ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავის იმპორტი შავი ზღვის გავლით სურს

10 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში ბენზინის მარაგი 1 500 ტონას შეადგენდა.

ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.

ვითარება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ე.წ. მთავრობის წევრებთან განიხილა.

მან აღიარა, რომ ავტოგასამართ სადგურებზე მოქალაქეთა ნაწილს რიგში დგომა საათობით უწევს.

„სამწუხაროდ, ეს გარემოებები ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული“, - აღნიშნა გუნბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზეთში ბენზინის მარაგი 1 500 ტონას შეადგენს, ხოლო რუსეთიდან საწვავის დამატებითი მიწოდება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

სოხუმში იმედი აქვთ, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის შემოტანას სხვა ქვეყნებიდან შეძლებენ.

„ჩვენ ვიღებთ ზომებს საწვავის სხვა მიმართულებებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, შემოტანის მიზნით, მათ შორის საზღვაო გზით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კოლეგებთან, თუმცა, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის. ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება“, - აცხადებს ბადრა გუნბა.

ტელეგრამ-არხი АМРА-life წერს, რომ მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან მიმდინარეობს, თუმცა „მათ მიერ წამოყენებული რიგი პირობები მიუღებელია“.

5 აგვისტოს თურქეთის პარლამენტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის იზოლაციის დასრულებისკენ მოწოდებები გაჟღერდა. კამპანიას მხარი დაუჭირა პარლამენტში წარმოდგენილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრმა. მათი განცხადებით, „ორ ქვეყანას შორის უნდა დაიწყოს საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა“.

კამპანიას მიესალმებიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. საკითხზე კომენტარი ოფიციალურ თბილისსა და ანკარას არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ

თბილისის განცხადებების ექო ცხინვალსა და რუსეთში - რა არის სარისკო?
  • აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.