"სტაგნაცია ყოველთვის რეგრესს ნიშნავს"

12 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ლეჟავა, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს" დირექტორი. ის მოგვითხრობს ფონდის თხუთმეტწლიან საქმიანობაზე რეგიონში, ცვალებადი გამოწვევებისა და ამოცანების ფონზე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 60 ქვეყანაში მუშაობს. საქართველოში ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიმართულება იყო საჯარო დისკუსიების კულტურის დამკვიდრება - საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცისა და აქტუალური თემების შეთავაზებით. ნინო ლეჟავამ აღნიშნა, რომ ფონდის ორგანიზებით 300-მდე დისკუსია ჩატარდა. რეგიონული ბიურო საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავს სამი დისკუსიის გამართვას თემებზე: "საქართველოს დემოკრატიული განვითარება: მშვიდობა და სამართლიანობა", "განვითარების სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის განზომილებები" და "ფემინისტური მოძრაობა და პოლიტიკა საქართველოში". ფონდის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგრეთვე ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ შორის - სასტიპენდიო პროგრამებით. ნინო ლეჟავა ყველაზე ფასეულ შედეგებს შორის ასახელებს სწორედ იმას, რომ ერთ დროს ფონდის მსმენელები და სტიპენდიანტები დღეს ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ღირებულებების აქტიური გამავრცელებლები არიან. "ბიოლის ფონდის" რეგიონული ბიურო უახლოესი წლებისთვის განიხილავს შემდეგ პროგრამულ პრიორიტეტებს: დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება; გარემოს დაცვა და ენერგეტიკა; ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია და რეგიონული დიალოგი.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ლეჟავა "ბიოლის ფონდის" საქმიანობაზე რეგიონში