Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა სხვიტარიძეს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა


საბა სხვიტარიძე. თბილისის საქალაქო სასამართლო. 27 მარტი, 2025 წელი
საბა სხვიტარიძე. თბილისის საქალაქო სასამართლო. 27 მარტი, 2025 წელი

პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ.

„ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს უკან ჩემი ხალხი დგას, თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, ძალას, რომ ვიყო შეუპოვარი, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან... არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს, გთხოვთ იყავით ძლიერები... გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ მიიღება", - თქვა საბა სხვიტარიძემ თავის დასკვნით სიტყვაში.

„ეს იყო ტიტუშკების თავდასხმა დემონსტრანტებზე.... პროკურატურის ვიდეოში კი ამოჭრილია კონტექსტი.. სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეოში არ ჩანს, რომ მე ჯოხისმაგვარი ნივთი მიჭირავს, კადრებში ჩანს, რომ ვარ მშვიდად და მშვიდად მივდივარ".

საბა სხვიტარიძემ მისი ცემისა და მასზე ძალადობის ეპიზოდებიც გაიხსენა:

„მემუქრებოდნენ გაუპატიურებით...ამიყვანეს განყოფილებაში, მომთხოვეს მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით....

დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს, მიხედეთო, ამის შემდეგ დაიწყო ცემა. მირტყამდნენ იქამდე თავში და გვერდებში, სანამ არ წავიქეცი და გონება არ დავკარგე, გაგრძელდა ჩემი ცემა...

შემოდიან გამომძიებლები... ცემისგან გული ამერია".

ამის შემდეგ სხვა სართულზე აიყვანეს და იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, რაზეც მივიღე ირონიული დამოკიდებულება", - ამბობს ის, მან ადვოკატი მოითხოვა, უარი მიიღო, ისევ დაუძახეს ორ ნიღბიანს.

„სამი პოლიციელი მაკავებდა, ორი ნიღბიანი მირტყამდა ფეხებით, ჩექმებით.. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება. ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეები აქ აძლევენ ჩვენებას, მაგალითად, მიხეილ სუჯაშვილი, სალომე ედიშერაშვილი"...

„სასწორზე დგას საქართველოს მომავალი, ჩემი სასჯელი არაფერია ამასთან... თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება ტყვეებს", - ასე დაასრულა საბა სხვიტარიძემ თავისი დასკვნითი სიტყვა.

საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ:

"მოლოდინი იყო, რომ ასე მოხდებოდა. მაგრამ ჩვენ მაინც ვიტოვებდით იმედს, რომ სასამართლო იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე. მისი ბრალი გადაკვალიფიცირდა იმიტომ, რომ ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები [თავდამსხმელები] ნამდვილად შენიღბულები იყვნენ და საბამ ნამდვილად არ იცოდა, რომ ეს თავდამსხმელები იყვნენ პოლიციელები.

ჩვენ წარვადგინეთ ათეულობით მოწმე, ნეიტრალური მტკიცებულებები, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერი და მეტი გზა არ დარჩა ბრალდების მხარეს, რომ მოეხსნა ეს ბრალდება. ალბათ მიხვდებოდით, სრულად რომ მოეხსნა ბრალდება, მაშინ თავისივე ხელით უნდა დაეკავებინათ პოლიციელები, ამიტომ ეს არ გააკეთეს".

პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს პროკურატურა 24 ივლისამდე ედავებოდა „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“.

ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს გაიმართა, პროკურატურამ მისი ბრალდება შეამსუბუქა და მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ.

ეს მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, რამაც ჯანმრთელობის „ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია“.

ეს ბრალდება ისჯება ჯარიმით, 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე პატიმრობით.

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.

პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG