მეცნიერები დავობენ, შეიძლება თუ არა თეთრი დათვების ხოცვა

27 თებერვალი თეთრი დათვის საერთაშორისო დღეა.

მეცნიერები თვლიან, რომ გლობალური დათბობა 2050 წლისთვის თეთრი დათვების ნახევარზე მეტს გაანადგურებს. ტრადიციულ ნადირობასთან და ბრაკონიერობასთან ერთად, ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებელი უბრალოდ ვერ გადარჩება. ამის მიუხედავად, ზოგიერთი გარემოს დამცველი, მათ შორის ცნობილი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, თეთრი დათვების ხოცვის კვოტების გაფართოებას უჭერს მხარს. თეთრი დათვების საერთაშორისო დღეს რადიო თავისუფლების პროექტი „სისტემა“ ჩაუღრმავდა ხანგრძლივ დავას, რომელიც მთელი სახეობის ბედს წყვეტს და ხუთი ქვეყნის ინტერესებს აერთიანებს.

ეს არის რადიო თავისუფლების პროექტების, „სისტემის“ და „ნასტოიაშჩეევრემიასა“ და რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საგამოძიებო პროექტისა და შვედური ჟურნალის, Fokus-ის, ერთობლივი გამოძიება.


წინ და უკან მორბენალი ჟურნალისტების გვერდით თათებგაფარჩხული წევს პლანეტის ყველაზე დიდი ხმელეთის მტაცებელი, თეთრი დათვი. კამერების ჩხაკუნის ფონზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უახლოვდება და შემფასებელი მზერით უყურებს მხეცს, მას თავზე ხელს უსვამს. ისე, რომ ჟურნალისტებისკენ არ იყურება, პუტინი მეცნიერებს ეხმარება საზომი ლენტით ცხოველის გაზომვაში და დათვს სატელიტურ საყელოს ამაგრებს. შემდეგ დამამშვიდებლით გაბრუებულ მხეცს ჯაჭვებით წევენ, სასწორი 231 კილოგრამს აჩვენებს. „კარგი ბიჭია“, რატომღაც აქებს პუტინი დათვს.

მაშინ, 2010 წელს, პუტინი არქიპელაგ ფრანც იოსების მიწის კუნძულზე ჩავიდა ვიცე-პრემიერ იგორსეჩინთან და საგანგებო სიტუაციების მინისტრ სერგეიშოიგუსთან ერთად. დღეს ეს ადამიანები, ისევე როგორც თეთრი დათვები, პრეზიდენტის სიახლოვეს რჩებიან. ეს ნაცნობობა ერთთათვისაც და მეორეთათვისაც უაღრესად სასარგებლოა. დათვებისთვის, რადგან პრეზიდენტი ხშირად ლაპარაკობს იშვიათ ცხოველებზე და უყვარს მათთან ფოტოების გადაღება. საამისოდ კი ისინი, სულ მცირე, ცოცხლები უნდა იყვნენ.

საერთოდ, თეთრ დათვებზე ნადირობა რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან არის აკრძალული. როდესაც არქტიკული აუზის ხუთმა ქვეყანამ 1973 წელს ხელი მოაწერა თეთრი დათვების კომერციული მიზნით ხოცვის აკრძალვას, სსრკ-ს მსგავსი დოკუმენტი უკვე 17 წლით ადრე ჰქონდა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მკვიდრ მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ტრადიციული ნადირობის უფლება, რუსეთში ადგილობრივ აბორიგენ მოსახლეობასაც კი არ შეუძლია მტაცებლების მოკვლა უმიზეზოდ. ერთადერთი გამონაკლისი არის ადამიანისთვის საფრთხე. ამ შემთხვევაში, ცხოველი შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით მოკლან.

დე ფაქტო რუსეთში თეთრი დათვის მოკვლის მხოლოდ ერთი კანონიერი მიზეზი არსებობს. თუ ცხოველი თავს დაესხმება ადამიანს ან მის სახლს, ის შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით მოკლან. კუნძულიკოლიუჩინი, ჩუკოტკის ზღვა, 2025.

ყველა ექსპერტი არ მიიჩნევს ამ აკრძალვას დამაჯერებლად. თეთრი დათვის მთავარი დამცველი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდიც (WWF) კი არ არის წინააღმდეგი რუსეთში ტრადიციული ნადირობის დაშვებისა. ამ მიზნით, ორგანიზაციის სტრუქტურები დახმარებას სწევენ ბრაკონიერობის კვლევის ჩატარებაში, აფინანსებენ აქტივისტების მოგზაურობას შეერთებულ შტატებში და ცდილობენ, ლობირება გაუწიონ კვოტებს საერთაშორისო შეთანხმებების მეშვეობით. ამავე დროს ისინი აგროვებენ მნიშვნელოვან შემოწირულებებს გადაშენების პირას მყოფი ამ მტაცებლის მხარდასაჭერად.


როგორ მოვათვინიეროთ დათვი

WWF-ის ვებსაიტზე არის მიმზიდველი შეთავაზება. 25 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი საკუთარი თეთრი დათვი. რა თქმა უნდა, მას სახლში არ მოგიყვანენ, მაგრამ დონორი მიიღებს ლამაზ სერტიფიკატს და ველური ბუნების მოკავშირის სასიამოვნო შეგრძნებას. დამატებით 60 დოლარად შეგიძლიათ პლუშის სათამაშოც მოიპოვოთ. გარდა ამისა, ვებსაიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ათობით სხვა საქონელიც, მათ შორის ამ საშიში არქტიკული მტაცებლის გამოსახულებიანი ნივთები.

ნამდვილი დათვი უფრო ძვირი დაგიჯდებათ. თუმცა მას ცოცხლად ამ შემთხვევაშიც ვერავინ მოიხელთებს. თეთრ დათვზე ნადირობა საკმაოდ ძვირია. კანადაში „ტროფეიზე“ ასეთი ნადირობის ღირებულება, „სისტემისა და Fokus -ის მიერ გამოკითხული ექსპერტების თქმით, შეიძლება 15 000 დოლარიდან იწყებოდეს. ნადირობის ვებსაიტებსა და ფორუმებზე ფასები კიდევ უფრო მაღალია და 40 000 დოლარიდან იწყება.

მაგრამ მონადირე მოგების გარეშე არ დარჩება. ნადირობისას მოპოვებული ტროფეების ფასი, მართალია, ხარჯებს სრულად არ ანაზღაურებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ფასდაკლებას გვთავაზობს. უბედური ცხოველის მარტო ტყავი, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება 60 000 დოლარამდე ღირდეს. თუ დათვის თავსაც იყიდით, ის დაახლოებით 4 000 დოლარი დაგიჯდებათ. კბილები და ბრჭყალები უფრო იაფია, რამდენიმე ათეულ დოლარად იყიდება. როგორც წესი, ამ ყველაფერს - ტყავს, კბილებსა და თავის ქალებს - დეკორაციების სახით ყიდულობენ. ზოგჯერ ნიმუშებს მეცნიერები უკვეთენ კვლევისთვის.

ამ ბაზარზე მთავარი მიმწოდებელია კანადა. იქ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დათვებზე ნადირობა დაშვებულია, ზოგიერთ პროვინციაში კი - მაგალითად, ონტარიოსა და კვებეკში - აბორიგენებისთვის არავითარი შეზღუდვები არ არსებობს „საკვებისთვის“ მოკლული დათვების რაოდენობაზე. ამასთან, ამ კვოტების ნაწილი კანონიერად იყიდება ტროფეებზე ნადირობისთვის.

ამის გამო კანადა მსოფლიოში ლიდერობს მოკლული დათვების რაოდენობით. ყოველწლიურად მონადირეები დაახლოებით 600 ცხოველს კლავენ, ხოლო კიდევ 50-ს - ადამიანებზე თავდასხმების შედეგად. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ეს რიცხვი გაცილებით დაბალია. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ პლანეტაზე არსებული ყველა თეთრი დათვის ორი მესამედი - დაახლოებით 16 000 - კანადაში ბინადრობს. კიდევ 7 000-მდეა რუსეთში. სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიოში 20 000-დან 25 000-მდე თეთრი დათვია.

ეს მონაცემები ორი მიზეზის გამოა ასე მიახლოებითი. ჯერ ერთი, თეთრი დათვები ერთ ადგილზე არ სხედან. ისინი ბანაობენ, ბუნაგებს აფარებენ თავს და თოვლში იკარგებიან. მეორე - მათი ბინადრობის ადგილებში ამინდი მეცნიერებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ 24 საათის განმავლობაში ადევნონ თვალი დათვებს დრონებითა და თანამგზავრებით. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების მკვლევრები ინდივიდუალურ დათვებს - ჩვეულებრივ, მდედრებს - იჭერენ და მათ სპეციალურ საყელოებს უკეთებენ. „პოპულაციის ზუსტი შეფასება შეუძლებელია გარეული ცხოველის ნებისმიერი სახეობისთვის, არა მხოლოდ თეთრი დათვებისთვის“, აღნიშნავს ერთ-ერთი მეცნიერი, რომელსაც გამოკითხვის ავტორები ესაუბრნენ.


დათვების ექსპორტი ნაწილებად

თეთრი დათვების უმეტესობა კანადაში ცხოვრობს, დაახლოებით 16 000. თუმცა, კანადაში ასევე ყველაზე მეტ დათვს კლავენ - წელიწადში 600-მდე ერთეულს.სენტ-ფილისიენი, კანადა, 2011.

გადაშენების პირას მყოფი ამ სახეობის დასაცავად შეერთებული შტატები 2010 წელს გამოვიდა წინადადებით, აკრძალულიყო სანადირო „სუვენირების“ გაყიდვა. ამერიკელებმა გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) ფარგლებში მოითხოვეს, რომ შეცვლილიყო თეთრი დათვის სტატუსი და რომ ხმა მიეცათ ასეთი „სუვენირებით“ საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვისთვის. წევრმა ქვეყნებმა - კონვენციას შეუერთდა 184 ქვეყანა და ევროკავშირი - უარყვეს წინადადება.

WWF-მა ვერ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, თუმცა თავიდანვე წინააღმდეგი იყო. თეთრი დათვების კონსერვაციის ფონდმა გაიზიარა თეთრი დათვების „ტროფეების“ მთავარი მიმწოდებლის, კანადის პოზიცია. გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ბედზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, 2012 წელს, WWF-მა და TRAFFIC-მა ერთობლივად მოამზადეს ანგარიში Icon on Ice, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, კანადის ხელისუფლების პოზიცია იყო მოყვანილი. მეტიც, ანგარიში პირდაპირ დაფინანსდა ამ ხელისუფლების მიერ. „კანადის გარემოს დაცვის ორგანიზაციის თანახმად, თეთრი დათვების მოპოვების საერთო დონე მდგრადია“. გასაკვირი არ არის, რომ მკვლევრები ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ. იმავე ანგარიშში ცალსახად არის ნათქვამი, რომ „TRAFFIC, WWF და CITES-ის სამდივნო“ არ მიიჩნევენ საჭიროდ თეთრი დათვების დამატებას იმ სახეობების სიაში, რომლებიც უფრო მეტ დაცვას საჭიროებს. რა არის ეს TRAFFIC? ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 1976 წელს დაარსდა WWF-ის მხარდაჭერით და აკონტროლებს ცხოველებითა და მცენარეებით ვაჭრობას.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი იყო WWF-ის თეთრი დათვების სპეციალისტიჯეფიორკი. 2013 წლის იანვარში, CITES-ის კენჭისყრიდან სამი წლის შემდეგ, WWF-მა ახალი წელი თეთრი დათვის წლად გამოაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ თეთრი დათვებისა და მათი არქტიკული ჰაბიტატის მომავალი რთული გამოწვევების წინაშე დგას, უნდა ვაღიაროთ და აღვნიშნოთ დღემდე მიღწეული კონსერვაციის მიღწევები“, მოჰყავს იორკის სიტყვები ფონდის ვებსაიტს.

თეთრი დათვების დათვლა რთულია. ისინი ბანაობენ, ბუნაგებში იმალებიან და თოვლში იკარგებიან. ამინდი ზოგჯერ დრონით დაკვირვებას ართულებს. ამიტომაა პოპულაციის შეფასებები ასე განსხვავებული. ამჟამად მიჩნეულია, რომ მსოფლიოში 20 000-25 000 თეთრი დათვი დარჩა.სენტ-ფელისიენი, კანადა, 2025 წელი.

ირონიაა, რომ თეთრი დათვის წელს WWF კვლავ არ გამოექომაგა თეთრ დათვებს. მაშინ CITES-ის ახალ შეხვედრაზე აშშ კვლავ გამოვიდა წინადადებით, რომ თეთრი დათვები უფრო დაცული სახეობების სიაში გადაეყვანათ და აკრძალულიყო სანადირო ტროფეების გაყიდვა. ღია წერილში კრიტიკით გამოვიდა კანადის ელჩი ევროკავშირში, დევიდპლანკეტიც. თავის გამოსვლაში მან მოიყვანა WWF-ისა და TRAFFIC-ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კვლავ წინააღმდეგი იყვნენ. და გადაწყვეტილება კვლავ უარყვეს. კონფერენციაზე დამსწრე ერთ-ერთი სპეციალისტის თქმით, აშშ-ის წინადადება WWF-ის პოზიციის გამო ვერ გავიდა. „წინადადება ნაწილობრივ იმიტომაც ჩავარდა, რომ WWF-მა გამოიყენა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა კონვენციის მრავალ ხელმომწერზე“, მოგვიანებით დაწერა IWMC World Conservation Trust-მა.

ნადირობისადმი დადებითი დამოკიდებულება შიგ WWF-შიციყო წახალისებული, თუმცა ყველა არ იყო თანახმა. WWF-ის ყოფილი თანამშრომლის თქმით, ის უფროსებმა გაკიცხეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებში ნადირობის აკრძალვას (WWF-მა არ უპასუხა „სისტემის“ თხოვნას კომენტარის თაობაზე). „ამან გამოიწვია სკანდალი, რომელმაც მოგვიანებით გავლენა მოახდინა ჩემს კარიერაზე“, თქვა წყარომ. მას მიაჩნია, რომ თეთრ დათვებზე ნადირობა „მხოლოდ მკვლევართა მცირე ჯგუფსა და ადგილობრივ ბიუროკრატიას აძლევს ხელს“.

მეცნიერებმა დააფიქსირეს თეთრი დათვების პოპულაციის შემცირება კანადაში, ჰუძონის ყურის სანაპიროებზე. ამჟამად, მხოლოდ ყურის დასავლეთ სანაპიროზეა წელიწადში 38-მდე ცხოველის მოკვლა შესაძლებელი. სენტ-ფელისიენი, კანადა, 2011.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის წინადადება პირველად უარყვეს 2010 წელს, კანადიდან ექსპორტირებულ იქნა დაახლოებით 3000 სხვადასხვა ტროფეი, რომლებიც აღნიშნული იყო როგორც „ტყავი“, „ბრჭყალები“ ან „კბილები“. WWF ამტკიცებს, რომ საუკეთესო, რაც შეიძლება გაკეთდეს თეთრი დათვებისთვის, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაა. „ახლა სრულიად ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს კლიმატის გავლენა თეთრ დათვებზე, რომლის წინააღმდეგაც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. <...> მაგრამ თუ ამას ნადირობას დავუმატებთ, ორმაგ უარყოფით ეფექტს მივიღებთ“, განუმარტავს გამოძიების ავტორებს თეთრი დათვების ცნობილი მკვლევარი ტორ ლარსენი.


ხოცვა გადასარჩენად

რა არის WWF-ის გადაწყვეტილების ლოგიკა? ფონდმა არ უპასუხა „სისტემის“ მოთხოვნას, მაგრამ Fokus-იდანჩვენი კოლეგების წერილის საპასუხოდ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის „არ უჭერს მხარს და არ უწყობს ხელს [თეთრი დათვების] ბეწვით ვაჭრობას“. „ჩვენ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო საზოგადოებასთან, მთავრობებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“, განმარტა WWF-მა თავისი პოზიცია. WWF-ის გლობალური არქტიკული პროგრამის ხელმძღვანელმა,ვიკილივალგრენმა, ინტერვიუს თხოვნას არ უპასუხა.

თეთრი დათვების შემსწავლელ სამეცნიერო პროგრამებში ჩართულმა ექსპერტმა ფონდის პოზიცია განმარტა. „თეთრი დათვების რაოდენობა ტრადიციული ნადირობის გამო არასდროს არ შემცირებულა მკვეთრად. ასეთი ფაქტები ჯერ არ არის ცნობილი. კვოტები ყოველთვის გამოითვლება პოპულაციის ყველაზე კონსერვატიული (ანუ ხელოვნურად შემცირებული) შეფასებით, ამიტომ უარყოფითი ზემოქმედების რისკი ნულთან ახლოსაა“, განმარტა მან. მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ტრადიციული ნადირობა „აიძულებს სახელმწიფოებს, გამოყონ თანხები და ორგანიზება გაუწიონ პოპულაციების მონიტორინგს იმ ადგილებში, სადაც წარმოებს ნადირობა“.

გარდა ამისა, WWF მიიჩნევს, რომ ნადირობის კვოტების შემოღება ეკონომიკურად უჭერს მხარს ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილობრივი მოსახლეობა არა მხოლოდ შოულობს ფულს ტროფეების გაყიდვიდან, არამედ ორგანიზებას უწევს მონადირეებისთვის მოგზაურობებს, რასაც ასევე მოაქვს შემოსავალი. „ამგვარად, საქონლის გაყიდვიდან მიღებული ფინანსური შემოსავალი ახდენს თეთრი დათვების პოპულაციისა და მდგრად დონეზე მისი შენარჩუნების სტიმულირებას“, ნათქვამია ანგარიშში Icon on Ice. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ადგილობრივ მოსახლეობას დათვებზე ნადირობის ნებართვას მისცემენ, ისინი ყველას ერთად არ დახოცავენ.

გარდა ამისა, Fokus-ისა და „სისტემის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა დათვებთან ერთად და მიჩვეულია მათთან გარკვეულ ურთიერთობას. აკრძალვის შემოღებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამას თავად ადგილობრივებიც ადასტურებენ. „ბოლო წლებში ჩვენ არ შეგვეძლო დათვების მოკვლა [კვოტების არარსებობის გამო]“, ამბობდა კანადის დასახლებაუეილ-კოვისმონადირეთა ორგანიზაციის წარმომადგენელისაიმონენუაპიკი2017 წელს. „თეთრ დათვებზე ნადირობის სეზონის დროს ძალიან რთული იყო. [...] ხალხი გვიჩიოდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდით; ბოლო წლებში ვერცერთი დათვი ვერ მოვიპოვეთ. <...> თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდით“.

ველურ ბუნებაში მცხოვრები დათვები 25-30 წლამდე ცოცხლობენ. თუმცა, ნადირობის, გლობალური დათბობისა და შიმშილის გამო ბევრი მათგანი ამდენ ხანს ვერ ცოცხლობს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ფოტოზე გამოსახული დათვები უკვე მკვდარი იყვნენ. ალასკა, აშშ. 2005.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია მთელი ხალხების მსოფლმხედველობისა და ცხოვრების ცვლასთან დაკავშირებული საკითხების კომენტირება, არგუმენტი, რომ ნადირობას პოპულაციაზე არანაირი გავლენა არა აქვს, საუკეთესო შემთხვევაში საეჭვოა. კანადაშიჰუძონისყურე ერთ-ერთი ტერიტორიაა, სადაც მეცნიერებმა მკაფიოდ დააფიქსირეს დათვების პოპულაციის შემცირება. ჯერ კიდევ 2011 წელს Polar Bear Specialist Group-მა გააფრთხილა ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომ პოპულაციამ იკლო და მიზანშეწონილი იყო ნადირობის შეზღუდვა.ინუიტებმა, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, დასავლეთჰუძონშიკვოტა წელიწადში 56 დათვიდან რვამდე შეამცირეს. თუმცა, ესეც კი საფრთხეს უქმნიდა პოპულაციას.

საბოლოოდ ექსპერტებს ყური აღარ ათხოვეს და დასავლეთჰუძონშიკვოტა კვლავ გაიზარდა წელიწადში 38 დათვამდე. რეგიონში დათვების პოპულაცია კი კლებას განაგრძობს. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ უმეტეს რაიონებში რთულია იმის თვალყურის დევნება, თუ რამდენი დათვი იყო და რამდენი დარჩა.

კანადურისგან განსხვავებით, რუსული დათვების ჰაბიტატები შედარებით უსაფრთხოა.


ჩუკოტკის კონსენსუსი

რუსეთში დათვები ბინადრობენ ბარენცის, კარის, ჩუკოტკისა დალაპტევებისზღვებში. ძირითადი პოპულაციებია ჩუკოტკაში (დაახლოებით 3 500 დათვი) და ბარენცის ზღვაში (კიდევ 2 600). მთლიანობაში კი რუსეთში ამ საშიში მტაცებლების დაახლოებით შვიდი ათასი ერთეული ბინადრობს.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ დათვებზე ნადირობა რუსეთში ათწლეულების განმავლობაშია აკრძალული, ქვეყანა მონაწილეობს რიგ ფორმატებში, სადაც განიხილება კვოტები აბორიგენი მონადირეებისთვის. მაგალითად, 2010 წელს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის სპეციალური კვოტების დაწესების შესახებ. გეგმა ითვალისწინებდა, რომ ჩუკოტკის ზღვის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებ ალეუტებს შეეზღუდათ თეთრ დათვებზე ნადირობა, რათა შეენარჩუნებინათ პოპულაცია, რომელიც საერთოა ორი ქვეყნისთვის. თავდაპირველად მკვლევრების, ექსპერტებისა და ცხოველთა უფლებების დამცველების სპეციალურმა კომისიამ დაადგინა 58 დათვის კვოტა - 29 თითოეული ქვეყნისთვის. რუსეთმა უარი თქვა კვოტის გამოყენებაზე, მაგრამ ხელი მოაწერა შეთანხმებას.

2018 წელს შეთანხმება გადახედულ იქნა და კვოტა 85 ერთეულამდე გაფართოვდა. როგორც გამოძიების ავტორების მიერ გამოკითხულები აღნიშნავენ, ცვლილებებს აქტიურად უწევდა ლობირებას WWF. საინტერესოა, რომ კომისია ორივეჯერ განიხილავდა სხვა კვოტებს და მოსახლეობის შეფასებებს. თუმცა, დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, WWF-ის მიერ შემოთავაზებული შეფასების მოდელები მხოლოდ ჩუკოტკის რეგიონში დათვების პოპულაციას ხელოვნურად ზრდიდა 5000 ერთეულამდე. და კვოტების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებასაც ამ გადაჭარბებულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებდნენ.

WWF-ის სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში დათვების მოკვლის კვოტების შემოღება ბრაკონიერობის კონტროლს შეუწყობდა ხელს. ამ მიზნით ფონდმა რამდენიმე კვლევა დააფინანსა. ერთ-ერთი მათგანი ჩატარდა ადგილობრივ სამონადირეო ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ, ნადირობის ნებართვას მიიღებდა WWF-ის წარმატების შემთხვევაში. „რუსეთის გამოცდილება კარგად აჩვენებს, რომ ჩუკოტკაში თეთრ დათვზე ნადირობის 80-წლიანმა აკრძალვამ არ გამოიწვია მისი გაქრობა მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრების წესიდან. <...> ადამიანები უბრალოდ ბრაკონიერებად იქცნენ, ყველანი გამონაკლისის გარეშე“, ამბობს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც Fokus-ი ესაუბრება.

ეფექტის გასაძლიერებლად, კვლევის გარდა, WWF-მა ასევე დააფინანსა ადგილობრივი რუსი აქტივისტები, რომლებმაც 2018 წელს დაიწყეს კვოტებისა და აკრძალვის მოხსნის ადვოკატირება. ორგანიზაციამ ისინი ალასკაზე ჩაიყვანა და ჩუკოტკის ზღვის მეორე მხარეს მყოფ კოლეგებს გააცნო. ერთ-ერთი ზოოლოგის თქმით, რომელიც რუსეთში დათვების მოკვლის აკრძალვას უჭერდა მხარს, ამის შემდეგ აქტივისტებმა შეიცვალეს პოზიცია და აკრძალვის მოხსნის წინადადებით გამოდიოდნენ.


ორმაგი დარტყმა

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა კორექტივები შეიტანა ამ განხილვებში. WWF რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა და აშშ-სადა რუსეთს შორის კვოტებზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეწყდა. თუმცა, ომის მიუხედავად, მოსკოვი კვლავ მონაწილეობს თეთრი დათვების ბედთან დაკავშირებულ დისკუსიებში. იანვრის ბოლოს ქვეყნები, სადაც თეთრი დათვები ბინადრობენ (რუსეთი, კანადა, დანია, ნორვეგია და აშშ) პოპულაციის შენარჩუნების ახალ გეგმაზე შეთანხმდნენ.

რუსეთში 7000-მდე თეთრი დათვი ბინადრობს. ჩუკოტკისა და ბარენცის ზღვებში სამი ათასია, ხოლო კარისა დალაპტევებისზღვებში ბინადარი დათვების რაოდენობა მეცნიერთათვის უცნობია. ფრანც იოსების მიწა, რუსეთი. 2010.

რუსეთში დათვებისა და სხვა იშვიათი ცხოველების დაცვა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, ზოგჯერ ადამიანებისთვის საზიანოდაც კი, რადგან ცხოველები საშიში ხდებიან. ამან გარკვეული შედეგი გამოიღო - მაგალითად, რუსეთში ადამიანებზე თავდასხმების შედეგად დაღუპული ცხოველების რაოდენობა პრაქტიკულად ნულამდე დაეცა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შესთავაზა „როსპრიროდნადზორის“ ხელმძღვანელმა პუტინს, რომ თეთრი დათვი რუსეთის სიმბოლოდ გამოეცხადებინათ. მართალია, სამინისტრო ახალ მონაცემებს არ აქვეყნებს და ბრაკონიერული საქმეები თითქოს გაქრა საჯარო ხედვის არიდან, მაგრამ სხვადასხვა შეფასებით, რუსეთში ბრაკონიერები წელიწადში ასზე მეტ დათვს კლავდნენ. Fokus-ისა და „სისტემის“ მიერ გამოკითხული ერთი ექსპერტის თქმით, ომის გამო ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. „შორეულ სოფლებში ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემის გამო [უკანონო] ნადირობა მკვეთრად გაიზრდება, ვინაიდან არქტიკული ნაციონალური სოფლების მაცხოვრებლებს ნადირობის გარდა სხვა საარსებო წყარო არა აქვთ“, მიიჩნევს ექსპერტი.

კიდევ ერთი ზოოლოგი დარწმუნებულია, რომ დათვები გლობალურ დათბობას გადაურჩებიან. „მათ ეს უკვე ათასობით წლის წინ გააკეთეს. მაგრამ [ერთდროულად] გლობალურ დათბობას და ნადირობას [თუ გადაურჩებიან, ეს] უკვე ნაკლებად სავარაუდოა“, ასკვნის მეცნიერი.

თეთრი დათვი ათვალიერებს მიტოვებულ სამეცნიერო-კვლევით სადგურს ჩუკოტკის ზღვაში მდებარე კუნძულ კოლიუჩინზე. 2025.