მერაბ დვალიშვილმა თბილისში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ჰენრი სეხუდოს 11:8 სძლია.
ქართველი მებრძოლი ოლიმპიურ ჩემპიონთან შეხვედრისას ანგარიშით 0:8 აგებდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობა შემოატრიალა და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
დვალიშვილი და სეხუდო აქამდეც იყვნენ ერთმანეთის მეტოქეები - ისინი UFC-ის ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ და მაშინაც ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა.
თბილისში ჩატარებულ RAF-ის ღონისძიებაზე გამარჯვება ასევე მოიპოვეს გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ჩემპიონატს, ერთი დღით უსწრებდა შეხვედრა მედიასთან, რა დროსაც სპორტსმენები ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ. პრესკონფერენცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსა და ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ დაღესტნელ სტუმარს შორის დაიწყო.
სპორტული მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დვალიშვილმა UFC-ის მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რასაც ერთ-ერთი დამსწრე არ დაეთანხმა და სიტყვიერი პროტესტი გამოთქვა. შელაპარაკება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამასთან, La Gazzetta Georgia-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კავკასიელი მებრძოლი დაცვისა და პოლიციის კორდონის გავლას ცდილობდა, რათა იმ ოთახში შესულიყო, სადაც ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.