ინტიმური ფოტოები პოლიციელის ტელეფონში, ესთეტიკის ცენტრი და ოთხი დაზარალებული ქალი - რა მოხდა ხობში?

დავით ჭითანავამ თანამდებობა დატოვა. მან განცხადება თავად დაწერა.

სამეგრელოში, ხობის რაიონში ადგილობრივი პოლიციელი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებულები ხობელი ქალები არიან. რაიონში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველაფერი იცის, რას ჰყვებიან ამ ამბავზე, იმაზეა დამოკიდებული, ვინ ლაპარაკობს.

2025 წლის აპრილის თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხობიდან საჩივარი შევიდა. ქალი ადგილობრივ პოლიციელს, დავით ჭითანავას ადევნებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური - უწყება, რომელიც პოლიციელების დანაშაულებს იძიებდა - 2025 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დანაშაულების გამოძიება პროკურატურას დაექვემდებარა.

30 წლის გათხოვილი ქალი საჩივარში წერდა, რომ დავით ჭითანავა მას ფეისბუკის ანონიმური ანგარიშის გამოყენებით დაუკავშირდა, ნამდვილ ვინაობას არ უმხელდა და შეხვედრას სთხოვდა.

„ფეისბუკის პროფილზე პოლიციის ფოტო ეყენა... იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. მიმოწერებიდან აშკარა გახდა, რომ სდევნიდა. იცოდა, სად გადაადგილდებოდა ქალი, რას და როდის აკეთებდა... კომუნიკაციის მცდელობა სამი თვე გრძელდებოდა, მეგობრობის თხოვნა უგზავნიდა... შეეშინდა და ქმართან შეთანხმებით მისი გამომჟღავნება გადაწყვიტა... შეხვედრაზე შეუთანხმდა და ამხილა“, - უყვება რადიო თავისუფლებას წყარო ხობის რაიონიდან, რომელიც იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ულაპარაკია დაზარალებულ ქალებთან. მან ანონიმურად დარჩენა, დავით ჭითანავას გავლენების შიშით, გადაწყვიტა.

პოლიციელის ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ცნობით, დავით ჭითანავა ხობის პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად იყო დასაქმებული. ერთი თვის წინ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დროს მის წინააღმდეგ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხნის დაწყებული იყო.

სოსო ჯანაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიციიდან წასვლის მიზეზად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. დავით ჭითანავას ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

„მას შემდეგ, რაც შემვიწროებლის ვინაობა გაიგო, ქალმა სამსახურში სიარულს თავი დაანება, თვეები სახლიდან არ გადიოდა, ცხოვრების წესი შეცვალა და კიდევ უფრო მეტად შეეშინდა, რაიმე უარესი არ გაეკეთებინა პოლიციელს. ამ ქალის ქმარსაც სურდა დაეცვა ცოლისა და თავისი ღირსება. ცუდი სცენარი რომ თავიდან აეცილებინა, ქალმა გამოსავალი საჩივრის შეტანაში დაინახა... ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაუჭირდა, ეშინოდა, პოლიციელს თავისი გავლენები არ გამოეყენებინა“, - გვიყვება წყარო.

პოლიციელი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, რა დროსაც კუთვნილი ტელეფონი დათვალიერების მიზნით ჩამოართვეს. გამომძიებლებმა ტელეფონის საცავში სხვა ქალების შიშველი სხეულის ფოტოები იპოვეს.

ამ საქმეს ოთხი დაზარალებული ჰყავს, ოთხივე ქალი ხობის რაიონიდანაა.

პოლიციელი გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევარში, 27 ივლისს დააკავეს იმ დროს, როცა ცოლთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს გაქცევის მცდელობა არ ყოფილა.

„თურქეთში ექიმთან დაჰყავთ ხოლმე შვილი და მეუღლესთან ერთად იყო მისული საზღვარზე. აქამდეც ბევრჯერ გადასულა, ექიმთან ჰქონდათ ხოლმე პერიოდული ვიზიტები. ბავშვი მოხუცი მამისთვის ჰყავდა დატოვებული. თუ ცოლ-ქმარი ქვეყნიდან გარბოდა, ბავშვებს ვის დაუტოვებდნენ?“ - ამბობს სოსო ჯანაშია.

ადვოკატი: „ხომ შეიძლება კაცს ქალი მოეწონოს“.

პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინეს:

  • 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი - ეს არის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელებაა;
  • 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ეს ადევნებაა.

დავით ჭითანავა, ბრალდებული

დავით ჭითანავას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოტსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა [შიშველი სხეულის სურათები, ე.წ. ნუდები]

ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესინჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.

„ესენი [გამოძიება - რ.თ.] ვარაუდობენ, რომ შეგნებულად შეინახა ჭითანავამ სურათები, შეგნებულად შენახული არ ყოფილა, არც მათი [ქალების - რ.თ.] თანხმობის გარეშე შენახული არ ყოფილა, რეალურად შენახულიც არ ყოფილა, რეალურად გამოგზავნილი იყო ამ პირების მიერ ნებაყოფლობით... შენახვის მიზანი, რომ ვიღაცისთვის გაეზიარებინა ან ვინმე დაეშანტაჟებინა არ ყოფილა“ , - ამტკიცებს ადვოკატი.

დავით ჭითანავას ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდის თანახმად, ის უთვალთვალებდა დაზარალებულ ქალს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა.

„დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დავით ჭითანავა არცერთ ბრალდებას არ აღიარებს.

„მართლა არ უარვყოფთ იმას, რომ ამ ქალთან მიმოწერა ჰქონდა, ხომ შეიძლება კაცს ქალი მოეწონოს და ეცადოს მასთან საუბარს, საუბრის გაბმას, წერილის მიწერას, ურთიერთობის აწყობას; რომ ნახა არ სურდა თავი დაანება, მაგრამ ამის მერე ამ ქალს ეჩვენებოდა, რომ სადაც ამ კაცს გადააწყდებოდა, უთვალთვალებდა.. ეს არის ამ ქალის ფანტაზიის ნაყოფი...

ცოლ-შვილი ჰყავს კი, როგორ არ ჰყავს... არსებობენ ასეთი კაცები... ჩემთვის ეს საინტერესო არ არის, მისი მორალური ნაწილია, არავის პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არაა, ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ“, - აცხადებს ადვოკატი.

დავით ჭითანავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა და დამატებით, საცხოვრებელი სახლიდან გასვლა აუკრძალა. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდებული გირაოს უზრუნველყოფას უძრავი ქონებით აპირებს.

„რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? მაინც გამოდის ციხიდან... იქნებ გამწარებულმა რამე მოიმოქმედოს? პოლიციელები აქეთ უნდა გვიცავდნენ და ქალებს ასე არ უნდა გვექცეოდნენ, თან დაოჯახებულებს...“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ანონიმური წყარო ქალაქ ხობიდან.

რა შუაშია ესთეტიკური ცენტრი?

პოლიციელის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმე ამით არ მთავრდება. პროკურატურის თანახმად, გამოძიება ამოწმებს დამატებით ოპერატიულ ინფორმაციას და თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, არ არის გამორიცხული ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს კიდეც.

ოპერატიული პატაკის თანახმად, რომლის ავტორიც პოლიციელია, წყარო კი ანონიმური, დავით ჭითანავას ტელეფონში შეიძლება იყოს ხობში ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომლის ოფისში ვიდეოკამერით გადაღებული და გაგზავნილი ამავე ესთეტიკურ ცენტრში მისული ქალების სექსუალური ხასიათის ფოტოები.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალაქ ხობის იმ ესთეტიკური ცენტრის მფლობელსა და ლაზეროთერაპევტს, რომელიც პოლიციელის პატაკშია ნახსენები. ქალი ამბობს, რომ დავით ჭითანავას ოჯახის ნათესავი და მეგობარია. ის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და შეგნებულ დეზინფორმაციას უწოდებს.

„რას ამბობთ, რა ვიდეოკამერა?! ოთახში ვიდეოკამერას ვინ აყენებს, საერთოდ ვიდეოკამერა არსად არ მქონია და არც მაქვს. ვიღაცა მაგრად მაშავებს, მაგრამ ყველას გაეცემა პასუხი... ან ფოტოს როგორ გადავიღებდი? ერთხელ მაინც ყოფილან პროცედურაზე ისინი, ვინც ამას მაბრალებენ?“ - ამბობს ესთეტიკური ცენტრის მფლობელი.

ის ამტკიცებს, რომ იცის, ამ საქმეზე დაზარალებული ქალების ვინაობა. „ხობი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს“, - ამბობს ცენტრის მფლობელი და ირწმუნება, რომ არცერთი მათგანი მისი პაციენტი არ ყოფილა.

„...ერთი ფოტო ჩამიგდონ, რომელიც ჩემს სამსახურშია გადაღებული და ჩაგდებულია დათოსთან. დამიდონ... მე თავს დავდებ მოსაკლავად. მე ეს არ გამიკეთებია. ეს არის ცრუ ინფორმაცია, ამისთვის ყველას პასუხს მოვთხოვ, არავის ვემუქრები, ხომ არის კანონი და სამართალი?! სამართალი ყველასთვის თუ არის, ჩემთვის არ იქნება?“ - გვეუბნება ქალი.

რამდენიმე თვის წინ ესთეტიკურ ცენტრში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, წაიღეს ლაზეროთერაპევტის მობილური. ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი დამატებითი კვლევებისთვის დავით ჭითანავას ტელეფონი.

„წელიწად-ნახევარია ეს გამოძიება მიდის და მე, წელიწადი და 3 თვეა გახსნილი მაქვს ცენტრი, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. სანამ გავხსნიდი მანამ უჩივლა ერთმა ქალმა ადევნებაზე“, - ამტკიცებს ცენტრის ხელმძღვანელი.

ადვოკატის მტკიცებით კი გამოძიებამ ოპერატიული ინფორმაცია ხელოვნურად ჩადო საქმეში, რათა ტელეფონიდან წაშლილი მონაცემების აღდგენის სამართლებრივი უფლება მოეპოვებინა.

„ოპერატიული ინფორმაცია საქმეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დათოს ტელეფონი ჩამოართვეს... ბრალდების მხარეს ამ ტელეფონის გადასამოწმებლად სჭირდებოდა საფუძველი, რაც შიგნით ნახა, ნახა და ამოიღო კიდეც, ექსპერტიზა ამას აღარ სჭირდებოდა. ეს პატაკი კი იმის საფუძვლად არის გამოყენებული, რომ ჩაატარონ ექსპერტიზა, ნახონ რამე ხომ არ არის წაშლილი და აღადგინონ... საქმეში ერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც ესთეტიკის ცენტრს უკავშირდება“ , - აცხადებს ადვოკატი.

პოლიციელ დავით ჭითანავაზე ჟურნალისტური არქივი სხვა სადავო ისტორიასაც ინახავს. 2025 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ის მოიხსენიეს პოლიციელად, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად "კანონიერ ქურდს" მიმართა.

სიუჟეტის მიხედვით, ჭითანავა ავტომობილების ჩამოყვანის ბიზნესითაც იყო დაკავებული. ერთ-ერთ კლიენტთან, ჯაბა ჯანელიძესთან, ფინანსური დავის წარმოშობის შემდეგ, ჯანელიძე ამტკიცებდა, რომ პოლიციელმა დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ჩართო.

მისი თქმით, ვიდეოზარის დროს ერთ ეკრანზე პოლიციელი ჩანდა, მეორეზე კი პირი, რომელმაც თავი საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდად“ წარადგინა. ჯანელიძის განცხადებით, ქურდული გარჩევის შემდეგ დავით ჭითანავამ მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით პოლიციასაც მიმართა.

თავად ჭითანავა ბრალდებებს არ ეთანხმებოდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირის შესახებ გავრცელებული ბრალდებების მიუხედავად, ის იმ დროისთვის კვლავ მოქმედი პოლიციელი იყო.

პირადი ცხოვრების საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით ჭითანავა ათობით სხვა ქალსაც წერდა სოციალურ ქსელში, ზოგიერთი ნებაყოფლობით უბრუნებდა პასუხს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც თავისი თანამდებობის გამოყენებით აიძულებდა ფოტოების გაგზავნას და დუმილს. „ეს ქალები ხმას ვერ იღებენ, რადგან რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ზოგს ქმარ-შვილი ჰყავს, რცხვენიათ, სახელს უფრთხილდებიან, შედეგად, ასეთი დანაშაულები დაუსჯელი რჩება ხოლმე“.

არის თუ არა დაზარალებულთა რაოდენობა 4 ქალზე გაცილებით მეტი, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. უკვე ყოფილი პოლიციელი საქმეების განხილვას და განაჩენს სახლში დაელოდება. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს