30 წლის შემდეგ პეტრუ პედურარუ აღარ არის ბესარაბიის მიტროპოლიტი. ვინ დაიკავებს მის საყდარს და როგორ ჩატარდება არჩევნები?

ბესარაბიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრუ (მარჯვნივ) წირვას აღავლენს სამხრეთ ბესარაბიის ეპისკოპოს ბენიამინთან ერთად

3 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (BOR) სინოდმა დაამტკიცა პეტრუ პედურარუს გადადგომა ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ხელმძღვანელობიდან სექსუალური სკანდალის გამო. ახალი მიტროპოლიტი 60 დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ მოლდოვის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივ ეპისკოპოსთა შორის.

რუმინეთის საპატრიარქომ მოკლე პრესრელიზში განაცხადა, რომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, პატრიარქ დანიელის თავმჯდომარეობით, 3 ივნისს დაამტკიცა პეტრუ პედურარუს „ადმინისტრაციული, ლიტურგიული და სამწყსო საქმიანობის“ შეწყვეტა, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს რელიგიური მსახურების ჩატარების უფლება.

27 მაისს პეტრუ პედურარუმ, - რომელიც 1995 წელს აირჩიეს, 1992 წელს ბესარაბიის სამიტროპოლიტოს კვლავ ამოქმედების შემდეგ, და რომელიც კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის, ბესარაბიის მიტროპოლიტისა და ეპარქიების ეგზარქოსის სრული ტიტულის მფლობელია, - წარადგინა მოთხოვნა მსახურებიდან თავისი გათავისუფლების შესახებ „ასაკის, ჯანმრთელობის მიზეზების გამო და ეკლესიის საკეთილდღეოდ“.

ამგვარად, ის იყო ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ერთადერთი მამამთავარი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკამ რელიგიურ ორგანიზაციად მხოლოდ 2002 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შემდეგ დაარეგისტრირა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია, თუმცა აქვს ავტონომია და მოქმედებს ძველ წესით.

მეტროპოლიის სათავეში ყოფნის სამი ათწლეულის განმავლობაში პედურარუ ეკლესიის გარეთ თავმდაბლობით გამოირჩეოდა და იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს.

მოლდოვის რესპუბლიკაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს. ერთია მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, მეორე კი ბესარაბიის მართლმადიდებელი სამიტროპოლიტო, რომელიც რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება. სრული დამოუკიდებლობა არცერთს არ აქვს.

საბჭოთა კავშირის დროს რესპუბლიკა მოლდოვაში ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. მანამდე ბესარაბიის სამიტროპოლიტო საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა.

მას შემდეგ, რაც მოლდოვამ 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბესარაბიის სამიტროპოლიტო აღდგა.

რატომ გადადგა პეტრუ პედურარუ?

პრესრელიზი პეტრუ პედურარუს გადადგომაზე ინფორმაციით 30 მაისს გამოქვეყნდა ბესარაბიის სამიტროპოლიტოსა და რუმინეთის საპატრიარქოს ვებსაიტებზე.

იმავე დღეს, რუმინულმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 79 წლის მიტროპოლიტი პეტრუ სექსუალურ კავშირს ამყარებს სხვა კაცთან, რომლის სახეც არ ჩანს.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე პირი სავარაუდოდ, იყო სამხრეთ ბესარაბიის ეპისკოპოსი ბენიამინი, ანუ, მიტროპოლიტის ერთ-ერთი დაქვემდებარებული, ეპისკოპოსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო „სპეკულაციები“, რომელიც, მისი თქმით, „როგორც ჩანს, დისკრედიტაციის შეთანხმებული კამპანიის ნაწილია“ მის და იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ეკუთვნის.

ბესარაბიის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კომენტარს მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებისა და ვიდეომასალის ექსპერტიზაზე გადაცემის შემდეგ გააკეთებენ.

„ჩვენ ვემიჯნებით მსგავს ქცევას არა მხოლოდ სასულიერო პირების მხრიდან, არამედ ზოგადად არ ვეთანხმებით ასეთ საქციელს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური სარწმუნოების მორალურ პრინციპებს“, - განაცხადა ბესარაბიის სამიტროპოლიტოს წარმომადგენელმა, მღვდელმა ანდრეი ბუცლიშმა.

ადრე პრესაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ მიტროპოლიტ პეტრუს რამდენიმე სასულიერო პირმა სექსუალური შევიწროებაში დადო ბრალი, თუმცა ამ საქმეებს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

პეტრუს შემცვლელად დაინიშნა იასის მთავარეპისკოპოსი და მოლდოვისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი, თეოფანე.

პეტრუ პედურარუს გადადგომის დამტკიცების შემდეგ, სინოდის კანცელარია „დაუყოვნებლივ დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ ნაბიჯებს“ ახალი მიტროპოლიტის არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

როგორ ხდება მიტროპოლიტის არჩევა?

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაციისა და მუშაობის წესდებაში ნათქვამია, რომ უცხოური ეპარქიების მიტროპოლიტებს, როგორიცაა, მაგალითად, ბესარაბიის სამიტროპოლიტო, სინოდი ირჩევს ვაკანტური ეპარქიის კრების მიერ შემოთავაზებული ერთი ან ორი კანდიდატიდან.

მიტროპოლიტი შეიძლება გახდეს წმინდა სინოდის (რომელშიც შედის რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი) იერარქიის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს თეოლოგიის დოქტორის ან ლიცენზიანტის ხარისხი და „გამოირჩევა სუფთა ცხოვრებით, საღვთისმეტყველო კულტურით, საეკლესიო ღირსებით, მისიონერული მონდომებითა და შინაურობის შეგრძნებით“. იგი შესაბამის ეპარქიას უნდა ხელმძღვანელობდეს არანაკლებ შვიდი წლის განმავლობაში და 70 წლამდე ასაკისა უნდა იყოს.

თუმცა ბესარაბიის სამიტროპოლიტოს წესდება, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დამტკიცდა და ხელახლა დარეგისტრირდა მოლდოვის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მომსახურების სააგენტოს მიერ, ითვალისწინებს, რომ მიტროპოლიტი აირჩევა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდისთვის ეპარქიის კრებასთან კონსულტაციის შემდეგ სამიტროპოლიტოს სინოდის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან.

„სამიტროპოლიტოს სინოდი წარადგენს კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ეპარქიის ეპისკოპოსის ღირსება და არიან წმინდა სინოდის წევრები“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

ვინ შეიძლება გახდეს ბესარაბიის შემდეგი მიტროპოლიტი?

ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ამჟამად სამი ეპისკოპოსი ჰყავს: სამხრეთ ბესარაბიის ეპისკოპოსი ბენიამინი, ბალტოვის ეპისკოპოსი ანტონი და კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის თანაშემწე ნექტარიოს ბოგდანელი.


ეპისკოპოსი ბენიამინი

ეპისკოპოსი ბენიამინი (50 წლის) წარმოშობით ანენი ნოის რაიონის სოფელ პუჰოიდან არის, ის სამხრეთ ბესარაბიის ეპარქიას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, რუმინეთსა და შვეიცარიაში თეოლოგიის სწავლის პარალელურად. სხვა თანამდებობებთან ერთად, იგი ბუქარესტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად და წმინდა სინოდის კანცელარიის მდივნად მუშაობდა.


ეპისკოპოსი ანტონი

ეპისკოპოსი ანტონი (63 წლის) დაიბადა ანენი ნოის რაიონის სოფელ ჰარბოვაცში. განათლებით ის ჰიგიენისტი და თეოლოგია. 2018 წელს ის ასევე აირჩიეს ბალტის ეპისკოპოსად. ის იყო მათ შორის, ვინც შეიტანა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბესარაბიის სამიტროპოლიტო ეკლესიის მოლდოვის რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.


ეპისკოპოსი ნექტარიოს ბოგდანელი

ეპისკოპოსი ნექტარიოს ბოგდანელი (57 წლის) წარმოშობით რუმინეთის ქალაქ ბრაილადანაა და 2025 წლის თებერვალში აირჩიეს კიშინიოვის მთავარეპისკოპოსის თანაშემწე ეპისკოპოსად. მანამდე, 20 წლის განმავლობაში, ის იყო რუმინეთის სუჩავის ოლქში მდებარე პუტნას მონასტრის წინამძღვარი. უცნობია, აქვს თუ არა მას მოლდოვის მოქალაქეობა.

რატომ ატყდა ეს სკანდალი ახლა?

ვლად კუბრიაკოვი, ბესარაბიის სამიტროპოლიტო ეკლესიის ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიტროპოლიტ პეტრუსთან დაკავშირებულმა სკანდალმა, პირველ რიგში, ბესარაბიის ეკლესიის ავტორიტეტი შელახა. ის ამას ასევე უკავშირებს კიშინიოვის უზენაესი სასამართლოს მიერ 4 ივნისს დაწყებულ მსჯელობას მოლდოვის სამიტროპოლიტო ეკლესიის უფლების შესახებ, გამოიყენოს სახელმწიფო ძეგლის სტატუსის მქონე ყველა ეკლესია.

მოლდოვის სამიტროპოლიტო ეკლესია კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქო ექვემდებარება, თუმცა მოლდოვაში მოქმედებს.

კუბრეაკოვი მიიჩნევს, რომ მომავალი მიტროპოლიტი „გაზრდის ბესარაბიის ეკლესიის მისიონერულ საქმიანობას“ და გააძლიერებს „რუმინულ მართლმადიდებლობას მდინარე პრუტის აღმოსავლეთით, რომელიც ჯერ კიდევ ძველი მოსკოვის საეკლესიო სტრუქტურების ან პოსტსაბჭოთა სტრუქტურების ზეწოლის ქვეშაა“.

მოლდოვის რესპუბლიკაში, ბესარაბიის სამიტროპოლიტო ეკლესიას, რომელიც კანონიკურად რუმინეთის საპატრიარქოს ემორჩილება, 20 წელზე მეტია ეკამათება თავის კანონიკური სტატუსზე კიშინიოვსა და სრულიად მოლდოვის სამიტროპოლიტო ეკლესიას, რომელიც, როგორც ითქვა, რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილება.

ორ საეკლესიო სუბიექტს - ორ სამიტროპოლიტოს შორის კონფლიქტი გაცხარდა, როცა 2022 წელს რუსეთის ჯარმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მას მერე ბევრი შეუერთდა ბესარაბიის სამიტროპოლიტო ეკლესიის მრევლს და დატოვა მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესია იმის გამოც, რომ ამ უკანასკნელმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარი დაუჭირა.

ასევე ნახეთ

15 წელი ღმერთისა თუ პუტინის სამსახურში?!


ასევე ნახეთ

როგორ დევნის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ომის მოწინააღმდეგე მღვდლებს