ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა - რას ნიშნავს ეს

ეუთოს ფარგლებში ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედეს.

ხუთშაბათს, 2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს „მოსკოვის მექანიზმი“.

შესაბამისად, მათი წარმომადგენლები იწყებენ „საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“.

ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისათვის, - რომელიც სულ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, - ჯერ არ უპასუხია.

უფლებადამცველების შეფასებით, ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ეუთოს ქვეყნების გადმოსახედიდან „საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში“ გადადის.

ინიციატორი ქვეყნები არიან ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

„მზარდი შეშფოთება“

„ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, - აცხადებენ ისინი.

29 იანვარს გავრცელებულ საერთო განცხადებაში ისინი მიუთითებენ, რომ „როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები“.

მათივე თანახმად, უფლებების პატივისცემა „აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად“.

  • 2024 წლის 23 დეკემბერს ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ეუთოს „ვენის მექანიზმი“ აამოქმედა.
  • მათ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების თაობაზე 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენების გამო.

დღევანდელ განცხადებაში ინიციატორი ქვეყნები ახსენებენ "ვენის მექანიზმის" გააქტიურებას და დასძენენ, რომ მას შემდეგ „მხოლოდ გაიზარდა“ მათი შეშფოთება „საქართველოს ხელისუფლების მიერ ... ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.

ასევე ნახეთ 37 ქვეყანა ეუთოს „ღრმა შეშფოთებით“ მიმართავს საქართველოსთან დაკავშირებით

რა არის ჯგუფის მისია

ფაქტების დამდგენმა მისიამ უნდა წარმოადგინოს „ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები“. სხვა საკითხებთან ერთად, მისი ამოცანა იქნება:

  • „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება“;
  • „შეფასება ამ მოვლენების გავლენისა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, - რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას ეფუძნება“;
  • „შემაშფოთებელი საკითხების მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემა“.

რა საკითხები აინტერესებთ

რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც, განცხადების თანაავტორების თანახმად, მათ აღელვებთ - ამ საკითხების არასრული ჩამონათვალი ასეთია:

  • „საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის სივრცის შეზღუდვას“;
  • „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით განხორციელებული სამართლებრივი ქმედებები“;
  • „არჩევნების მთლიანობა, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების ფონზე“;
  • „მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის აქტიური გავრცელება“;
  • „დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები“;
  • „გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები“;
  • „პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა“;
  • „სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიული სისტემის დამკვიდრების მიზნით“;
  • „თავისუფლებაჩამორთმეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებები“;
  • „ძალის გადაჭარბება და თვითნებური დაკავებები“;
  • „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება“.

საქართველოს „მისიის ერთი წევრის არჩევა შეუძლია“

დღევანდელ განცხადებაში ინიციატორი ქვეყნები მიუთითებენ, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს.

განცხადებაში დაზუსტებულია, რომ საქართველომ ფაქტების დამდგენი მისიის ერთი წევრი უნდა აირჩიოს ODIHR-ის „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან.

ODIHR-ის მიერ ადმინისტრირებული ეს სია რეგულარულად ახლდება.

სია ბოლოს 2026 წლის 2 იანვარს განახლდა და მასში რამდენიმე ათეული ექსპერტია ეუთოს წევრი 18 სახელმწიფოდან.

მათ შორის საქართველო არ არის.

რა არის „მოსკოვის მექანიზმი“

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, მიიღეს 1991 წელს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

შექმნის დღიდან „მოსკოვის მექანიზმი“, სულ მცირე, 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის:

  • ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით;
  • 1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ ნატოს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში;
  • ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად.
  • მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.

საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

დასავლელი ლიდერების ნაწილი არჩევნების შეფასებისას იშველიებს დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ასევე ნახეთ ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს

პარტიების მიმართვა ეუთოს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, - რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, - არჩევნების შემდეგ მიმართეს ეუთო/ODIHR-ს.

მათ მოითხოვეს ეუთოსა და მის „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ აემუშავებინა „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად 1991 წელს იქნა გამოყენებული.

ეს პარტიები იყვნენ:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის";
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ძლიერი საქართველო“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.
ასევე ნახეთ ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთოს სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს - რა არის „მოსკოვის მექანიზმი“

რას ამბობენ უფლებადამცველები

„მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელარუსის) გადადის“, - მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.

მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმი“ არის „ეუთოს ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს“.

„ეს წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას“, - განმარტავს მიქელაძე.

„ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში“, - ვარაუდობს ის.