მიტროპოლიტი შიოს თქმით, პატრიარქის „ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა“

ფოტოილუსტრაცია: მიტროპოლიტი შიო[მუჯირი]

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ მისი თანამოსაყდრის მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. ის სხვა სასულიერო პირებთან ერთად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში, ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური“, - ამბობს ის და მოუწოდებს სასულიერო პირებსა და მრევლს, ილოცონ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად არიან სინოდის სხვა წევრებიც. ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი[კონსტანტინე იაკობიშვილი], ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორ[დიმიტრი ჭუაძე] და სხვა სასულიერო პირებიც.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან მიდიან პოლიტიკური თანამდებობის პირები. პატრიარქი მოინახულეს:

  • „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა;
  • სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა;
  • კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ;
  • სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.

თანამდებობის პირების გარდა, კლინიკაში მივიდა ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;

17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.

კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე პასუხობს, რომ ილია მეორე „იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია [პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.

  • ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
  • 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
  • კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.