ვენესუელა ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს

დელსი როდრიგესი ვენესუელის დროებით პრეზიდენტის ფიცს დებს ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ხორხე როდრიგესის წინაშე.

ვენესუელის ხელისუფლებამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სპეციალური ოპერაციის დროს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს.

ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილი მოადგილე, დელსი როდრიგესი, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დამტკიცდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, როდრიგესს ქვეყნის მართვის უფლება მისცეს, თუ კარაკასი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს და ვენესუელის ნავთობის უხვ მარაგზე წვდომის საშუალებას მისცემს.

პატიმრების გათავისუფლების შესახებ ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, დროებითი პრეზიდენტის ძმამ, განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება“. როდრიგესმა არ დააკონკრეტა, ვინ ან რამდენი პატიმარი გათავისუფლდება.

ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის თანახმად, ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. ჯგუფი მიესალმა როდრიგესის განცხადებას, როგორც „კარგ ამბავს“, თუმცა ის კვლავ ამოწმებს ინფორმაციას, წერს Reuters-ი.

ამასობაში, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ვენესუელამ, პატიმრების გათავისუფლების მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, გაათავისუფლა ხუთი ესპანელი, რომელთაგან ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს რესპუბლიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ როდრიგესის ადმინისტრაცია „კარაკასის ცენტრში“ წამების საკანს ხურავს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ასევე ნახეთ

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ბლოკავს ვენესუელაში შემდგომ სამხედრო ქმედებებს კონგრესის გვერდის ავლითპენტაგონის ცნობით, ვენესუელაში სპეცოპერაციის დროს 7 ამერიკელი სამხედრო დაიჭრატრამპი: აშშ ვენესუელიდან მიიღებს 30-50 მილიონ ბარელ ნავთობსვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდაგაერო: აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალსაშშ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს - Politicoტრამპი გამორიცხავს უახლოეს მომავალში ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარებასმადურო სასამართლოს - "მე ომის ტყვე ვარ"გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ვენესუელაზე იმსჯელესNYT: ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა