Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა


აფეთქებები კარაკასში, ვენესუელა, 2026 წლის 3 იანვარი
აფეთქებები კარაკასში, ვენესუელა, 2026 წლის 3 იანვარი

ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები - იტყობინება The New York Times ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა, თუმცა რამდენიმე დაიჭრა.

ოპერაციაში სულ 150 ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა. მთელი ოპერაცია კი, NYT-ის ცნობით, ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

გაზეთის წყაროების ცნობით, მადურო ვენესუელას მთავრობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წყაროს დახმარებით დააკავეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მის ადგილსამყოფელს აკვირდებოდა.

შაბათს, 3 იანვარს, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, ნიუ-იორკში გადაიყვანეს. მადურო და ფლორესი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ ახალი ბრალდება გამოაქვეყნა, რომლითაც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს ოთხი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, მათ ბრალი ედებათ „ნარკოტერორიზმსა“ და შეთქმულებაში კოკაინის იმპორტის მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების "უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი" გადაცემა გახდება შესაძლებელი.

ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG