ასე მითხრა: „ცა რომ ჩამოიქცეს ამ ჩანაწერებს ვერ გაიტანთ“, - გვეუბნება რუსთავის ციხის(#6) თანამშრომელზე ადვოკატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ჯუბა ქათამიძე.
ის ამ დროს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებდა.
ჯუბა ქათამიძე, საიას იურისტი
გიორგი დავითაძემ ციხის თანამშრომლები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ის მსჯავრდებულია პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და 17 წელი აქვს მისჯილი. პატიმარი შურისძიებაზე საუბრობს. გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაა დაწყებული.
ასევე ნახეთ
8 შეკითხვა: არასამთავრობოები ითხოვენ, კარგად გამოიძიონ პატიმრის განცხადება სექსუალურ ძალადობაზეშეხვედრების ოთახში ადვოკატსა და მსჯავრდებულს შორის საუბარი სამი საათი გაგრძელდა. ჯუბა ქათამიძე შესვლამდე საგულდაგულოდ შეამოწმეს. გარეთ დაატოვებინეს ტექნიკა [კომპიუტერი, ტელეფონი] დოკუმენტები, მეტალის ნივთები.
მხოლოდ უზამბარო კალმისა და ცარიელი თაბახის ფურცლების თან წაღების უფლება დართეს, რომელიც ასევე საგულდაგულოდ შეამოწმეს, ვაიდა, ზედ რამე არ ყოფილიყო დაწერილი.
„ოთხი თაბახი გავავსე, ორივე მხრიდან... ეს იყო დეტალური ინფორმაცია იმ წამებისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე, რაზეც დავითაძემ საჯაროდ ისაუბრა. ამას გარდა, მომაწოდა ინფორმაცია როგორია დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა, მომიყვა სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პერიოდში“, - ამბობს ჯუბა ქათამიძე.
ციხის დატოვებამდე, იგივე თანამშრომელმა, რომელმაც შესვლამდე საგულდაგულოდ შეამოწმა, ჯუბა ქათამიძეს ხელით დაწერილი ტექსტის დატოვება მოსთხოვა.
„კითხვაზე, თუ სხვა რა საშუალებით შემეძლო, მე, როგორც ადვოკატს დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ჩანიშვნა, პასუხი არ ჰქონდათ, ვერც შესაბამის საკანონმდებლო ჩანაწერზე მიმითითეს, რომელიც ხელნაწერის ციხის გარეთ გატანას მიკრძალავდა“, - ამბობს ადვოკატი.
მომხდარს შეესწრო მსჯავრდებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ნათია ჩაჩანიძე. მან დარეკა ომბუდსმენის აპარატში და ადვოკატთა ასოციაციაში და ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა დააფიქსირა.
„3-4 საათი ველოდე, გამოხმაურების იმედი მქონდა... ამ დროის განმავლობაში მეუბნებოდნენ დამეტოვებინა დაწესებულება ფურცლების გარეშე, უარი განვაცხადე... შემდეგ მითხრეს: სულ რომ ცა ჩამოიქცეს, ვისაც არ უნდა დაუკავშირდე, ამ ჩაწერილ ინფორმაციას მაინც ვერ გაიტან და ეს პამფლეტი აქ დარჩებაო...მომიწია გამენადგურებინა ეს დოკუმენტები, ნაკუწ-ნაკუწ დავხიე და გადავყარე ნაგავში“, - ამბობს ადვოკატი.
ციხეში მომხდარს სხვა ადვოკატებიც გამოეხმაურნენ. აღმოჩნდა, რომ ჯუბა ქათამიძეს შემთხვევა გამონაკლისი არ იყო. ადვოკატებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ციხეში და სხვადასხვა ფორმით აქამდეც აუკრძალეს შეხვედრების ოთახიდან ხელნაწერების გამოტანა.
მიდგომა ერთგვაროვანი არ არის და არ ეხება მაგალითად მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ მსჯავრდებულებს. ადვოკატებს უჭირთ დაასახელონ მიზეზები - რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს, მიზანი კი მათი შეფასებით, ადვოკატის საქმიანობის შეზღუდვაა.
მაგალითად, ადვოკატ მაგდა სინჯიკაშვილს #15 დაწესებულებაში (ქსნის ციხე) გამომძიებლის ხელით შევსებული გამოკითხვის ოქმის ასლი არ შეატანინეს, პატიმართან შეხვედრის დროს საქმის მასალებზე მიწერილი „ზუსტად ორი წინადადების“ შესამოწმებლად კი უფროსი გამოიძახეს.
„10 კაცმა შემამოწმა და სანამ მკაცრად არ დაველაპარაკე, იქამდე არ მიშვებდნენ. დაცინვაცაა და დაცინვაც!“, - ამბობს ის.
ქალთა #5 დაწესებულებიდან არ გამოუშვეს ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი იქამდე, სანამ ხელნაწერი არ დახია.
„ფაქტობრივად თავისუფლება აღმიკვეთა, არ მიშვებდა ვიდრე არ დავხიე, შესაბამისი ოქმიც შედგა, ასოციაციასაც ვაცნობე სატელეფონოდ და მზადყოფნა გამოთქვეს რეაგირება მოეხდინათ, თუმცა, ისევ პატიმარმა მთხოვა გაჩუმება“, - ამბობს ის.
გეგუთის ციხეში ამობეჭდილი საქმის მასალებით შევიდა ადვოკატი თამარ ტერაშვილი. შეხვედრის დროს, „მსჯავრდებულმა ვიდეომტკიცებულებიდან [ფურცელზე] დროები მოანიშvნინა“. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ქაღალდი მას არ გამოატანეს.
მან პენიტენციურ სამსახურს მიმართა და განმარტება მოითხოვა.
„საკანონმდებლო აქტის არც ერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას ბრალდებულთან ამ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი...“, - ეწერა განცხადებაში, რომელიც ადვოკატს პენიტენციური სამსახურიდან 2026 წლის 23 სექტემბერს გამოუგზავნეს.
ლაშა ცუცქირიძე, ადვოკატი
„და რომელი ნორმა უკრძალავს ადვოკატს ჩანაწერის გამოტანას?“, - ამ კითხვას სვამს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
საქართველოს კანონმდებლობაში ვერ იპოვით ნორმას, რომელიც პირდაპირ კრძალავს ადვოკატისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრისას ხელით გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანას.
თუ დაწესებულებამ ადვოკატს ჩანაწერების გატანა აუკრძალა და მათი განადგურება მოსთხოვა, გადამწყვეტია, რა კონკრეტულ სამართლებრივ ნორმას ეყრდნობოდა შეზღუდვა, რა მიზანს ემსახურებოდა და იყო თუ არა ის აუცილებელი და პროპორციული.
პენიტენციური სამსახური 2026 წლის 8 ოქტომბერს საიას ადვოკატის შემთხვევის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მსჯავრდებულს აქვს უფლება ადვოკატს შეუზღუდავად შეხვდეს „ყოველგვარი ჩარევის გარეშე“, თუმცა ამავე განცხადებაში ამ შეხვედრის დროს ადვოკატის ხელით დაწერილ ტექსტებს კორესპონდენციასთან აიგივებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს“.
„უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, შესაბამისი პირი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა“, - პასუხობს ჯუბა ქათამაძე.
კორესპონდენცია არის პატიმრის უფლება წერილობით დაუკავშირდეს სხვებს და სახელმწიფო ორგანოებს, მიიღოს მათგან წერილები და უპასუხოს კიდეც. ადვოკატებმა იციან, რომ პირადი წერილების შეტანა-გამოტანის უფლება არ აქვთ, მაგრამ საქმიანი ჩანაწერები სულ სხვა საქმეა.
„ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერი კორესპონდენცია არ არის. ეს არის საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში, კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება“, - პასუხობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე პენიტენციურ სამსახურს.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საადვოკატო საქმიანობა გულისხმობს კლიენტისათვის იურიდიული დახმარების გაწევასა და სასამართლოში მის დაცვას.
ადვოკატს უფლება აქვს, კლიენტის ინტერესების დასაცავად, მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები. ეს კანონი კლიენტთან პირისპირ შეხვედრისა და მიმოწერის უფლებასაც იცავს.
კანონი ასევე იცავს ადვოკატის საქმიანობაში ჩაურევლობისა და პროფესიული საიდუმლოების პრინციპებს.
„პატიმართან შეხვედრისას მისგან მიღებული ინფორმაციის ადვოკატის მიერ ჩანაწერის სახით დაფიქსირება არის საადვოკატო საქმიანობის ნაწილი და არა პატიმრის კორესპონდენცია.
ამიტომ პენიტენციური კოდექსის კორესპონდენციის მარეგულირებელი ნორმების ამ შემთხვევაზე გავრცელება და ადვოკატის ჩანაწერის „კორესპონდენციად“ მიჩნევა არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
„როგორ წარმოუდგენია პენიტენციურ სამსახურს? როცა მაგალითად, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დავკითხავ ზეპირად უნდა დავიმახსოვრო?“, - აინტერესებს ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზიშვილს.
„შეხვედრისას პატიმარი არაერთ ფაქტობრივ გარემოებაზე გესაუბრება, არაერთი პირის სახელსა გვარს გეუბნება, არაერთ მისამართს გაძლევს“, - ზეპირად ვიმახსოვროთ ეს ყველაფერი?, - კითხვას სვამს კიდევ ერთი ადვოკატი ალექსი მერაბაშვილი.
საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერების ციხიდან გატანის უფლება არ მისცეს ადვოკატ, დავით კორტავას ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში და სანაცვლოდ, ფოსტის სერვისით სარგებლობა შესთავაზეს. ვერც მას მიუთითეს სამსახურის თანამშრომლებმა კანონზე ან ახალ ნორმაზე, რომელიც შეზღუდვის საფუძველია.
„განმარტების თანახმად, ჩანაწერები დაწესებულების კანცელარიისთვის უნდა ჩამებარებინა, რათა შემდგომ ფოსტით გამოეგზავნათ ჩემს ოფისში. მიუხედავად მოთხოვნისა, ვერ მიმითითეს კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა. ცვლილების შესახებ ადვოკატები წინასწარ ინფორმირებული არ ვყოფილვართ, მე პირადად დავდექი ასეთი ფაქტის წინაშე“, - ამბობს ადვოკატი, დავით კორტავა.
არსებობის შემთხვევაში, ადვოკატების შემზღუდავი სამართლებრივი აქტები, მოითხოვა ოფიციალური განცხადებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა. განცხადების ტექსტი, რომელიც მან საჯაროდ გამოაქვეყნა 2026 წლის 16 სექტემბრითაა დათარიღებული. ასოციაციაში პენიტენციური სამსახურისგან პასუხი ჯერ არ მისულა.
ადვოკატები ასოციაციის თავმჯდომარისგან მეტ სიმკაცრეს მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ ერთხელ გაგზავნილი წერილი, საკმარისი არ შეიძლება იყოს.
ადვოკატების დაკვირვებით, ხელნაწერის ციხიდან გატანაზე კონტროლი ბოლო ერთი წელია გააქტიურდა. „ეს პროცესი კონფიდენციალურობის პრინციპს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, არღვევს ადვოკატის უფლებას დახმარება გაუწიოს დაცვის ქვეშ მყოფს და აღიქმება საქმიანობაში ჩარევის მცდელობად“, - ამბობს ადვოკატი თამარ ტერაშვილი.
„თუ ციხის თანამშრომელი შეეცდება წაიკითხოს ადვოკატის ხელთ არსებული დოკუმენტების შინაარსი, ეს უკვე კანონის დარღვევაა და თუ შინაარს კითხულობს იმისთვის, რომ გადაწყვეტილებას გაატანოს თუ არა ადვოკატს ხელნაწერი, ესეც კანონდარღვევაა, რადგან არ აქვს შინაარსის წაკითხვის უფლება... თვითნებურ ქმედებასთან გვაქვს საქმე და ეს არის ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა“, - ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
პენიტენციურში უარყოფენ, რომ ადვოკატებისთვის ხელნაწერების ჩამორთმევა მათ „საქმიანობაში ჩარევის მცდელობად შეიძლება იყოს შეფასებული“.
უწყებაში არ განმარტავენ, რა შეემთხვევა შეიძლება მიიჩნიონ „უკიდურესად“, როცა მიიჩნევენ, რომ „საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე“ და ამით გაამართლებენ დაცული და დაფარული ინფორმაციის, რასაც ადვოკატები შეიძლება ფლობდნენ, შინაარსის გაცნობას.
იმ ადვოკატების გამოცდილებით, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრნენ, ციხის თანამშრომლების მიდგომა ყველასთან ერთგვაროვანი არ არის: გააჩნია, ვინ არის ადვოკატი და გააჩნია, რამდენად დამაჯერებლად იბრძოლა ადვოკატმა თავისი უფლების დასაცავად.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მოუწოდებენ:
- სახალხო დამცველს:დაუყოვნებლივ შეისწავლონ ადვოკატებისთვის ხელნაწერების ჩამორთმევის შემთხვევები;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას: დაიცვას ადვოკატების პროფესიული უფლებები;
- პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.
„დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.