წერილები ქალთა ციხის „კუნძულიდან“ - ვინ არის, რისთვის იბრძოდა და დაისაჯა ნანა სანდერი

ფოტოილუსტრაცია: აქტივისტი ნანა სანდერი სასჯელს რუსთავის #5 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის

„შვიდი კვირაც შეიძლება ვეღარ ვიცოცხლო“ - რატომ ფიქრობს ასე პატიმარი ქალი? ნანა სანდერის ამბავს ციხიდან გამოგზავნილი წერილების, სასამართლო სხდომათა დარბაზში ნანახისა და მეგობრების მონათხრობის დახმარებით გიყვებით.

პატიმარი ქალის ბრალდებებისა და პრეტენზიების უდიდესი ნაწილი პენიტენციურ სამსახურს მიემართება. ამ სტატიაზე მუშაობისას და გამოქვეყნების შემდეგაც რადიო თავისუფლება მზად იყო და არის, გამოგზავნის შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დეტალური განმარტებები სტატიაში ასახოს.

37 წლის ნანა სანდერი 9 თვეა გარდაბანში, სოფელ მთისძირში, „კუნძულზე“ ცხოვრობს. ასე ეძახის ის მე-5 პენიტენციური დაწესებულების შენობას, რომელიც ციხის ეზოში, განცალკევებით დგას. საკანში მარტოა, მხოლოდ კედლის მეზობლები ჰყავს. სასეირნოდ დღეში ერთხელ გაჰყავთ, იქაც მარტოა, ვერავის ხვდება და ვერავის ელაპარაკება.

„20 კვადრატულია, ცალკე მოზრდილი აბაზანაა საკანში. წითელ რკინის კარს რომ გააღებ, ხელმარჯვნივ ორი ვიწრო საწოლი, რომელიც შეტყუპებული მაქვს, საწოლნახევრიანს ქმნის. საწოლის გვერდზე რკინის ტუმბოზე საშუალო ზომის ტელევიზორი მიდგას და დენის გამათბობელი. კიდევ საკმაო სივრცე მრჩება მიმდებარედ.

მოპირდაპირე მხარეს კედელზე კრინის „ტახტი“ არის მიმაგრებული, სადაც თეთრი მაგიდის გადასაფარებელი მაქვს გადაფარებული და ფოტოების გამოფენა მაქვს. ფოტოები აქციებიდან, ჩემი და თედის და ცხოველების ფოტოები... საპროტესტო ცოცხალი განწყობა იქმნება ამ ფოტოებით.

აქვე მიდევს წიგნები. ამ რკინის ტახტსა და საწოლს შორის საკმაო სივრცე რჩება სავარჯიშოდ და სამოძრაოდ. აქ შუაში ვშლი ხოლმე პლედს.... პრესებს ვაკეთებ ბეჯითად. შემოსასვლელშიც სივრცეა, არაფერი დგას. ყველა ნივთს ამ „ტახტის“ ქვეშ ვმალავ/ვალაგებ [პარკებში] ოთახი რომ არ გადაიტვირთოს და სივრცის შეგრძნება მქონდეს.

„ტახტის“ მეორე ბოლოში უკვე მაგიდა და მასზე ორივე მხარეს მიმაგრებული გრძელი სკამებია. ეს უკვე ჩემი სამუშაო სივრცეა, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებს დღეში ორჯერ ჭამის დროს. დანარჩენი დრო თაბახის ფურცლებით, წიგნებით და რვეულებით არის სავსე. აქ მაგიდასთან არის სამი საშუალო ზომის ფანჯარა გისოსებით, აქედან ორი ფანჯრის გადმოწევაა შესაძლებელი. ოთახს ნათელს ხდის, თუ საკანს, და მზეც დილით აღწევს და შემოიჭყიტება, მომიკითხავს ხოლმე. სხივებს დამიტოვებს შუადღემდე.

მაგიდაზეც თეთრი გადასაფარებელი მაქვს, ლოგინზეც ხან თეთრი თეთრეული და შეიძლება ფსიქიატრიულის ოთახს გავდეს, არ ვიცი... აქ ბადრაგებმა კი მითხრეს, როგორ გაგინათებია ოთახიო, მოეწონათ. არ ჰგავს ფსიქიატრიულს, ევროპული ხედვა იგრძნობაო.

მაგიდის წინ [1,5 მეტრში დაახლოებით] თუ გვერდით, აბაზანის თეთრი კარია. აბაზანა მოზრდილია. იქ ვეწევი ძირითადად, საკანში იშვიათად. იატაკი ლამინატის არის.

მაღალჭერიანი ოთახია და ესეც აჩენს მეტი სივრცის აღქმას. საკნის წინ დგას მაცივარი, სარეცხი მანქანა. საკნის გვერდით ბეტონის ეზოა, სადაც „სასეირნოდ“ გავდივარ დღეში ერთი საათი. წრეს ვარტყამ ძუნძულით, სირბილით, ხანაც სიარულით. 1 წრე 60-65 ნაბიჯია. ვცდილობ ყველაზე ცოტა 20 წრე მაინც გამოვიდეს. აქამდე 3000-5000 ნაბიჯსაც ვახერხებდი, გასულ თვეებში...

ამ ეზოში ვფენთ სარეცხს. გადაფარებული პატარა სივრცეც არის ეზოში წვიმის დროს თავის შესაფარებლად. მაგიდა-სკამებიც. თუ ყინვაა - 30 წუთი ვჩერდები ხოლმე. ისე კი ვცდილობ ერთი საათი ყოფნას გარეთ. თუ არ დავრბივარ მაშინ წიგნები მაქვს ხოლმე გარეთ და ვკითხულობ ან ვსწავლობ“.

აქ ყოფნა მას კიდევ 6 წელი და 3 თვე მოუწევს. შეეძლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება, მაგრამ უარი თქვა - თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ჩემი სინდისი ჰაერივით მსუბუქია“, - თქვა მან საქალაქო სასამართლოში ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ის დამნაშავედ ცნეს.

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე მას 7 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ნანა სანდერი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის, იგივე „4 ოქტომბრის აქციის საქმეზე“ დაკავებული 64 დემონსტრანტიდან ერთ-ერთია.

ასევე ნახეთ

მეყანწიშვილის, სანდერის, უპერისა და ნავერიანის განაჩენი ცნობილია - „4 ოქტომბრის“ საქმე

სასამართლო განხილვებს მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მხოლოდ მეგობრები, რომელთა ნაწილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გაიცნო.

37 წლის ქალი უკან შეკრული, ქერად შეღებილი თმით სასამართლოს სხდომებზე ყოველთვის მომზადებული მიდიოდა - სათქმელი დაწერილი ჰქონდა, არგუმენტები სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტებით გამყარებული.

ნანა ქალთა ციხეში პირველად 2025 წლის ოქტომბერში მოხვდა.

„ციხის დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა, მისმა მოადგილემ მზია კაკალაშვილმა, ადმინისტრაციიდან დაჯი ოქრუაშვილმა და ციხის სამმა თანამშრომელმა ციხეში ჩემი „მიღების“ პირველივე წუთებიდან ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაულებები - ღირსებისშემლახველი და არაადამიანური მოპყრობა, შეურაცხყოფა, სექსუალური შევიწროება, წამება... ყველაზე ცოტა 40 წუთი, ეს ადამიანები მლანძღავდნენ, ღირსებას მილახავდნენ, ნერვიულობის ფონზე პირი მიშრება, შაქარი მეწევა… ცუდად გავხდი, ვუთხარი ცუდად ვარ… ექიმს ესმის და წყალს არ მაძლევს… თან ქალები არიან თვითონ… [მათი მოთხოვნით] გინეკოლოგის სავარძელზე უნდა მოთავსებულიყავი და გავშიშვლებულიყავი“, - უყვება ნანა სანდერი მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს ციხეში მოხვედრის მომენტს. ის ამ სცენას კიდევ რამდენჯერმე აღწერს და მოსამართლეს დახმარებას სთხოვს.

„დაწყებულია გამოძიება“, - ამბობს პროკურორი ლაშა ცქვიტარია, ნანა სანდერის ადვოკატიც, გოგა ბოგვერაძეც ადასტურებს, რომ პატიმარს ციხეში გამომძიებელიც შეხვდა.

Your browser doesn’t support HTML5

„გინეკოლოგიურ მაგიდაზე გაშიშვლება მომთხოვეს“ - პატიმარი აქტივისტის, ნანა სანდერის ზარი ციხიდან

პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს, თუმცა რადიო თავისუფლების თხოვნას აუხსნას დეტალები და საშუალება მისცეს პირადად დაუკავშირდეს რუსთავის ქალთა ციხის დირექტორს - უპასუხოდ ტოვებს.

ნანა სანდერი კი პროცესებზე, მოსამართლესთან საუბრის უდიდეს ნაწილს იმის დეტალურ და ემოციურ აღწერას უთმობს, თუ სად და როგორ დაირღვა მისი უფლებები, როგორ შეილახა მისი ღირსება და ჯანმრთელობა.

ის გასული წლის შვიდ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, პოლიციელებმა ქალს, რომელსაც გერმანიის რეზიდენტის სტატუსი აქვს სასტუმროში მიაკითხეს.

„ვიკითხე, რატომ მაკავებდნენ, პოლიციელმა მიპასუხა: „მამალი უნდა დაიკლას... აბა, რა გეგონა აქციაზე რომ ქვას ისროდიო...“

ნანა სანდერი სასტუმროდან გულუას ქუჩაზე, კრიმინალური პოლიციის შენობაში ხელბორკილებით წაიყვანეს:

„ჩემი იქ მიყვანის მიზანი, დამცირება იყო, არავის დავუკითხივარ. გამომძიებელმა ქალმა გაშიშვლება მომთხოვა, ნახევრად გამჭვირვალე კარში, ვუთხარი, რომ სექსუალური შევიწროება იყო და ავყვირდი. როცა ის ქალი გაშიშვლებას მთხოვდა, კართან ტელეფონით იდგა გამომძიებელი კაცი...“

ნანა სანდერი დაკავების პირველივე წუთებიდან მისი უფლებებისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით დაცვას და ღირსეულ მოპყრობას მოითხოვდა:

„როდესაც მე, ადამიანი, ჩამსვეს [პოლიციის მანქანის უკანა სავარძლის] შუაში, ღვედი არ შემიკრეს… მე მათ ვუხსნი, თქვენ რომ არღვევთ საგზაო უსაფრთხოების წესებს, არ რთავთ ციმციმას, სიჩქარეს აჭარბებთ, მე მაქვს შიში...“

მართალია, ნანა სანდერი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ უკვე 17 წელია გერმანიაში, შტუტგარტში ცხოვრობს. საქართველოდან წასვლა ბავშვობაშივე გადაწყვიტა და 20 წლისა საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა.

„....ორი წლის ასაკიდან ვიცი, რომ მსხვერპლი ვარ ამ სახელმწიფოში, დაუცველი ვარ... არეულობა იყო, სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრიზისი. ყველას გახსოვთ, რა პირობებში ვცხოვრობდით 90-იან წლებში, ამ ქვეყანაში არ ტარდებოდა პოლიტიკა, რომ ლტოლვილებს ქუჩაში არ ეცხოვრათ...

...7 წლისამ გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წავიდე. ბევრს უოცნებია გამხდარიყო პრეზიდენტი, მეც ვოცნებობდი, რომ შემდეგ ორი შენობა ამეშენებინა ერთი მიუსაფარი ადამიანებისთვის და მეორე მიუსაფარი ცხოველებისთვის...“ - ეს ფრაგმენტია ნანა სანდერის საბოლოო სიტყვიდან, რომელიც სასამართლოში, განაჩენის მოსმენამდე, წარმოთქვა.

გერმანიაში სასწავლო პროგრამით წავიდა, კოლეჯი როცა დაამთავრა და ტურიზმის ეკონომიკა ისწავლა, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. კავშირი ჰქონდა საქართველოში დარჩენილ ოჯახთან, ფინანსურადაც ეხმარებოდა.

„ბევრს მუშაობდა და პარალელურად, იბრძოდა საქართველოსთვის, ჩემი პატივისცემა დაიმსახურა… გერმანიაში საპროტესტო აქციებს მართავდა, ხშირად ერთკაციანსაც, განსაკუთრებით აგვისტოს ომის დროს... უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელების აქციებზეც დადიოდა. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე, როცა უკრაინაზე თავდასხმაზე საუბრობდნენ და ამ კონტექსტში სხვა ქვეყნებსაც ახსენებდნენ, საქართველო არ ახსენეს და ნანას ეს ისე ეწყინა, სცენაზე ავიდა, სიტყვა მოითხოვა და საქართველოზე ისაუბრა“, - ჰყვება მისი მეგობარი ანა ლიფსკი.

ნანა სანდერი სოციალურ ქსელში საკუთარ თავს „თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველს უწოდებდა“. მან გერმანიიდან საქართველოში აქციებზე სიარული ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის დროს [2023 წლის მარტი] დაიწყო და ამის შემდეგ არცერთი დიდი საპროტესტო აქცია, თუ მსვლელობა აღარ გამოუტოვებია.

შუალედებში, როცა გერმანიაში ბრუნდებოდა აქციებს იქ აწყობდა, სოლიდარობას უცხადებდა თბილისში დაკავებულ დემონსტრანტებს და ღიად უჭერდა მხარს რევოლუციის იდეას.

ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური იყო და ანტისაოკუპაციო აქციებშიც მიუღია მონაწილეობა 2015 წლიდან - ჩადიოდა საოკუპაციო ხაზთან და მხარს უჭერდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს.

2025 წლის 29 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბოლოოდ ტოვებდა გერმანიას და საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიოდა.

ნანა სანდერი, აქტივისტი

მედიის ყურადღება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს ფუმფულა დათვით მიიპყრო, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა, მათ შორის დემონსტრაციების დაშლის დროსაც არ ტოვებდა. გერმანიიდან თბილისში მასთან ერთად ჩამოფრინდა, ამ ფუმფულა ყავისფერ დათვს, რომელსაც წლებია არ იშორებდა, სახელიც ჰქონდა - ტედი სანდერი.

„ტედი სანდერი 2013 წლის შემოდგომით გახდა ჩემი მეგობარი. ზუსტი დღე არ მახსოვს, მაგრამ იყოს 13 სექტემბერი მისი დაბადების დღე და დღეს ვიზეიმოთ ვეგანური თაფლები უყვარს, გამოუშვით“, - დაწერა ნანა სანდერმა ფეისბუკზე 13 სექტემბერს.

სათამაშო დათვთან უჩვეულო მეგობრობის გამო, სოციალურ ქსელში ის არაერთხელ გამხდარა ქილიკის ობიექტი.

მე შემეძლო გერმანიის მოქალაქეობის მიღება, მაგრამ მიზანმიმართულად ვთქვი უარი, არ მინდოდა, ქართულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება დამეკარგა...
ნანა სანდერი

ციხემდე და ციხეშიც მას გერმანული გვარის გამოც აკრიტიკებდნენ.

„ციხის თანამშრომელი, ნინო... მეუბნებოდა, რომ საქართველო არ არის ჩემი ქვეყანა, რომ აქ არავის ვჭირდები, ჩემი ადგილი აქ არ არის და უნდა წავიდე გერმანიაში, ფაშისტს მეძახდა, გერმანელ ფაშისტს... თურმე დედაჩემს არ უსწავლებია ჩემთვის ვაჟა-ფშაველა და მე რა ქართველი ვარ... მე შემეძლო გერმანიის მოქალაქეობის მიღება, მაგრამ მიზანმიმართულად ვთქვი უარი, არ მინდოდა, ქართულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება დამეკარგა... საქართველო ჩემი სამშობლოა, გერმანია ჩემი სახლი... გერმანული გვარი ჩემს პატრიოტიზმს ვერ დააკნინებს“, - ამბობს ნანა სანდერი.

იმ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ნანა პატიმარია, ციხის ადმინისტრაციას ასობით განცხადებით მიმართა, ის დაწვრილებით აღწერს, რა აწუხებს, რა სჭირდება და რატომ მიიჩნევს თავს ღირსებაშელახულად. ამბები, რომელიც გადახდა, მოუყვა სახალხო დამცველს და ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს, რომლებმაც ის ციხეში მოინახულეს.

პროკურატურას გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ციხის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სასამართლოში უჩივლა. ერთი საქმე მოიგო კიდეც და აკრძალული მიმოწერის უფლება დაიბრუნა.

კომუნიკაციის შეზღუდვით ციხის ადმინისტრაციამ ნანა სანდერი 3 თვით დასაჯა - მიზეზი ექიმთან კონსულტაციის დროს მომხდარი ინციდენტი გახდა. ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ პატიმარმა ექიმი დაწყევლა და დაწესებულებაში წესრიგი დაარღვია.

ასევე ნახეთ

სასამართლომ აქტივისტ ნანა სანდერისთვის 3 თვით მიმოწერის აკრძალვა უკანონოდ მას შემდეგ ცნო, რაც აქტის ვადა ამოიწურა

თუმცა იმ მონეტისთვის, როდესაც სასამართლომ ციხის ადმინისტრაციის სასჯელი უკანონოდ მიიჩნია, მიმოწერის აკრძალვის სამთვიანი ვადა უკვე გასული იყო.

ნანა სანდერი ვეგანია - არათუ ხორცს, ცხოველური წარმოშობის არცერთ პროდუქტს არ ჭამს - არც თევზს, არც რძეს და რძის პროდუქტებს, არც კვერცხს. თაფლსაც კი ძალიან იშვიათად ჭამს. არ იცვამს ტყავის ტანსაცმელს, ბეწვეულს, არ ხმარობს ცხოველებზე დატესტილ პროდუქტებს.

ექიმთან ჩხუბიც დიდწილად ამის გამო მოუვიდა. რახან ბუნებრივად B12-ს ვერ იღებდა, შეამჩნია რომ სულ დაღლილი იყო, ხელ-ფეხი უბუჟდებოდა, კონცენტრაცია გაუჭირდა, მეხსიერება დაუქვეითდა. B12-ს D3 ვიტამინის ნაკლებობა და სქოლიოზით გამოწვეული ხერხემლის ტკივილი დაემატა.

ის სამ ძირითად რამეს ითხოვდა: სისხლის ანალიზს, ვიტამინების დანიშვნასა და ორთოპედიულ მატრასს.

საბოლოოდ, სანდერმა ვიტამინები მიიღო, მატრასი კი არა, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო თავად ეყიდა.

Your browser doesn’t support HTML5

„ყველაფრის ტკივილს განვიცდიდი აი ამ ლეიბზე, ციხის ლეიბზე“ - პატიმარი აქტივისტის, ნანა სანდერის ზარი ციხიდან

ეს წერილი მან 23 თებერვალს დაწერა:

არც იატაკზე წოლა და არც ტკივილგამაყუჩებლები არ მიყუჩებენ აუტანელ ტკივილებს, რომლითაც წამებას განვიცდი
ნანა სანდერი

ციხეში იატაკზე მძინავს ახლა, რადგან ორთოპედიული მატრასი არ მომიტანეს და არც ორთოპედი მომიყვანეს, რასაც მეხუთე დღეა, უშედეგოდ ვითხოვ. იქნებ, დაავადება ამ გზით შევიჩერო, რასაც ციხის ლეიბი იწვევს, თუმცა არც იატაკზე წოლა და არც ტკივილგამაყუჩებლები არ მიყუჩებენ აუტანელ ტკივილებს, რომლითაც წამებას განვიცდი – კისრის, ხერხემლის, ზურგის, წელის, მხრების მკლავების, კუნთების, სახსრების… უძილობისგან და ტკივილებისგან დაქანცულს მეძინება მხოლოდ...“ - წერს ის 23 თებერვალს.

ის აკრძალვები, რაც ნანა სანდერს ციხის ადმინისტრაციამ დაუწესა, დისციპლინური დასჯის სახეებია. პენიტენციურს უფლება აქვს დასაჯოს პატიმარი თუ კი ჩათვლის, რომ ის არღვევს დაწესებულების დებულებას, წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დასჯის ფორმებს შორისაა:

  • გაფრთხილება;
  • საყვედური;
  • მუშაობის უფლების შეზღუდვა;
  • ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
  • ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა;
  • საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
  • სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
  • სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა;
  • პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა;
  • დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
  • ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა;
  • კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა;
  • პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.


ყველა ამ აკრძალვას თავისი ვადები აქვს.

9 თვის განმავლობაში იყო ეპიზოდი, როცა პროტესტის ნიშნად ნანამ შიმშილობა გამოაცხადა, მაშინ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სხვა დემონსტრანტებიც შიმშილობდნენ. ამის გამო, პატიმრის „უსაფრთხოების დასაცავად“ ადმინისტრაციამ საკანში ვიდეოკამერები დაუყენა. მისთვის 24 საათით ციხის ადმინისტრაციის სათვალთვალო კამერების ქვეშ ყოფნა მორიგი ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა.

„...იატაკის ჯოხზე მაისური წამოვაცვი და მაისურზე ფეირი ერთ მხარეს, მეორე მხარეს ბოდილოსიონი წავუსვი და კამერები დავფარე კრემით :D ასე აღვკვეთე უკანონო თვალთვალი,
ნანა სანდერი

„...იატაკის ჯოხზე მაისური წამოვაცვი და მაისურზე ფეირი ერთ მხარეს, მეორე მხარეს ბოდილოსიონი წავუსვი და კამერები დავფარე კრემით :D ასე აღვკვეთე უკანონო თვალთვალი, მას შემდეგ იატაკის ჯოხს აღარ მაძლევენ. ბევრი ვიცინეთ მე და ჩემ გვერდზე საკანში გოგომ. შემდეგ საკანი გაივსო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით. მათმა ნაწილმა იცინა. მეთქი ახალი ბოდილოსიონი მქონდა და თან დავტესტე. თან უკანონო თვალთვალი აღვკვეთე“, - დაწერა ნანა სანდერმა 29 იანვრით დათარიღებულ წერილში.

მშრალ შიმშილობას ვეღარ გაუძლო და შეწყვიტა, თუმცა ამბობს, რომ ახლა ის ციხის ადმინისტრაციის გამო შიმშილობს:

„მარტივი გასაგები რომ იყოს ხალხისთვის - ვეგანობა წელიწადში 365 დღე მარხვას ნიშნავს. თვეებია ვლაპარაკობ, რომ მაშიმშილებენ და საჭმელი მინდა… მაღაზიაში სამი თვე ველოდები სალათის ფურცლებს, კიტრს და პამიდორს ორი-სამი კვირა… იმისთვის კი არა რომ რაიმე გემრიელი იყოს, არამედ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადავირჩინო, მარტო წამების კი არა შიმშილის მსხვერპლი ვარ… შიმშილობა არ გამომიცხადებია, სიკვდილი კი არ მინდა, სიცოცხლე მინდა გადავირჩინო“, - თქვა ნანა სანდერმა სასამართლოში.

აქედან ერთ კვირაში რადიო თავისუფლებას ციხიდან დაურეკა და უთხრა, რომ ვეგანური მენიუს დიდ ნაწილს, რომელიც მასთან მიაქვთ, უბრალოდ ვერ ჭამს და საჭირო კალორიების მესამედსაც კი ვერ იღებს.

"ვეგანური უბრალოდ დასახელება აქვს, თორემ კვება ვეგანური არ არის... რაც იჭმევა და გულისრევას და გულძმარვას არ იწვევს ძალიან მცირეა... წვნიანებს ერთ კოვზსაც ვერ ვჭამ... ყველა უნარი წართმეული მაქვს, ყველა უნარი...“ - გვითხრა მან.

Your browser doesn’t support HTML5

ნანა სანდერი ვეგანია და ამბობს, რომ ისე ცოტას ჭამს შიმშილობის ტოლფასია

თუმცა იყო მომენტები, როცა არც ეს „უგემური ვეგანური საკვები მიჰქონდათ მასთან“. მის წერილებში რამდენიმე ასეთი ეპიზოდია აღწერილი.

  • „...მთელი ეს დღეები ჩემთან არავეგანური საჭმელი მოჰქონდათ, ვუთხარი, რომ ხომ იცოდნენ, რომ მე ვეგანი ვიყავი, რატომ მოჰქონდათ არავეგანური საჭმელი, რაზეც ნინომ [ციხის თანამშრომელი - რ.თ.] მიპასუხა, რომ რასაც დამიდებდნენ ის უნდა მეჭამა საშინლად აგდებული ტონით. ვკითხე, რა უფლებით მესაუბრებოდა ასე, რაზეც დამემუქრა - მანდ არ შემომიყვანო, თორემ იცი, რას გიზამთ? ვუთხარი, შემოსულიყო და ეჩვენებინა, რას მიზამდა, ყვირილი და ღრიალი გააგრძელა, შემოსვლა ვერ გაბედა...“
  • „...თაკომ [ციხის თანამშრომელი - რ.თ.] გამომიცხადა, რომ ჩემთვის ვეგანური საჭმელი არ იყო და ჩაი უნდა მეჭამა და თან აგდებულად, დაცინვით მეუბნებოდა, რა ,ჩაი საჭმელი არ არისო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჭმელი დამიმალა. ეს მოხდა ზუსტად მას შემდეგ, რაც მე საჯაროდ გამოვიტანე ციხეში მომხდარი სისასტიკეების, გულგრილობის, დანაშაულებების ნაწილი...“


ნანა სანდერის ადვოკატს გოგა ბოგვერაძეს მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური განცხადებებისა და პოზიციის გამო ისჯება.

„...იმის გამო, რომ კვლავ იბრძვის, კვლავ იმავე პოზიციას აფიქსირებს, უნდათ გააჩუმონ. ათობით განცხადება დაიწერა დირექტორის სახელზე და დირექტორს ერთზეც კი არ გაუცია პასუხი, ფსიქოლოგიური ძალადობა გრძელდება და არავის რეაგირება არ აქვს“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან და იხსენებს ერთ-ერთ სასამართლო სხდომას როცა ბადრაგებმა მოსამართლეს პატიმარი ქალების ციხიდან გამოგზავნილი წერილები გადასცეს:

„წერილებში ეწერა, რომ ციხის დირექტორი არის კარგი ადამიანი და ნანა სანდერი ცრუობს, ეს იყო აბსურდული ხრიკი…“

ნანა სანდერსაც შეუძლია გაიხსენოს საუბრები ციხის მორიგეებთან, როცა ისინი პოლიტიკურ პოზიციას ღიად ავლენდნენ:

„აქტივისტები ფულს იღებენ და ამიტომ გამოდიან ქუჩაშიო, უზრდელო, თავხედო, ქუჩიდან მოყვანილო, ქუჩის იქით არაფერი გინახავს, მეუბნებოდნენ...“

პენიტენციურ სამსახურში მიაჩნიათ, რომ „ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას“. ამის მიუხედავად კი „დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება“.

უწყებას აღარ განუახლებია ინფორმაცია, რა შედეგით დასრულდა მოკვლევა ციხეში.

პროკურატურამ ნანა სანდერს ბრალად დასდო ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის ორგანიზება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ფეისბუკს იყენებდა ძალადობის ორგანიზებაში, აგროვებდა ფულს პირბადეებისთვის, გასცემდა მითითებებს, როგორ გაეწიათ წინააღმდეგობა პოლიციისთვის.

„იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მის წინააღმდეგ მტკიცებულებები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოები, მისი სატელევიზიო ინტერვიუები, გადარიცხვების სქრინები და ნანა სანდერის ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსებია.

მაგალითად, 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატუსში სახელწოდებით: ყველაფერი 4 ოქტომბრის შესახებ, წერს:

„4 ოქტომბერს გავდივართ რუსული რეჟიმის დასასრულებლად და ბავშვები დატოვეთ ყველამ სახლებში !!! არავინ გარისკოს ბავშვის სიცოცხლე- პირველ რიგში მშობლებმა იგრძნონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინაშე! ასევე არავინ გაბედოს ჭკუის სწავლება და მშვიდობის მტრედობა მებრძოლებთან!

აგრესია არ გინდათ, დაინდეთ, შეინდეთ, ისინიც ჩვენი ძმები არიან - ამის მთქმელები ვიცით რომ ჩანერგილები არიან და შესაბამისად მოხდება რეაგირება და არ იქნება არც ასეთი ხალხის დანდობა ! და ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენ მხარეს არავინ არ გეგმავს ისეთ რამეს, რაც მეორე მხარეს სიკვდილს მოიტანს“.

„პროკურატურამ ბრალი მხოლოდ „დიჯიტალურ (ციფრულ) კვალზე ააგო“, არ გამოიძია, მართლაც ეკუთვნოდა თუ არა სოციალ ქსელში ანგარიში ნანა სანდერს, არ მოუყვანია ერთი მოწმეც კი, რომელიც იტყოდა, რომ მისი ჯგუფი ნანამ დააორგანიზა და ძალადობისკენ მოუწოდა - ამბობს ქალის ადვოკატი.

„სპეციალურად ჩავედი საქართველოში, რომ ათასობით ქართველთან ერთად დე ფაქტო პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლა.

მიმდინარე წელს, თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა „საქართველოს პულსის" შექმნა. ჩვენ ვაერთიანებთ ქართველებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: სტუდენტებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, ეკონომისტებს, იურისტებს, მასწავლებლებს, ხელოვანებს და ა.შ.“ - ამბობს ნანა სანდერი ვიდეოში, რომელიც www.gofundme.com-ზე ატვირთა, ვიდეო აღარ იძებნება.

ამავე ვიდეოში აქტივისტი ფულად დახმარებას ითხოვდა - 4 ოქტომბრის აქციისთვის ტანისამოსის და პირბადეების ყიდვა უნდოდა.

„მისივე [სანდერის - რ.თ.] ატვირთული სქრინშოტები დევს საქმეში, პროკურატურამ კი არ გამოითხოვა საფინანსო ორგანიზაციიდან, რომ გაერკვია, მაგალითად, ვინ ჩარიცხა, იყო თუ არა ნანა სანდერის ანგარიში, ავთენტიკურია თუ არა ეს სქრინშოტები, რომლებიც გამოქვეყნდა ფეისბუკზე...

ბრალდება დაემყარა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მხოლოდ და პროკურატურას სხვა მტკიცებულებები არ მოუძიებია...“ - ამბობს ადვოკატი.

ნანა სანდერის თქმით, მას „უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა ჰქონდა, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა მიეტანა ადამიანებამდე“ და ეს გეგმა ძალადობას გამორიცხავდა.

„ერთ-ერთ ვიდეოში ვამბობ, რომ მე ვარ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე მჭირდებოდა ეს უმსხვერპლო გამარჯვების იდეის მისატანად ადამიანებამდე, ჩემს სიტყვას წონა არ ექნებოდა, თუ მე ამას არ ვიტყოდი, თუმცა ოფიციალურად და სამართლებრივად მე არ ვყოფილვარ ამ აქციის ორგანიზატორი, აქციის თანაორგანიზატორიც არ ვყოფილვარ. პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა მერიისგან ნებართვა“, - თქვა მან სასამართლოში.

საქმის მასალებშია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ინტერვიუ, სადაც ნანა სანდერი 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან მომხდარს აფასებს და აქციის ორგანიზატორებს პროვოკატორებს უწოდებს, რომელთაც „გაწირეს ადამიანები“:

„ეფესბემ შეგვისრულა, ხვალ ამ ნაძირლების გარეშე, ამ ხალხის გამწირველების გარეშე თუ დავორგანიზდებით, ეს იქნება ბოლო შანსი... ამათ გაწირეს ადამიანები, როცა ამბობდნენ მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით... ბავშვებით მოდითო, არ მოვიდნენ კოორდინაციაში სხვა ჯგუფებთან, მათ შორის არც ჩვენთან და შეჭრისკენ მოუწოდეს, 1 000-მა კაცმა 10 პოლიციელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმიტომ, რომ არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალებები...“

Your browser doesn’t support HTML5

რატომ არ აღიარებს ბრალს? - აქტივისტის განმარტება

4 ოქტომბრის აქციის შემდეგ, ნანა სანდერის დაკავებამდე, სოციალურ ქსელში ის ბევრჯერ ახსენეს. ზოგიერთები ეჭვობდნენ, რომ მან ემიგრანტების ფული მიითვისა, თავად ეს ბრალდებები უარყო. სოციალურ ქსელში გაჩაღებული ეს მიწერ-მოწერა საქმის მასალებშიც მოხვდა, როგორც მტკიცებულება.

„ნანა სანდერისადმი ამ ორაზროვანმა დამოკიდებულებამ მიბიძგა მისთვის მიმეწერა“, - ამბობს „კუნძულზე“ მყოფი ნანა სანდერის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ხმა და ხიდი, აქტივისტი ნათია თოხაძე, ახლა მისი ერთადერთი მეგობარი და მესაიდუმლე.

„ჩავთვალე რომ ნანა იყო ყველაზე დაჩაგრული იმიტომ, რომ მის მიმართ იყო რაღაცნაირად ორაზროვანი დამოკიდებულება, თითქოს ყველა პოლიტპატიმარს ჰქონდა მეტი თანაგრძნობა მეტი მხარდაჭერა... პირველი წერილის მიწერა ყველაზე რთული იყო, იქამდე არასდროს შევხვედრივარ, მხოლოდ ფეისბუკის მეგობრები ვიყავით... მივწერე სრულიად უცნობმა ადამიანმა, ძალიან სწრაფად დამიბრუნა პასუხი“, - ამბობს ის.

ნათია თოხაძე, ნანა სანდერის მეგობარი, აქტივისტი

ნათია თოხაძე იყო პირველი, რომელსაც დაურეკა ნანა სანდერმა, როცა მან ციხეში სუიციდი სცადა. სანდერმა და მისმა გულშემატკივრებმა თვითმკვლელობამდე მიყვანაში ციხის ადმინისტრაცია, თანამშრომლები და ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა დაადანაშაულა, რომელიც რაიმე ფორმით მონაწილეობდა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში.

„ნანა თვითონ ამბობს ჩემთან ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში, მე იმიტომ ვისჯები ყოველდღიურად, რომ მე არ ვარ ყურმოჭრილი მონა. ის არ ერგება შეზღუდვებს და მუდმივად ცდილობს, რომ ეს შეზღუდული წრე გაარღვიოს, მუდმივად ცდილობს, რომ ყველაფერზე ჰქონდეს პრეტენზია და ეს პრეტენზიულობა ბუნებრივად პენიტენციურ სისტემას მოჭიმულ მდგომარეობაში ამყოფებს და ისინი ჩანასახშივე უკვე ნანას მიმართ პრეტენზიულად არიან განწყობილები.

ის არღვევს იმ ეკოსისტემას, რომელიც შიგნით არის დალაგებული, უკვე შეგუებული, დაღეჭილი, გადაყლაპული და ასე ვთქვათ უკვე მათი ყოველდღიურობა, მონელებული მდგომარეობა. ნანა არის პრობლემა, ახალი პრობლემა, რომელსაც თავი უნდა მოუგრიხონ, თორე დაეშლებათ სისტემა“.

ნანა სანდერის მონათხრობის თანახმად, სუიციდის მცდელობას წინ ფსიქოლოგიური ძალადობა უსწრებდა, რომელიც საათები გაგრძელდა; ამბობს, რომ მიუხედავად ვიდეოკამერების დამონტაჟებისა, დახმარება გვიან მიიღო, ციხის თანამშრომლებმა კი მხარდაჭერის ნაცვლად აგრესია და მუქარა აჩვენეს. ეუბნებოდნენ: „რატომ არ მოიკალი თავი, მიდი, თუ მაგარი ხარო...“

„იმ ზომამდე მიმიყვანა, იმდენი მლანძღა, იმდენი, არ ვიცი... საქართველოს მოქალაქეს მეუბნება და საქართველოსთვის ციხეში წასულ ადამიანს, რომ მე საქართველოში არავის ვჭირდები, საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, საქართველოში ჩემი ადგილი არ არის, ნუ, ციხის დირექტორი და ადმინისტრაცია ამას მეძახდა. რატომ ჩამოვეთრიე საქართველოში, ჯერ რატომ წაეთრიე - ამ სიტყვებით მომმართავდნენ - შენ ქვეყნის მოღალატეო, მერე რატომ ჩამოეთრიეო და ასე შემდეგ...“ - ამბობს სანდერი.

Your browser doesn’t support HTML5

ნანა სანდერი ჰყვება, რატომ სცადა სუიციდი

ნათია ნანას კომიქსებს უხატავს და უგზავნის, აცოცხლებს ისტორიებს, ამბებს, ანეკდოტებსაც კი... ნანა თეთრ ფურცელზე ორ გადაჭდობილ ხელს ხატავს და აწერს: „ჩაგეხუტე“.

წერილები წითელი ბრჭყვიალა გულებითა და საქართველოს დროშიანი სტიკერებითაა გაფორმებული.

ნანა სანდერის წერილი ციხიდან

„ამ კუნძულზე თუ გადავრჩი ნათი, გალიაში, მერე შეგიძლიათ უკაცრიელ კუნძულზეც გამომყვეთ არ გექნებათ სადარდებელი ჩემთან ერთად :D იქ მაინც არ გექნებათ... ოღონდ თევზაობას მე ნუ მომთხოვთ :D

ნეტავ მართლა მასეთ კუნძულზე ვიყოთ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდეთ ღამით და დღისით ტალღების ხმა გვაღვიძებდეს.. მიწიდან ვერ ამაფხეკავდი ისე მენატრება მიწასთან შეხება და მერე წყლიდან ვერ გამომიყვანდით, წყალიც საოცრად მენატრება“, - წერს ნანა სანდერი.

პირველად პატიმრებმა უთხრეს „კუნძულზე“ დასჯილები მოჰყავთო. ამავე შენობაში არიან ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებიც.

Your browser doesn’t support HTML5

ნანა სანდერის ზარი ციხიდან - რატომ დარჩა ორი არჩევანი?

„თუ გაქვს იმის გარანტია, რომ შენ არასდროს მოხვდები ციხეში, შეგიძლია დააიგნორო ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე გეტყვი, რომ მასეთი გარანტია თვით ბიძინა ივანიშვილსაც არ აქვს“, - ასე სრულდება ნანა სანდერის ერთ-ერთი წერილი, განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში კი რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„მე აღარ ვითხოვთ არც კიტრს და პამიდორს, მე აღარ ვითხოვთ არც ამათ მედიკამენტებს, მე აღარ ვითხოვ ამათ არსად გაყვანას და გადაყვანას... ან სიკვდილი ან თავისუფლება...“

სტატიის მზადების პროცესში რადიო თავისუფლება რამდენჯერმე დაუკავშირდა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს, დეტალურად მისწერა ის ბრალდებები, რომელზეც პატიმარი ქალი წერილებში წერს, სასამართლოში ლაპარაკობს და სატელეფონო კომუნიკაციისას ჰყვება. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განცხადება არაერთგზის გააკეთეს და ახალს ვერაფერს დაამატებენ.

უწყების ყველაზე ბოლოს გამოქვეყნებული განცხადება 20 იანვრით თარიღდება და მხოლოდ გაშიშვლებასთან დაკავშირებული ბრალდებების ნაწილს პასუხობს.

უპასუხოდ რჩება ფსიქოლოგიურ ძალადობასთან, უფლებების შელახვასთან, ვიდეოკონტროლთან, მედიკამენტებთან, კვებასთან და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები.