აშშ-ის ახალი სანქციების პროექტი კრემლის ნავთობის შემოსავლების ჩასაკეტად

ტანკერი Marinera (Ex-Bella 1)

აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზანში იღებს იმას, რასაც ისინი კრემლის მთავარ ფინანსურ საყრდენად მიიჩნევენ — ნავთობის ექსპორტს.

2026 წლის „რუსული ნავთობი მოგების შემცირების აქტი“ [DROP Act], რომელიც 11 თებერვალს წარადგინა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასიდან მაიკლ მაკკოლმა, ითვალისწინებს მიზნობრივი სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ, რომელიც მონაწილეობს რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენაში, იმპორტში ან ამ პროცესის ხელშეწყობაში.

რუსული ენერგორესურსები კრემლის საომარი მანქანის სასიცოცხლო სისხლძარღვია, ხოლო DROP აქტი ამ შემოსავლის ძირითად წყაროს შეამცირებს.
მაიკლ მაკკოლი

კანონპროექტის მიზანი, კანონმდებლების თქმით, არსებული სანქციების რეჟიმში დარჩენილი ხვრელების ამოვსება, ხარვეზების გამოსწორება და მოსკოვის შესაძლებლობის შეზღუდვაა, დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.

მაკკოლმა განაცხადა, რომ „რუსული ენერგორესურსები კრემლის საომარი მანქანის სასიცოცხლო სისხლძარღვია, ხოლო DROP აქტი ამ შემოსავლის ძირითად წყაროს შეამცირებს.“ მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს არ დათანხმდება, „სანამ მისთვის სისხლისღვრის ფასი საკმარისად ძვირი არ გახდება.“ მან დასძინა, რომ კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დამატებით ბერკეტს მისცემს და მოკავშირეებს უფრო აქტიური მოქმედებისკენ უბიძგებს.

წარმომადგენელთა პალატაში ინიციატივას მხარს უჭერენ რესპუბლიკელები მაკკოლი და მაიკ ლოულერი (ნიუ-იორკი), ასევე დემოკრატები ბილ კიტინგი (მასაჩუსეტსი), მარსი კაპტური (ოჰაიო), მაიკ ქუიგლი (ილინოისი) და ჯოშ გოტჰაიმერი (ნიუ-ჯერსი).

სენატში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინეს რესპუბლიკელმა სენატორებმა დეივ მაკკორმიკმა (პენსილვანია) და ჯონ ჰიუსტედმა (ოჰაიო), დემოკრატ სენატორებთან — ელიზაბეთ უორენთან (მასაჩუსეტსი) და კრის კუნსთან (დელავერი) ერთად.

ასევე ნახეთ აშშ-მ კარიბის ზღვაში მეშვიდე ტანკერი დააკავა

„ჩრდილოვანი ფლოტის“ ხარვეზის დახურვა

დასავლეთის მთავრობებმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესეს, მათ შორის — რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი. თუმცა რუსეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ — მოძველებული ტანკერებისა და რთული, სხვა ქვეყნების დროშებით ცურვის სქემების ქსელს, რათა ნავთობი საერთაშორისო ლიმიტზე მაღალ ფასად გაყიდოს.

თუ რუსული ნავთობით ვაჭრობ, შენ აფინანსებ პუტინის უკანონო ომს.
მარსი კაპტური

DROP აქტი სწორედ ამ სისტემის წინააღმდეგაა მიმართული. კანონპროექტი ამკაცრებს სანქციებს ორ მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიაზე, ავალდებულებს სანქციების დაწესებას იმ უცხოელ აქტორებზე, რომლებიც რუსულ ნავთობპროდუქტებს ყიდულობენ, და კეტავს იმ ხარვეზებს, რომლებიც ზოგიერთ მყიდველს საერთაშორისო ფასის ზღვარზე მაღალ ფასად ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ სანქციები ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა მათი აღსრულება მკაცრია, და აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა გააძლიერებს სანქციების მოქმედ რეჟიმს და „კრემლს ომის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს მოუჭრის.“

დემოკრატი კონგრესმენი ბილ კიტინგი აცხადებს, რომ კონგრესმა და პრეზიდენტმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა პუტინმა და მისმა საომარმა მანქანამ „იგრძნონ თავიანთი უკანონო ქმედებების შედეგები.“ მისი თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ უკრაინის მხარდაჭერის კონკრეტულ კრიტერიუმებს, და ადასტურებს „უკრაინისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას.“

მარსი კაპტურის თქმით, „თუ რუსული ნავთობით ვაჭრობ, შენ აფინანსებ პუტინის უკანონო ომს.“ მან კანონპროექტს უწოდა „დიდი ხნით დაგვიანებული ნაბიჯი“ ნავთობის შემოსავლების შეზღუდვისა და კონფლიქტის სამართლიანი დასრულების პერსპექტივის გასაძლიერებლად.

სტრატეგიული მოქნილობა და პოლიტიკური საკითხები

კანონპროექტი ადმინისტრაციას აძლევს უფლებას, გამონაკლისები დაუშვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებენ რუსული ნავთობის იმპორტს ან უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას გაუწევენ.

ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად კონგრესში ფართო ორპარტიული მხარდაჭერისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს კანონპროექტის მიღებას. გადამწყვეტი შეიძლება იყოს თეთრი სახლის აქტიური მხარდაჭერა.

კანონპროექტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სანქციების მკაცრი აღსრულება და დამატებითი ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებზე აუცილებელია, თუ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს რეალური შედეგი უნდა ჰქონდეს. მათი თქმით, „თუ მოლაპარაკებებმა შედეგი უნდა გამოიღოს, რუსეთზე დამატებითი ზეწოლა გარდაუვალია.“

ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები “ჩრდილოვან ფლოტში” - ვინ იცავს მათ რუსული სპეცსამსახურებისა თუ ამერიკული სასაზღვრო ძალებისგან?