მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის უჩივიან

აიზა მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი

30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი. მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხზე დავობენ.

30 ოქტომბერს მოსამართლემ მალხაზ მაჩალიკაშვილის ახსნა-განმარტება მოისმინა და მომდევნო სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანუ მოპასუხის სიტყვას მოისმენს, 2019 წლის 15 იანვარს დანიშნა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ინტერესებს სასამართლოში "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს.

როგორც EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა“.

30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა ემოციური აღმოჩნდა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის. სხდომის მსვლელობისას მას დეტალურად მოუწია 26 დეკემბერის ღამის გახსენება, როდესაც სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელში ესროლეს მის ვაჟს და სასიკვდილოდ დაჭრეს. სხდომის მიწურულს ის შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შვილისთვის ტერორისტის იარლიყის მიწებება არანაკლებ რთული გადასატანია, ვიდრე მისი სიკვდილი.

თემირლანის საქმის წახნაგები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესა და გამოძიების პროცესის გარშემო, მისი ოჯახის უფლებადამცველები უკვე თვეებია აგროვებენ პასუხგაუცემელ კითხვებსა და ხარვეზებს.

26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

ასევე ნახეთ სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში

თითქმის წელიწადი სრულდება, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს დავას. ერთ-ერთი ცენტრალური დავა უკავშირდება სწორედ 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს. ამ დავაში EMC რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს გამოყოფს:

  • სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურება;
  • მტკიცებულებების მოპოვების წესის დარღვევა, რამაც მათი სანდოობა სადაო გახადა;
  • საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომის არარსებობა.
  • კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურება

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. ამ მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა, თუმცა, მან პროკურატურისგან უარი მიიღო. ამ საქმეზე, ადამიანის უფლებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი ამზადებს სარჩელს, რომელსაც უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენს.

ასევე ნახეთ ამ ეტაპზე არ მოხდეს მაჩალიკაშვილის ოჯახის დაზარალებულად ცნობა

თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებელ დეტალებზე

"ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის ცენტრის" იურისტი თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას ესაუბრა ყველა იმ კითხვასა თუ ხარვეზზე, რაც ამ ათი თვის განმავლობაში, გამოძიების მსვლელობისას დაგროვდა:

„სპეცრაზმელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე გამოძიება დეკემბერშივე დაიწყო, თუმცა, პროგრესი არ არის. დღემდე არ დამდგარა არცერთი პირის მიმართ არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი. მითუმეტეს, რომ ჩვენ, ამ გამოძიების ფარგლებში ვითხოვთ არა მხოლოდ სროლის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, არამედ იმ პირებისაც, რომლებმაც სათანადოდ არ დაგეგმეს სპეცოპერაცია. გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. როგორც პროკურატურაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პროცესში, ჯერჯერობით არ გამოკვეთილა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მართლაც არ აღიარებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ იქნა ჩადენილი დანაშაული“, - ამბობს თამთა მიქელაძე, რომელიც 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში არსებულ კიდევ ერთ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მტკიცებულებების მოპოვებას უკავშირდება:

„სპეცოპერაციისას ეს მტკიცებულებები შემთხვევის ადგილიდან ამოიღო არა პროკურატურამ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ, იმ უწყებამ, რომლის შესაძლო დანაშაულზეც ვდაობთ გამოძიების წინაშე. ამდენად, ამ მტკიცებულებების ამოღების წესის დარღვევის გამო და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის წესის დარღვევის გამო, ჩვენ ამ მტკიცებულებების კანონიერებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ. მაგალითად, ხელყუმბარა, რომელიც იქნა ჯერ ამოღებული და შემდეგ განადგურებული. გარდა ამისა, იარაღის ნაწილები იქნა შეცვლილი სპეცრაზმელის მიერ, რაც მოგვიანებით ეცნობა მის უფროსს. ჩვენ ამ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან განადგურებულია და ან შეცვლილი“, - ამბობს თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

თამთა მიქელაძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი

თამთა მიქელაძის თქმით, მათთვის უცნობია გამოძიების მიერ დანიშნული და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებიც, რომლებიც მისი თქმით, აგვისტოს მიწურულს უნდა ყოფილიყო მზად.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. უწყების განმარტებით, კომპლექსური ექსპერტიზა დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცედურები, რაც დასკვნის შედგენის პროცესს უკავშირდება. მათი განმარტებით, პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება და ექსპერტიზის პასუხები გადაეგზავნება გამოძიებას.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს, თბილისის, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. უკვე თვეებია სახელმწიფოსგან ობიექტურ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბოლო ორი თვეა ამ მოთხოვნით ის რუსთაველის გამზირზე მართავს პერმანენტულ აქციებს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოზარდის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად.