აშშ-ის მიერ ვენესუელის მეთაურის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან ფიცი 5 იანვარს დადო. ვენესუელის კონსტიტუციით, დროებითმა მმართველმა ახალი არჩევნები 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 იანვარს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია NBC News-ს. მას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ვენესუელაში არჩევნების ჩატარება მომავალ თვეში. ტრამპმა უპასუხა, რომ არა, ამას დრო დასჭირდება და მანამდე ქვეყანაში წესრიგი უნდა დაამყარონ და „გამოაჯანმრთელონ”.
ტრამპის თანახმად, შეერთებული შტატები განიხილავს ამერიკული ნავთობკომპანიების სუბსიდირებას, რათა მათ ვენესუელაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ნავთობის მოპოვება აღადგინონ და ამას შესაძლოა, 18 თვეზე ნაკლები დასჭირდეს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები Exxon Mobil-ი, ConocoPhillips-ი და Chevron-ი არ ჩქარობენ გამოეხმაურონ ტრამპის მოწოდებებს ვენესუელაში საქმიანობის გაფართოების შესახებ. ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკული კომპანიების დაბრუნებას ხელს უშლის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობა და ვენესუელის ჯერჯერობით გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი.
ამერიკული ნავთობკომპანიები ვენესუელაში ძირითადი ინვესტორები იყვნენ, თუმცა 2000-იანი წლების შუა პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ ნავთობის მოპოვების სექტორის ნაციონალიზაცია განახორციელა. მას შემდეგ ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმაც.
NBC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა შემადგენლობა ჯგუფის, რომელიც ვენესუელაში აშშ-ის ჩართულობას გააკონტროლებს - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. შეკითხვას, ვინ არის მთავარი, ტრამპმა უპასუხა, რომ ის.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ომი აქვს არა ვენესუელასთან, არამედ იმ ხალხთან, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მზად არიან ვენესუელაში ისევ ჩაატარონ სამხედრო ოპერაცია, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
როდრიგესმა პრეზიდენტის ფიცის დადებამდე ერთი დღით ადრე, 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
- 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
- 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
- სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
- ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
- მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროს მახლობლად განათავსა სამხედრო გემების უმსხვილესი დაჯგუფება ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მეთაურობით.
მადუროს ხელისუფლებამ, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის გარდა წლებია ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებში, განაცხადა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა ან ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის შემოდგომაზე და დეკემბერში ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დასავლეთის მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ამზადებს სახმელეთო ოპერაციასაც მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.
10 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ტანკერი, რომელიც სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის. ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტანკერის დაკავებას „საერთაშორისო მეკობრეობის აქტი“ უწოდა.
17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.
დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.
ფორუმი