"შეგვიძლია, დღეში გავგზავნოთ ათასი დრონი" - მუქარა საქართველოს მიმართ ოკუპირებული აფხაზეთიდან

ტიმურ გულია - ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას“ ლიდერი.

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას“ ლიდერის, ტიმურ გულიას მუქარამ - საქართველოზე დრონებით შეტევასთან დაკავშირებით - ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ხმაურიანი განცხადებები, რომლებმაც ყურადღება 21 ივნისს მიიპყრო, გულიამ, პოდკასტში სტუმრობისას, 18 მაისს გააკეთა.

10 ივნისს, უკრაინაში მოქმედმა ცნობილმა არასამთავრობო ცენტრმა - „მშვიდობისმყოფელმა“ ("Миротворец“) - ტიმურ გულია სპეციალურ ბაზაში შეიყვანა. კატალოგში შეტანილია მისი ციტატა - უკრაინელების მტრობის შესახებ, რაც ასევე საქართველოს, კერძოდ კი - "აფხაზეთის ომში" უკრაინელების საქართველოს მხარეს ბრძოლას უკავშირდება.

რა თქვა ტიმურ გულიამ?

რუსული ოკუპაციის მხარდამჭერი პოდკასტის [СРЕЗ Podcast] მაისის გადაცემაში სტუმრობისას, ტიმურ გულიამ ილაპარაკა საქართველოსთან დრონებით ომის გამანადგურებელ სცენარზე, ომის 10 დღეში მოგების პერსპექტივაზე და ლუგარის ლაბორატორიის მიწასთან გასწორების მიზანზე.

გულია ხსნის, რომ დღეს სახელმწიფოების სიდიდეს მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც დრონებით ომმა ყველაფერი შეცვალა და თუკი საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალით შეეცდება, შეუდარებლად უფრო დიდ ზიანს მიიღებს.

„საქართველოს ისეთ კოლოსალურ ზიანს მივაყენებთ, რომ მათ ცხოვრებაში აზრადაც აღარ მოუვათ - კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს პატარა აფხაზეთს... ჩვენ შეგვიძლია დღეში გავგზავნოთ ათასი უპილოტო საფრენი აპარატი - 10 დღეში დავასრულებთ მათთან [ბრძოლას]... დავუშვათ, 60% ჩამოაგდეს - მათ ჭურვები, ალბათ, არ ეყოფათ... ყველაფრის თქმა არ მინდა... ჩვენი მთები, ჩვენი ხეობები, ჩვენი მღვიმეები - ამ ყველაფერს ჩვენ გამოვიყენებთ და მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას აღვგვით პირისაგან მიწისა“, - ტიმურ გულია ამბობს, რომ საპასუხო თავდასხმის არ ეშინიათ, რადგან - აფხაზეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები ისედაც არ არის და მხოლოდ ხალხის დაცვაზე ფიქრი იქნება საჭირო.

„ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება ჩვენ ისედაც შეგვიძლია“, - გულიას აზრი პოდკასტის ერთ-ერთმა წამყვანმაც შეაშველა, რასაც სიცილი მოჰყვა.

ტიმურ გულია საქართველოსგან საკუთარი რეგიონის - ოკუპირებული აფხაზეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს და ეს მან, სხვადასხვა დროს, არაერთხელ გაიმეორა. ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტთან", ბადრა გუნბასთან ასევე მაისში გამართული შეხვედრის დროს მან თქვა, რომ, თუკი საქართველოს მხრიდან აღიარება არ მოხდება, მოვლენები სწორედ მის მიერ აღწერილი სცენარით განვითარდება.

თავად გუნბამ, მარტში, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ქართულ საზოგადოებაში გულიას მუქარას - ნიადაგის მოსინჯვად და მიზანმიმართული პროპაგანდის ნაწილად განიხილავენ.

ოპოზიციაში კი სოხუმში გაკეთებულ განცხადებებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევენ.

"​ეს არც მშვიდობაა და არც სუვერენიტეტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიშის პასუხად მიღებული ახალი შანტაჟი და კრემლის ინტერესების ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულება... დასავლეთის იზოლაციით საქართველო კი არ ძლიერდება, არამედ რუსული მცოცავი ანექსიისთვის კიდევ უფრო იოლი საკბილო ხდება", - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

გულია უკრაინული ცენტრის ბაზაში

უკრაინაში მოქმედმა ცნობილმა არასამთავრობო ცენტრმა - „მშვიდობისმყოფელმა“ ("Миротворец“) - ტიმურ გულია სპეციალურ ბაზაში შეიყვანა, სადაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დამრღვევებს უყრის თავს.

„ომის პროპაგანდა, რუსული ფაშიზმისა და ნაციზმის პროპაგანდა“ - გულიას შეყვანა ამ ბაზაში 10 ივნისით არის დათარიღებული და მოყვანილია მისი ციტატა რუსული ოკუპაციის მხარდამჭერი პოდკასტის [СРЕЗ Podcast] მაისის გადაცემიდან, სადაც გულია უკრაინელებს მტრებად მოიხსენიებს და ამ მტრობას აფხაზეთის ომში ქართველების მხარეს უკრაინელების ბრძოლასაც უკავშირებს.

„უკრაინელები ჩვენი მტრები 2014 წელს კი არ გახდნენ, არამედ 1992 წელს. მე პირადად ვებრძოდი მათ შრომაში… არა მხოლოდ მე - ჩვენ მათ [უკრაინელებს] ვებრძოდით“, - ტიმურ გულია ღიად ამბობს, რომ ახლაც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში და აფხაზებსაც ამ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„არუაა“ ერთ-ერთია ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ორი ორგანიზაციიდან, რომელთა წარმომადგენლებიც - 1992-1993 წლებში - “ქართულ-აფხაზურ ომში” იბრძოდნენ. თემურ გულია ამჟამად მოქმედი “ხელისუფლების” ოპოზიციაშია. მეორე ორგანიზაციაა „ამცახარა“, რომელიც აფხაზეთის დღევანდელ ლიდერებს უჭერს მხარს.