გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა ის ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ამ ისტორიის შესახებ რამე იცოდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული.
სწორედ ერთი თვის წინ დაუკავშირდა გამომძიებელი 43 წლის ნატა ვიბლიანს, ქალს, რომელიც ამბობს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ვიდეომიმართვებით დაწყებული საქმე
ნატა ვიბლიანის ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში დაახლოებით სამი თვის წინ გამოჩნდა. ემიგრანტი ქალი ჰყვებოდა, რომ 90-იან წლებში, სვანეთში, სოფელ სგურიშში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქალი ღიად ასახელებს იმ კაცების ვინაობას, რომლებმაც მისი თქმით, მასზე ბავშვობისას იძალადეს.
ამ ჩანაწერებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი გამოძიების დაწყებას, ქალის უფლებების დაცვას, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ისინი ნატა ვიბლიანის მხარდამჭერ, სოლიდარობის გამომხატველ ვიდეომიმართვებსაც ავრცელებენ.
ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქალი ყოფილი თანასოფლელების რეპუტაციის შელახვას ცდილობს და ვიდეოების კომენტარებში მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
„მაუპატიურებდა ბოსელში, სახლში, მინდორში“ - ნატა ვიბლიანის ნაამბობი
ნატა ვიბლიანს რადიო თავისუფლება პირველად რამდენიმე დღის წინ, საზღვარგარეთ დაუკავშირდა. ის წლებია, ემიგრაციაში ცხოვრობს. ჰყავს შვილი და სამი თვის შვილიშვილი.
გვეუბნება, რომ ამ 35 წლის განმავლობაში, არ ყოფილა დღე, როდესაც მის თავს გადამხდარ ამბავზე არ უფიქრია: „როცა ძალა მოვიკრიბე, როცა რაღაც ცოდნაც დავაგროვე, გავბედე და ვთქვი, იმ ხალხის დასასჯელად კი არა, სამართლიანობის აღსადგენად“, - ამბობს ნატა ვიბლიანი.
ქალს უჭირს დააზუსტოს კონკრეტული წლები, როცა მისი თქმით, თანასოფლელი კაცი - ნათლიის ძმა, მასზე სექსუალურად ძალადობდა:
„4 კლასის განათლება მაქვს. ნათლად მახსოვს ფაქტები, მაგრამ წლების დასახელება მიჭირს. მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. მამას წლისთავის მერე, რამდენიმე დღეში. მამა 7 წლის ასაკში ჩამაკვდა ხელებში და ოთხი და-ძმა დავრჩით, დედაჩემის ამარად“.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ კაცმა ის პირველად საქონლის სადგომში გააუპატიურა:
„ძროხას ვწველიდი, იქ შემოვიდა. თავზე გადამისვა ხელი, ნუ გეშინიაო... ტკივილისგან გავითიშე, რამდენი ხანი ვეგდე იმ ბოსელში, იმ მდგომარეობაში, არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, ეს ადამიანი იქ აღარ იყო. დამტოვა და გაიქცა“...
ნატა ვიბლიანი ჰყვება, რომ იმ დღის შემდეგ, მასზე ძალადობა სისტემატური გახდა, მათ შორის, იარაღის მუქარით:
„დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი, სანამ იარაღს არ აიღებდა და პირში არ ჩამჩრიდა პისტოლეტის ლულას, მანამდე ვერ მიმორჩილებდა და ასეთ მდგომარეობაში მაუპატიურებდა. ჩემს უმცროს ძმებს უშვერდა იარაღს და ამბობდა, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, იმათ დახოცავდა“.
ქალი არამხოლოდ გაუპატიურებაზე არამედ ძალადობისა და დაშინების სხვა ეპიზოდებსაც ჰყვება:
„ცხენზე გამომაბა და სადაც ზაფხულობით, საბალახოდ გადაგვყავდა საქონელი, იქამდე მათრია ცხენზე მიბმული, რომ ვინმესთვის არ მეთქვა სიმართლე“.
ნატა ვიბლიანის მონათხრობით, ის 14 წლის იქნებოდა, როდესაც დაორსულდა და ბავშვი ნაადრევად გააჩინა:
„ვიცი, რომ ცოცხალი დაიბადა, დავინახე და ხმაც გავიგე, ჩემი ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც მამშობიარა, ცოცხალი აღარაა. მახსოვს დიალოგი, ექიმმა როგორ იკითხა ბავშვზე, რა ვუყოთო და ის [კაცი, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მასზე სექსუალურად ძალადობდა] პასუხობდა, მოკალითო. ბავშვს რა ბედი ეწია, არ ვიცი“.
43 წლის ქალი ამბობს, რომ სოფელ სგურიშში, როგორც მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, ისე სხვა თანასოფლელებმა იცოდნენ, რომ მასზე სექსუალურად ძალადობდნენ, თუმცა ამბობს, რომ თანასოფლელები, მათ შორის, საკუთარი გვარიც წარმომადგენლებიც მას ადანაშაულებდნენ: "[ვიბლიანებთან] ნათლობის სუფრაზე მივედი, გამოვიდნენ, თუკი რამე სალანძღავი სიტყვა იყო, ყველაფერი მეძახეს. ეზოში ბავშვები იყვნენ და ბავშვებმა ქვების სროლით გამომაცილეს".
ნატა ვიბლიანის თქმით, 90-იანი წლების შუაში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციას მიმართა მისმა ბაბუამ, დედის მამამ, თუმცა, საქმის გამოძიება მალევე შეწყდა:
„ექსპერტიზაც ჩამიტარეს მაშინ. მაგრამ ამ ადამიანს ნაცნობები ჰყავდა პოლიციაში და ძალიან ბევრი რამ მიიჩქმალა. დაახლოებით ერთ კვირაში, ისევ ჩემმა ოჯახმა, საჩივარი უკან გამოიტანა და ასე დასრულდა ეს საქმე“.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა 90-იან წლებში დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია. უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გარდა იმ კაცისა, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მასზე სისტემატურად ძალადობდა, ქალი ამბობს, რომ ის იმავე პერიოდში გააუპატიურა კიდევ სამმა კაცმა:
„სამივენი ამ კაცის ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა“.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი, მოგვარეების ნაწილის ზეწოლის გამო იძულებული გახდა სოფლიდან 90-იანი წლების ბოლოს გადასახლებულიყო:
„ნოდარიშარები შეგროვდნენ და გადაწყვიტეს, რომ ჩვენი იქ ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, მოგვცეს 22 ათასი ლარი [სოფელში არსებული სახლის სანაცვლო თანხა] და დედასთან და და-ძმებთან ერთად წავედით ზუგდიდში. სოფელში ძალიან კარგი სახლი დავტოვეთ და ზუგდიდში აღმოვჩნდით გაუსაძლის პირობებში. მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, მქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც, მაგრამ გადავრჩი.
როგორც კი გამოვკეთდი და ძალა მოვიკრიბე, წავედი სახლიდან ქუთაისში და იმის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს აღარ გავკარებივარ, აღარც დედმამიშვილებს, არც დედას და არავის. როცა მჭირდებოდა, მაშინ არავინ დამიდგა გვერდში, არც დედაჩემი.
ჩემი შვილი ისე გახდა 7 წლის, რომ ნათესავებთან კავშირი არ მქონია. მართალია, შემდეგ აღვადგინე ურთიერთობა, მაგრამ ისე მექცეოდნენ, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე და ამიტომ აღარ მინდა არავისთან ურთიერთობა“.
„პირველ რიგში, მოვითხოვთ გამოკითხვას“ - საქმეში ადვოკატი ჩაერთო
ნატა ვიბლიანის ინტერესებს იურისტი მარიამ ბარსონიძე დაიცავს. 15 ივლისს მან უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმეს კი დაერთო მისი, როგორც ადვოკატის, ორდერი.
მარიამ ბარსონიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პირველ რიგში, ის საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს ნატა ვიბლიანის გამოკითხვას. ის უკვე ესაუბრა საქმის გამომძიებელს
„დეტალურად უნდა მოხდეს იმ საზარელი ფაქტების აღწერა, რის შესახებაც ნატა ვიბლიანი ჰყვება. ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და მას, როგორც დაზარალებულს და მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, გვექნება სრული უფლება, რომ საქმის მასალებს გავეცნოთ სრულყოფილად.“
ადვოკატი უკვე ესაუბრა გამომძიებელს:
„ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, როდის იგეგმება მისი გამოკითხვა, თუმცა, ეს ცოცხალი პროცესია და ხაზზე ვარ გამომძიებელთან“, - ამბობს მარიამ ბერსონიძე.
რა შანსია, რომ 35 წლის შემდეგ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის კვალზე გავიდეს?
შესაძლებელია თუ არა, რომ სამი ათწლეულის შემდეგ, პასუხი მოეთხოვოს ადამიანს დანაშაულისთვის, რომლის მსხვერპლიც, სავარაუდოდ, 14 წელს მიუღწეველი ბავშვი იყო?
დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი რიგი სექსუალური დანაშაულებისთვის ხანდაზმულობის ვადას აღარ ითვალისწინებს.
1990-იან წლებში, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის [დანაშაულის ბოლო ეპიზოდის] ჩადენის ზუსტი დრო, მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, იმ პერიოდში მოქმედი კანონი და ისიც, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოგვიანებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
„2020 წლიდან შეიცვალა კანონი და არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა აღარ ეხებათ. თუკი 2020 წლისთვის არ იყო გასული კონკრეტული ხანდაზმულობის ვადა, თავდაპირველად 25 წელი და შემდგომ, 2018-ში შეცვლილი კანონით - 30 წელი, ეს ნიშნავს რომ ნატა ვიბლიანის საქმეს ხანდაზმულობის ვადა აღარ ეხება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარი ვარამაშვილი, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი. ის სწორედ იმ გოგოებისა და ქალების ინტერესებს იცავს, რომლებიც წლების წინ გახდნენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლები და მხოლოდ ახლაღა გადაწყვიტეს ამაზე ხმამაღლა საუბარი:
„ეს არ არის ახალი ამბავი, როდესაც ქალები წარსულში, წლების წინ მომხდარი დანაშაულების შესახებ იწყებენ საუბარს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესში თავად დაზარალებულის ჩართულობა.
ამ ეტაპზე, რასაც ვხედავთ, გამოძიება ძალიან შაბლონურადაა დაწყებული. პირველ რიგში, გამოძიება რითაც უნდა დაინტერესდეს, ეს არის დაზარალებულის დროული გამოკითხვა... [უნდა] გამოიკითხოს ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს.
ცხადია, საქმეზე, შესაძლოა დადგეს შედეგი და ასეთ საქმეებზე დამდგარა კიდეც, მთავარია, ეფექტიანი და ყოველმხრივი გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ქალის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რათა ეს მტკიცებულებაც არსებობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებამ გამოითხოვოს არქივიდან ძველი საქმის მასალები. თუკი ეს მასალები არსებობს, ეს უკვე ძალიან მყარი მტკიცებულება იქნება წარსულში ჩადენილი დანაშაულისა. შესაძლოა, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებითა და ამ მტკიცებულებითაც კი მოხდეს ბრალის წარდგენა“, - ამბობს მარი ვარამაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
ნატა ვიბლიანის ინტერესების დამცველს მარიამ ბარსონიძეს მიაჩნია, რომ 43 წლის ქალის საქმე არა მხოლოდ გამოძიების კუთხითაა მნიშვნელოვანი, ის მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვისაც, რომლებიც წლებია დუმან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ:
„ვთვლი, რომ ეს საქმე ბევრი ქალის გზას გახსნის. შესაბამისად, მხოლოდ გამოძიებისა და მისი ხანდაზმულობის კუთხით არ უნდა შევხედოთ ამ საქმეს. საქმეს უნდა შევხედოთ საზოგადოებრივი ინტერესის კუთხითაც.
ნატა ვიბლიანის საქმეში არაერთი და ძალიან მძიმე ეპიზოდებია. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან რთული საქმე და დიდი ალბათობით, შსს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აქტიურად აწარმოოს სწორედ ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც შედეგამდე მიიყვანს გამოძიებას. ჩემი პირდაპირი მიზანია, რომ აუცილებლად გამოიკვეთოს დამნაშავეთა წრე და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს თითოეული მათგანი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბარსონიძემ.
ნატა ვიბლიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობს და ამ ამბის გახმაურების გამო, ანგარიშსწორების ეშინია:
„მე სვანეთის ხუთი გვარი ვამხილე. ხუთი გვარი მემტერება და მომდევს და რომელი გამისწორდება, არ ვიცი. ახლა, მართალია საქართველოში არ ვარ, მაგრამ არც აქ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. განსაკუთრებით, ბოლო დღეებია, მას შემდეგ, რაც ამ ამბით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. ველოდები, რომ სახლის პატრონი, სადაც ვცხოვრობ, მოვიდეს, რომ მასთან ერთად გავიდე მაღაზიაში, რომ სახლისთვის ელემენტარული რაღაცები ვიყიდო. 4 დღეა, საერთოდ არ გავსულვარ გარეთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 14 ივლისს.
წლების შემდეგ გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული დამნაშავეები
რადიო თავისუფლების არქივი ინახავს არაერთ სტატიას, როდესაც ქალებმა წლების, მათ შორის, 25 წლის შემდეგ გადაწყვიტეს ოჯახის წევრებისა თუ ოჯახის ახლობლების მხრიდან, მათ მიმართ, ბავშვობაში ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების შესახებ საუბარი და ათწლეულების გასვლის შემდეგ, დამნაშავეებს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენებიც გამოუტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წელს დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 25 წლით ადრე, მცირეწლოვან გერზე, წლების განმავლობაში ძალადობდა.
ასევე ნახეთ
როგორ დააღწია ქალმა თავი მოძალადე მამინაცვალს - დუმილის 25 წელიმათ შორის, 2024 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც წლების წინ სექსუალურად ძალადობდა მცირეწლოვან დის შვილებზე და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დებმა ამ ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკი სამართალდამცავებთან 30 წლის ასაკში შეძლეს.
ასევე ნახეთ
„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიანივლისის დასაწყისში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამა, რომელიც წლების წინ, არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა სექსუალურად. გოგომ ამ დანაშაულზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სრულწლოვანი გახდა. კაცს 6 ივლისს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.