„ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ვიპოვეთ 32 ისეთი პოლიტიკოსი, რომლებიც მუშაობდნენ ორგანიზაციებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, „უცხოურ ძალად“ ან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მიიჩნევიან.

„უცხოეთის აგენტების კანონი“ წლების წინ რომ არსებულიყო, „ქართული ოცნების“ ლიდერების და პარლამენტარების დიდ ნაწილს მიეკერებოდა „უცხოეთის გავლენის გამტარებლის“ იარლიყი.

რადიო თავისუფლებამ მთავრობასა და პარლამენტში იპოვა 24 ადამიანი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ორგანიზაციებთან, რომლებიც, ინიციირებული კანონით, მიიჩნევიან „უცხოურ ძალად“ ან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“.

მთავრობისა და პარლამენტის საიტებზე საჯაროდ მითითებული ბიოგრაფიების თანახმად, მთავრობის წევრებში ასეთი ოთხი ადამიანია, ხოლო პარლამენტარებში, - „ქართული ოცნების“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ ამჟამად მოქმედი დეპუტატების რიგებში, - 21.

დავიწყოთ მთავრობის წევრებით:

ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჯამში, 9 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის:

  • 2000-2001: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი
  • 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 4 წელი

  • 2007-2009 - USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • 1999-2001 - მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი, (CERMA)-ის მთავარი ბიზნესკონსულტანტი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე - 3 წელი

მართალია, უშუალოდ ფონდებში არ უმუშავია, მაგრამ გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი.

მინისტრის მამის, გრიგოლ ბრეგაძის ცნობით, რატი ბრეგაძემ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა.

კანონპროექტი ფიზიკურ პირებს არ ეხება, მაგრამ ის ფონდი, რომლისგანაც მინისტრი ბრეგაძე სტიპენდიას იღებდა, - გერმანული, კონრად ადენაუერის ფონდი - საქართველოში არაერთ პროექტსა და ორგანიზაციას აფინანსებს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი - 2 წელი

2016 - 2018 - მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.

გადავიდეთ პარლამენტარებზე:

არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე 2007 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“ - ჯორჯ სოროსის ფონდის - ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; იყო, თუმცა ეს ინფორმაცია პარლამენტზე ბიოგრაფიაში აღარაა მითითებული.

2011 წელს ამავე ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, კოლეგებთან ერთად, მომზადებული აქვს ანგარიში „ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევა არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში“.

  • 2006 - 2007, პროექტის კოორდინატორი, USAID
  • 2011 - 2012, G3, USAID, დირექტორის მოადგილე

შალვა პაპუაშვილი

  • 2003 - 2007, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი
  • 2007 - 2015, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი
  • 2017 - 2020, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
  • 2015 - 2017, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე

სოზარ სუბარი

  • 1996 - 2004, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი
  • 2003 - 2004, თავისუფლების ინსტიტუტი, პროექტი „კანონის უზენაესობა“ (პარლამენტზე ბიოგრაფიაში ეს დეტალი მითითებული არ არის)
  • 2004 წელსვე სოზარ სუბარს მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული „ღია საზოგადოების ფონდისგან“ მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთ "სპექტრის" პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის.

მაია ბითაძე

  • 2006 - 2011, ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში - „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში
  • 2004 - 2005, „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი
  • 2003 - 2004, „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი
  • 2001 - 2003, „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ (მსოფლიო ბანკი), იურისტ-ექსპერტი
  • 2015 - 2021, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.

გივი მიქანაძე

  • 2000 - 2001, გაეროს განვითარების პროექტის, „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი
  • 2004 - 2005, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში
  • 2005, ეუთოს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი
  • 2010 - 2013, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი
  • 2009 - 2010, გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“
  • 2015 - 2016, ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.
  • 2013 - 2015, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი.

ანრი ოხანაშვილი

  • 2015 - 2017, მთავარი რედაქტორი (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი“ (DGStZ).
  • 2010 - 2010, მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში
  • 2008 - 2009, მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში

ნიკოლოზ სამხარაძე

  • 2005 - 2010, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი
  • 2010 - 2016, გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი

ბექა დავითულიანი

  • 2010 - 2012, შპს „მედიაჰაუსი დეკომი“, იურისტ-კონსულტანტი - ეს კომპანია აერთიანებდა ჟურნალ „ლიბერალსა“ და „ცხელ შოკოლადს“, რომლებიც დონორებისგან, მათ შორის „ღია საზოგადოების ფონდისგან“, ფინანსდებოდნენ.
  • 2010 - 2013 ჟურნალი „ლიბერალი“

ხატია წილოსანი

  • 2011 - 2012, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი
  • 2011 - 2011, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი

ზაურ დარგალი

ორივე ორგანიზაციას დასავლური ფონდები აფინანსებდნენ.

რატი იონათამიშვილი

2005 - 2014, კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი.

ამ ორგანიზაციის დონორთა შორის ევროკავშირი და USAID-ია ჩამოთვლილი.

კახა კახიშვილი

2011 - დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ სამართლებრივი დირექტორი.

"საზოგადოებრივი დამცველი", ფეისბუკის თანახმად, არაერთი დონორის დაფინანსებით ახორციელებს პროექტებს: - მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), ევროკავშირის, „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თუ სხვათა მხარდაჭერით.

ბაია კვიციანი

2018 - 2019, ბრიტანეთის საბჭო (British Council) - „დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი“, ახალგაზრდული ბორდის წევრი

მარიამ ლაშხი

  • 2007, USAID, არქეოლოგიური გათხრები
  • 2012 - 2014, მსოფლიო ბანკი

გურამ მაჭარაშვილი

1994 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო

გოგი მეშველიანი

2005 - 2014, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი

იმედა ნიკურაძე

2011 - 2012, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“, იურისტი

ეკა სეფაშვილი

1997 - 1998, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“

ლევან ქარუმიძე

2011 - 2012, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი

თენგიზ შარმანაშვილი

2006 - 2009, UNDP-ის პროექტის ექსპერტი

„აგენტების კანონი“ ბრუნდება

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას.

ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, - პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი.

ევროკავშირი იხსენებს მთავრობისა და მმართველი გუნდის მაშინდელ დაპირებას, რომ მსგავს კანონს არ მიიღებდნენ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს იგი, „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

ასევე ნახეთ ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული ამბიციები დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.