ქართული პასპორტი პრეზიდენტის პოსტისთვის - საქართველოს მილიარდერი კანდიდატი სათხილამურო ფედერაციაში

იოჰან ელიაშმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) მოქმედი პრეზიდენტი, იოჰან ელიაში, ახალი ვადით თანამდებობაზე საქართველომ წარადგინა.

ამისთვის მას ქართული პასპორტის აღება დასჭირდა.

საქართველოს მიერ იოჰან ელიაშის კანდიდატურის წარდგენაზე ინფორმაცია FIS-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. 64 წლის ელიაში ორგანიზაციას 2021 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს.

FIS-ის წესების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატები ეროვნულმა ფედერაციებმა უნდა წარადგინონ. წინა არჩევნებზე ელიაში დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა.

ელიაში დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მოქალაქეა, თუმცა ამ ქვეყნებმა ის ხელახალი არჩევისთვის არ წარადგინეს. საბოლოოდ, იგი საქართველომ „გადაარჩინა“.

იოჰან ელიაში

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ კოსტავამ, რადიო თავისუფლებას 24 აპრილს დაუდასტურა, რომ ელიაშს უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობა

ზურაბ კოსტავას თქმით, იოჰან ელიაშმა საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით მარტის ბოლოს/აპრილის დასაწყისში მიიღო.

მისი თქმითვე, ელიაშს ქართულ მხარესთან „მეგობრული ურთიერთობა“ ჩამოუყალიბდა: მისი პრეზიდენტობის დროს საქართველომ არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, მათ შორის 2023 წელს ბაკურიანში ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს.

ზურაბ კოსტავა

კოსტავას ინფორმაციით, იოჰან ელიაში დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოვიდა თბილისში და თავისი კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობაზე, მათ შორის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრა.

საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სპორტის სამინისტროს შუამდგომლობით მიიღო და მას მოქალაქეობა მიანიჭა.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კანონში განსაზღვრულია ის კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინება შეიძლება (მაგრამ არაა სავალდებულო) მოხდეს „სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას“. მაგალითად, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ელიაშის საქმიანობა საერთაშორისო ფედერაციაში წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ დადებითად ფასდება - მის მიერ ჩატარებული რეფორმებისა და საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების მხარდაჭერის გამო.

„მან გლობალური გახადა ამ ფედერაციის არეალი“, - ამბობს კოსტავა, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს კანდიდატად არის წარდგენილი.

პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი

ელიაშის გარდა, FIS-ის პრეზიდენტობა კიდევ ოთხ კანდიდატს სურს.

დიდმა ბრიტანეთმა ამ პოსტზე საკუთარი ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი, ვიქტორია გოსლინგი, წარადგინა.

ვიქტორია გოსლინგი

იგი 21 წლის განმავლობაში მსახურობდა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში (RAF) და მიაღწია Group Captain-ის (პოლკოვნიკის ანალოგი) წოდებას.

სხვადასხვა დროს მას ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები RAF Benson-ის ბაზაზე, რომელიც სამხედრო ოპერაციების (მათ შორის ავღანეთში) მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

გოსლინგი იყო პრინც ჰარის მიერ ინიციირებული „უძლეველთა თამაშების“ (Invictus Games) ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ხელმძღვანელობდა 2016 წლის თამაშებს ორლანდოში.

მედიის შეფასებით, ის, ელიაშთან ერთად, არჩევნების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

კანდიდატებს შორის ასევე არიან:

  • ალექსანდრ ოსპელტი (ლიხტენშტაინი);
  • ანა ფალკენბერგი (დანია);
  • დექსტერ პეინი (აშშ).

კანდიდატთა საბოლოო სია 20 მაისამდე დამტკიცდება, FIS-ის პრეზიდენტის არჩევნები კი 11 ივნისს ბელგრადში გაიმართება.

რას წერს საერთაშორისო მედია

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს ცნობით, განიხილებოდა ელიაშის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან წარდგენის შესაძლებლობა; ელიაში ასევე ინტერესდებოდა აზერბაიჯანისა და მონაკოს მოქალაქეობის მიღებით, თუმცა ამ ქვეყნებისგან უარი მიიღო.

Yle აღნიშნავს, რომ ელიაში, რომელიც FIS-ს 2021 წლიდან უდგას სათავეში, დიდი სათხილამურო სახელმწიფოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა — როგორც მართვის სტილის, ისე ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების გამო.

გამოცემა ასევე წერს სასამართლო დავაზე, რომელიც FIS-მა გერმანელ მენეჯერთან, კრისტიან პირცერთან წააგო:

  • ციურიხის კანტონის სასამართლომ ფედერაციას დააკისრა მისთვის დაახლოებით 5 მილიონი ევროს გადახდა, რადგან 2021 წელს კონტრაქტის გაწყვეტა უკანონოდ ცნო.
  • დავა სამ წელს გრძელდებოდა და გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შეიძლება გასაჩივრდეს.

ამასთან, მედიის ცნობით, ელიაშს მხარს უჭერენ პატარა ქვეყნების ფედერაციები, რომლებსაც ის მნიშვნელოვან სახსრებს გამოუყოფდა.

სააგენტო AP აღნიშნავს, რომ ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, რომელი ქვეყნიდან წარდგებოდა ელიაში და უცნობია, რატომ გახდა ის მაინცდამაინც საქართველოს კანდიდატი.

ასევე ნახეთ

ეთერ თუთბერიძე და მედლის ორი მხარე

რუსეთისთვის ხელსაყრელი?

რუსული მედია წინასაარჩევნო სიტუაციას რუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვების კუთხით აფასებს. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, FIS-მა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.

ზოგიერთი რუსული გამოცემის აზრით, ბრიტანელი ვიქტორია გოსლინგის არჩევა რუსეთისთვის „ყველაზე ცუდი სცენარი“ იქნებოდა:

  • „საღ გონებაზე რთული წარმოსადგენია, რომ არამეგობრული ქვეყნის დამსახურებული სამხედრო პირი ჩვენი მოთხილამურეების დაშვებას წაახალისებს“.
  • „გოსლინგის არჩევის შემთხვევაში, ჩვენს მოთხილამურეებს, ფრისტაილერებსა და სნოუბორდისტებს მსოფლიო არენაზე დაბრუნების დიდი სირთულეები ელით“.

ამ ფონზე, რუსული სპორტული მედიის ნაწილი ელიაშის კანდიდატურას მოსკოვისთვის უფრო მისაღებად განიხილავს.

  • „ეს ყველაზე ცუდი ოფცია არ არის“, - წერს გამოცემა Sportbox-ი.
  • „სკანდინავიელები უკმაყოფილოები არიან, რომ ელიაშმა საჯაროდ მხარი დაუჭირა რუსი სპორტსმენების ნეიტრალურ სტატუსში დაბრუნებას“, - იუწყება „სპორტ ექსპრესი“.

ვინ არის იოჰან ელიაში

იოჰან ელიაში დაიბადა 1962 წლის თებერვალში დიურსჰოლმში (შვედეთი). ბაბუამისი ცნობილი მეწარმე იყო. იოჰანი 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობდა საინვესტიციო ბიზნესში, ხოლო 1991 წელს დააფუძნა კომპანია Equity Partners-ი.

1995 წელს მან შეიძინა კომპანია Head-ი, რომელიც სპორტული ინვენტარის წარმოების ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად აქცია. 2021 წლამდე იკავებდა გენერალური დირექტორის პოსტს, რის შემდეგაც გახდა ამავე კომპანიის თავმჯდომარე.

იოჰან ელიაში 2002 წელს

2021 წლის ივნისში აირჩიეს FIS-ის პრეზიდენტად, იყო წარდგენილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატადაც.

ელიაში ცნობილია, როგორც ეკოლოგიური აქტივისტი და ფილანთროპი:

  • 2005 წელს მან შეიძინა ამაზონის ტროპიკული ტყეების დაახლოებით 400 ათასი აკრი, მათი შენარჩუნების მიზნით;
  • 2006 წელს გახდა ეკოლოგიური ორგანიზაცია Cool Earth-ის თანადამფუძნებელი.

დიდ ბრიტანეთში ის ასევე მოღვაწეობდა, როგორც პოლიტიკური დონორი და მრჩეველი.

გორდონ ბრაუნის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2007-10 წლებში ეკავა სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ტყეების გაჩეხისა და სუფთა ენერგიის საკითხებში.

The Sunday Times Rich List-ის მონაცემებით, მისი ქონება 2025 წელს დაახლოებით 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული.