აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩხიკვიშვილი, - რომელიც ახლა 22 წლისაა, - იყო „მანიაკალურ მკვლელთა დაჯგუფების“ ლიდერი და გამუდმებით მოუწოდებდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისკენ რასობრივ ნიადაგზე.
- მას ბრალი 2024 წელს დაუსწრებლად წაუყენეს შეერთებულ შტატებში.
- 2025 წლის 22 მაისს მოხდა ჩხიკვიშვილის ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში;
- პატიმრობაში ყოფნისას, 2025 წლის 20 ნოემბერს, მან ბრალი აღიარა.
2026 წლის 13 მაისს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა განაცხადა:
„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ [მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ] ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს და სულ მცირე, დროებით მაინც დაიცავს ჩვენს თემებეს“.
ასევე ნახეთ
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ნიუ-იორკში ბავშვების კანფეტებით მოწამვლას გეგმავდა, ბრალი აღიარა„საზარელი ბრალდებები“
ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში.
მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედებოდა ბრალი, რაც დაუმტკიცდა კიდეც.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჩხიკვიშვილი „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკალური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
ამ დაჯგუფებას ასევე უწოდებენ „მანიაკებს“, MKY-ს, MMC-სა და MKU-ს.
ჩხიკვიშვილი კი ცნობილი იყო, როგორც „მეთაური ყასაბი“, „ყასაბი“, და უბრალოდ „მიშკა“.
მასზე 2025 წელს ისაუბრა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა და „საზარელი ბრალდებები“ უწოდა ჩხიკვიშვილისთვის წარდგენილ მუხლებს.
საქმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დეტალი ეხება გეგმას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ახალი წლის პერიოდში ბავშვებისთვის შხამით გაჟღენთილი კანფეტები დაერიგებინა.
ასევე ნახეთ
აშშ-ში ბრალი წაუყენეს ქართველს, რომელიც რასობრივ ნიადაგზე ბავშვების მასობრივად მოწამვლას გეგმავდა„სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“
ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ ჩხიკვიშვილს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისკენ წაქეზებისა“ და „ბომბებისა და შხამიანი ნივთიერებების დამზადების ინსტრუქციების გავრცელების“ ბრალდებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებული იყო.
კერძოდ, იგი ახალისებდა ძალადობას ებრაელების, რასობრივი უმცირესობებისა და სხვა მისთვის „არასასურველი“ ჯგუფების წინააღმდეგ.
ამერიკული მედიის ნაწილის ცნობით, მისი სამიზნეები იყვნენ ასევე ლგბტ ადამიანები და ჟურნალისტები.
ამერიკული მედიის თანახმად, ჩხიკვიშვილი წერდა, რომ სატანა მისი „სულიერი ლიდერი“ იყო, ხოლო ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი - „საუკეთესი ადამიანის კაცობრიობის ისტორიაში“.
„თინეიჯერობისას რადიკალიზდა“
NBC-ის ცნობით, მისმა ადვოკატმა ზაქარი ტეილორმა სასამართლოს სთხოვა მიხეილ ჩხიკვიშვილისთვის 15 წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა მიესაჯა.
ადვოკატის თანახმად, ჩხიკვიშვიის რადიკალიზება მოხდა მისი თინეიჯერობისას, - 15 წლიდან, - როდესაც მას დეპრესიასა და ბულინგთან უწევდა გამკლავება.
ადვოკატმა „საშინელი“ და „მავნებლური“ უწოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედებებს და განაცხადა, რომ „ამ შეფასებას მიხეილიც არანაირად არ შეეწინააღმდეგებოდა“.
გამოძიების თანახმად, ჩხიკვიშვილი 2022 წელს კომუნიკაციაში შევიდა პირთან, რომელიც იმავე „მანიაკალური მკვლელობების კულტის“ წევრი ეგონა, თუმცა სინამდვილეში FBI-ის ჩანერგილი აგენტი იყო - და მასაც აგულიანებდა ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისკენ - ბომბების დამონტაჟებისკენ, მასობრივი მოწამვლისკენ და ა.შ.
ადვოკატის თქმითვე, დაპატიმრებიდან ორი წლის განმავლობაში, ინტერნეტისგან მოშორებით მყოფი ჩხიკვიშვილი გამოსწორების გზას დაადგა - დაიწყო ნელსონ მანდელას ბიოგრაფიას და ბერძნულ ლიტერატურას კითხვა და უარყო სიძულვილით სავსე მსოფლმხედველობა.
პასუხად ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ენდრიუ რეიხმა თქვა, რომ მასზე „შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ ჩხიკვიშვილმა წიგნის წაიკითხა“, და გაიხსენა, რომ მოლდოვაში პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ციხეში ბადგარის „რადიკალიზება სცადა“, ხოლო ამერიკულ ციხეში კი ტელეფონში ფარულად ჰქონდა ჩაწერილი „ტელეგრამი“.
საბოლოოდ ჩხიკვიშვილმა თავი „სულელ მშიშარად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ სურს, ახალგაზრდებს უთხრას, მის გზას არ გაჰყვნენ.
ასევე ნახეთ
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ-იორკში მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, ექსტრადირებულია მოლდოვიდან აშშ-შიგავლენა სხვებზე
გამოძიების მასალებით, ჩხიკვიშვილის გავლენა რამდენიმე ძალადობრივ თავდასხმას უკავშირდება - თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა და რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მაგალითად:
- 2025 წელს აშშ-ში, ნეშვილის სკოლაში 17 წლის სტუდენტმა ერთი ადამიანი მოკლა და მეორე დაჭრა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ის ამას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
- თავდასხმამდე ის ონლაინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ამბობდა, რომ მოქმედებდა Maniac Murder Cult-ის სახელით, ხოლო „მანიფესტში“ ცხადად ახსენა მიხეილ ჩხიკვიშვილი.
- 2024 წელს თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მამაკაცმა მეჩეთის გარეთ ხუთი ადამიანი დაჭრა და თავდასხმის წინ სწორედ ჩხიკვიშვილის მასალები გაავრცელა.
- ამავე თავდამსხმელმა თავდასხმამდე ინტერნეტში გაავრცელა „ჰეითერის სახელმძღვანელო“ („დაბოღმილის სახელმძღვანელო“/ Hater's Handbook) - ჩხიკვიშვილის შემუშავებული „მანიფესტი“, - რომლითაც საქართველოს მოქალაქე მიმდევრებს მოუწოდებდა სკოლებში სროლისკენ და სხვა ძალადობრივი აქტებისკენ.
„ძალიან რთული იყო „ჰეითერის სახელმძღვანელოს წაკითხვა“, - თქვა მოსამართლე კეროლ ბეგლიმ განაჩენის გამოცხადებამდე.