რატომ არ ამოიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერები - კითხვები 4 ოქტომბრის საქმის მთავარ გამომძიებელს

4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. გარეკანზე: ფოტომონტაჟი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე, პროკურორი ვაჟა თოდუა

4 ოქტომბრის საქმის იმ ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულთა უმრავლესობა პოლიტიკოსები არიან, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროკურატურის ბოლო მოწმე საქმის მთავარი გამომძიებელი, კონსტანტინე კერესელიძე იყო.

დაცვის მხარემ მთავარი გამომძიებლის ჩვენებას უწოდა მტკიცებულება იმისა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა.

ამ შეფასებას არ ეთანხმება პროკურორი, ვაჟა თოდუა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა დაკავებულების წინააღმდეგ.

რა (არ) თქვა მთავარმა გამომძიებელმა?

კონსტანტინე კერესელიძის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიება პირდაპირ ეთერსა და სოციალურ ქსელში გაშუქებული ამბების საფუძველზე დაიწყო, დაგეგმა საგამოძიებო მოქმედებები, ნაწილი თავად ჩაატარა, ნაწილი კი საგამოძიებო გუნდის წევრებს გაუნაწილა.

ამ საგამოძიებო მოქმედებებს შორის იყო: კამერების ჩანაწერების გამოთხოვა და დათვალიერება, ექსპერტიზების დანიშვნა, გამოკითხვების ჩატარება, ჩხრეკის, ამოღებისა და დაკავების ღონისძიებების წარმართვა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, კონსტანტინე კერესელიძეს, როგორც მთავარ გამომძიებელ, საქმეში არსებულ ყველა კითხვაზე უნდა ჰქონოდა პასუხი ან ახსნა, შედეგი კი საპირისპირო დადგა; როცა კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების აღწერას სთხოვდნენ უმეტესად პასუხობდა, რომ არ ახსოვს, არ უნახავს, თავად არ დაუთვალიერებია, ან არ იცის.

აქედან გამომდინარე, ადვოკატმა დაასკვნა, რომ მთავარი გამომძიებელი „იყო მოწმე რომელსაც დაავალეს არა საქმის გამოძიება, არამედ ადამიანებზე საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა, შინაარსი საინტერესო აღარ იყო“.

მთავარი გამომძიებლის მონათხრობის თანახმად, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის კამერები, რომელიც სასახლის ეზოს და მის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს არა ზურგიდან ან გვერდიდან, არამედ სახეეზე იღებდა, არ ამოუღია.

„საკმარისი ვიდეომასალა გვქონდა“, - თქვა კონსტანტინე კერესელიძემ.

როცა ჰკითხეს, რატომ, უპასუხა: „ საკმარისი ვიდეომასალა გვქონდა, არ ჩავთვალე საჭიროდო“.

მისი მონათხრობის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე რიტუალების სასახლის [ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია] ტერიტორიაზე ინახება.

„მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა დაათვალიერეს, სახელმწიფოს ხელწერილით გადავეცით, რომ ნებისმიერ დროს შეგვძლებოდა მისი დათვალიერება საჭიროების შემთხვევააშიო“, - თქვა გამომძიებელმა.

ადვოკატების კითხვები

ადვოკატებს აინტერესებდათ:

  • რა ქმედებები მიიჩნია გამომძიებელმა ძალადობრივ მოწოდებად?
  • რატომაა იდენტური სხვადასხვა დროსა დაკითხული ადამიანების ჩვენებების ტექსტი იდენტური?
  • რატომ არ ამოიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერები?
  • ჰყავთ თუ არა იდენტიფიცირებული ის პირველი ხუთი ადამიანი, რომელმაც სასახლის ღობის პირველი ფრაგმენტის დაზიანება რამდენიმე წამში შეძლეს?

გაირკვა, რომ ის პირები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პირველები მიდიან და ღობეს აზიანებენ, იდენტიფიცირებულები არ არიან. ეს საკითხი საინტერესოა იმ ადვოკატებისთვის, რომლებიც 4 ოქტომბერს გამიზნულ პროვოკაციას უწოდებენ.

ამის თქმისას ისინი იშველიებენ - კამერების ჩანაწერებს:

  • არც ერთ კადრში არ ჩანს სასახლის ღობის პირველი ნაწილის დაზიანება, სრულად თავიდან ბოლომდე112-ის კამერა იმ დროს ტრიალდება, როცა წესით ამ ღობეს რამდენიმე პირი აზიანებს და როცა ეზოსკენ ბრუნდება, ღობე უკვე დაზიანებულია;
  • მეორე კადრს, რომელიც ტელეფონითაა გადაღებული, დაბალი ხარისხი აქვს, რაც დაბალ გარჩევადობას ნიშნავს.

ადვოკატების პოზიციით, ვიდეოკადრები დამონტაჟებულია, რათა სრული სურათის აღქმა გამრუდებულიყო.

„გამოძიება არ დაინტერესებულა, რატომ არის დამონტაჟებული 112-ის ვიდეო და ის აშკარად დამონტაჟებული და მანიპულირებულია, რომ არ ჩანდეს როგორ წაიქცა ღობე...

არ ჰყავთ იდენტიფიცირებული ის ადამიანები, რომელმაც პირველად ღობე წააქცია, რომლის წაქცევაც ფიზიკურ შესაშლებლობებს აღემატებოდა იმ მოკლე დროში, რაც ვიდეოში ვნახეთ

ეს იყო საპროტესტო მუხტის გაშავების ოპერაცია. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმილი პროვოკაცია, ღობის წაქცევის შემდგომ მათ ჰქონდათ განცდა, რომ ათასობით ადამიანი ეცდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლას, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგს გამოიწვევდა“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ.

გამომძიებლის თქმით, ის არ დაინტერესებულა საკითხით, შეიძლებოდა თუ არა სასახლის ღობე წინასწარ დაზიანებული ყოფილიყო. არადა, „გამომძიებელი დავალებას არ ასრულებს, ის ვალდებულია ყოველმხრივი გამოძიება ჩაატაროს“, - უთხრა მას ადვოკატმა თუთბერიძემ.

„გამომძიებლის პასუხისმგებლობა მოიცავდა იმის გარკვევას, ღობე იყო თუ არა მანამდე დაზიანებული ან ჰქონდა თუ არა პროვოკაციას ადგილი.. ისიც კი არ გაარკვია, რომ აქციის ჩატარება შეთანხმებული იყო მერიასთან. ეს საქმე არის ნაჩქარევად და არაკვალიფიციურად შეკერილი საქმე, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“, - თქვა ადვოკატმა.

მოწმის დაკითხვისას ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ წაიკითხა ის ჩვენებები, რომელიც ერთმანეთის იდენტური იყო და იკითხა, როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა დღეს გამოკითხულმა ადამიანებმა ერთი და იგივე მოვლენა ერთნაირად დაინახეს, აღწერეს და შეაფასეს.

ის დარწმუნებულია, რომ მოწმეებს შაბლონები დაურიგეს.

ამ დროს დაკითხვაში პროკურორი ჩაერია და ადვოკატს შეუსწორა, ზოგიერთ დაკითხვის ოქმში უფრო მეტი სიტყვა წერია ან გრამატიკული შეცდომებია დაშვებულიო. გამომძიებელმა უარყო შაბლონით ხელმძღვანელობა.

რას ამბობს პროკურორი?

პროკურორ ვაჟა თოდუას ჟურნალისტებმა ვკითხეთ, შეიძლება თუ არა სანდო იყოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ფოტოების დათვალიერებაზეა დაყრდნობილი.

საუბარია სასახლის ღობის ექსპერტიზაზე, რომელიც ორჯერ ჩატარდა, მეორედ პროკურორებმა ექსპერტებს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას ჭრის კვალი. დოკუმენტში ეწერა, რომ ექსპერტიზა ფოტოების დათვალიერებით ჩატარდა.

„ეს არასწორი ინფორმაციაა“, - შეგვისწორა პროკურორმა ვაჟა თოდუამ და თქვა:

„პირველი ექსპერტიზა ოთხმა ექსპერტმა ჩაატარა, იქიდან ორმა ჩაატარა მეორე კვლევა. მათ უკვე დათვალიერებული ჰქონდათ სასახლის ტერიტორია და ღობე. პირველად დათვალიერებისას მიიღეს საჭირო ინფორმაცია, შესაბამისად, ღობის მეორედ დათვალიერების საჭიროება არ არსებობდა“.

მომდევნო სხდომიდან დაცვის მხარის ჯერია, ისინი ბრალდებულების დაკითხვასაც ითხოვენ.

4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია.

ამ ჯგუფში, - ვისი სასამართლოც დღეს იყო, - ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარედგინათ:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
  • 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.

ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).

მას თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელის.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

რა მოხდა 4 ოქტომბერს?

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.

4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს - ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად მიიჩნევს, დანარჩენებს - მონაწილეებად.

4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია.

ასევე ნახეთ დახურულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს