ორნელა მუტი - ჯერ პუტინი, ახლა საქართველო

ორნელა მუტი. 2015 წელი

ორნელას მიუწვდომელი სექსუალურობა

არა, ორნელა მუტი სახელგანთქმული დირიჟორის, რიკარდო მუტის ნათესავი არ არის. „ორნელა მუტი“ ფსევდონიმია, რომელიც კინორეჟისორმა დამიანო დამიანიმ მოუგონა, როცა 15 წლის ფრანჩესკა რიველი თავის ფილმში, „ყველაზე ლამაზ ცოლში“(1970) გადაიღო. ორნელა მუტიმ მაფიასთან დაპირისპირებული გოგოს როლი შეასრულა. დამიანიმ არა მარტო თავიდან „მონათლა“, არამედ, ფაქტობრივად, ორნელა მუტის იმიჯიც შექმნა - სილამაზე და ამბოხება ქალში, რომელიც იზიდავს მამაკაცებს, მაგრამ მაინცდამაინც ახლოს არ უშვებს. 70-იან და 80-იან წლებში მსახიობი სექს-სიმბოლოდ გადაიქცევა, ხშირად ჩნდება ეროტიკულ სცენებში (განსაკუთრებით კომედიებში) და სკანდალურ ფოტოსესიებში. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორნელა თითქმის არასდროს ყოფილა „ექსპლუატაციის მსხვერპლი“ . პირიქით, ხშირად თავად აკონტროლებდა საკუთარ იმიჯს… და საკმაოდ წარმატებითაც. იტალიურ კინოს ბევრი არ ჰყავს ვარსკვლავი, რომელიც შეძლებს იმოძრაოს კომერციულ და საავტორო კინოს შორის. ითამაშოს ისეთ სერიოზულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: მარკო ფერერი, ფოლკერ შლენდორფი, დინო რიზი, ფრანჩესკო როზი, მარიო მონიჩელი, და ამავე დროს არ თქვას უარი იაფფასიან ეროტიკულ კომედიებში გადაღებაზე… იქ, სადაც თავისი “ჯანმრთელი სექსუალურობის” გამოხატვის საშუალება ექნება.

ორნელა მუტი. 1995 წელი

საბჭოთა კავშირში, სადაც ევროპულ საავტორო კინოს ნაკლებად სწყალობდნენ (განსაკუთრებით მარკო ფერერის ფილმებს), ასეთი სექს-ვარსკვლავი იდეალური საშუალება აღმოჩნდა კინოდარბაზების შესავსებად. სექსუალურია, მაგრამ ბოლომდე არ შიშვლდება, მამაკაცებს იზიდავს, მაგრამ „ლოგინის“ ნატურალისტურ სცენებზე უარს ამბობს (იმიჯს უფრთხილდება). „ჭირვეულის მორჯულებამ“ (1980), რომელშიც ორნელა მუტი და ადრიანო ჩელენტანო ერთად ვიხილეთ, სუპერპოპულარული გახადა მსახიობი. მით უმეტეს, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ ხმა გავრცელდა (ჭორები საბჭოთა კავშირში ვრცელდებოდა, თუ ვრცელდებოდა!), რომ გადაღების პროცესში ორნელამ ქმარს უღალატა და ჩელენტანოსთან გააბა რომანი. თავიდან ორივე მსახიობი მათი რომანის ამბავს „ყვითელი პრესის ფანტაზიით“ ხსნიდა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ ორნელა მუტის რომელიღაც ტელეშოუში კვლავ გაახსენეს ჩელენტანო. მსახიობმა აღიარა, რომ სიყვარულის ისტორია სიმართლე იყო და ღიმილით დაუმატა: „გადაღების დროს ხშირია ასეთი ხანმოკლე რომანები“.

დიდი ავტორებიდან, ვფიქრობ, ორნელა მუტის, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები ყველაზე უკეთ მარკო ფერერიმ გამოიყენა. ფერერის ფილმების ერთ-ერთი მთავარი თემა მამაკაცური იდენტობის სრული მოშლაა. ამ პროცესს ორნელა განსაკუთრებით საინტერესოდ „აჩქარებს“. ჰეტეროსექსუალურ ფანტაზიებში მუტის პერსონაჟები სურვილის ობიექტები ხდებიან. კამერა მის სხეულს განიხილავს როგორც ფეტიშს მამაკაცისთვის. მაგრამ მოულოდნელად ორნელას პერსონაჟი არ ასრულებს იმ როლს, რასაც სიუჟეტი მოითხოვს. ორნელა მუტი, როგორც ცდუნება მამაკაცისთვის, ხშირად წარმოდგენილია ჰიპერსექსუალურ კოსტიუმებში, გახსნილ კაბებში... მისი თამაში თითქმის ყოველთვის გადაჭარბებულია, სტილიზებული, მაგრამ არ ჯდება „ჰეტერონორმალურ წესრიგში“. არანაირად არ არის „დედობრივი“, „მზრუნველი“, „მეოჯახე“ ქალის ტიპი. განსხვავებით თუნდაც სოფია ლორენისგან, რომელსაც ზოგჯერ ადარებენ ხოლმე.

მოკლედ, სად ორნელა და სად „ოჯახური სიწმინდეები“.

სად ორნელა და სად რუსეთი?

ორნელა მუტის ბებია და ბაბუა სანქტ-პეტერბურგში დაიბადნენ, თუმცა მალევე გადასახლდნენ ესტონეთში. სხვა მხრივ, მსახიობს რუსეთთან არც არაფერი აკავშირებს. უყვარს რუსული ლიტერატურა, თეატრი, კინო (გადაღებულია გრიგორი ჩუხრაის ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“) და განსაკუთრებულ პატივს სცემს... ვლადიმერ პუტინს. 2022 წელს, რუსეთის მოქალაქეობის მიღებამდე, მან საჯაროდ, რუსული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ძალიან მინდა, რუსული პასპორტი პუტინმა გადმომცესო.

ამ განცხადებას უკავშირდება სკანდალი, რომელიც შესაძლებელია მთავარი მოვლენა იყო კინოვარსკვლავის ბიოგრაფიაში და რომლის გახსენება, როგორც ამბობენ, მაგრად აღიზიანებს ხოლმე მუტის.

წლების წინ იტალიის სასამართლომ მსახიობს 8-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 30 000 ევროს გადახდა დააკისრა ჯუზეპე ვერდის თეატრში სპექტაკლის გამოტოვების გამო. მსახიობმა, რომელმაც ჩრდილოეთ პორდენონეს თეატრიდან 25 000 ევროს ოდენობის ჰონორარი მიიღო, განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა სპექტაკლში მონაწილეობას. თუმცა მუტის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა, რომელშიც მწვავე გაციება იყო მითითებული, ყალბი აღმოჩნდა. კინოვარსკვლავი თაღლითობისთვის გაასამართლეს.

აღმოჩნდა, რომ წარმოდგენის დღეს, 2010 წლის 10 დეკემბერს, ორნელა მუტი რუსეთში იმყოფებოდა საქველმოქმედო ვახშამზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ „ფედერაციის ფონდი“, რომელმაც ბავშვთა კიბოსთან და ოფთალმოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის მხარდასაჭერად ვახშამი მოაწყო, საქველმოქმედო ორგანიზაციების არცერთ სიაში არ არის შეტანილი… ეს ღონისძიება, რომელსაც ორნელას გარდა სხვა დასავლელი ვარსკვლავებიც დაესწრნენ, უბრალოდ, პუტინის პროპაგანდის ნაწილი იყო. იმხანად მას ძალიან სჭირდებოდა ძალაუფლების განმტკიცება.

ორნელა მუტი მოსკოვში. 1995 წელი

რა სჭირდებოდა ორნელა მუტის? პირველ რიგში, აღიარება. რუსეთის მიმართ მისი ტრფობა განსაკუთრებით მაშინ გახდა თვალში საცემი, როდესაც იტალიელი რეჟისორების ახალმა თაობამ ზურგი შეაქცია, ეროტიკულ კომედიებში კი აღარ იღებდნენ - რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს სიმართლე, მხოლოდ ერთი მიზეზით - მისი სხეულის მიმართ ინტერესი გაქრა. მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში ხომ ისევ ახსოვდათ? ყოფილ საბჭოთა კავშირში ხომ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია, ვინც წარსულის ნოსტალგიით ცხოვრობს და ახსოვს აზარტული სექსუალური გოგო ლიზა სილვესტრი, რომელმაც მოარჯულა ჭირვეული ფერმერი ელია, იგივე ადრიანო ჩელენტანო.

ორნელას საიუველირო ნაწარმის ბიზნესი აქვს. რუსული ბაზრისთვის მან საგანგებოდ მოამზადა სამაჯური, რომელსაც ხელბორკილის ფორმა აქვს, წარწერით “თუ გიყვარვარ, მომხსენი!”.

ეს სამაჯური რუსეთის ტელევიზიის რომელიღაც შოუში უჩვენა წამყვანს… და ეშმაკურად გაიღიმა.

ორნელა და „ოჯახური სიწმინდე“

16 მაისს თბილისში ორნელა მუტის ვიხილავთ. თაყვანისმცემლებთან იტალიური კინოს ვარსკვლავის შეხვედრა დაემთხვა „ოჯახური სიწმინდის დღეს“, რომელსაც 2014 წლიდან აღნიშნავენ საქართველოში. ეს დამთხვევა შეიძლება შემთხვევითი იყოს, თუმცა ვარსკვლავი კონტექსტის გარეშე არ არსებობს - შემთხვევითობაზე საუბარს, ცოტა არ იყოს, ართულებს აფიშა, რომელიც იტალიელი მსახიობის ვიზიტს აშუქებს. კულტურული მოვლენა, ჩასმული კონკრეტულ იდეოლოგიურ კალენდარში, აღარ არის უბრალოდ კულტურული მოვლენა. ის ხდება დეკორაცია. ან, უფრო ზუსტად, ინსტრუმენტი. სცენა, სადაც ვარსკვლავი ასრულებს არა მხოლოდ საკუთარ როლს, არამედ იმ ფუნქციასაც, რომელიც მას მასპინძლებმა მიანიჭეს.

ორნელა მუტი ამ არჩევანში შემთხვევითი არ არის. დასავლელი ვარსკვლავია, რაც ნიშნავს სიმბოლურ კაპიტალს, ლეგიტიმაციას, „ევროპულობას“. მაგრამ ამავე დროს არ არის ის ფიგურა, რომელიც ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, არ არის ასოცირებული აქტივიზმთან, არ უქმნის დისკომფორტს მის მასპინძელს. პირიქით - მისი იმიჯი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც „უსაფრთხო სილამაზე“, ნოსტალგიური კინოს ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, კონფორმისტულია ხოლმე.

როდესაც „ოჯახის სიწმინდის დღე“ ცდილობს საკუთარი თავის ლეგიტიმაციას კულტურის მეშვეობით, მას სჭირდება არა კონფლიქტური არტისტი, არამედ ფიგურა, რომელიც თავისით არაფერს ამბობს, მაგრამ ბევრს ნიშნავს. მუტი სწორედ ასეთია: მისი ყოფნა სცენაზე “არ არის განცხადება”, მაგრამ შეიძლება იქცეს განცხადებად მათთვის, ვინც ამ სცენას აწყობს.

ორნელა მუტი სპექტაკლში "ბროლის სასახლე". მოსკოვი. 2018 წლის 3 სექტემბერი

ორნელას “შემოქმედებითი საღამოს” სპონსორებს შორის ვხედავთ “სილქნეტს”, ტელეკომპანია “იმედს”… აფიშაზე ჩანს სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, კულტურის სამინისტროს ლოგოც.

ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ „ოჯახის სიწმინდის დღე“ საქართველოში წლებია აღინიშნება, როგორც კონსერვატიული დღის წესრიგის ნაწილი, როგორც პირდაპირი ოპოზიცია ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის მიმართ. ძნელი სათქმელია, იცის თუ არა თავად მსახიობმა, რომ კლასიკური სტრატეგიის “პერსონაჟი” გახდა - პოლიტიკისა, შეფუთული კულტურით, იდეოლოგიით, შეფუთული ნოსტალგიით. თუმცა, თუ არ იცის და ამას საქართველოში შეიტყობს, არა მგონია, რაიმე დისკომფორტი იგრძნოს. ალბათ, ისევე ეშმაკურად გაიღიმებს, როგორც მაშინ, როდესაც რუსეთის ტელევიზიის წამყვანმა ჰკითხა: “მართლა გსურთ, რომ რუსეთის პასპორტი პუტინმა გადმოგცეთ?”