რა გახდება „აპოლო“ - კინოთეატრი თუ მრავალფუნქციური ცენტრი?

„აპოლო“ ისევ უქმად დგას. წლებია კინოთეატრის აფიშებს ახალი არაფერი უთქვამთ. ჯერ ისევ უცნობია, 1909 წელს გახსნილი, მოდერნის სტილის, ისტორიული კინოთეატრის შენობა თავის მთავარ, ასი წლის წინანდელ ფუნქციას დაიბრუნებს თუ, მულტიფუნქციურ ცენტრად იქცევა - ისე, როგორც ამას შენობის მფლობელები გეგმავენ.

​„აპოლოს“ სავარაუდო მომავლის ამბავი ისევ ფეისბუკზე ამოტივტივდა. დისკუსია ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა წამოიწყო და, მერიაში, 2018 წლის შემოდგომაზე შესული განაცხადის ტექსტი გამოაქვეყნა.

რისი გაკეთება უნდა მფლობელს კინოთეატრ „აპოლოს“ შენობაში?

თბილისის მერიაში კინოთეატრ „აპოლოს“ რეაბილიტაციის ესკიზური პროექტი 2018 წლის 3 ოქტომბერს შევიდა.

შენობის ერთ-ერთი მესაკუთრე, მერიაში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, არის შპს კონფიდენს გრუპი“ (ფლობს საერთო ფართის ნაწილს, 184 კვ,მ-ს), რომლის დირექტორია ოზგურ დურდაბაქი.

საჯარო რეესტრის თანახმად, შენობის დანარჩენი, უდიდესი ნაწილი, ეკუთვნის შპს-ს „თეატრები აპოლოს“. დეტალები ნახეთ აქ:

კონფიდენს გრუპის“ განაცხადში მითითებულია, რომ მას სურს კინოთეატრ „აპოლოს“ მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრად ქცევა და რომ ეს მხოლოდ ინტერიერის შეცვლის ხარჯზე მოხდება.

პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება შენობის პირვანდელი ფუნქცია - კინოთეატრი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარება. გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთაღნიშნული, განიხილოთ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოგვაწოდოთ თქვენი რეკომენდაციები შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით...აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეაბილიტაცია შეეხება მხოლოდ შენობის ინტერიერს და ჩატარდება ხელოვნებათმცოდნისა და არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით... ", - წერია განაცხადში.

„აპოლოს“ ამჟამინდელი მფლობელების თქმით, „ქალაქისთვის საკულტო შენობის“ შექმნა ითვალისწინებს, რომ იქ, პირველ რიგში, აღდგება კინოპრემიერების ტრადიცია და ჩატარდება კინოფესტივალები. ასევე, მოეწყობა:

  • ქართული ცეკვებისა და ცოცხალი მუსიკის კონცერტები;
  • სამოდელო ჩვენებები;
  • სხვადასხვა სახის გამოფენები;
  • პრეზენტაციები;
  • სოციალური აქტივობები;
  • საინფორმაციო ბრიფინგები;
  • კვების ობიექტი;
  • კამერული ორკესტრის კონცერტები;
  • ღვინის დეგუსტაციები.

ასეთი შეიძლება იყოს ახალი "აპოლო"

​დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ამ განაცხადზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უარყოფითი დასკვნა დაწერა. არქიტექტურის სამსახურმა ეს დასკვნა გაითვალისწინა და „აპოლოს“ მფლობელებს ამ ეტაპზე უარი უთხრა.

„აპოლო“ - „გრანდიოზული, ბრწყინვალედ მოწყობილი“

„აპოლო“ თავიდანვე კინოთეატრად აშენდა. 1909 წლის აპრილში გახსნეს. „გრანდიოზული, ბრწყინვალედ მოწყობილი, ელექტროთეატრი აპოლო“, - წერდა გახსნაზე „ტიფლისკი ლისტოკი“.

მისი არქიტექტორის ვინაობა დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შენობის არქიტექტურული მორთულობა „არქიტექტურული ძერწვის“ ჩეხ ოსტატებს, ნოვაკსა და სოუჩეკს შეუსრულებიათ.

კინოთეატრი მაშინ მოდური და გავრცელებული არქიტექტურული სტილის - მოდერნის, იგივე არტ-ნუვოს სტილში ააშენეს.

საბჭოთა დროს „აპოლოს“ „ოქტომბერი“ დაარქვეს, მაგრამ იქ კინოთეატრი არ გაუუქმებიათ.

1990-იან წლებში „აპოლომ“ სახელი დაიბრუნა, მაგრამ ფუნქცია ვეღარ.

"აპოლოს" ინტერიერი

​ „აპოლო“ უფრო მეტი იყო, ვიდრე კინოთეატრი. როგორც კინომცოდნე ლევან გელაშვილიც გვეუბნება, ეს შენობა ისტორიულ მეხსიერებას ინახავს. დაუვიწყარ მომენტებს, რომლებიც მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილს უკავშირდება - მაგალითად, იმას, თუ როგორ შევარდა ვიღაც შუა კინოსეანსის დროს დარბაზში, შუქი აანთებინა და იყვირა, რომ მერაბ კოსტავა მოკლეს.

ვიღაცისთვის „აპოლო“ კინოში სიარულის საოჯახო რიტუალი იყო, შეხვედრების ადგილი, უალტერნატივო კულტურის კერა. ლევანი მოგვითხრობს, რომ ასე იყო არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ 1918-1921 წლებშიც. ფილმების გადაღება აპოლოს ფოიესა და დარბაზშიც მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც იქ ხალხი არ იყო. ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები და ჩვენებებიდან შემოსულ თანხას ზოგჯერ საქველმოქმედო მიზნით მუშათა უფასო საჩაიეს აძლევდნენ.

მაგრამ მთავარი - კინო იყო.

„დღეს მთავარი კითხვაა, რას ნიშნავს ეს მულტიფუნქციურობა, რასაც „აპოლოს“ უპირებენ? მთავარი ფუნქცია ფილმის ჩვენება იქნება თუ ყველაფერი თანაბრად? შეიძლება, რომ ზოგი ბოულინგის სათამაშოდ მივიდეს იქ და სულ არ გაახსენდეს, რომ იქ კინოა?“

ძნელია კერძო მფლობელს ედავო, ამბობს ლევან გელაშვილი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც უფრო „ადვილად უმკლავდებიან საცდურებს“ და „აპოლოს“ მსგავს შენობებს ინარჩუნებენ.

"აპოლოს" ინტერიერი

არადა, „აპოლო“ კინოთეატრების უბანში იდგა და წლების წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში ასეთი ერთი კინოთეატრიც კი აღარ იარსებებდა.

ქუჩა, სადაც „კინოცხოვრება“ ჩქეფდა

არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი „აპოლოზე“ საუბრისას მხოლოდ მის არქიტექტურულ მხარეზე არ ამახვილებს ყურადღებას. იმ დღეებს, განწყობებს, განცდებს იხსენებს, რაც „აპოლოს“, „პლეხანოველების“ და თბილისის სხვა უბნებში მცხოვრები, კინოს მოყვარული ადამინებისთვის მოჰქონდა.

დიდი ეკრანის მაგიას, კინოში სიარულის კულტურას უსვამს ხაზს და დანანებით შენიშნავს, რომ დღეს კინო ბატიბუტის საჭმელ ადგილად უფრო იქცა. და შიშობს. „აპოლოსაც“ იგივე არ დაემართოს, რაც „იმელის“ ბოლო სართულზე მდებარე იმ დარბაზს, სადაც, თავის დროზე, კონსტიტუცია მიიღეს. რომ ესეც "ისეთივე ზიზილ-პიპილო გახდება, როგორიც დღეს ბილტმორია“.

ლევან კალანდარიშვილი წუხს იმაზეც, რომ სათანადო ზემოქმედება პროცესებზე არც მერიის არქიტექტურის სამსახურს შეუძლია და არც არქიტექტორთა კავშირს.

„მოქმედებაა საჭირო, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა. „აპოლო“ რომ გადარჩეს, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა სტკიოდეს გული. მაგრამ სამწუხაროდ, კრიტიკული მასა, ვინც ამას კატეგორიულად მოითხოვდა, ვერ იქმნება. არადა, ეს შენობა ხომ ქალაქსაც ეკუთვნის, მისი ისტორიის ნაწილია. ვერ დავიჯერებ, რომ არავინ გამოჩნდებოდა ისეთი, ვისაც „აპოლოს“ გადარჩენის სურვილი გაუჩნდებოდა, თუნდაც მერიასთან შეამხანაგებით“...

„აპოლო“ - ხელიდან ხელში

საჯარო რეესტრი ინახავს ცნობებს, რომ „აპოლოს“ პრივატიზება პირველად მოხდა 1992 წელს, შემდეგ 1998 წელს.

2002 წელს კინოთეატრი "აპოლო" სს "ქართული ფილმის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით, 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა.

მოგვიანებით შენობა გაიყიდა და მისი მფლობელი შპს "თეატრები აპოლო" გახდა. 2013 წელს, პროექტ „აპოლოს“ ერთ- ერთი მენეჯერი, გიორგი სვანიძე ამბობდა, რომ მათ ინტერესში იყო შენობაში კინოთეატრის და სხვა კულტურული ცენტრის გახსნაც. სწორედ ამიტომ აპირებდნენ შენობის ნაწილის გასხვისებას:

გვინდა რაღაც კარგი ცენტრი შევქმნათ მანდ - კინოც იყოს, გასართობი ცენტრიც იყოს, რომ თბილისს ვაჩუქოთ მრავალფუნქციური შენობა და თუ ვინმეს უნდა, რომ მაინცდამაინც მხოლოდ კინო იყოს, კი ბატონო, ჩვენ გავყიდით მაგ შენობას და იყიდოს იმ კაცმა, ვისაც მაინცდამაინც მარტო კინო უნდა... და იყოს კინო“, - გიორგი სვანიძემ მაშინ რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო შენობის შეძენით დაინტერესდებოდა, ინვესტორი მზად იყო შენობა გარკვეული ფასდაკლებით გაეყიდა.

ეს ამბები ახსოვს ქართული ფილმის განვითარების ფონდის წევრს, გაგა ჩხეიძესაც. თუმცა ამბობს, რომ მას შემდეგ ათზე ბევრად მეტი წელი გავიდა. შედეგად კი კინოთეატრი, ფაქტობრივად განადგურდა. დაიკარგა ავეჯი, ჭაღები, სხვა ნივთები.

გაგა ჩხეიძე იხსენებს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი რამდენჯერმე შეხვდა კიდეც „აპოლოს მფლობელებს და მათ კინოთეატრისთვის მისი მთავარი ფუნქციის შენარჩუნება სთხოვა.

მიმოწერა კულტურის სამინისტროსა და „აპოლოს“ მფლობელსაც ჰქონდათ, თითქოს, შენობა უნდა გამოესყიდათ კიდეც, თუმცა საბოლოოდ , როგორც გაგა ჩხეიძე იხსენებს, „აპოლო“ მაინც ვერ დაუბრუნეს ქალაქს.

„აპოლოს“ გაყიდვის ამბავი ცალკე კვლევის თემაა.

სამოქალაქო პროტესტი

სამოქალაქო საზოგადოებამ ერთ-ერთი ბოლო აქცია „აპოლოს“ გადასარჩენად 2013 წელს გამართა.

მანამდე, 2010 წელს, არქიტექტორ–რესტავრატორი, საქართველოს მოდერნის დაცვის ჯგუფის უფროსი ნესტან თათარაშვილი წერდა მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ქალაქის მერს, გიგი უგულავას, დაეცვათ „აპოლო“ მცდარი რესტავრაციისა და ზედმეტი სართულების დაშენებისგან. ნესტან თათარაშვილი წერდა:

„თბილისის მოდერნის მემკვიდრეობა (www.itic.org.ge/artnouveau) ორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და პარტნიორია: Reseau Art Nouveau Network www.artnouveau-net.eu Brussels და Art Nouveau European Route www.coupdefouet.eu Barcelona. მათ შეშფოთება გამოთქვეს „აპოლოს“ ბედის გამო. ბიუსელში უკვე გამოქვეყნდა სათანადო ინფორმაცია http://www.artnouveau-net.eu/get_page.asp?stran=5, თუმცა, მთავარია „აპოლოს“ მიმართ გულგრილობა ზოგადად ჩვენმა საზოგადოებამ, და განსაკუთრებით ხელისუფლებამ არ გამოავლინოს. ისე არ მოხდეს, რომ ბაგრატის ტაძარივით, „აპოლოც“ საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს... „აპოლომ“ კვლავ კინოდ უნდა იმუშაოს და ღირსეულად უმასპინძლოს მომავალში საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებს“.

Your browser doesn’t support HTML5

კინოთეატრი „აპოლო“ - რა იყო და რა გვაქვს

ნესტან თათარაშვილი დღესაც ამბობს, რომ მას ძველი „აპოლოს“ ინტერიერის უამრავი ფოტო აქვს და მას და მის კოლეგებს ცვლილებებს ვერავინ გამოაპარებს.

ქალაქს აქვს ჩარევის უფლება!

ეს კი კინომცოდნე ნინო ძანძავას გზაა - სამოქალაქო პროტესტით, შეხსენებით - „აპოლოს“ გადარჩენა. მისთვის, არა მხოლოდ როგორც კინოს მოყვარული ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ჰქონდეს თუნდაც ერთი კულტურული სივრცე,სადაც ფილმებს უჩვენებენ ზუსტად ისეთ კულტურულ გარემოში, როგორიც ეს სინემატეკისთვის არის დამახასიათებელი.

„სადაც მაყურებელი კინოს ორიგინალურ ფორმატში ნახავს, სადაც მაყურებელს კინოს ისტორიაზე მოუყვებიან. და რომელიც არ იქნება კომერციული სივრცე. მიუხედავად იმისა,რომ „აპოლო“ 1992 წლიდან გადადიოდა ხელიდან ხელში და დღესაც კერძოა, მასზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ქალაქს აქვს ჩარევის უფლება. პროტესტს კი, ყოველთვის აქვს აზრი. თავის დროზე, სწროედ ასეთმა პროტესტმა გადაარჩინა „აპოლო“ დამატებითი სართულის დადგმას“.

თუ „აპოლო“ გადარჩა, როგორც კინოთეატრი, ამბობს ნინო ძანძავა, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი და ქვეყნის ისტორიის შენარჩუნებისთვის გაადგმული უკარგესი ნაბიჯი იქნება.

ასი წლის კინოთეატრისთვის ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.