მოსკოვი კვლავ საუბრობს თბილისთან „პრაგმატული კავშირების გაფართოების“ მზადყოფნაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების მზადყოფნაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

„ჩვენ მზად ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. აშკარაა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი არა კონფრონტაცია, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაა“, - განაცხადა დიპლომატმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში.

გალუზინმა ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტების არარსებობაზეც ისაუბრა:

„მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მხარე მსგავსი დიალოგისთვის მზად არ არის. რა თქმა უნდა, მიჭირს ვიმსჯელო, თუ რამდენად ეხმარება ეს გადაწყვეტილება საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში, თუმცა ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“.

თებერვალში გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისს „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სარგებელზე დაფიქრებისკენ“ მოუწოდებს.

საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გამორიცხავს.

ასევე ნახეთ

როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება - ბოჭორიშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ირწმუნება, რომ „დასავლეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ უპრეცედენტო საგარეო ზეწოლამ და თბილისისთვის წაყენებულმა ულტიმატუმებმა, უარი ეთქვა მოსკოვთან ურთიერთობაზე, შედეგი ვერ გამოიღო“.

გალუზინმა რუსეთსა და საქართველოს „ბუნებრივი პარტნიორები“ უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველს „მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები და ერთიანი სულიერი საფუძველი“ წარმოადგენს.

მოსკოვი კვლავ საუბრობს თბილისთან სავაჭრო და ტურისტული კავშირების განვითარებაზეც.

„საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდან არის, ხოლო ჩვენი დიდი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი პროდუქციისთვის მთავარი ბაზარია“, - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ამ ტენდენციას მიესალმება და მიზნად ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავს.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებდა - რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს საგარეო კურსის ფორმალურ ცვლილებად შეაფასეს - რუსეთი თბილისს ხშირად აქებს, განსაკუთრებით კი „დასავლეთიდან მომდინარე დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგობისთვის“.

ტურიზმი და ვაჭრობა

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ. მათი რაოდენობა ბოლო წლებში ასეთია:

  • 2022 წელი — 1 087 257 ვიზიტი;
  • 2023 წელი — 1 418 464 ვიზიტი;
  • 2024 წელი — 1 421 923 ვიზიტი;
  • 2025 წელი — 1 579 764 ვიზიტი.

2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - დაახლოებით 5%-ით. ამავე პერიოდში, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტების შემცირების ფონზე, საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და რეგიონიდან ავიარეისების გაუქმებას უკავშირდებოდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთი საქართველოსთვის ექსპორტის მიმართულებით რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი იყო (332 მლნ დოლარი, მთლიანი ექსპორტის 8,6%), იმპორტის მიხედვით კი მეორე (1 მლრდ 195 მლნ დოლარი, მთლიანი იმპორტის 13,2%).