რეკორდული ფასები: არეული მსოფლიო გამოსავალს ოქროში ეძებს

ოქროს მონეტები და ოქროს გლობუსი - ფოტოილუსტრაცია

იანვრის ბოლოს მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა ყველანაირი რეკორდი დაამყარა. GoldPrice-ის მონაცემებით, 29 იანვარს 1 ტრუას უნცია (დაახლოებით 31 გრამი) ოქრო 5 417 დოლარი ღირდა, მაშინ როცა ერთი თვის წინ უნცია ოქროს 4 300 დოლარად ვაჭრობდნენ.

თითქმის 117 დოლარი ღირს უნცია ვერცხლიც. უკვე 30 იანვრიდან ფასებმა ისევ დაიწია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს დროებითია.

„სად არის ხალხი? აბა, არის ვინმე?" - კითხვაზე კითხვით მიპასუხა ვერცხლის გამყიდველმა თბილისის ოქროს ბირჟაზე. აქ ჩივიან, რომ, რაც ოქრო-ვერცხლი გაძვირდა, მყიდველი შეთხელდა. - "ახლა გრამი ვერცხლი 12-14 ლარი ღირს, ნაკეთობას გააჩნია. მაღაზიები ისევ ყიდულობენ, მაგრამ ცალკეული ადამიანები ნაკლებად. ასეთ დროს ოქრო უფრო უნდათ, ოქრო მაინც ოქროა“.

„გუშინ (ჩაწერილია 30 იანვარს) 460 ლარი ღირდა გრამი ბაჯაღლო, დღეს დაიკლო, 440 ლარია. ზოგი ფიქრობს, დავუცდი, დაიკლებს და მერე ვიყიდიო, მაგრამ ასე არ არის, მოიმატებს ისევ“, - ამბობს ოქროს ბეჭდების გამყიდველი. სახელის და გვარის თქმას რატომღაც ყველა ერიდება, - ახლა აუცილებელი რაც არის, იმას ყიდულობენ: საქორწინო ბეჭდებს, ჯვრებს მოსანათლად“.

მამაკაცის რვაგრამიანი ბაჯაღლოს ბეჭედი 3 520 ლარი ჯდება, ე.წ. თურქული ოქრო უფრო იაფია - გრამი 350 ლარი.

ასევე ნახეთ „ოფშორების კანონი“, ოქროს ყიდვა და სანქციების აღსრულების წესის ცვლილება - რისთვის ემზადება საქართველო

„ჩვენ მსოფლიო ფასებზე ვართ მიბმული, - ამბობს ოქროს ბირჟის ექსპერტი, - გაიზარდა ფასები ძალიან, ბოლო თვეში განსაკუთრებით. ასე თუ გაგრძელდა, ვეღარ ვიმუშავებთ. თუ ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, მყიდველიც არის, არა და - არც მყიდველი გვყავს. ახლა ძალიან ცოტაა ხალხი, იყო დრო შემოსევა გვქონდა“.

რატომ ძვირდება ოქრო?

ოქრო ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური აქტივია. ის განსაკუთრებით მაშინ ფასობს, როდესაც ფულს ძალა ეკარგება ან შეიძლება დაეკარგოს.

„თვის დასაწყისიდან დღემდე გრამი ოქრო საქართველოში დაახლოებით 60 ლარით გაძვირდა. ვერცხლი დაახლოებით - 4,50 ლარით. ნებისმიერი ინვესტორი ოქროს მიიჩნევს ძალიან სანდო და უსაფრთხო აქტივად. შეიძლება ვალუტა გაუფასურდეს, მაგრამ ოქროს ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში უცვლელი რჩება. მცირე არასტაბილურობის გამოც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ფასი, რადგან ინვესტორები მაშინვე ოქროს შესყიდვაზე გადადიან“, - ამბობს კომპანია „ზარაფხანის“ დირექტორი თორნიკე სამხარაძე. „ზარაფხანა“ ძვირფასს სამკაულებს ამზადებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფასის სწრაფი ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაიწყო და აღარ გაჩერებულა. ოთხწლიან ომს დაემატა არასტაბილური მსოფლიო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა, მუდმივი ჭიდილი ნატოს ქვეყნებთან გრენლანდიისთვის, სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში და დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობა ირანში. ამ ნუსხას ასევე უერთდება ისიც, რომ აშშ-ში გამოძიება დაიწყო ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ.

ოქროზე მოთხოვნას ასევე იწვევს აშშ დოლარის გაუფასურება და ზოგადად არაპროგნოზირებადი ვითარება მსოფლიოში. ამას ბოლო დღეებში ირანისკენ დაძრული აშშ-ის არმადაც დაემატა.

ასევე 24 იანვარს ტრამპი კიდევ ერთხელ გადასწვდა კანადას და გააფრთხილა, რომ 100%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ის სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან. თუმცა მეორე დღეს კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ არ აპირებს, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმოს.

ოქროს გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ არა მხოლოდ ინვესტორებმა, არამედ ძალიან ბევრმა ეროვნულმა ბანკმა ოქროს შესყიდვა დაიწყო.

„ჩინეთი ყიდულობდა ძალიან აქტიურად. 2025 წლის მეორე ნახევრიდან ჩაერთო ინდოეთიც, რომელმაც კოლოსალური რაოდენობის ოქრო შეიძინა. ამას ისიც ემატება, რომ არა და არ სრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ყველა ჩაშლილი მოლაპარაკება მოქმედებს ინვესტორებზე და ეს ოქროს ფასების კოლოსალურ ზრდას იწვევს“, - ამბობს თორნიკე სამხარაძე.

Tradingeconomics-ის მონაცემებით, აშშ-ს 8 ათას ტონაზე მეტი ოქროს რეზერვი აქვს, გერმანიას - 3 ათას ტონაზე მეტი, ხოლო რუსეთს, ჩინეთს, იტალიასა და საფრანგეთს - დაახლოებით 2300-2500 ტონა. 900 ტონამდე რეზერვი აქვს ინდოეთს.

„ვფიქრობ, ოქრო მაისამდე მაინც 5 300 დოლარის ფარგლებში დარჩება, შეიძლება ზაფხულში 4 400 დოლარამდე დაიწიოს. თუმცა მსოფლიოში თუ რამე კარდინალური მოხდა, ეს ფასს აუცილებლად აწევს", - ამბობს თორნიკე სამხარაძე.

ასევე ნახეთ ოქროს დარეზერვება შესაძლოა პოტენციურ სანქციებსაც უკავშირდებოდეს - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

ოქრო-ვერცხლისგან განსხვავებით, არ იცვლება ბრილიანტის ფასი.

„ბრილიანტის გაძვირებაზე სხვა მიზეზები მოქმედებს. ბრილიანტის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და რუსეთის კომპანიები დაასანქცირეს, მაშინ ბრილიანტის ფასმა 10-15%-ით მოიმატა. დღემდე ეს ფასებია, აღარ გაზრდილა, რადგან დანარჩენი მსოფლიო ფარავს ბრილიანტზე მოთხოვნას. ბრილიანტი ძალიან სპეციფიკურია. ბევრნაირი ფორმა აქვს. შესაძლოა რომელიმე ფორმაზე გაიზარდოს მოთხოვნა, რომელიმეზე იგივე დარჩეს“, - ამბობს თორნიკე სამხარაძე.

ასევე ნახეთ ოქროს ზოდები ეროვნულ ბანკში - მიუთითებს ეს სანქციების მოლოდინზე?

Tradingeconomics-ის მონაცემებით, ოქროს უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები არიან ჩინეთი, ავსტრალია, შეერთებული შტატები, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, პერუ და ინდონეზია. ოქროს სამკაულების ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან ინდოეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი, საუდის არაბეთი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ოქროს მოხმარების ნახევარი მოდის სამკაულებზე, 40% - ინვესტიციებზე, ხოლო 10% - ინდუსტრიაზე.