უკრაინის დაზვერვის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს რუსეთის უეკიპაჟო კატარღების ელინგები ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე დონუზლავის ტბაზე, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს კუნძულ ზმეინისთან „კამას“ ტიპის რუსული საზღვაო დრონის განადგურების შესახებ.
რა არის ცნობილი საზღვაო დრონების ბაზის თაობაზე და რა უპილოტო საშუალებებს იყენებს რუსეთი შავ ზღვაში, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის ობიექტებს, ისე ნაოსნობას? ამის შესახებ საუბრობენ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის, krym.realii-ის ჟურნალისტები.
იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედროებმა ანექსირებულ ყირიმში, დონუზლავის ტბის სანაპიროზე, დასახლებულ პუნქტ ნოვოოზიორნოესთან, ააშენეს ელინგები, რომლებიც სავარაუდოდ უეკიპაჟო კატარღების შესანახადაა განკუთვნილი, პირველად 1 სექტემბერს განაცხადა უკრაინულმა OSINT-პროექტმა CyberBoroshno-მ:
„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უეკიპაჟო კატარღების აქტიურ საბრძოლო გამოყენებას. თუმცა მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა მოწმობს, რომ მოწინააღმდეგე სავარაუდოდ იმყოფება გამოცდების ეტაპზე და ამზადებს ბაზას ამ კლასის საშუალებების სამომავლო განთავსებისთვის“, დაწერეს CyberBoroshno-ს ანალიტიკოსებმა ტელეგრამში.
დონუზლავი წარმოადგენს მარილიან ტბას ევპატორიის ჩრდილო-დასავლეთით. იგი ესაზღვრება შავ ზღვას, თუმცა 30 კმ-ით იჭრება ყირიმის ნახევარკუნძულის სიღრმეში და ტარხანკუტის ნახევარკუნძულს დანარჩენი ყირიმისგან ყოფს. ტბის სიღრმე 27 მეტრია, ხოლო შესართავთან სიგანე 8,5 კმ-ს აღწევს. ზღვისგან დონუზლავი გამოყოფილია 0,3-1 კმ სიგანის ყელით.
დონუზლავის ტბა ყირიმში
OSINT-მკვლევარმა HI Sutton-მა აღმოაჩინა საზღვაო დრონებისთვის განკუთვნილი სულ მცირე 21 ელინგი დონუზლავის ტბის აკვატორიის სხვადასხვა ნაწილში. მისი მონაცემებით, ობიექტების მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ დღეს ბაზა უკვე მზადაა სრულფასოვანი მუშაობისთვის.
დრონების თითოეულ თავშესაფართან, გამომძიებლის მონაცემებით, მიყვანილია გრუნტის გზა: მისი მეშვეობით ადგილზე მიდის პერსონალი და იმავე გზით ტბაზე მიაქვთ თავად უეკიპაჟო კატარღები. ელინგ-თავშესაფრის შიგნით შესაძლებელია კატარღების წყალში ჩაშვება, მათი საბოლოო მომზადება, ასევე მათი დროებით შენახვა გასასვლელად გამზადებულ მდგომარეობაში.
საზღვაო დრონების საბრძოლო გამოყენება
2 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან, განადგურდა რუსეთის საზღვაო უეკიპაჟო კატარღა. „მოხვედრის შემდეგ რუსეთის კატარღას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა“, განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში და გამოაქვეყნეს ვიდეო.
საიდან გაუშვეს ზმეინისთან განადგურებული საზღვაო დრონი, უცნობია. თუმცა ზმეინიდან დონუზლავამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 200 კმ-ია.
უკრაინის სამხედროების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მითითებულია, რომ კუნძულ ზმეინისთან განადგურდა რუსეთის კატარღა „კამა“.
რუსეთის უეკიპაჟო კატარღა "კამა". ეკრანის ანაბეჭდი გურ-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.
ეს ახალი საზღვაო დრონები რუსეთმა ოფიციალურად პირველად წარმოადგინა 2026 წლის 10 ივნისს, გამოფენაზე „ფლოტ-2026“. უეკიპაჟო კატარღა „კამა“ შექმნა და აწარმოებს რუსეთის კომპანიების ჯგუფი „ZALA AERO GROUP უპილოტო სისტემები“. ამ კატარღას შეუძლია, 700 კილომეტრამდე მანძილზე დაშორდეს ბაზირების წერტილს. შემქმნელები ასევე აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ავტონომიურ რეჟიმში იმუშაონ 12 საათამდე, დაახლოებით 22 კმ/სთ (12 კვანძი) სიჩქარით და 3 ბალამდე ღელვის დროს დამაჯერებლად შეინარჩუნონ პოზიცია. ამ დრონების საბრძოლო დატვირთვა შეადგენს 600 კგ-ს. ბორტზე დამონტაჟებული აღჭურვილობა ასევე მოიცავს თერმულ კამერებს.
უკრაინა უკვე რამდენიმე წელია, იყენებს საზღვაო დრონ-კამიკაძეებს, თუმცა ახლახან რუსეთმაც დაიწყო საზღვაო ოპერაციებში უეკიპაჟო კატარღების გამოყენება, მართალია, ჯერ შეზღუდული რაოდენობით, განუცხადა ანონიმურობის პირობით პროექტ krym.realii-ს თადარიგის მე-3 რანგის კაპიტანმა, რომელიც მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა.
„რუსეთის მიერ უეკიპაჟო კატარღების შეზღუდული გამოყენების მთავარი მიზეზი ისაა, რომ იგი ამ საკითხში მუდმივად მდევრის როლშია. ისინი ცდილობენ, უკრაინული ტექნოლოგიების ასლები გააკეთონ, თუმცა მუდმივად ჩამორჩებიან, მიიჩნევს ყოფილი სამხედრო მზვერავი. - ამასთან, უკრაინას არ ჰყავს გემები, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთის ფედერაცია შეძლებდა საკუთარი უეკიპაჟო კატარღების გამოყენებას. ამიტომ ახლა მათთვის ყველაზე სავარაუდო სამიზნეებს წარმოადგენს უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურა და ის სავაჭრო გემები, რომლებსაც მარცვლეული და სხვა ტვირთები გადააქვთ“.
ერთი წლის წინ, 2025 წლის 28 აგვისტოს, რუსეთის საზღვაო დრონი დუნაის შესართავთან დაესხა თავს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საშუალო სადაზვერვო გემ „სიმფეროპოლს“. რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, იუწყებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი დმიტრო პლეტენჩუკი. 2026 წლის მარტში პლეტენჩუკმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს საზღვაო დრონების გამოყენების სფეროში არა აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები. „საკითხავია, შეძლებენ თუ არა ისინი ამ საშუალებების რაიმე ფორმით ადაპტირებას ზღვაზე ომისთვის“, განაცხადა სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
თავად რუსეთის სამხედროებიც აღიარებენ, რომ რუსეთი უეკიპაჟო კატარღებს სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებს. რუსეთის 443-ე ცალკეული საზღვაო დივიზიონის Neptun Shadow-ს მეთაურმა, მეტსახელად „ველბოტი“, მიმდინარე წლის მაისში რუსეთის გამოცემა „ვოენნოე დელოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „რუსეთის დარტყმები ძირითადად მოდის უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურასა და იმ სატრანსპორტო გემებზე“, რომლებიც უკრაინის პორტებში შედიან. მისი შეფასებით, მსგავსი ობიექტები არ წარმოადგენენ სტრატეგიულ სამიზნეებს რუსეთისთვის, თუმცა იერიშებს იყენებენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთის მხარესაც შესწევს სამიზნეების განადგურების უნარი.
ზაფხულის ბოლოსკენ საპორტო ინფრასტრუქტურასა და სავაჭრო გემებზე რუსეთის იერიშები ნამდვილად გაძლიერდა, თუმცა მათში ძირითადად გამოიყენებოდა უპილოტო საფრენი აპარატები და არა საზღვაო დრონები.
2026 წლის იანვარში ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთმა უეკიპაჟო კატარღების გამოყენება დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების ბაზირების პუნქტების დასაცავად. შესაბამისი ქვედანაყოფები შეიქმნა სამხედრო-საზღვაო ბაზების შემადგენლობაში, წერდა რუსეთის სახელმწიფო გამოცემა „იზვესტია“ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინული ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერ“ ამტკიცებს, რომ მისმა დამკვირვებლებმა სევასტოპოლში დააფიქსირეს ბაზა, სადაც სავარაუდოდ ტარდებოდა საზღვაო უპილოტო აპარატების გამოცდები.
ღია წყაროებსა და სპეციალიზებულ გამოფენებზე გვხვდება ცნობები რუსეთის ისეთ საზღვაო დრონებზე, როგორებიცაა „ლაბირინტი“, „სარდინა“, „კასატკა“, „მორენა“, „ვიზირ-700“, „კიბერბოუტ-1100“ და „შტორმ-600“. 26 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა დეტალური ანალიტიკა რუსეთის უეკიპაჟო კატარღებზე - საზღვაო დრონებზე „სკანდა“, „ისკატელი“, „ფარვატერი“, „ტრეზუბეცი“, „ვიზირი“, „მურენა-300c“, „ბეკ-1000“ და სხვა უეკიპაჟო კატარღებზე.
ასევე ცნობილია, რომ 2025 წლის 6 მარტს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ნაწილში მიიტანეს მოსკოვის „უპილოტო სისტემებისა და ტექნოლოგიების ცენტრში“ შექმნილი კატარღა „კატრანის“ ორი საცდელი ნიმუში. ამ კატარღის კორპუსი შექმნილია ალუმინისა და მაგნიუმის მსუბუქი შენადნობისგან; იგი განკუთვნილია პატრულირებისთვის, დაზვერვისთვის, რადიოლოკაციური დაკვირვებისთვის, ლოგისტიკისთვის, ასევე სამიზნეების საცეცხლე განადგურებისთვის, კერძოდ კი FPV-დრონების მეშვეობით (მას შეუძლია ათობით FPV-დრონის გადატანა 100-200 კმ მანძილზე). „კატრანის“ მართვა შესაძლებელია ათასი კილომეტრის მანძილიდან.
რუსეთის კიდევ ერთი უეკიპაჟო კატარღა „მურენა-300c“ შექმნა ტულის საკონსტრუქტორო ბიურომ, „უპილოტო სისტემების ცენტრმა“. ისიც განკუთვნილია დაზვერვის, პატრულირების, რადიოტექნიკური დაზვერვის, დანაღმვისა და განაღმვისთვის, და, „კატრანის“ მსგავსად, შეუძლია კამიკაძისა და FPV-დრონების მატარებლის ფუნქციების შესრულება. ამ კატარღის კიდევ ერთი ვარიანტი აღჭურვილია ორი უნივერსალური კომპაქტური ტორპედოთი.
„მურენა-300 с“-ისთვის შეიმუშავეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მისგან 100 მეტრის სიმაღლეზე ადის და კატარღის ავტონომიური გამოყენებისას ვითარების შეფასების საშუალებას იძლევა. დრონი კატარღასთან დაკავშირებულია სპეციალური კაბელით, რაც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას ძლიერი ქარის დროსაც კი. იგივე კაბელი უზრუნველყოფს ჰაერში მის ხანგრძლივად ყოფნას, ვინაიდან კვება უშუალოდ კატარღიდან მიეწოდება.
ამასთან, საინტერესოა, რომ „მურენა-300с“-ის სადემონსტრაციო ნიმუშზე რუსეთის შემქმნელებმა დაამონტაჟეს Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ანტენა.
კიდევ ერთი რუსული წარმოების საზღვაო დრონია „აფალინა“. მისი გამოყენებაც შესაძლებელია როგორც კატარღა-კამიკაძედ, ასევე პატრულირებისთვის, საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად და ა.შ.
რუსეთის უეკიპაჟო კატარღა „აფალინა“. ეკრანის ანაბეჭდი გურ-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.
„თუმცა რუსეთის სამხედრო დანიშნულების უეკიპაჟო კატარღების უმეტესობა საგამოფენო სტადიაზე იმყოფება. ბოლო წლებში წარმოადგინეს რამდენიმე მსგავსი კატარღა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მათი სერიული წარმოების შესახებ, - განუცხადა რადიო თავისუფლებას უკრაინის თადარიგის მე-3 რანგის კაპიტანმა. - კუნძულ ზმეინისთან განადგურებული კატარღა „კამა“ სავსებით შესაძლებელია, რომ ყოფილიყო საცდელი ეგზემპლარი: ტარდებოდა მისი გამოცდები საბრძოლო პირობებში. მაგრამ თუ ხილულ მომავალში ცნობებში უფრო ხშირად შევხვდებით რუსეთის უეკიპაჟო კატარღების ხსენებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთის ფედერაციამ მათი მასობრივი წარმოება დაიწყო“.
ნაოსნობის რისკები
საზღვაო რისკების მართვის კომპანია Ambrey-ს უფროსმა ანალიტიკოსმა ტომას ალექსამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ივლისის დამდეგიდან შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რუსეთის სავარაუდო სამიზნეების ჩამონათვალი ახლახან გაფართოვდა „ტანკერებიდან მშრალტვირთიან გემებამდე“, ხოლო შავ ზღვაში რეისების დროს მეზღვაურებისთვის საფრთხეც ასევე გაიზარდა. ამას გარდა, 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინის პორტებს, სადაც, სხვათა შორის, ანადგურებს უკრაინულ მარცვლეულს.
რისკების შეფასებაც გამკაცრდა მათ შორის, ვინც ოდესღაც შავ ზღვაში რეისებით ირჩენდა თავს, აღნიშნა ალექსამ. „გემთმფლობელები უარს ამბობენ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გემების გაგზავნაზე, ეკიპაჟები კი იქ უხალისოდ მიცურავენ“, შენიშნავს ის.
გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დაგმო შავ ზღვაში ნაოსნობაზე თავდასხმების რიცხვის ბოლოდროინდელი ზრდა, რასაც რამდენიმე მეზღვაური ემსხვერპლა. „მეზღვაურები არასოდეს არ უნდა ხდებოდნენ იმ კონფლიქტების მსხვერპლნი, რომელთა მხარესაც ისინი არ წარმოადგენენ“, - განაცხადა თავის მიმართვაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არსენიო დომინგესმა.
კომპანია Ambrey-ს ბოლოდროინდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „სულ უფრო აფართოებს ტრადიციულად აღიარებულ მაღალი რისკის ზონებს“. ერთ-ერთ რისკად ისინი ასახელებენ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილ იმ საზღვაო დრონებს, რომლებიც აკვატორიაში დაცურავენ კვების ან ოპერატორებთან კავშირის დაკარგვის შემდეგ.