სავალუტო ჯიხურის მფლობელს 11 წელი მიუსაჯეს $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

ფოტოილუსტრაცია: კახა კოტორაშვილი უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე პროკურატურამ 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავა.

დამნაშავედ ცნეს და 11 წლით დააპატიმრეს 49 წლის კახა კოტორაშვილი, ვალუტის ჯიხურის მეპატრონე, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო რაოდენობის - 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში იყო ბრალდებული.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ სწორედ კახა კოტორაშვილი იყო ის, ვინც 2022-2024 წლებში $624 მილიონი და €35 მილიონი გაათეთრა.

განაჩენი 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

კახა კოტორაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა. მისი ამ სამართლებრივი პოზიციის გამო, რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე უარს ეუბნება მისი ადვოკატი ედიშერ ქარჩავაც.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს არ ეთანხმება და საქმეს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ“, - მხოლოდ ეს უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

კითხვებზე უარის მიუხედავად, ედიშერ ქარჩავამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ საპროცესო გარიგების გასაფორმებლად მზად იყვნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ბრალდების მხარესთან.

ის არ გამორიცხავს, რომ საპროცესოზე მოლაპარაკებებს სააპელაციო სასამართლოშიც გააგრძელებს.

განაჩენის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია პროკურატურას. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ამ საქმეზე განაჩენი ნამდვილად დამდგარია. საქმის პროკურორთან დამატებითი კითხვების დასმის თხოვნაზე უარი მივიღეთ.

როგორ მუშაობდა სქემა

ვეყრდნობით ადვოკატის ინტერვიუს, რომელიც გამოცემა bm.ge-მ წელს, თებერვალში გამოაქვეყნა.

კახა კოტორაშვილი უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე პროკურატურამ 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავა და რადგან ორგანიზებული ჯგუფის წევრად ჩაითვალა, მას ბრალი დაუმძიმდა და შესაბამისად, მოსალოდნელი სასჯელი - პატიმრობა - 12 წლამდე გაეზარდა.

პროკურატურის ცნობით, 2022-2024 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი და 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს.

გამოძიების ვერსიით, საეჭვო წარმოშობის ფულის გასათეთრებლად კახა კოტორაშვილი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს იყენებდა.

„თანხა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით გადმოჰქონდათ“
პროკურატურა

„მსჯავრდებულთან შეთანხმებით მოქმედი ჯგუფის წევრებს მეზობელი ქვეყნებიდან [აზერბაიჯანი] საქართველოში შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა. თანხა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით გადმოჰქონდათ და შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სასამართლო დაეთანხმა პროკურატურას, რომ კახა კოტორაშვილს ფული ბანკებში შეჰქონდა, თითქოს ის მისი ჯიხურის მუშაობით მიღებული კანონიერი შემოსავალი იყო, თან ურთავდა ყალბ ინფორმაციას.

გამოძიების თანახმად, ფულს გადასცემდნენ სხვა ადამიანებსაც, აბანდებდნენ უძრავ და მოძრავ ქონებაში, რის წყალობითაც შავი ფული ქვეყნის ეკონომიკურ ბრუნვაში ხვდებოდა.

პროკურატურის განცხადებით, ამ სქემით 2 წელიწადში უპრეცედენტოდ დიდი თანხა გათეთრდა.

23 თებერვალს ედიშერ ქარჩავამ bm.ge-ს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კოტორაშვილი ვალუტას გამჭვირვალედ აკონვერტირებდა.

„ეს იყო ჩვეულებრივი ბრუნვა. აქ ჰქონდათ ეჭვი, რომ საზღვარზე ვიღაც მფარველობდათ, მაგრამ ეს ეჭვები არ დადასტურდა. ადამიანები ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, მოჰქონდათ თანხა, ჩვენთან ახურდავებდნენ და არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს ადგილი არ ჰქონია. ჩვეულებრივი დახურდავება იყო. ახლა იქ, საზღვარზე ვინ ეხმარებოდა, ეგ ჩვენი საქმე არ არის. საუბარია 700 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვაზე 4 წლის განმავლობაში...

... შეფუთეს ეს საქმე პიარულად და ამიტომ უჭირთ ახლა გადაწყვეტილების მიღება, თორემ არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი ბრუნვა იყო. გადასახადებს ვიხდიდით, ვიბეგრებოდით ყოველნაირად და კანონს ვიცავდით. ვისაც საზღვრიდან შემოჰქონდა და გაჰქონდა ფული, ყველა პირობითით გაუშვეს“, - განაცხადა მან.

ედიშერ ქარჩავა, ადვოკატი

საპროცესო შეთანხმებების ეპიზოდი

ამ საქმეში თავიდანვე პასუხზე მეტი კითხვა გაჩნდა, მაგალითად, ის, ამ საქმის რომელი მონაწილე გაათავისუფლეს საპროცესო შეთანხმებით.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებამდე ერთი წლით ადრე, ამ საქმეზე ორი სხვა ბრალდებულიც დააკავეს, კოტორაშვილის დაკავებიდან ოთხ თვეში კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

პირობა ბრალის აღიარება, სახელმწიფოსთვის 300 000 დოლარის გადახდა და პირობითი მსჯავრი იყო.

გამოძიებისთვის ეს ორი დაკავებული და კოტორაშვილი მიიჩნეოდნენ დანაშაულებრივ ჯგუფად, თუმცა მათი საქმეების განხილვა ცალ-ცალკე მიმდინარეობდა.

ერთ-ერთის ვინაობა სასამართლო სხდომაზე გაასაჯაროვა პროკურორმა ზინიკო ქობალიამ. ის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ელდარ ჰუსეინოვია. ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა პირობითის საფუძველზე გათავისუფლებული მეორე პირიც.

პროკურატურის ცნობით, ეს ორი ადამიანი კურიერი იყო და მათ შემოჰქონდათ შავი ფული აზერბაიჯანიდან საქართველოში. „მათ ბრალი აღიარეს და ითანამშრომლეს გამოძიებასთან“, - აცხადებენ უწყებაში.

კოტორაშვილი მათი დაკავების შემდეგ ჯერ მოწმის სტატუსით დაკითხეს, შემდეგ კი ისიც დააკავეს.

„თუ სხვა ფიგურანტებს, რომლებსაც თანხა უშუალოდ შემოჰქონდათ, გაუფორმეს შეთანხმება, კოტორაშვილმა, რომელიც მხოლოდ ახურდავებდა ამ ფულს, რა დააშავა? ჩვენც გაგვიფორმეთ საპროცესო შეთანხმება-თქო, კონკრეტული თანხაც კი შევთავაზეთ“, - ედიშერ ქარჩავას ეს კომენტარიც 23 თებერვლით თარიღდება.

ასევე ნახეთ

აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ რუსული რუბლი - პროკურორი $665 მილიონის გათეთრებაზე

საქმეში ნახსენებია ოთხი ავტომობილი Toyta Prius-ი, რომლებითაც ბრალდებულებს თანხა შემოჰქონდათ. არადა, 2022-2024 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი იყო.

რატომ არის გათეთრებული თანხა უპრეცედენტოდ ბევრი?

ჯამური თანხა - €35 მილიონის დოლარში კონვერტაციის შემდეგ - გამოდის $665 მილიონი.

ხელოვნურ ინტელექტს [ChatGPT-ის] ვკითხეთ, რატომ არის ეს თანხა ძალიან ბევრი:

  • ლარში (დაახლოებით 1,8 მილიარდი ლარი) ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ათასობით ბინის, ასობით სკოლის ან რამდენიმე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად.
  • ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიურად ხელზე 1000 დოლარი აქვს ხელფასი, 665 000 წელიწადი უნდა იმუშაოს, რომ ამ ოდენობის თანხა მოაგროვოს. და თან არაფერი დახარჯოს;
  • დავუშვათ, რომ სამი წლის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად „ათეთრებდნენ“, გამოდის, რომ ყოველდღე „ათეთრებდნენ“ $607 305 დოლარს. ლარებში - 1,6 მილიონი ლარის ეკვივალენტ თანხას.


უპასუხო კითხვები

ამის გათვალისწინებით ჩნდება კითხვები, რომლებისთვისაც ჯერ არცერთ მხარეს არ უპასუხია:

  1. როგორ მოახერხა ორგანიზებულმა ჯგუფმა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის - მათ შორის სუსისთვის, ეროვნული ბანკისათვის - ამ ოდენობის თანხის უკანონო წარმომავლობის დამალვა სამი წლის განმავლობაში?
  2. ჰქონდა თუ არა მსჯავრდადებულ კახა კოტორაშვილს რაიმე კავშირი ქვეყნის პოლიტიკურ, ბიზნეს თუ საბანკო ელიტასთან საქართველოში ან საზღვარგარეთ?
  3. რა წარმომავლობის იყო თანხა - იყო თუ არა კავშირში ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ნარკოვაჭრობასთან, სანქციებისგან თავის არიდებასთან ან რაიმე სხვა უკანონო საქმიანობასთან?

ასევე ნახეთ

5 მთავარი კითხვა და ყველაფერი, რაც ვიცით და არა $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

პროკურატურაში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს კიდეც.

კახა კოტორაშვილი კომპანია „ფინის“ მფლობელია. „ფინი“ თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს. მის 90%-ს კახა კოტორაშვილი ფლობს, 10%-ს - ვახტანგ კოტორაშვილი.

2022-24 წლებში კახა კოტორაშვილის სახელზე ახალი უძრავი ქონება არ გაფორმებულა.

„ფინის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამჟამად დაკეტილია.

იმ პერიოდში, როდესაც, პროკურატურის ცნობით, სქემა მოქმედებდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებს) ორი ხელმძღვანელი ჰყავდა:

  • კობა გვენეტაძე - 2016-23 წლები.
  • ნათია თურნავა - 2023 წლის ივნისიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.


სები 17 სექტემბერს აცხადებს, რომ „აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან“ და „ჩართულია საგამოძიებო პროცესში“.

პრესრელიზის თანახმად, სებმა გამოძიებას „დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია“ და „განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები“.

bm.ge-ს ცნობით, ეროვნულმა ბანკმა კახა კოტორაშვილის კომპანიები, სესხის გამცემი და ვალუტის გადამცვლელი შპს "ფინი" 210 000 ლარით მხოლოდ მას შემდეგ დააჯარიმა, რაც მისი მფლობელი ფულის გათეთრებისთვის დააკავეს.

ამ დანაშაულის ჩადენის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე. ახლა პირველი დიდი ოდენობით ფულის გათეთრების გამო პასუხისგებაშია მიცემული, მეორეს ასევე ფულის გათეთრებასა და კორუფციას ედავებიან, მესამემ 2024 წლის 23 მაისს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო თანამდებობას ტოვებდა.

ასევე ნახეთ

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლით დაევალებათ - „ოცნების“ კანონპროექტი