საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა - ირანის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრს სახლში ხვდება პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. 10 ნოემბერი, 2016 წელი (არქივი)

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა გამოაცხადეს ჩარჩო-შეთანხმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ომის დასრულებას, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციების შემსუბუქებაზე მოლაპარაკებების განახლებას.

გარდაუვალია, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას ადარებენ 2015 წელს თეირანთან აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის დროს შეთანხმებულ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), რომელსაც ამ ორ სუბიექტთან ერთად ხელი მოაწერეს გაეროს უშიშროების საბჭომ და გერმანიამ.

ეს შეთანხმება მწვავედ გააკრიტიკა შემდგომმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან გამოიყვანა 2018 წელს, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შეთანხმება უკეთესი იქნებოდა, თუმცა 17 ივნისს ვერსალში ხელმოწერილი ტექსტი საბოლოო არ არის - ის ბევრ საკითხს ტოვებს, რომლებზეც მომდევნო 60 (ან მეტი) დღის განმავლობაში უნდა მოილაპარაკონ.

„მარტივი რომ ყოფილიყო, ამას ორი ომის წინ მოვაგვარებდით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნაისან რაფატიმ, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ირანის საკითხებში უფროსმა ანალიტიკოსმა. ის გულისხმობდა გასული წლის ივნისში ირანის წინააღმდეგ მომხდარ 12-დღიან ომსა და წლევანდელ ომს, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო.
„ირანის ბირთვული პროგრამის გასული წლის ივნისის შემდგომი ფუნდამენტური საფუძვლები განსხვავდება იმისგან, როგორიც ის JCPOA-ს ფარგლებში იყო“, - დასძინა მან.

რა იყო ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა - JCPOA-ი?

ერთი რამ, რაც უცვლელია, არის ის, რომ ირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ურანი გაამდიდრა იმ დონემდე, რომელიც აღემატება სამოქალაქო მიზნების საჭიროებებს.
ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მაშინ და ასეა დღესაც.

JCPOA-ს ძირითადი ელემენტები იყო ირანის მიერ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგის 98 პროცენტის გატანა, მომავალში გამდიდრების შეზღუდვების დაწესება იარაღისთვის ვარგისიანობის დონემდე მნიშვნელოვნად დაბლა, გამდიდრებისთვის გამოყენებული ზოგიერთი ცენტრიფუგის გაჩერება და ამ ყველაფერზე საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მიერ შემოწმების დაშვება.

ასევე ნახეთ

უთანხმოება შეთანხმებული დოკუმენტის ირგვლივ


ამ ყველაფერში უამრავი ტექნიკური დეტალი იყო შეტანილი, მაგალითად, გამდიდრების ზუსტი დონეების, გამდიდრებული მასალის რაოდენობის, შენახვის ადგილების და ცენტრიფუგების კონკრეტული მოდელების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა აიღო ვალდებულება, რომ არ შექმნიდა ბირთვულ იარაღს.

სამაგიეროდ, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციები (მაგრამ არა სხვა საკითხები, როგორიცაა ირანის მიერ შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, მისი სარაკეტო პროგრამა ან ადამიანის უფლებების დარღვევა) მოიხსნებოდა ირანის მიერ ვალდებულებების შესრულების დადასტურების საფუძველზე.
გარდა ამისა, ირანს მიეცა წვდომა საზღვარგარეთ გაყინულ აქტივებზე, რომელთა ღირებულებაც დიდად სადავო იყო (და სხვადასხვაგვარად იყო გათვლილი), პრეტენზიები და შეფასებები 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა, ხოლო აშშ-ის მთავრობისგან გადახდილი თანხები ჯამში 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შეთანხმებას ჰქონდა დავების გადაწყვეტის მექანიზმი და მისი მოქმედების 2030 წლამდე ვადის პუნქტი. ის დაამტკიცა გაეროს უშიშროების საბჭომ.

შეთანხმებას კონგრესში ორივე პარტიიდან პოლიტიკური წინააღმდეგობა შეხვდა კანონმდებლების მხრიდან, რომლებმაც ის ირანის ბირთვული პროგრამის სრული გაუქმების ნაცვლად, მისი შეზღუდვის გამო გააკრიტიკეს.

სხვებმა აღნიშნეს, რომ მან ვერ გადაჭრა ბირთვული პროგრამის მიღმა არსებული უფრო ფართო საკითხები, რამაც ირანი საერთაშორისოდ გარიყა.

ირანის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის იანვარში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შემოწმების შემდეგ მოიხსნა, ხოლო ვაშინგტონმა 2017 წელს ორჯერ დაადასტურა, რომ ირანი შეთანხმებას იცავდა.

გზა ომისკენ

2018 წლის მაისში პრეზიდენტი ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა და მას „საშინელი, ცალმხრივი“ უწოდა. აშშ-ის სანქციები კვლავ ამოქმედდა.
ირანმა, ამის შემდეგ, სანამ შეთანხმების სხვა მონაწილეები არ აქტიურობდნენ, ნელ-ნელა დაიწყო შეთანხმების პირობებიდან საპასუხოდ გასვლა.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშების თანახმად, 2020-2021 წლებში ირანმა დაიწყო როგორც ცენტრიფუგების რაოდენობის, ასევე ურანის გამდიდრების გაზრდა. ამან აიძულა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია (ცნობილი როგორც E3) განეცხადებინათ, რომ თეირანი აღარ იცავდა JCPOA-ის პირობებს.

ირანმა და აშშ-მა ბირთვული მოლაპარაკება განაახლეს 2025 წლის აპრილში, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. უკვე ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს. საფუძველი იყო ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყო. მოგვიანებით პენტაგონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩმა“ პროგრამა ორი წლამდე ვადით შეაჩერა, თუმცა ზიანის ზუსტი მასშტაბის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.

„მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც მის ობიექტებს, ასევე ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ მაღალი რანგის პერსონალს. თუმცა, დაზიანების ადგილებში შემოწმება არ ჩატარებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რამდენიმე ობიექტში შესვლა შეძლო, მაგრამ არა გამდიდრების იმ ძირითად ობიექტებში, რომლებიც „შუაღამის ჩაქუჩის“ სამიზნე გახდა“, - თქვა რაფატიმ.

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის შეზღუდვა ივნისის "12-დღიანი ომის" შემდეგ დაიწყო. შარშან სექტემბერში ძალაში შევიდა JCPOA-ს კიდევ ერთი პირობა, მისი ე.წ. snapback-ის - „უკან დაბრუნების“ პუნქტი. დამსჯელი სანქციები ნაწილი იყო ირანზე შეტევისა ახალი ზომებით, რაც ნაწილობრივ ეფუძნება გაეროს ადრინდელი სანქციების ეგრეთ წოდებულ, snapback-ს, აღდგენას.

ეს იმას ნიშნავდა, რომ გაეროს სანქციები, რომლებიც გააუქმეს შეთანხმების პირობების შესაბამისად, ხელახლა დაწესდა ირანის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობის შემდეგ. E3-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ირანმა უარი თქვა მათი მოთხოვნების შესრულებაზე IAEA-ის ინსპექტორებისთვის სრული წვდომისა და გამდიდრებული მასალის მარაგებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის შესახებ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი: გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის იქნება ცეცხლის სრული შეწყვეტა


2025 წლის ივნისის კონფლიქტის შემდეგ, ვაშინგტონი და ირანი კვლავ ჩაერთნენ ბირთვულ მოლაპარაკებებში. ეს მოლაპარაკებები შეწყდა, როდესაც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმები დაიწყო ირანზე.

რა იქნება ახლა?

ტრამპისა და ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის მიერ 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ ნავთობის გაყიდვის აკრძალვის - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების - დაუყოვნებლივ გაუქმებას, უფრო ფართო სანქციების მოქმედების დასრულებას და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას ირანის მიერ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, როგორიცაა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების „შემცირება“ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

„ჩვენი საქმე მხოლოდ ნდობას არ ეფუძნება“, - განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა 17 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ურანის გამდიდრების საკითხია ასევე შემდგომი მოლაპარაკებების თემა, ხოლო ირანი „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძენს ან არ განავითარებს ბირთვულ იარაღს“.

ისევე როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის
შემთხვევაში, “ურთიერთგაგების მემორანდუმიც” კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მათ შორის რესპუბლიკელი კანონმდებლების უკმაყოფილების გამო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა ძალიან ბევრი რამ დათმო ძალიან ცოტას სანაცვლოდ.

დემოკრატიების დაცვის ფონდის უფროსმა ანალიტიკოსმა, მაქს მეიზლიშმა, შეშფოთება გამოთქვა ნავთობის სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

„თუ ეს ნამდვილად შესრულებაზე დაფუძნებული შეთანხმებაა, ჩვენ უნდა დავუკავშიროთ სანქციების შემსუბუქება რეჟიმის რეალურ ქმედებებს, რაც არ გულისხმობს მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, “ურთიერთგაგების მემორანდუმის” ხელმოწერას და სრუტის გახსნას“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

„აშშ-ის კონგრესი აქ ადვილად არ დანებდება, თუ ირანი არ განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს. და ეს უნდა ვნახოთ. ვნახოთ, რას მოსთხოვს საბოლოოდ აშშ“, - დასძინა მან მომავალ მოლაპარაკებაზე საუბრისას.

მეიზლიშმა ასევე გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ირანის სხვა „მავნე მოქმედებების ხსენება არ ხდება.” ის გულისხმობს სარაკეტო პროგრამას და ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, როგორიცაა ჰეზბოლა, რომელიც ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

როგორც აღინიშნა, JCPOA-ს მიმართ კრიტიკას იგივე საფუძველი ჰქონდა.
თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია, ორი ომის შემდეგ, რომლებმაც ირანის ეკონომიკა გაანადგურა და მისი ბირთვული ობიექტები დააზიანა, ძალიან განსხვავდება 2015 წლისგან. ამ კონფლიქტებმა ასევე მნიშვნელოვნად შეარყია ნდობა, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებებს.

ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა არ იყო მხოლოდ ორმხრივი აშშ-ირანის შეთანხმება. რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობდნენ თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში. ურთიერთგაგების მემორანდუმში ნათქვამია, რომ მომლაპარაკებლები მიზნად ისახავენ შეთანხმების მიღწევას 60 დღის განმავლობაში, მაგრამ აღნიშნულია, რომ ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
რაფატი მოელის, რომ მოლაპარაკებები უფრო ტექნიკური და რთული უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო 2025-26 წლებში.

„მაშინაც კი, როდესაც ისინი ომანში ან რომში იმყოფებოდნენ, ეს იყო არაპირდაპირი მოლაპარაკებების რთული პროცესი საკმაოდ მოკლე დროში, სადილსა და ვახშამს შორის“, - თქვა მან. - „ახლავთ თუ არა მათ ექსპერტთა დელეგაციები, რომლებიც რეალურად ჩაუღრმავდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და სანქციების შემსუბუქების დეტალებს? ეს ტექნიკური დელეგაციები ესწრებოდნენ წარსულში გამართულ ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა მოლაპარაკებებს... თუ არსებობს რაიმე სახის მისწრაფება, რომ ეს 60 დღეში დასრულდეს, ეს უნდა იყოს ორივე მხარის სისტემატური, უფლებამოსილი და ტექნიკურად კომპეტენტური ექსპერტების ჯგუფი“.

ასევე ნახეთ

აშშ-ის და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს