ავტორი: თედო ჯაფარიძე
დღეს, როდესაც ვუბრუნდები ჩემი ელჩობის წლებს (1994-2002), ჩემი ჩანაწერები მეოცე საუკუნის მიწურულის საქართველოს დიპლომატიური მისწრაფებების ერთგვარ რენტგენულ სურათებს ემსგავსება. ისინი გვიჩვენებენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც შეზღუდული რესურსებით, მაგრამ დიდი მონდომებით ცდილობდა, ხილული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. საქართველოს სურდა დასავლეთში დამკვიდრება, თავის წარმოჩენა საიმედო პარტნიორად, ენერგეტიკულ სატრანზიტო დერეფნად ჩამოყალიბება და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური ქსელების შექმნა. ამ მცდელობათა ნაწილში მიაღწია კიდეც მიზანს - საქართველო წარმატებით, თუმცა ძნელად, მაგრამ მაინც შეუპოვრად, დგამდა ნაბიჯებს ინსტიტუციური დემოკრატიისა და კანონიერების მიმართულებით, სტრატეგიული ენერგოდერეფანი უკვე რეალობად იქცა, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა კი გაღრმავდა. ამგვარად, დასავლეთის, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურსა თუ ანალიტიკურ წრეებში საქართველო აღარ იყო „უცნობი ქვეყანა“.
თუმცა, ეს წარმატება და მიღებული გამოცდილება კიდევ ერთ, უფრო ხანგრძლივ გაკვეთილსაც გვახსენებს: მცირე სახელმწიფოებისთვის დიპლომატია არასოდეს არის ერთჯერადი გარღვევა - ეს უწყვეტი პროცესია, რადგან მიღწევები საჭიროებს მუდმივ განახლებას, ხილვადობა - მუდმივ შენარჩუნებას, პარტნიორობა - მუდმივ განვითარებას. დიპლომატიის დისციპლინა საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, მოთმინებით სავსე შეხვედრებია, განმეორებითი ახსნა-განმარტებებია, ფრთხილი, მაგრამ არგუმენტირებული დარწმუნება და შეუპოვარი ჩართულობაა და ეს ყველაფერი დღესაც ყველაზე საიმედო ინსტრუმენტად რჩება ქვეყნის გადარჩენისთვის.
ბუნებრივია, იმ დრამატულსა და ემოციურად დატვირთულ წლებში უამრავი შეხვედრა და საუბარი გვქონდა - გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ ოფიციალური ვიზიტები ასახავს. თუმცა, თავს ვალდებულად ვთვლი, გავიხსენო ჩემი ელჩობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი - მომენტი, რომელმაც მშვიდი, მაგრამ გამორჩეული ფორმით გაანათა როგორც საელჩოს ყოველდღიური დატვირთული რიტმი, ისე საქართველოს ირგვლივ მიმდინარე უფრო ფართო სტრატეგიული დისკუსიები.
1998 წლის მაისში ვაშინგტონმა მიიღო სტუმარი, რომელიც სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩვეულებრივ კატეგორიებს არ მიეკუთვნებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლი — შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა მრავალდღიანი ვიზიტით, რომელიც ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში და მის ფარგლებს გარეთაც გაგრძელდა. მისი მოგზაურობა მოიცავდა შეხვედრებს რელიგიურ, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებთან და ასახავდა როგორც საქართველოს სულიერი ტრადიციის ისტორიულ სიღრმეს, ისე ქვეყნის თანამედროვე მცდელობას აღრეულ პოსტსაბჭოთა სამყაროში სტაბილურობისა და აღიარების მოპოვებისა.
დღეს ამ ვიზიტის გახსენება ჩემთვის იოლი არ არის. სულ რამდენიმე დღეა გასული პატრიარქის გარდაცვალებიდან. ოთხმოცდაცამეტი წლის ასაკში მან მშვიდად დატოვა ეს ქვეყანა. დაასრულა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სულიერი მსახურება - წლები, როდესაც იგი არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ თავად საქართველოს სახელმწიფოსაც თან ახლდა ყველაზე რთულსა და გაურკვეველ პერიოდებში.
ჩემი თაობისთვის - და პირადად ჩემთვის - იგი არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგიური ლიდერი. იგი იყო ყოფა - სიმშვიდისა და სტაბილურობის წერტილი იმ დროს, როდესაც ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა რამ იყო სტაბილური. ალბათ ამიტომაც, დღეს ამ ვიზიტის გახსენებას სრულიად სხვა სიმძიმე აქვს - ეს აღარ არის მხოლოდ ერთი მოვლენის მოგონება; ეს არის დაბრუნება იმ დროში, როდესაც ის ჩვენ გვერდით დადიოდა, გვესაუბრებოდა და თავისი მშვიდი, უბრალო, მაგრამ ძლიერი ბუნებით ქვეყანას სიმყარეს სძენდა.
მახსოვს, 1994 წელს, ვაშინგტონში ელჩად გამგზავრებამდე, მისი უწმინდესობა მოვინახულეთ. მან გვითხრა: „თქვენი მისია რთული და მძიმე იქნება, მაგრამ წარმატებული, რადგან ის საქართველოს გაძლიერებას ემსახურება.“ შემდეგ დაგვლოცა: „ღმერთმა დაგლოცოთ - და ხშირად ესაუბრეთ მას; ის გისმენთ და გირჩევთ.“ შემდეგ მიუბრუნდა ნიკას, რომელიც მაშინ თორმეტი წლის იყო, ხელი თბილად დაადო მხარზე და ღიმილით უთხრა: „კარგად ისწავლე!“ და დაამატა, თითქოს ყველასთვის: „განათლებული და მცოდნე ადამიანები ღმერთის მეგობრები ხდებიან, გაუნათლებელნი კი მხოლოდ მის მსახურებად რჩებიან.“
ეს სიტყვები ნიკას - ჩვენ ყველას - დღემდე ახსოვს. მაღალფარდოვანი სიტყვები არ ყოფილა, არც გრძელი დარიგებები. მაგრამ ეს შეხვედრა დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. დარჩა იმიტომ, რომ იმ წლებში ასეთი კურთხევა უბრალო რიტუალი არ იყო - ეს იყო იმ უხილავი არქიტექტურის ნაწილი, რომელიც ქვეყანას ამაგრებდა.
ამერიკაში პატრიარქის ვიზიტი დაიწყო ნიუ-იორკით, სადაც იგი, როგორც ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის - მიტროპოლიტ თეოდოსის სტუმარი, მონაწილეობდა გაეროსა და სხვა ინსტიტუტების პატრონაჟით მოწყობილ სხვადასხვა რელიგიურსა და რელიგიათაშორის ღონისძიებაში, მათ შორის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამართულ აკადემიურ შეხვედრებში. ამ დასაწყისში იყო რაღაც მშვიდად ამაღელვებელი. ადამიანი, რომელმაც თავისი ერის სულიერი ტვირთის ზიდვა საბჭოთა რეპრესიებისა და დამოუკიდებლობის შემდგომი ქაოსის წლებში დაიწყო, ახლა ნიუ-იორკში იდგა - არა მხოლოდ გადარჩენის სიმბოლოდ, არამედ უწყვეტობის მატარებლად, და თითქოს საუბრობდა ენაზე, რომელსაც თარგმანი არ სჭირდებოდა. მისი სიტყვები უბრალო იყო, მაგრამ მათში იგრძნობოდა გამოცდილების სიმძიმე - შეხსენება იმისა, რომ საქართველოსთვის რწმენა არასოდეს ყოფილა აბსტრაქცია; ის გამძლეობისა და გადარჩენის ფორმა იყო.
მისი შეხვედრები არ შემოიფარგლა ქართული ან მართლმადიდებელი წრეებით. სიმბოლურ და ეკუმენურ ჟესტად იქცა პატრიარქის შეხვედრა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან, გარეგინ პირველთან, ნიუ-იორკის წმინდა ვართანის საკათედრო ტაძარში. ეს შეხვედრა ასახავდა საერთო ისტორიულ გამოცდილებას ორი უძველესი ქრისტიანული ერისა, რომლებიც პოსტსაბჭოთა ეპოქის გაურკვევლობას ეჭიდებოდნენ. მოგვიანებით, სასტუმრო „უოლდორფ ასტორიაში“ გამართულ შეხვედრაზე, სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წარმომადგენლები — მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, იუდეველები — ერთად შეიკრიბნენ, რაც ინტერკონფესიური ერთობის იშვიათ და მნიშვნელოვან მომენტად იქცა.
ნიუ-იორკიდან პატრიარქი ვაშინგტონში გაემგზავრა და აქ მისმა ვიზიტმა კიდევ ერთი, დამატებითი განზომილება შეიძინა.
ვაშინგტონში, როგორც ნებისმიერ სხვა დედაქალაქში, მნიშვნელობა ხშირად სტრატეგიული კონტექსტით განისაზღვრება. 1998 წელს ეს კონტექსტი ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ რთული იყო: საქართველო ჯერ კიდევ გამოდიოდა შიდა კონფლიქტებიდან, მისი ინსტიტუტები მყიფე იყო, ეკონომიკა — დაძაბული, ხოლო აფხაზეთის ომის ტკივილი (აფხაზეთი კი თავად პატრიარქის ეპარქიაც იყო) და მისი ოკუპაცია კვლავ მძაფრად იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას სულ უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი აცნობიერებდა. ამ ფონზე, ვაშინგტონში ილია მეორის ყოფნამ იქ არსებულ პოლიტიკურ დისკურსში სრულიად განსხვავებული ენა შემოიტანა და შესაბამისად, საელჩოც მთელი შემადგენლობით, ინტენსიურად ჩაერთო ვიზიტის ვაშინგტონური ნაწილის მომზადებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი, როგორც ყოველთვის, მრავალი საშინაო თუ საგარეო გამოწვევით იყო დატვირთული, რომლებსაც იმ პერიოდში დაემატა პრეზიდენტ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალი, რომელმაც სწორედ 1998 წელს იფეთქა.
ვაშინგტონში პროგრამა დაიწყო პატრიარქის მიმართვით ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისადმი, წმინდა ნიკოლოზის რუსულ მართლმადიდებელ ტაძარში, მასაჩუსეტსის გამზირზე აღვლენილი ღვთისმსახურებით. თავად გარემო სიმბოლური იყო - მართლმადიდებლური ლიტურგია ამერიკის დედაქალაქში, მრავალფეროვანი მრევლით, რომელიც მეოცე საუკუნის ისტორიული პროცესებით იყო ჩამოყალიბებული, თუმცა, ბუნებრივია, დამსწრეთა უმრავლესობას ვაშინგტონსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქართველები შეადგენდნენ. ლიტურგიის შემდეგ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა - ტრადიციული ტრაპეზით და ღვინით. ადგილობრივი მრევლისგან შემდგარმა ვაჟთა მცირე გუნდმა რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულა. მომღერალთა შორის იყო ჩემი მძღოლი თამაზი — შესანიშნავი ბარიტონის მქონე, ტანადი და ბუნებრივად ელეგანტური კაცი. შესრულება დიდი ემოციით მიიღეს და მალე ერთგვარი სასიამოვნო „ჭორიც“ გავრცელდა: თითქოს ეს „სოლიდური და ელეგანტური ბარიტონი“ თავად საქართველოს ელჩი ყოფილიყო. ეს „ინფორმაცია“ მოგვიანებით მის უწმინდესობასაც გადავეცი — და მან გულით გაიცინა.
ამავე დროს, საელჩომ პატრიარქს საკმაოდ დატვირთული პროგრამა მოუმზადა, რომელიც ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც მოიცავდა. ეროვნული უშიშროების საბჭოში შეხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უილიამ კორტნის; სახელმწიფო დეპარტამენტში — ელჩ სტივენ სესტანოვიჩსა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრობ ტალბოტს. იგი ასევე მიიღეს სენატორებმა პოლ სარბანესმა და სემ ბრაუნბეკმა. შედგა ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარიც სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში, სადაც ჩვენმა პატრიარქმა სამაგალითო გაკვეთილი ჩაუტარა დამსწრეებს დემოკრატიის არსზე და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე. ეს საუბრები არ მისდევდა ჩვეულებრივ დიპლომატიურ შაბლონს. პატრიარქი არ საუბრობდა პოლიტიკის დოკუმენტების ენით — მას ალაპარაკებდა გამოცდილება: ეკლესიაზე, რომელმაც საბჭოთა რეპრესიები გადაიტანა; საზოგადოებაზე, რომელიც საკუთარი მორალური და ინსტიტუციური საფუძვლების აღდგენას ცდილობდა; და იმ სირთულეებზე, რომლებიც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს წინაშე იდგა. ამავე დროს, მან ქართველი ხალხის სახელით მადლობა გამოხატა ამერიკის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის მიესალმება ამერიკელთა მონაწილეობას ფუნქციონალურ დემოკრატიად საქართველოს გადაქცევის პროცესში.
ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო შეხვედრა კონგრესის ბიბლიოთეკაში, სადაც პატრიარქსა და ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმს ბილინგტონს შორის შედგა ღრმა, აკადემიური დიალოგი რელიგიაზე, კულტურაზე, ისტორიაზე, ისტორიის გაკვეთილებზე. ეს იყო იშვიათი შესაძლებლობა — მოგესმინა ორი ინტელექტუალური მასშტაბის პიროვნების საუბარი. ამ შთამბეჭდავი შეხვედრის შემდეგ, დოქტორი ბილინგტონი თავად გაუძღვა პატრიარქს ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ხელნაწერთა და რუკების განყოფილებებმა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მასალებია დაცული. ამ შეხვედრის შემდეგ, უკვე მანქანებში ვსხდებოდით, როცა პატრიარქმა მშვიდად აღნიშნა: „მამა გიორგი არ ჩანს.“ მართლაც, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გამქრალიყო. ატყდა ერთი აჟიოტაჟი. მე, ამერიკელ მასპინძლებთან ერთად, კვლავ დავბრუნდი ბიბლიოთეკის უზარმაზარ კომპლექსში. ერთ მომენტში ჩვენი ამერიკელი კოლეგებიც კი ხმამაღლა გაიძახდნენ: „Father George! Father George!“ ბოლოს, ისევ რუკების განყოფილებაში აღმოვჩნდით. იქ, ერთ კუთხეში, მამა გიორგი აღმოვაჩინეთ — თვალებში ცრემლის სხივი, თითქოს ოდნავ დაბნეული. „რუკები ძალიან მიყვარს, — მოგვიბოდიშა, — და ალბათ ცოტა გამიტაცა. თანაც რამდენიმე ძველი რუკა ვიპოვე, სადაც საქართველოც არის გამოსახული.“ მივგვარეთ პატრიარქს „დაკარგული“ მამა გიორგი. პატრიარქმა მას თბილად გაუღიმა, მხარზე ხელი გადაუსვა, „სად იყავი, ამდენ ხანს რომ დაგვაყოვნე?“ მერე ჩუმად რაღაც უთხრა — სიტყვები, რომლებიც მე აღარ გამიგონია. ვაშინგტონის ვიზიტის დასასრულს კი მამა გიორგის სასტუმროში მიართვეს იმ რუკების ფერადი ასლები, რომლებზეც თავისი „ხელახლა აღმოჩენილი“ საქართველო ნახა. ეს ჩემთვის - და ალბათ მამა გიორგისთვისაც - დღემდე ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონებაა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი სამყაროს წამყვან ფიგურებთან — ანტიოქიის არქიეპისკოპოსთან, მიტროპოლიტ ფილიპესთან და ბერძენ არქიეპისკოპოს სპირიდონისთან, ასევე — ეროვნულ ეკლესიათა საბჭოსთან და Appeal of Conscience-ის ფონდთან. ეს შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს პატრიარქის მთავარ მიზანს — გაემყარებინა სულიერი და ძმური კავშირები ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებლებსა და საქართველოს შორის.
პატრიარქმა იმოგზაურა პენსილვანიაშიც, სადაც გაუძღვა წმინდა ტიხონის მონასტერში ჩატარებულ მემორიალურ ღონისძიებას და სემინარიაში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. მან საზეიმო ლიტურგია აღავლინა, აკადემიურ საზოგადოებას მიმართა და სარწმუნოების უწყვეტობა ახალი დამოუკიდებელი საქართველოს გამოწვევებს დაუკავშირა.
მაგრამ ჩვენი საელჩოს „ზუსტი“ გათვლებით, ვიზიტის მწვერვალი, ცხადია, უნდა ყოფილიყო 20 მაისისთვის დაგეგმილი შეხვედრა თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედისთან — ჰილარი კლინტონთან. საელჩო აქტიურად მუშაობდა ყველა შესაძლო არხით - სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს გავლით - და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, აღმოვჩნდით იმ ცნობილსა და ოდნავ დამაკნინებელ „მოლოდინის სიაში“. ასე გავიდა საკმაო ხანი, - მოთმინებითა და დიპლომატიური იმედით — ვიდრე 20 მაისს, დღის ბოლოს, თეთრი სახლის პროტოკოლმა საბოლოო პასუხი მოგვცა: „არა.“
პატრიარქისთვის ამ პასუხის გადაცემა იოლი საქმე არ იყო. თუმცა მან ეს ამერიკული უარი მშვიდი ღიმილით მიიღო და უბრალოდ თქვა: „ალბათ, ძალიან დაკავებულები არიან“, მერე დელეგაციასთან ერთად მშვიდად გაემგზავრა აეროპორტში და ნიუ-იორკისკენ გაფრინდა.
ეს ამბავი ამით არ დასრულებულა.
როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, — და ეს ზუსტად ასე მოხდა — ჩემმა ტელეფონმა დარეკა. თეთრი სახლიდან შემომავალი ხმა — ეფექტურმა, თუმცა სრულიად გულგრილმა ლოგიკის მიმართ — მაუწყებდა, რომ შეხვედრა დაინიშნა მომდევნო დილას, 21 მაისს, 09:30-ზე. თანაც, თითქოს შემთხვევით სხვათა შორის დაამატეს ისიც, რომ პატრიარქის პატივსაცემად იმავე დღის საღამოს თეთრ სახლში დაიგეგმა მიღება .
ვფიქრობ, ყველა ელჩს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდება ასეთი წმინდა წყლის დიპლომატიური კატაკლიზმმა და იმ მომენტში ის მე დამატყდა თავს. ახლა მე უნდა დამერეკა პატრიარქისთვის — რომელიც უკვე გზაში იყო — და მეთქვა, რომ უნდა დაბრუნებულიყო შეხვედრისთვის, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ჩაშლილად ითვლებოდა.
სიმართლე რომ ვთქვა(და თან მეტად რბილად), ეს არცთუ ადვილი ამოცანა გახლდათ.
რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი — თითქოს ტელეფონი ხელში გამეყინა. თითქოს დრო თავადაც გაჩერებულიყო. გადავწყვიტე ცოტათი დამეცადა. დაველოდე, სანამ თვითმფრინავი ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში დაეშვებოდა. თანაც, ახლა უკვე თეთრი სახლის პროტოკოლი მოთმინებით ელოდა ჩვენს პასუხს.
დავრეკე. მიპასუხა კონგრესის ბიბლიოთეკაში „დაკარგულმა“ მამა გიორგიმ (რომელიც მაშინ პატრიარქს ახლდა თანაშემწის რანგში, დღეს კი დეკანოზი გიორგი ზვიადაძეა, პროტოპრესვიტერი და სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი) და ყურმილი პატრიარქს გადასცა.
სათქმელი ცოტა დაბნეულად, მობოდიშებით და ახსნა-განმარტებებით მივაწოდე — თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამგვარ „აკრობატულ“ ცვლილებაზე უარს მეტყოდა. მაგრამ ყურმილში მსუბუქი, თითქმის მხიარული სიცილი მომესმა. „აი, ხომ ხედავთ, ღვთის ნება აღსრულდა. არანაირი პრობლემა არ არის. ხვალ შევხვდებით ვაშინგტონში.“ რამდენიმე წამს საკუთარ ყურებსაც კი ვერ ვუჯერებდი. მალევე შევიტყვეთ, რომ პატრიარქმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ნიუ-იორკიდან ვაშინგტონისკენ მომავალი ყველაზე ადრეული რეისის ბილეთები აიღეს.
დილის 07:00-ზე ჩამოფრინდნენ. და აი, ჩვენი პატრიარქი ისევ ჩვენ წინ იდგა - თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო - ფართო, მშვიდი ღიმილითა და საოცარი სიჯანსაღით. „აი, ისევ ჩამოვფრინდი!“, ჯერ ეს გვითხრა და მერე ყველას თბილად მოგვესალმა.
ის კვლავ სასტუმრო “St. Regis”-ში დავაბინავეთ. 09:10-ზე თამრიკო (ჩემი მეუღლე), როგორც მთელი ვიზიტის განმავლობაში, ავიდა მის ჩამოსაბრძანებლად. სულ მალე ყველამ ერთად ავიღეთ გეზი თეთრი სახლისკენ.
მოკლე გზა იყო, მაგრამ ჩვენი მანქანის შიგნით დაძაბული მოლოდინი იგრძნობოდა. თამრიკო ცდილობდა პატრიარქი მსუბუქი საუბრით გაემხიარულებინა. მე კი, წინა დღის აბსურდისგან ჯერ კიდევ ცოტათი დაბნეულმა, მოკრძალებით ვკითხე მის უწმინდესობას, ხომ არ დაიღალეთ-მეთქი. მშვიდად შემომხედა: „არანაირად.“ და იქვე დაამატა: „იმედი მაქვს, საქართველოსთვის კარგი შეხვედრა იქნება.“ ჩვენც ასე ვვარაუდობდით – ეს შეხვედრა უნდა გამხდარიყო იშვიათი და სიმბოლურად მნიშვნელოვანი მომენტი — საქართველოს სულიერი ლიდერისა და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ვვარაუდობდით აგრეთვე, რომ საუბარი შეეხებოდა საქართველოში რელიგიური ცხოვრების მდგომარეობას, ეკლესიის აღდგენის სირთულეებს ათწლეულების სახელმწიფო ათეიზმის შემდეგ, და იმ ფართო პოლიტიკურსა და სოციალურ გარდაქმნებს, ქვეყანაში რომ მიმდინარეობდა. შეეხებოდა, რაღა თქმა უნდა, აფხაზეთს. ამერიკული მხარისთვის ეს უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეეგრძნო პოსტსაბჭოთა სივრცის სირთულეები და იმ როლის მნიშვნელობა, რომელსაც რელიგიური ინსტიტუტები საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნებაში ასრულებდნენ. ქართული მხარისთვის კი ეს შეხვედრა ასევე უნდა ქცეულიყო შესაძლებლობად, რათა საქართველო აღქმულიყო არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ აქტორად, არამედ ისტორიული და კულტურული უწყვეტობის მატარებელ ქვეყნადაც.
ამ ფიქრებში ჩაფლულებმა მივაღწიეთ თეთრ სახლს, სადაც შეხვედრისათვის განკუთვნილ ოთახში შეგვიძღვნენ. მოგვართვეს ყავა და ჩაი — და ცნობილი, გემრიელი თეთრი სახლის ორცხობილები. მერე შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა თანამშრომელი — ალბათ, სტაჟიორი — და საკმაოდ ცივად და ამპარტავნად გვაცნობა, პირველ ლედის საუბრისათვის ზუსტად ოცდაათი წუთი ექნება თქვენთვის გამოყოფილიო. ბუნებრივია, ჩვენგან არანაირი წინააღმდეგობა ამ „შემოთავაზებას“ არ მოჰყოლია.
კედელზე ძველი, ალბათ ისტორიული, ძალიან ლამაზი საათი ეკიდა. პატრიარქი მივიდა ახლოს, ყურადღებით დაათვალიერა. ცოტა ხანში საათ 09:30-ს მიაღწია შეხვედრა კი სწორედ ამ დროს უნდა დაწყებულიყო. მერე 09:45 გახდა. შემდეგ – 09:55. პირველი ლედი არ ჩანდა.
მისმა უწმინდესობამ ოდნავ გადაიხარა თამრიკოსკენ და თვალებში მსუბუქი ღიმილითა და მხიარული ნაპერწკლებით, ჩუმად ჩასჩურჩულა: „ალბათ, დილიდანვე სერიოზული კამათი აქვთ ან სულაც ჩხუბობენ.“
10:05-ზე კარი გაიღო. შემოვიდა პირველი ლედი.
პირველივე შეხედვით იგრძნობდით, რომ გუნებაზე ვერ იყო — არა, გაბრაზებული არ ყოფილა, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი სიმძიმე აწვა მხრებზე. ქალბატონი კლინტონი პატრიარქს თბილად, თუმცა ოდნავ თავშეკავებულად მიესალმა და ლაპარაკი დაიწყო. გაიმართა დიალოგი. პატრიარქმა ისაუბრა საქართველოში რელიგიური ცხოვრების მდგომარეობაზე, ეკლესიის აღდგენის გზაზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ თავისუფალ ერად ჩამოყალიბების სირთულეებზე და საზოგადოების მცდელობაზე, — ამ მძიმე გზაზე არ დაეკარგა საუკუნეთა განმავლობაში მოპოვებული და შენარჩუნებული მორალური ბალანსი. ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სირთულეები და მაღალი შეფასება მისცა ჰუმანიტარული, მათ შორის. ამერიკული, ორგანიზაციების საქმიანობას რეგიონში. პატრიარქმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდმივი მხარდაჭერისთვის — არა მხოლოდ მატერიალურის, არამედ მორალურისაც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, საზოგადოების ეთიკურ გარდაქმნაზე და იმაზე, რომ ქართული ეკლესია მყარად იდგებოდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
და შემდეგ, თითქოს მოულოდნელად, პატრიარქმა საუბრის დიაპაზონი გააფართოვა - დაიწყო საუბარი თანამედროვე სამყაროზე - იმაზე, რომ გლობალურ პროცესებში, მისი აზრით, თანდათან იკარგებოდა ჰუმანური და მორალური, მისი თქმით, ადამიანური, განზომილება. „რომ ტექნოლოგიური პროგრესი, მიუხედავად თავისი მიღწევებისა, ხშირად აშორებს ადამიანს საკუთარ ეთიკურ ბირთვს, ტოვებს მარტოს, ხშირად აბნევს და რომ სწორედ ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა — ადამიანი, მთელი ამ პროგრესის ფონზე, შეუმჩნევლად არ იკარგებოდეს“, აღნიშნა პატრიარქმა.
ყურადღებით ვაკვირდებოდი პირველ ლედის. ის პატრიარქს უსმენდა. ნამდვილად უსმენდა. ეტყობოდა, რომ თავადაც დამშვიდდა. უკვე იღიმოდა და ეს ღიმილი გამთბარი იყო, კითხვებს სვამდა, ერთვებოდა საუბარში. საუბრის ტონი უმალ შეიცვალა. ის, რაც ოცდაათწუთიან პროტოკოლურ შეხვედრად იყო დაგეგმილი, სულ სხვა რამედ გადაიქცა. შეხვედრამ ორმოცდაათ წუთზე მეტ ხანს გასტანა.
შემდეგ კი, მოულოდნელად, პირველმა ლედიმ თქვა: „თქვენო უწმინდესობავ, ვიცი, რომ გიყვართ ბაღის მოვლა და ყვავილები. თუ დრო გაქვთ, შემიძლია, ჩემი პატარა ბაღი გაჩვენოთ?“ შევატყვე, რომ ჩვენი პატრიარქი ამ წინადადებამ ძალიან გაახარა. გარეთ გავედით. იქ უკვე სხვა საუბარი გაგრძელდა - არაფორმალური, უაღრესად თბილი, უფრო პირადი - ყვავილებზე, ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, კლიმატზე, ბავშვებზე და მომავალ თაობებზე.
გავიდა კიდევ ნახევარი საათი.
დადგა წასვლის დრო. დამშვიდობებაც ძალიან თბილი იყო - ბევრად უფრო თბილი, ვიდრე ამას პროტოკოლი მოითხოვდა.
პატრიარქმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან შავი ხავერდის პატარა „ტომსიკა“ ამოიღო. „ეს თქვენ, ჩემგან სამახსოვროდ, ქალბატონო კლინტონ,“ — თქვა და „ტომსიკიდან“ლამაზი ყელსაბამი ამოიღო. „ჩვენი საპატრიარქოს ოსტატების გაკეთებულია გიშრის ქვისგან. ამბობენ, რომ ეს ქვა ადამიანს ბოროტი სულებისგან იცავს. ამიტომ სულ თან გქონდეთ.“
ჰილარი კლინტონმა ხელები გაშალა და თბილად გაუღიმა პატრიარქს, მოეხვია და ნახევრად ხუმრობით (თუმცა, ეტყობოდა, რაღაც უფრო ღრმა მინიშნებითაც) თქვა: „ღმერთო ჩემო, თქვენო უწმინდესობავ, ძალიან მადლიერი ვარ… მაგრამ ჩემს დღეში, ბოროტისგან თავის დასაცავად, ალბათ, უფრო დიდი ქვა დამჭირდება.“
პატრიარქმა ღიმილით უპასუხა: „დავიწყოთ პატარა ქართული ქვით, ისტორიას თუ დაეჯერება, ამ ქვამ საქართველოს ბევრი უბედურება ააცილა.“ ორივეს გაეღიმა. პირველი ლედი კვლავ მოეხვია ჩვენს პატრიარქს. და ჩვენ თეთრი სახლი დავტოვეთ. უკვე მანქანაში პატრიარქმა მითხრა, „აი, ხომ გეუბნებოდით, რომ საქართველოსათვის კარგი შეხვედრა იქნება. ჩვენთან არს ღმერთი!“
იმ საღამოს პატრიარქის პატივსაცემად ჰილარი კლინტონის სახელით დიდი მიღება გაიმართა. სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ვაშინგტონის საზოგადოებრივი და ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ. მიღებას პირველი ლედიც ესწრებოდა. ერთ მომენტში, თამრიკოსთან მოკლე საუბარში, მან აღნიშნა, ასეთი განათლებული და ბრძენი ადამიანი იშვიათად შემხვედრიაო.
მეორე დილით პატრიარქი და მისი დელეგაცია ისევ ნიუ-იორკში გაემგზავრნენ.
ეჭვი არ იყო, რომ ამ ვიზიტმა საქართველო უფრო ხილული და გაბრწყინებული გახადა. სხვაგვარად ხილული. არა მხოლოდ, როგორც „ენერგოდერეფანი“, არა მხოლოდ, როგორც გეოპოლიტიკური სივრცე, არამედ, როგორც ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მორალური და სულიერი ხმა აქვს. და თუნდაც ამ ერთი წამით - ვაშინგტონის ამ მომქანცველ, თითქმის არაადამიანურ მექანიკურ მოძრაობაში — ეს ხმა გაისმა. და დარჩა.