„პატრიარქის მისაკუთრება“ არაბუნებრივი ერთობით - ზღვა ხალხი, გამომშვიდობება საშვებით და გარეთ დარჩენილები

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალეს. მანამდე, სამოქალაქო პანაშვიდები - ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გაიმართა. საილუსტრაციო ფოტო

ხალხი საათობით იდგა რიგში, წვიმაში, ზოგი - ღამისთევითაც, მაგრამ ათასობით მსურველმა, 22 მარტს, დაკრძალვის დღეს, სამების ტაძარში შესვლა და პატრიარქთან გამომშვიდობება მაინც ვერ შეძლო. დარიგდა სპეციალური საშვები - ტაძარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ოჯახების წევრები ჭარბობდნენ.

გამოსამშვიდობებელი სიტყვით, საერო პირთაგან, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდნენ: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ სიტყვა მისცა როგორც ქტიტორს - სამების ტაძრის აღმშენებელს. ილაპარაკეს ერთობის შესახებ, ტაძარში, სადაც, მღვდელმსახურებისა და უცხო ქვეყნების დელეგაციების გვერდით, ძირითადად მხოლოდ მმართველი პარტია და მასთან დაახლოებული ხალხი იდგა.

საშვები არ მიუღიათ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საქართველოს ცოცხალ პრეზიდენტებს.

"არაბუნებრივი ერთობა" - ვინ განსაზღვრა ტაძარში დასაშვებთა სია?

“მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.

პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა”, - დაწერა პატრიარქის დაკრძალვის მეორე დღეს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ფეისბუკზე.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ერთობაზე და ერთიანობის განცდაზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, მოკავშირეები და მისი მხარდამჭერები. ეს აქცენტი იყო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვაშიც - რომელიც მან სამების ტაძარში წარმოთქვა:

  • “ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს, დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს...”
  • “წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა”.


ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები - ცოლი, შვილი და რძალი, ტაძრის კართან ავტომანქანებით მივიდნენ. გრძელ რიგში დგომა არც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს მოუწიათ, რომელთა ნაწილიც - ასევე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა სამების საკათედრო ტაძარში.

სამგლოვიარო ცერემონიაზე ჭირისუფლებად იდგნენ „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები - პარლამენტში „ოცნების“ სიით მოხვედრილები, მოკავშირე ოპოზიციიდან.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სპეციალური საშვები „ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის - გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებმაც მიიღეს. პარლამენტის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ 200-მდე ფოტოში 2-3 ფოტოზე მათი პოვნაც იყო შესაძლებელი.

სამების ტაძარში დგომის უფლება სპეციალურ საშვებზე იყო დამოკიდებული, რამაც ბევრი შეკითხვა გამოიწვია. მაგალითად - ვერავინ გაიგო, როგორ მოახერხეს იქ ყოფნა საქართველოს ექსპრემიერის, ამჟამად ფულის გათეთრებისთვის მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ და შვილმა, მაშინ - როცა საშვი არ შეხვდა საქართველოს არცერთ ყოფილ პრეზიდენტს.

„საშვი რომ მქონოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა [ტაძარში - რ.თ.], მაგრამ აქვე ვიყავი, სიონის წინ და ამითაც ვარ ძალიან ბედნიერი“, - უთხრა ზურაბიშვილმა 22 მარტს ტვ „პირველს“. მანამდე, მეხუთე პრეზიდენტი სამგლოვიარო ცერემონიაზე ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტების დასწრების მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობდა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოსაზრებები, რომ პატრიარქთან გამომშვიდობების შესაძლებლობა - როგორც მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ასევე მესამე პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილსაც უნდა მისცემოდა. ცნობილია, რომ სააკაშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე დასწრებას ითხოვდა.

22 ოქტომბერი, სამების ტაძარი

23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდა პარტიის სახელით ყოფილიყო სამების ტაძარში, მაგრამ საპატრიარქოს თანხმობის მიუხედავად, უარი სახელმწიფო კომისიამ განაცხადა. ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ “ივანიშვილის რეჟიმმა ეს მძიმე დღეებიც კი საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა” და “ ე.წ. ხელისუფლებამ, ეს დღე არ გამოიყენა ერის გამთლიანებისა და გაერთიანებისთვისო“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩაუდგა სათავეში და ამ კომისიაში შედიოდნენ სასულიერო პირებიც. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, ლაპარაკია “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივ კომისიაზე”, რომლის წევრებს შორის დასახელებული არიან: “საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წარმომადგენლები”.

თეოლოგი, მთარგმნელი შოთა კინწურაშვილი გვეუბნება, რომ არ არსებობს სპეციალური პროტოკოლი, რომელიც პატრიარქის დაკრძალვაზე დამსწრეთა თუ სიტყვით გამომსვლელთა სიებს განსაზღვრავდა და მართალია, ხელისუფალთაგან პოლიტიკური ქულების დაწერა არ უკვირს, მაგრამ რაც 22 მარტს მოხდა - მისთვის „უხერხულთან ერთად, უსამართლოც იყო“:

„დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ მოირგო, თითქოს მისი საკუთრება იყო მთლიანი დღე, მხოლოდ ისინი პოზიციონირებდნენ - თითქოს არ გვყოლია პოლიტიკური ძალა ან სხვა პოლიტიკური ხელისუფალი აქამომდე, რომელიც ეკლესიასთან თანამშრომლობდა... ეს ხომ ისტორიული მომენტია, ამას ხომ პირადი, მერკანტილური საზომებით არ უნდა მივუდგეთ?!“.

შეზღუდვების გამართლების მსურველები ამბობენ, რომ ტაძარი ყველას ვერ დაიტევდა. სხვადასხვა ცნობით, სამების საკათედრო ტაძარი 10-15 ათას ადამიანს იტევს.

“ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით”, - ეწერა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფომ გამკაცრებული შეზღუდვები დიდწილად სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირთა დელეგაციებისა და მათ შორის - მსოფლიო პატრიარქის სტუმრობით ახსნა.

და ვინ დაარიგა საშვები? ანუ ვინ გადაწყვიტა - ვინ დადგებოდა ტაძარში და ვინ ვერა? - რადიო თავისუფლებამ განმარტებები ვერც საპატრიარქოში მიიღო და ვერც მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც დაგვიდასტურეს მხოლოდ ის, რომ საშვები მათ მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიცა.

„ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა. მათ შორის, დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც შეკითხვებს სვამს. არა მარტო პასუხზე, მომავალზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს“, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ მედიის შეკითხვას - რატომ არ გაიცა საშვები ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, პატრიარქის დაკრძალვის დღეს.

ასევე ნახეთ ილია II-ის დაკრძალვა: გამოსამშვიდობებელი სიტყვები და გზავნილები

„პატრიარქის მისაკუთრება“

ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა ათასობით ადამიანმა, რომელთა ნაწილსაც ფეხზე დგომა საათების განმავლობაში უწევდა და არაერთს დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა ჯერ სამებისკენ და შემდეგ სიონისკენ მიმავალ გზაზე, როცა პატრიარქს დასაკრძალად მიასვენებდნენ.

ამ ფონზე სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა პოსტები, რომ ხალხის ზღვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მომხრეებს წარმოადგენდა - „პლებისციტიც ეს არის და რეფერენდუმიც“, „ეს არის მესიჯი ყველასთვის, ქვეყნის გარეთ“ - წერდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„ძალიან არაეთიკური გამოდის პატრიარქთან მიმართებით, თუკი ხელისუფლების მომხრეები თვლიან, რომ იქ მისული ადამიანები მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, მაშინ ასე პატრიარქის პიროვნებაც და იდეაც დაჰყავთ ვიწრო პარტიულ ჭრილამდე. ეს მართლაც ძალიან არაეთიკურია, რადგან პატრიარქი მაქსიმალურად ცდილობდა, როგორც შეეძლო, რომ საყოველთაო ყოფილიყო... ეგ ზღაპარია. იქ რამდენი ადამიანიც იყო მისული ან მისვლა უნდოდა, ამდენი ხმა არ მიუღია „ქართულ ოცნებას“ [არჩევნებზე]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის ექსპერტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელსაც წარსულში საეკლესიო, მონასტრული ცხოვრების და “ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ტელეგადაცემაში თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს.

გამზარდია ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ ორკესტრირებულად გავრცელებულ მსგავს მესიჯებს პროპაგანდისტული მიზანიც აქვს - „პატრიარქის მისაკუთრება“.

„... რომ, აი, პატრიარქი ჩვენია, ასე ვთქვათ - ხელისუფლების და ამიტომ ყველაფერი, რასაც იტყვიან პატრიარქზე, იგივდება ხელისუფლებაზე; ყველაფერი, რაც ეკუთვნის პატრიარქს, ეკუთვნის ხელისუფლებას და ასე შემდეგ. აქ არის პროპაგანდა - ეს არის ძალისხმევა, აფილირდნენ პატრიარქთან - როცა ის, ცოცხალი ავტორიტეტი აღარ არის. ეს სასულიერო იერარქებსაც ასე მოუწევთ - ახლა [ახალი პატრიარქის] საარჩევნო რეჟიმში და ბუნებრივია - საერო ლიდერებსაც... ეს არის ავტორიტეტზე ფიქსაცია, როდესაც შენ არ გაგაჩნია სათანადო ავტორიტეტი - ცდილობ დაფიქსირდე იმასთან, ვისაც ეს აქვს“, - არჩილ გამზარდია სწორედ ასეთი მიზნებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ეკლესიაში საშვებით არ დაუშვეს „ოპოზიციური პარტიების თუნდაც მხოლოდ თავმჯდომარეები“.

ასევე ნახეთ „ეს ჰუმანური ნაბიჯი იყო და არა პოლიტიკური“ - რა უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოს პატიმრების გათავისუფლებაზე
ასევე ნახეთ ჯაღმაიძის თქმით, აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი სამჯერ დააყენეს


პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა მიმართა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რომ პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თუკი - ერთობაზე ლაპარაკი მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის, სწორედ ახლაა სწორი დრო - ციხეებიდან გამოუშვან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანებიო.

ბევრმა ისიც თქვა, რომ - ეს პირადად პატრიარქის სურვილი იყო.

თუმცა მსგავსი თხოვნა, "ქართულმა ოცნებამ" საპატრიარქოს ახლო წარსულში არ შეუსრულა.

2025 წლის მიწურულს, საქართველოს საპატრიარქომ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ ხელისუფლებას სამჯერ მაინც მიმართეს აქციებზე დაკავებული პატიმრების, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების წინადადებით, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს - „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.

2026 წლის 31 დეკემბერს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლების შესახებ პირადად ორჯერ ელაპარაკა ხელისუფლებას; ხოლო ერთხელ კი ეს საკითხი „ქართული ოცნების“ პრემიერთან პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დააყენა.