„იმედის“ თანახმად, ქვეყანა „დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით“ „ევროპის საუკეთესო სამეულშია“.
ეს განცხადებები რამდენიმე მიზეზის გამო არის მანიპულაციური:
- არ აჩვენებს სრულ სურათს: იმავე კვლევის თანახმად, „ოლიგარქიზაციის“ უახლესი მაჩვენებლებით, აღწერილი პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ „ყველაზე უარეს“ ექვსეულშია;
- „ოლიგარქიზაცია“, ამ კვლევის მიზნებისთვის, არ გულისხმობს იმას, რასაც, მაგალითად, ევროკომისია გულისხმობდა საქართველოსთვის გაწერილ 12 რეკომენდაციასა და შემდეგ 9 დათქმაში;
- კვლევის ავტორების განმარტების თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ ამ კონტექსტში მხოლოდ უთანასწორობის დონეს მიემართება;
- კვლევა 2025 წლის მაისშია გამოქვეყნებული.
„ოცნების“ განცხადებები
ამ საკითხზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ახალი ამბების ერთ-ერთმა სააგენტომ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომლის თანახმადაც:
„2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია“.
ამ ცნობის თანახმად, მმართველი პარტია კვლევის მიმოხილვისას განმარტავდა, რომ „ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით ორი ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო და კორექტირებული მაჩვენებლები“.
„2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია“, - ნათქვამია პროსამთავრობო „იმედის“ სიუჟეტის მიხედვითაც.
სადავო პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს:
- „ფაქტია, კვლევები აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის მაჩვენებელი საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც გვაქვს მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში“, - გია ვოლსკი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
გიორგი (გია) ვოლსკი
- „არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ. საპირისპირო [მდგომარეობაა] ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, რასაც დროდადრო ვიგებთ ხოლმე. ჩემდა სამწუხაროდ, ესეც [რეიტინგიც] შეუმჩნეველი დარჩება, ისევე როგორც სხვა რეიტინგები, სადაც აბსოლუტურად დაწინაურებულები ვართ“, - თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
თენგიზ შარმანაშვილი
- „გავიხსენოთ, „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რა დავა იყო ატეხილი და დღეს გვაქვს ეს შედეგი, მათ შორის, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით“, - გურამ მაჭარაშვილი („ხალხის ძალა“).
გურამ მაჭარაშვილი
რა კვლევაზეა საუბარი?
ანგარიში მომზადებულია პროექტ BridgeGap-ის ფარგლებში.
BridgeGap-ის სრული სახელი ქართულად არის „კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენაში არსებულ ხარვეზების აღმოფხვრა“.
- პროექტის სპონსორია ევროკომისიის პროგრამა „Horizon Europe“.
- თუმცა კვლევას თან ახლავს დათქმა, რომ მოსაზრებები არ ასახავს ევროკავშირის პოზიციებს.
- პროექტის განმახორციელებელია იტალიაში, რომში არსებული კერძო უნივერსიტეტი, Luiss-ი.
- ანგარიშის უშუალო ავტორები არიან პროფესორები, ალინა მუნჯიო-პიპიდი და ივა პარვანოვა; ერთი Luiss-ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორია, მეორე - BridgeGap-ის მკვლევარი.
93-გვერდიანი ანგარიში 2025 წლის 3 მაისს არის გამოქვეყნებული.
„სქრინზე“ ჩანს ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი - 2025 წლის 3 მაისი
ავტორების მოკლე ანოტაციის თანახმად, ანგარიში აღწერს „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებას კორუფციის ტენდენციების შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, კანდიდატ ქვეყნებსა და მეზობელ ქვეყნებში“.
რა წერია „ოლიგარქიზაციაზე“?
„ოლიგარქიზაციას“, - ამ ანგარიშში არაკონვენციურად (ტრადიციული გაგებისგან განსხვავებით) არის განსაზღვრული - ავტორები უკავშირებენ კორუფციის მომეტებულ რისკებს.
წერენ, რომ:
- კორუფციის აღმოჩენა შესაძლებელია ორი, პირდაპირი და არაპირდაპირი გზით.
- პირდაპირი გზით ეს ჩანს „ფავორიტიზმში“, ხოლო ირიბად - მის გამომწვევ მიზეზებში.
- პირდაპირი გზით ოლიგარქიზაციაზე დაკვირვება პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის „ოლიგარქებმა გლობალური ხილვადობა მოიპოვეს“.
შემდეგ ნათქვამია: „ამ ანგარიშში აღწერილი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, აშკარაა მზარდი ოლიგარქიზაციის ფენომენი“.
იმავე გვერდზე, სქოლიოში განმარტებულია, რომ სიტყვა „ოლიგარქიზაციაში“ ავტორები გულისხმობენ, ამა თუ იმ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თუ რა ნაწილს ფლობს „ყველაზე მდიდარი ერთი პროცენტი“.
დანართშიც აღნიშნულია, რომ კორუფციის ერთ-ერთი ინდიკატორი, ანუ საზომი, მაჩვენებელი არის „ოლიგარქიზაცია“, - რასაც ავტორები განსაზღვრავენ იმით, თუ ქვეყნის მშპ-ის რა წილს ფლობს ქვეყნის უმდიდრესი ერთი პროცენტი.
უფრო მარტივად:
- „უმდიდრესი ერთი პროცენტის“ ხელთ არსებულ ქონებას/ფულად რესურსებს ადარებენ ქვეყნის მშპ-ს;
- თუკი ამ „უმდიდრესი ერთი პროცენტის“ ხელში არის იმდენი ქონება, რომ მშპ-ის მნიშვნელოვან წილს უდრის, ითვლება, რომ ეს „ოლიგარქიზაციის“ ნიშანია და, კვლევის ავტორების თანახმადვე, ასეთ შემთხვევაში კორუფციის რისკებიც იზრდება.
რაც შეეხება მონაცემებს, რასაც ეს გამოთვლები ეყრდნობა: ავტორები ასახელებენ „მსოფლიო უთანასწორობის მონაცემთა ბაზას“ (WID).
ამ პლატფორმაზე აღწერილია მსოფლიოს ქვეყნების „შემოსავლების უთანასწორობა“, „საშუალო სიმდიდრე“, „სიმდიდრის უთანასწორობა“ და სხვა მაჩვენებლები.
WID-ი, თავის მხრივ, ეყრდნობა IMF-ისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით საკუთარ გამოთვლებს.
ევროკომისიამ საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილ 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთად დაუსახა „დეოლიგარქიზაცია“; ეს პრიორიტეტი ქვეყანას გადაჰყვა სტატუსის მინიჭების შემდეგ, 9 დათქმაში; ამჟამად ამ 9 მიმართულებით პროგრესის არარსებობის/რეგრესის გამო ევროინტეგრაცია შეჩერებულია.
BridgeGap-ის კვლევაში ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ ნახსენები არ არის.
ასევე ნახეთ ივანიშვილი და სიტყვა ოლიგარქი ერთად რომ აღარ ახსენონ - კვლავ ელჩ(ებ)ის წინააღმდეგრა წერია საქართველოზე?
BridgeGap-ის ავტორებს „ოლიგარქიზაციის“ კონტექსტში ორი დიაგრამა აქვთ შექმნილი.
- ერთი ასახავს „მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის წილს ეროვნული სიმდიდრის მთლიან ოდენობაში (ანუ მშპ-ში);
- მეორე ასახავს, როგორ შეიცვალა ეს მონაცემი 2012 წლიდან 2022 წლამდე.
პირველ დიაგრამაზე საქართველო მე-6 ადგილზეა 31%-ით.
ეს ნიშნავს, რომ ავტორების გამოთვლებით, საქართველოში „უმდიდრესი 1 პროცენტი“ ფლობს ქვეყნის საერთო სიმდიდრის 31%-ს.
ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება ხუთ ქვეყანას:
- თურქეთს (42%),
- რუსეთს (35%),
- უნგრეთს (33%),
- კვიპროსსა (33%) და
- შვეიცარიას (31%).
მეორე დიაგრამა კი ასახავს ამ მაჩვენებლებში რამდენი პროცენტული პუნქტით აქვს ამა თუ იმ ქვეყანას 2012 წლის შემდეგ „გაუმჯობესება“.
საქართველოს სწორედ ამ მაჩვენებელში აქვს „პროგრესი“ 3 პროცენტული პუნქტით, - მასზე უკეთესი „პროგრესი“ კი აქვთ ირლანდიას (5 პპ) და ნიდერლანდს (4 პპ). ქვეყნების უმეტესობას ამ მაჩვენებლებში „გაუარესება“ აქვს.
„მთავარი სპონსორი“
სახელით მოხსენიებული არ არის, თუმცა ირიბად ნახსენებია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, აშშ-ისა მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი:
„ჩვენ ვხედავთ ოლიგარქიის საფრთხეს საქართველოში, - ქვეყანაში, რომელიც „ღარიბია“ მილიარდერებით, თუმცა მხოლოდ ორი ყველაზე მდიდარი ადამიანი იღებს მშპ-ს 10%-ზე მეტ შემოსავალს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მოქმედი მთავრობის პარტიის მთავარი სპონსორია“, წერენ ავტორები.
მეორე, სავარაუდოდ, არის მიხაილ ლომთაძე - იგი ყაზახეთში ცხოვრობს, თუმცა Forbes-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა.
ასევე ნახეთ „საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან