რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?

"ოცნებამ" რუსოფობიას ბრძოლა გამოუცხადა

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსოფობიის გავრცელებაზე ლაპარაკობს და აქაც ე.წ. დიპ სტეიტს - "გლობალური ომის პარტიას" ადანაშაულებს, ისევე როგორც აგვისტოს ომის დაკვეთაში, საქართველოს ახალ ომში ჩათრევის მცდელობასა თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება 5 აგვისტოს დაწყებული გამოძიება საბოტაჟის მუხლით - "საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით".

რუსოფობიის დაგმობას "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა სპეციალური ბრიფინგი 12 აგვისტოს მოუძღვნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადებული და მოსკოვის მხრიდან შეუსრულებელი - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-18 წლისთავზე. ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები - რუსული არმიის შემოჭრას და საქართველოში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებენ.

რუსოფობიასთან "ქართული ოცნების" ვერბალურ და სამართლებრივ ბრძოლას პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ჰყავს. მათაც დასავლეთიდან “დაკვეთილი რუსოფობიის” აღსრულება ედებათ ბრალად.

თანამედროვე რუსოფობიის სათავედ, წლებია, დასავლეთს მიიჩნევს მოსკოვიც. ბოლო წლებში აქტიურად ემზადებიან საკანონმდებლო ცვლილებებისთვის - რუსოფობი უცხოელების დასასჯელად.

სიტყვა ფობია - [ძველი ბერძნული (phobos)] ნიშნავს აკვიატებულ, ძლიერ და არარაციონალურ შიშს ან სიძულვილს რაიმეს მიმართ. სიტყვის შემადგენელ ნაწილად, ის გამოიყენება სხვადასხვა ობიექტის, სიტუაციის ან მოვლენის მიმართ შიშის აღსანიშნავად. რუსოფობიას კრემლი იყენებს მთავარ იარაღად - რათა მისი აგრესიის მიუღებლობა და კრიტიკა ეთნიკურ სიძულვილად წარმოაჩინოს. მოსკოვში ასევე რუსოფობიით ამართლებენ სამხედრო აგრესიასაც.

ასევე ნახეთ

„რუსოფობიაზე“ სასაუბროდ კობახიძემ ბრიფინგი გამართა აგვისტოს ომიდან მე-18 წლისთავზე

რა მიაჩნია რუსოფობიად "ოცნებას"?

“ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რუსოფობიის კონკრეტულ მაგალითებად ჩამოთვალა:

  • საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს შემოსვლის გაპროტესტება ბათუმის პორტში, 2023 წელს - გემიდან ჩამოსულ რუს ტურისტებს პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერა არ დაუმალავთ. სტუმრები შეურაცხმყოფელი, ანტიქართული კომენტარებით გამოირჩეოდნენ; იყო შეურაცხმყოფელ ჟესტებიც გემბანიდან. ირაკლი კობახიძემ მომიტინგეების ხმაურიან დახვედრას მაშინ „ქაჯობა“ უწოდა.
  • აქცია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, 2023 წელს - ამ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის, ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილი უნდა გამართულიყო. აქცია გამართეს ოპოზიციონერებმა და აქტივისტებმა.
  • სოციალურ ქსელებში გაურკვეველი ანგარიშების მიერ გავრცელებული ცნობები, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
  • რუსი ტურისტების გაღიზიანება შავი ზღვის სანაპიროზე - “დადიან უცხოელი აგენტები ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით”- თქვა კობახიძემ.


მან დააკონკრეტა, რომ რუსოფობიად თვლის, ოკუპაციის დამგმობი შინაარსის ბანერების რუსი ტურისტებისთვის ჩვენებას ბათუმის სანაპიროზე.

“დიპ სტეიტის ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიური განწყობების გამო - ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს”, - თქვა ირაკლი კობახიძემ, 12 აგვისტოს ბრიფინგზე და ჩამოთვალა ამ კამპანიის მიზნებიც: საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება, პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა და შესაბამისად - საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიყვანა.

ასევე ნახეთ

შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?

სოციალურ მედიაში მრავლად გამოჩნდა საწინააღმდეგო მოსაზრებებიც:

  • “რუსები არსად უყვართ და რაღა მე უნდა შევიყვარო?!”
  • “დღევანდელი რუსეთის სიძულვილი რუსოფობია კი არა პატრიოტიზმია”
  • “დიახ, სისხლისმსმელი რუსეთი არ მიყვარს!”
  • “რუსოფობია, სიტყვასიტყვით, "რუსეთის შიშს" ნიშნავს. 14 წელი ქოცები ყოველ დღე გვაშინებენ რუსებით. ხოდა, ყველაზე მეტი წვლილი მათ მიუძღვით რუსოფობიის გაღრმავებაში” - წერენ კომენტატორები სოციალურ ქსელებში.

ასევე ნახეთ

10 რამ, რაც რუსეთმა საქართველოს დაუშავა

არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა რუსოფობიური?

საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ერთ-ერთი ბოლო სანდო კვლევა CRRC საქართველომ 2024 ივლისში გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 69% რუსეთს ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევდა. IRI-ის 2023 წლის გამოკითხვით, რესპონდენტების 77%-მა რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ დაასახელა.

ექსპერტებისთვის ეს შედეგები გასაგებია, ვინაიდან რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და არის ანექსიის საფრთხეც; ხოლო ისტორიული მეხსიერება ინახავს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის არაერთ ფაქტს.

ასევე ნახეთ

CRRC-საქართველო: რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 69%

“ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოში ოკუპაციის გაპროტესტებაც კი გაჭირდეს… თითქოს რუსოფობიისთვის ნიადაგი შექმნილია არა თავად რუსეთის მიერ, არამედ ამას თითქოს ნერგავენ გარეშე ძალები - “დიპ სტეიტი” თუ მასონების ლოჟები და ვიღაცეები. ეს არის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ როგორმე რუსეთს ჩამოაშორონ ოკუპანტის, დამპყრობლის ლაქა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ჩიტაძე - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, პოლიტოლოგი, პროფესორი.

ჩიტაძის შეფასებით, საქართველოში პუტინის რუსეთის მიმართ განწყობები შეესაბამება ობიექტურ სურათს და კრემლის ნამოქმედარს; ხოლო რუსეთის მოქალაქეების მიმართ განწყობებს, არცთუ იშვიათად, განსაზღვრავს რუსი ტურისტების გარკვეული ნაწილის ქცევა, რომ - თითქოს, საქართველოში ჩამოსულები - “რუსეთის გუბერნიაში არიან და აქ ყველანაირი უფლებები გააჩნიათ”და "ისინი არ აპროტესტებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას".

ასევე ნახეთ

ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, თეონა აქუბარდია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც - საქართველოში რუსოფობიასთან დაწყებულ ოფიციალურ ბრძოლას - “ამოტრიალებული რეალობის” შემადგენელი ნაწილი უწოდა.

“ამოტრიალებული რეალობაა ეს - რომ საქართველოს მტერია არა რუსეთი, არამედ ადამიანები, რომლებიც რუსოფობად არიან წარმოჩენილები საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან”, - აქუბარდიამ რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, რომ რუსეთი სწორედ რუსოფობიით ამართლებს სამხედრო აგრესიას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ - რომ თითქოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას ცდილობს [ხალხი ამ ტერიტორიებზე წინასწარ დარიგებული რუსული პასპორტებით].

ასევე ნახეთ

თბილისის განცხადებების ექო ცხინვალსა და რუსეთში - რა არის სარისკო?

უკვე მესამე წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს - წინა ხელისუფლებას. აგვისტოს ომს “გარე ძალების” – გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის დაკვეთად განიხილავს და ასეთ ძალებს დასავლეთში ხედავს.

2013 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა რუსეთის დაინტერესების, მიიტაცოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები.

“მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია, მე ამის არ მჯერა. რაც მოხდა და განვითარდა, ამის ანალიზს ახლა არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან. და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. მე არავითარი ქვე და დამატებითი კავშირები არ მაქვს რუსეთთან. მხოლოდ ანალიზი შემიძლია და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „პალიტრა ტვ“-ის ეთერში გააკეთა.

რუსეთი დასჯის უცხოელ რუსოფობებსაც

2024 წლის მიწურულს, რუსეთში დაიწყეს მუშაობა რუსოფობიის მუხლით ახლა უკვე უცხოელების გასამართლებისა და დასჯის შესაძლებლობაზე.

იმავე წლის ბოლოს, სამთავრობო კომისიამ საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში, მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის [136.1] დამატებას. ითქვა, რომ პასუხისმგებლობაში მიცემას უპირებენ უცხოელ მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და თანამემამულეების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებებისთვის თუ ქმედებებისთვის. დაიგეგმა, რომ “რუსოფობიის” დანაშაულის რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩამდენი პირები დაუსწრებლად გასამართლდებიან. ჩამოთვლილ სასჯელებს შორის არის: ქვეყანაში არშეშვება, ქონების კონფისკაცია თუ აქტივების დაყადაღება.

ეს კანონპროექტი ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, თუმცა კრემლს განზრახვებზე ხელი არ აუღია. 2026 წლის ივნისში, ეს საკითხი კვლავ წამოსწია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსანმა. ითქვა, რომ სასწრაფოდ არის გასატარებელი ზომები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ რუსეთის ინტერესების ებრძვიან და მათ შორის - რუსოფობიას აღვივებენ.

უკვე წლებია, რუსოფობიას დასავლეთის მიერ გავრცელებულ იარაღად განიხილავენ რუსეთშიც.

  • 2025 წლის ნოემბერში - ვლადიმირ პუტინმა ეროვნებათაშორისო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ - სერიოზული პრობლემაა “უცხოელი ოპონენტების მხრიდან მომდინარე აგრესიული რუსოფობია - როგორც იარაღი „ხალხის წინააღმდეგ”, რადგან “რუსი ხალხის, რუსული ეთნოსის გარეშე, ამ ფაქტორის გარეშე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს თავად რუსეთი”.
  • 2026 წლის მარტში - ვლადიმირ პუტინმა შსს-ს რუსოფობიისა და ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მკაცრად აღკვეთა მოსთხოვა.
  • 2026 წლის მაისში - პუტინმა თქვა, რომ რუსოფობიასთან ბრძოლისთვის მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს - „სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ასაშენებლად”.


„არ ვფიქრობ, რომ ბედნიერება ეწვევა მათ სახლს, ვინც ასეთ [რუსოფობიურ] პოლიტიკას ატარებს“, - თქვა პრეზიდენტმა პუტინმა 2023 წლის დეკემბერში.

ასევე ნახეთ

ცხინვალი: საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს

„ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ ანტირუსოფობიურ პროცესში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად - კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები არიან; მათ შორის - საქართველოს ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“. ბრალდებების მთავარი არსია, რომ - მათ რუსოფობიის გამომჟღავნება დაიწყეს არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ - უკრაინაში რუსეთის ბოლო შეჭრის შემდეგ და რომ სწორედ ასეთი იყო “დიპ სტეიტის” ინსტრუქციაც.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გაიხსენა, რომ - „სუხიშვილებმა“ „2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს“.

„მე ვარ სახელმწიფო ანსამბლი, თუ ვინმე რამეს მეტყვის, მეტყვის სახელმწიფო. მე ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის დავიცავ, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში. ამიტომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს არ წავალ რუსეთში, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თან - კიდევ რომ არ ჩამოვთვალო უამრავი რაღაც, რასაც გვიშვება რუსეთი. ვთვლი, რომ არ არის სწორი, არ არის კორექტული იქ სიარული გასტროლებზე... რას ნიშნავს, რომელი ძალებით უნდა ვიმართებოდეთ?! რაზეა ლაპარაკი... ეს ცოტა არასერიოზული ბრალდებებია ახლა, რომ „დიპ სტეიტის“ დავალებით [ვმოქმედებთ]“ - ასე უპასუხა ბრალდებებს „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.

  • 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მსხვილი ქართული სახელმწიფო ანსამბლები რუსეთში პირველად 2013 წელს გაემგზავრნენ. ამ დროს საქართველოს ხელისუფლების სათავეში - უკვე “ქართული ოცნება” იყო. ომის გამო დაპაუზებული პროცესი თავდაპირველად “ერისიონმა” და რუსთავმა გახსნეს.
  • სხვადასხვა წყაროს თანახმად, 2013 წელს - 8-წლიანი პაუზის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგში იცეკვეს სუხიშვილებმაც; თუმცა იმავე ქალაქში, ანსამბლმა კონცერტზე უარი თქვა 2014 წელს - უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ.
  • 2014 წელს ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ ანსამბლმა რუსეთში 22 კონცერტი გააუქმა. 2007 წლიდან 2014 წლამდე, ნაციონალური ანსამბლი “სუხიშვილები” ყოველ წელს მართავდა კონცერტებს უკრაინის ყირიმში. რუსეთის მიერ ამ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, იქ კონცერტები აღარ გამართულა.


ასევე ნახეთ

იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს კიდევ არაერთი ადრესატი ჰყავს, მათ შორის - “დროას” ლიდერი, ამჟამად დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია.

“„ოცნებას“ უწევს პუტინთან თავის მართლება, რატომ ამდენი ხანი ვერ დაიმორჩილა ხალხი. ესეც დადასტურებული ფაქტია: არჩევნები გააყალბა, ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა; ხალხი ცემა და დაწამლა, პროტესტი ვერ გააჩერა; ევროპა მტრად გამოაცხადა, მაინც ფრიალებს ევროპული დროშა საქართველოში. ეხლა ისღა დარჩა, უთხრას რუსებს, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ”, - წერს ელენე ხოშტარიას მორიგ ღია წერილში, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ

MDF: გამოვავლინეთ 230 ტროლი, რომლებიც „რუსოფობიაზე“ კობახიძის განცხადებას იწონებდნენ

საქართველოსა და რუსეთის დაახლოების პროცესს, რამაც ახალი ძალები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოიკრიბა, ჯერ უარყოფითი არაფერი დასტყობია. თუმცა კობახიძე სიფრთხილის აუცილებლობას უკვე ხედავს და წინდახედულობისკენ მოუწოდებს როგორც ქართველებს, ასევე რუსებს - რომ არ დაჰყვნენ “დიპ სტეიტის” გეგმას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რიცხვი:

2021 წელი - 212 979

2022 წელი - 1 087 257

2023 წელს - 1 418 464

2024 წელს - 1 421 923

2025 წელს - 1 579 764 [გაიზარდა 11.1%-ით]

2026 წლის I კვარტალი - 230 717 [2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო - 219 264 ]

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიაფრენები 2023 წლის 20 მაისიდან აღდგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გადაწყვიტა - 2019 წელს [“გავრილოვის ღამის” შემდეგ] საქართველოსთვის დაწესებული ემბარგოს მოხსნა. ორი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს შორის კვირაში რამდენიმე ათეული ავიარეისი სრულდება.