდე

სპეციალისტები ხშირად აზიარებენ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ფიშინგისგან და კიბერთაღლითების სხვა სატყუარებისგან. ანდრო გოცირიძის თქმით, მთავარი იარაღია ყურადღება და დაკვირვება:

„როდესაც რაიმე მოქმედება - რაღაც შემოთავაზება, მესიჯი ან წერილი არის საეჭვო, ყოველთვის ჯობია, რომ მას არ ავყვეთ, არ გავრისკოთ. არავის არ გავუზიაროთ ჩვენი პირადი მონაცემები, პაროლი და ნებისმიერი კოდი, რომელსაც SMS-ის [მოკლე ტექსტური შეტყობინება] სახით ვიღებთ და ყველა შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შემოთავაზება გვაქვს, უნდა გადავამოწმოთ ბანკთან, რომ არ გავხდეთ ამგვარი თაღლითობის მსხვერპლი“.