СССР-დან WWW-მდე… და უკან? მიხაილ ეპშტეინი – რუსეთში ელექტრონული ფარდის შესახებ

მიხაილ ეპშტეინი

ახლა, როდესაც ხელისუფლება რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვას ცდილობს, დროა გავიხსენოთ, საერთოდ როგორ დაიწყო ინტერნეტის განვითარება, ისტორიულად და სიმბოლურად როგორ ჩაანაცვლა WWW-ის პროექტმა ჩამონგრეულ-ჩამოშლილი СССР-ის (სსრკ - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) პროექტი.

ორივე პროექტი იშვა მსგავსი, გლობალისტური ცნობიერებიდან, რომელსაც უყვარს აბსტრაქციები და აბრევიატურები, სიტყვების შეკუმშვა და ასოების დახვავება. თავიდან მრავლდებოდა ასო „С“ ("союз" - კავშირი, "социализм" - სოციალიზმი, "советы" - „საბჭოები“), რომელიც აღნიშნავდა შეერთებას, შეკავშირებას და ერთობის სხვა კოლექტიურ თვისებებს, რაც მემარცხენე ინტელექტუალისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. შემდეგ „ССС“-ის პროექტს ბზარი გაუჩნდა და ნელ-ნელა მისი ადგილის დაკავება დაიწყო „WWW“-ის პროექტმა. World Wide Web-მა, მსოფლიო აბლაბუდამ – ქსელმა სამყაროს ირგვლივ. გონიერებო, ყველა ქვეყნისა და დროისა, შეერთდით!

გასაკვირი არ არის, რომ WWW-ის შექმნის ისტორია ბუნებრივად ებმის სსრკ-ის დაშლის ისტორიას, როგორც მისი ქრონოლოგიური გაგრძელება. დასრულდა ერთი, ტოტალიტარული სისტემა და მის ნაცვლად მოვიდა მეორე – ვირტუალური, ასევე უზარმაზარი და ყოვლისმომცველი, მაგრამ განსხვავებული იმით, რომ აღარ მოითხოვს სისხლსა და ტანჯვას სანაცვლოდ საყოველთაო ძმობისა. ძმობისა არა ხელებისა, არამედ ტვინებისა. აზროვნების ერთიანობისა და არა ერთად ყოფნისა.

საკმარისია გავიხსენოთ ბრიტანული ენციკლოპედიის მშრალი სტრიქონები: „WWW-ის განვითარება დაიწყო 1989 წელს ტიმ ბერნერს-ლის და მისი კოლეგების მიერ CERN-ში… პირველი ტექსტური ბრაუზერი გამოვიდა 1992 წლის იანვარში. „მოზაიკამ“ (Mosaic) დღის სინათლე იხილა 1993 წლის სექტემბერში; Netscape Navigator-მა – 1994 წლის დეკემბერში.“

შევნიშნოთ, როგორ ებმება ამ ისტორიულ კვანძებში ტოტალიტარიზმის ბოლო ნარჩენები მსოფლიო ქსელის საწყის ძაფებს. იმავე 1989 წელს, როდესაც დაეცა რკინის ფარდა და დაინგრა ბერლინის კედელი, როდესაც აღმოსავლეთი ევროპა გათავისუფლდა საბჭოთა დიქტატურისგან და ჩამოიშალა სოციალიზმის მსოფლიო სისტემა, შეიქმნა ქსელური პროტოკოლი – ბრძანებების ენა, რომლის საშუალებითაც კომპიუტერები ერთმანეთს მონაცემებს გადასცემენ. 1992 წლის იანვარი – არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ პირველი თვეა, არამედ ასევე იმ ბრაუზერების ისტორიის დასაწყისია, რომლებმაც ქსელი პერსონალური კომპიუტერებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.

მსოფლიო აბლაბუდა გაჩნდა იმ ისტორიულ მომენტში, როდესაც საბჭოთა სტილის ტოტალიტარიზმი დაინგრა.

მაინც რა მოვიდა СССР-ის სანაცვლოდ? СНГ (დსთ - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა)? – არა, СНГ - ეს ფიქცია-ფორმაცია შარშანდელ თოვლივით გაქრა. 1992 წლის იანვარში, СССР-ის დაშლისთანავე, 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, დაიბადა WWW, – გამოფარფატდა ხავერდის პეპელასავით ფოლადის მუხლუხი, - მრავალნაწილიანი და მოუქნელი СССР-ს სხეულიდან. ხოლო 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის მთელმა ამალამ პარლამენტი ალყაში მოაქცია და სამოქალაქო ომის სისხლიანმა ბზარებმა მოსკოვის გულზე გაიარა, მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა „მოზაიკა“ (NCSA Mosaic) — პირველი მასობრივი ამერიკული ქსელური ბრაუზერი. და ბოლოს, იმავე 1994 წლის დეკემბერში, როდესაც რუსეთის შიდაპოლიტიკურ სივრცეში კრიზისი გაღრმავდა და ჩეჩნეთის ომი დაიწყო, კიდევ უფრო მჭიდროდ გამოინასკვა ელექტრონული კომუნიკაციების მსოფლიო კვანძი: გამოვიდა გაუმჯობესებული პროგრამა Netscape, რის შემდეგაც ქსელმა უპრეცედენტო სისწრაფით დაიწყო განვითარება…

ამრიგად, ტოტალურობის ახალი ფორმა – მსოფლიო აბლაბუდა (ქსელი) – გაჩნდა სწორედ იმ ისტორიულ მომენტში, როდესაც საბჭოთა ტიპის ტოტალიტარიზმი დამარცხდა. ამ ორი დიდი პროცესის ძირითადი ეტაპები ემთხვევა წლებსა და თვეებშიც კი. სოციალიზმის ჩამოშლილ სამყაროს კვალდაკვალ მოდიოდა და მის ადგილს იკავებდა სხვა, პოტენციურად გაცილებით ძლიერი სისტემა – სისტემა აზროვნების სოციალური გამოყენებისა. რაც უფრო მეტად იშლებოდა ტოტალიტარული სამყარო, მით უფრო მჭიდროდ ეხვეოდა დედამიწას ახალი დამაკავშირებელი ქსოვილი – ელექტრონული აბლაბუდა.

ამგვარად, შრომისა და მშრომელთა მსოფლიო რესპუბლიკის ნაცვლად, რომელიც ჩაფლავდა, მოვიდა მსოფლიო რესპუბლიკა გონებებისა, რომლებსაც, საკუთარი იდეების განსახორციელებლად, უკვე აღარ სჭირდებათ არც სხვისი ხელები და არც სხვისი იარაღი – ისინი თავად ამუშავებენ თავიანთ მანქანებსა და თავიანთ „მინდვრებს“ წმინდად ვირტუალურ სივრცეში. მატერიალური საკუთრებისათვის ბრძოლისგან განსხვავებით („ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია“), ქსელი არ მოითხოვს ძალადობასა და მსხვერპლს.

ასევე ნახეთ

რუსეთი Telegram-ის გარეშე - "ტექნოლოგიური სუვერენიტეტი" თუ კრემლის კონტროლი?

მოვიტან რამდენიმე აბზაცს ჩემი 1999 წლის საუბრიდან „რადიო თავისუფლების“ რედაქციაში წამყვანთან – პოეტ ალექსეი ცვეტკოვთან – რათა გადმოვცე იმ დროის ენთუზიაზმი და სულისკვეთება:

„რა აკლიათ რუსებს პოსტსაბჭოთა წლებში? თითქოს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო, ან თუ ჯერ არ არის მეტი, აუცილებლად იქნება, მათ შორის: წიგნებიც, ტელეპროგრამებიც, ღვინოებიც, ძეხვეულიც, პარტიებიც, პოლიტიკოსებიც… მაგრამ ერთადერთი, რაც ნაკლები გახდა „უზარმაზარობაა“. ის, რაც სულ იყო საბჭოთა ცხოვრებაში მისი ცივი და მკაცრი ყოველდღიურობის მიუხედავად თუ წყალობით. იყო დიდი იდეა, რომელიც კიდეც ამოძრავებდა და შთააგონებდა ამ სამყაროს და კიდეც კლავდა მას, – შთააგონებდა ტკივილითა და რწმენით, სასოწარკვეთითა და წყევლით. <...> ტრადიციული რელიგიები გაუჩინარდნენ ახლად აშენებული ტაძრების ზღურბლს მიღმა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში დარჩა მხოლოდ საერო - მიმდინარე დღის სარგებლისთვის და მცირე ამოცანების გადასაჭრელად. „დიადი“ და „უზარმაზარი“ გაქრა ცხოვრებიდან – დარჩა მხოლოდ მისადმი მიძღვნილი „ძველი სიმღერები“, რომლებშიც „უზარმაზარი“ თვითონვე ტირის და ხარობს მის მიერ მიტოვებულ მთელ სამყაროზე.“

და აი, ეს „უზარმაზარი“ კვლავ გვიახლოვდება – უკვე არა ოქროსვარაყიანი და კლასიკოსების პროფილებით გაფორმებულ ყდიანი წიგნებიდან, არამედ თბილად მოციმციმე ეკრანებიდან, საიდანაც გვიყურებს ცისფერთვალება, მილიონთვალება „სხვა ცხოვრება“ – და უკვე არა პლაკატის უძრავი, ფოლადის მზერით, არამედ ოდნავ მოჭუტული, იმ „მხიარული ადამიანის“ მზერით, რომელსაც თვითონაც უყვარს ცხოვრება და სხვებსაც აძლევს ცხოვრების საშუალებას. მილიონფურცლიანი წიგნი, აღარ მოითხოვს თავისი ჭეშმარიტების ჩვენს ცხოვრებაში გადატანას, მას თავად, ღილაკზე ერთი დაჭერით, გადავყავართ სხვა ცხოვრებაში, განტოტვილი ბილიკების ბაღში.

დღევანდელი ავაზაკობა არაფრით არ არის შთაგონებული, ის არაფრისკენ არ არის მიმართული.

აი, სწორედ ამიტომ, როგორც СССР-დან გამოსული ადამიანი, სიამოვნებით გადავსახლდები WWW-ის ქვეყანაში, სადაც ჩემი გონების ქმნილებები, ამ უზარმაზარი, ნათელი სახელმწიფოს ქვეშევრდომები, აღარ იქნებიან გაუცხოებულნი თავიანთ შემქმნელთან და აღარ შეუქმნიან მას მუდმივი გამყინვარების ზონაში გადასახლების, წყევლისა და განკვეთის საფრთხეს. გცნობ და გაღიარებ, ქსელო, გიღებ და ღილაკებზე დაკვრით გესალმები! დიდება ახალ სახელმწიფოს – უსაზღვრო იმპერიას, სადაც მზე არასოდეს ჩადის. WWW გვაგონებს СССР-ს, მაგრამ ეს სრულიად სხვა, ახალი სიმღერაა მთავარზე.

ასე ვფიქრობდი გასული საუკუნის მიწურულს. დღეს ეს ენთუზიაზმი უკვე „გულის მეხსიერებად“ ჟღერს, დაკარგული ეპოქის დოკუმენტად...

და აი, WWW კვლავ იკეტება ბოქლომით, ეშვება ახალი, ელექტრონული ფარდა – და მჟღერი, თავხედური, მრავალჯერ გამრავლებული С - Z – z-апрет (აკრძალვა), z-анавес (ფარდა), z-она (ზონა) – კვლავ ემუქრება რუსეთს.

მაგრამ საუბარია ელექტრონულ ფარდაზე და არა რკინისაზე. СССР (სსრკ) ცენტრალიზებულად იმართებოდა: ერთი ვერტიკალი, ერთი როზეტი – გამოაძრობდი და შუქი ჩაქრებოდა. ქსელი კი სხვაგვარადაა მოწყობილი: მას არ აქვს არც ცენტრი და არც ერთი გამთიშველი. თავისი კონსტრუქციით „ხვრელოვანია“, ბევრი ხვრელი აქვს – ყოველი აკრძალვა გვერდის ავლის ახალ ვარიანტს ბადებს, ყოველი კედელი – ხვრელის გათხრის შესაძლებლობას.

არის კიდევ ერთი განსხვავება. СССР მომავლისკენ იყო მიმართული – მასში იყო იდეა, სწორედ ის „დიადი და უზარმაზარი“, რომელიც შემდეგ ასე დაგვაკლდა. დღევანდელი ავაზაკობა არაფრითაა შთაგონებული, არსაით არის მიმართული. ეს არის ტოტალურობა უტოპიის გარეშე. ფარდა რუსეთს წყვეტს არა მხოლოდ გარე სამყაროსგან, არამედ საკუთარი მომავლისგანაც – და ემუქრება, რომ გამიჯნავს კაცობრიობის მთელი ისტორიისგან. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს: WWW თუ ZZZ.

მიხაილ ეპშტეინი რუსი და ამერიკელი ფილოლოგი და კულტუროლოგი

რუბრიკაში „ავტორის უფლება“ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.