მოკლედ
- გორში მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტი ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი მედიის აგრესიული კამპანიის შედეგად ჩაიშალა.
- პოლიტიკური ინტერესებისა და ცენზურის გამო, საქართველოში ბოლო დროს არაერთი კონცერტი, თეატრალური სპექტაკლი და კულტურული ღონისძიება გაუქმდა.
- მუსიკოსებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ აგორებული კამპანია რამდენჯერმე ფიზიკურ თავდასხმებსა და დევნაშიც გადაიზარდა.
- ხელისუფლების მიერ ხელოვანთა „დაქენსელებისა“ და იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევის ეს მეთოდები ტოტალიტარული რეჟიმების (რუსეთი, თურქეთი, საბჭოთა წარსული) ხელწერაა.
რამდენიმე დღის წინ, გორში მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტი გაუქმდა. მიზეზად ორგანიზატორებმა „უსაფრთხოების რისკები“ დაასახელეს.
თუმცა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობას, რომ გორში, მზეჭაბუკის სკვერში, Kordz-ი დახურავდა „კამარა ფესტივალს“, ადგილობრივი ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიების მიერ მუსიკოსის საწინააღმდეგო კამპანია მოჰყვა.
„ოცნების“ ლიდერებმა კონცერტის გაუქმების შემოქმედად, "აღშფოთებული ხალხი" გამოიყვანეს, რომელიც პასუხს ითხოვდა:
"ერთი კვირის განმავლობაში, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ფულს უხდის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს, საზოგადოება ელის პასუხს და პაველ ჰერჩინსკიმ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა საქართველოს მილიონ ორასი ათასი მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევდა", - თქვა "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
გააკრიტიკეს კონცერტის ორგანიზატორები - ევროკავშირის წარმომადგენლობა და დანიის კულტურის ინსტიტუტი, გაიხსენეს Kordz-ის ორი წლის წინ გარემიქსებული , „ოლე ოლა“ და ამ ყველაფერს „ფაშიზმის წამახალისებელი აქტი“ დაარქვეს.
მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (Kordz)
„ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც „ქართული ოცნების“ გინებას შეიცავს. ეს სიმღერა ფეხბურთის ქომაგების შეძახილის საპროტესტო ინტერპრეტაცია, რომლის ავტორად ამ შემთხვევაში ხალხი იქცა და მას ხშირად მღეროდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე. რაც შეეხება Kordz-ს, მას იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, - რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“ (მუსიკალური ფრაგმენტი); ეს სიმღერა მან 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბ Moods-ში.
„მარტო ბოლო ერთ კვირაში, ჩემს წინააღმდეგ პარლამენტარების ათეულობით განცხადება დავთვალეთ... ყველა ცდილობდა ეთქვა, რომ ისინი ”ხალხის სახელით“ ლაპარაკობდნენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის ხალხის ხმა. რომ თითქოს ხალხია გაბრაზებული „ოლე ოლას“ გამო.
ეს გამოგონილი ამბავია - „ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის ვინ ვარ, რას ვაკეთებ. მაგრამ როცა დღეში რვაჯერ ისმენს ადამიანი ვიღაცაზე რომ ის ფაშისტია, ეს რაღაც ნაწილზე მაინც მოქმედებს. ამაში ახალი არაფერია, პროპაგანდა ასე მუშაობს“, - გვეუბნება ალექსანდრე კორძაია.
ასევე ნახეთ
შვილი: ალექსანდრე კორძაიაKordz-თან მოკლე ინტერვიუ, მისი კონცერტის ჩაშლის შემდეგ ჩავწერეთ.
გვითხრა, რომ კონცერტის გაუქმება მისი პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
მუსიკოსი მის წინააღმდეგ აგორებულ აგრესიულ კამპანიას მხოლოდ „ოლე ოლას“ თემას ან მის პოლიტიკურ აქტივიზმს არ უკავშირებს:
„ბოლო წელიწად-ნახევარია არანაირ სამოქალაქო პროტესტში არ მიმიღია მონაწილეობა, ჩვეულებრივად ვუკრავდი კონცერტებს“, - გვეუბნება Kordz-ი, - „ოლე ოლას“ თემაც დღეს ნაკლებად აქტუალური მგონია, რადგან ეგ ორი წლის წინ იყო. უფრო ვფიქრობ, რომ დროდადრო, ხელისუფლებას სჭირდება ხოლმე „ხალხის მტერი“ შექმნას და რადგან ამ კონცერტის ორგანიზებაში ევროკავშირიც იყო ნაწილობრივ ჩართული, ეს ორი ფაქტორი კარგად გამოადგათ...
- როგორ ფიქრობთ, ეს ამბავი ერთი კონცერტის ჩაშლით დასრულდება თუ კიდევ ელით რამე ზიანს?
- არ ვიცი, კიდევ რისი და ვისი „დაქენსელება“ მოუნდებათ. ძალიან ცუდი იქნება თუ ეს იმ პროექტებს შეეხება, რომლებსაც მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად აკეთებ. გორის ბავშვთა გუნდმა რომ გამიუქმა კონცერტი, ეგ ჩემთვის ბევრად მძიმე ამბავი იყო. მეგონა, რომ ხელოვანებში სხვა ურთიერთობა იყო.
- ანუ სახიფათო სიგნალებს ხედავთ?
- ვინც არასოდეს გამოთქვამს თავის აზრს პოლიტიკაზე, მათთვის, ალბათ, არაფერია სახიფათო. იცის, რომ თუ ჩუმად იქნება, მას არაფერი შეეხება. ამას ყველა არტისტი თავად წყვეტს. ალბათ, მალე მივალთ იქამდე, რომ ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყანაში დაკვრის შესაძლებლობა შეინარჩუნოს, ზოგისთვის კი თავისი აზრის გამოხატვა შეეძლოს. ჩემი აზრით, პრობლემა ზუსტად ისაა რომ აქამდე მივედით.
- რთულია ასეთ ზეწოლასთან გამკლავება?
- კინოსა და თეატრში, რადგან იქ მაინც გუნდური მუშაობაა, შეიძლება უფრო გაუჭირდეთ ზეწოლა და მიზნის მიღწევა. მუსიკოსი კი, რომელიც, ძირითადად მაინც ცალკე, მარტო მუშაობს, უფრო ადვილია გახდეს სამიზნე. არ ვიცი, რა იქნება მომავალში - იქნებ ხვალ იმ დარბაზსაც მიადგნენ, სადაც კერძო კონცერტს ჩავატარებ? მაინც მთავარი ამბავია, ვინ გაუძლებს და ვის შეეშინდება.
- თქვენ რისთვის ხართ მზად?
„ჯერ არ მაქვს ბოლომდე ამაზე პასუხი. ჯერ დავუკრავ რაც დაგეგმილი მაქვს და შევხედავ. მუსიკის შეჩერების ვარიანტი არც განიხილება“, - ამბობს Kordz-ი, რომლის „ბაში აჩუკს“ („ცა ფირუზ ხმელეთ- ზურმუხტო“) ამ ზაფხულს, ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ათასობით ახალგაზრდა მღეროდა.
„დაქენსელება“ - რა არის ეს?
ეს სოციალური იგნორირებისა და ბოიკოტის ფორმაა, როდესაც საზოგადოება (ან მისი რომელიმე ჯგუფი) ზურგს აქცევს კონკრეტულ ადამიანს, კომპანიას ან არტისტს მისი შეხედულებების, განცხადებების ან ქცევის გამო.
ეს ტერმინი 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან ვრცელდება სოციალური ქსელების (Twitter/X, TikTok, Facebook) განვითარებასთან ერთად.
დღეს დასავლეთში ცდილობენ მის ჩანაცვლებას ტერმინით „პასუხისმგებლობის კულტურა“ (Accountability culture), რათა ადამიანს დამცირების ნაცვლად შეცდომის გამოსწორების შანსი მისცენ.
ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებში „დაქენსელების“ იმიტაციას სახელმწიფო მანქანა ქმნის და მას ტერორს, ცენზურასა და ფიზიკური განადგურებას ამატებს -„ხალხის მტრის“ იარლიყის მიკერება და დევნა იქნება ეს, თუ მაგალითად საბჭოთა დროს გულაგში გადასახლება და მეხსიერებიდან ამოშლა.
"დაქენსელება" ქართულად
გორში, “არტ ჰაუსში” დაგეგმილ და შემდეგ ჩაშლილ Kordz-ის კონცერტზე კომენტარი სახელისუფლებო მედიებმა “ოცნების” თითქმის ყველა ლიდერს სთხოვეს.
რამდენიმე მედიიდან (იმედი, რუსთავი 2, პოსტვ) ერთდროულად, უწყვეტად ისმოდა ერთნაირი შეფასებები ერთი და იგივე კითხვებზე, რომლებიც ასე ჟღერდა:
- “Kordz-ის კონცერტი გაუქმდა, ეს ის Kordz-ია, რომელმაც “ოცნების” მილიონ ამომრჩეველს შეურაცხმყოფელი სიმღერა უმღერა და ამ კონცერტს დანიის მხარე აფინანსებდა…”
ან ასე:
- “ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამაზე (Kordz-ის კონცერტის ჩაშლაზე) სინანული გამოხატა…თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი შემოქმედებით თავისუფლებასა და საზოგადოებისათვის შეურაცხყოფის მიყენებას შორის?”
“ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი “უკულტურობას და ფაშიზმის” დაფინანსებაში დაადანაშაულა და თქვა: “ეს ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტიაო”.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ევროკავშირის ელჩი გააკრიტიკა, “საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს” უფინანსებენ კონცერტს, ამის გამო, “მილიონ ორასი ათასი ქართველს არ პასუხობენ კითხვაზე” და “აი, ამ კორძის ინსტაგრამ პოსტს ლამის ბოდიშით ეხმაურებიან მისი კონცერტის გაუქმების გამოო”.
თბილისის მერი კახი კალაძე გორში კონცერტის ჩაშლის შემდეგ ირწმუნებოდა, „საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია”, ოღონდ, “როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელიაო”.
“ოცნების” დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კი ცდილობდა Korz-ის კონცერტის ჩაშლა “საზოგადოებრივი პროტესტის” შედეგად წარმოედგინა და აცხადებდა, შეუძლებელია, “ნორმალურ საზოგადოებაში ვინმეს მოსწონდეს ასეთი ტიპის რადიკალიზაციის და ძალადობის წახალისებაო”.
ამ შინაარსს სიტყვა-სიტყვით იმეორებდა “ოცნების” სხვა წევრების შეფასებებიც.
“ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ”
26 მაისს, იმ დღეს, როცა Korz-ის კონცერტი უნდა გამართულიყო, მის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერების და ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიების კამპანიას, მუსიკოსის დედა, თავადაც მუსიკოსი, თამრიკო კორძაია ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.
ალექსანდრე კორძაია და თამრიკო კორძაია
მან თქვა, რომ პროცესი ტერორში და ადამიანის განადგურებაში გადაიზარდა და ამ კამპანიის მიზანი ხალხის თვალში ხელოვანის იდენტობის შეცვლაა:
“ეს კი არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ხელოვანს გაუკეთონ. ეს ხდებოდა სწორედაც ფაშიზმის და ჰიტლერის დროს, ეს ხდებოდა სტალინის დროს, ეს ხდება პუტინის რუსეთში და ეს ხდება ახლა საქართველოში… იქნებ, დაფიქრდეთ, რა მიზანი აქვს ამ კამპანიას და ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაწიოთ, არა ალექსანდრეს გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ” - თქვა მან.
ასევე ნახეთ
KORDZ-ის დედა: ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს და ეს ხდება ახლა საქართველოშიამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში Kordz-ის მხარდამჭერი განცხადებების და კონცერტის ჩაშლით გაბრაზებული ადამიანების გამოხმაურებებმა მოიმატა.
- ალექსანდრე კორძაიას სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე.
- თავისი ახალი შოუ “Unburned” Kordz- ის მიუძღვნა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა და წარმოდგენის დასრულების შემდეგ მუსიკოსს მხარი სცენიდანაც დაუჭირეს.
- ,,ჩვენი სოლიდარობა Kordz-ს, მის ოჯახსა და პროტესტის გამო შევიწროებულ ყველა ადამიანს“, - დაწერა ფეისბუკზე მუსიკალურმა ჯგუფმა LOUDspeakers-მა.
- “ვამაყობ, რომ ასეთი მეგობარი და კოლეგა მყავს და კარგად ვიცი, რომ ის უკვე წერს თავის ღირსეულ ფურცლებს ქართული მუსიკის ისტორიაში, მათ შორის სახალხო საპროტესტო მელოდიის რემიქსის ჩათვლით - წერდა კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.
- “კორძი - გამოხატავს იმას, რაც მინდა რომ იყოს საქართველო. იმ ადამიანს გამოხატავს, ვისითაც უნდა აშენდეს ქვეყანა. თანამედროვე, ქვეყნის მოსიყვარულე და პატრიოტი" , - ეს კი ნაწყვეტია პიანისტ გიორგი გიგაშვილის ფეისბუკპოსტიდან.
- სათამაშოების მწარმოებელმა “ჩიტიკაიმ” დაწერა, რომ მათი ცნობილი სათამაშო - წერო - კორძის მელოდიას უკრავს და ეს შემთხვევითი არ არის.
- საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა (TUMIG) კი განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ “დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით”.
როგორ ჩაიშალა კონცერტი
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო“, - “კამარა ფესტივალის” ორგანიზატორის, დანიის კულტურის ინსტიტუტის ფეისბუკგვერდზე ეს პოსტი კონცერტამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა.
"კამარა ფესტივალის" გაუქმებული ღონისძიება ფეისბუკზე
ევროკავშირის წარმომადგენლობაში, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, სინანული გამოთქვეს უსაფრთხოების გამო ფესტივალის გადადების გამო და დაწერეს, რომ “ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა”.
„საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ“, - ასე გამოეხმაურა მომხდარს თავად მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია.
ასევე ნახეთ
გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა - „უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“Korz-თან სხვა ანგარიშებიც აქვთ?
ცოტა ხნის წინ, პროპაგანდამ კერძო მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტსაც” შეუტია, რომლის რეკლამაშიც მუსიკოსი გამოჩნდა - სამთავრობო მედიებმა ამ ამბავს საგანგებო სიუჟეტები მიუძღვნეს.
Kordz-ი Wolt-ის სარეკლამო ვიდეოში
ხოლო „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „ვოლტის“ ბოიკოტი მოითხოვეს.
აღშფოთების მიზეზი აქაც, აქაც Kordz-ი და მისი ორი წლის წინანდელი, „ოლე ოლა“ გახდა.
2024 წლის დეკემბერში, აქციების დროს, საქართველოში მიტანის სერვისის ორმა ყველაზე დიდმა და ერთმანეთის კონკურენტმა კომპანიამ („გლოვომ“ და „ვოლტმა“), მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატა.
ასევე ნახეთ
Glovo და Wolt: ჩვენი ფიქრები დაზარალებული დემონსტრანტებისკენაა მიმართულიკიდევ ერთი ამბავი - 2026 წლის ზაფხულში, ფესტივალ “თბილისი ოფენ ეარზე” გამოსვლის წინ, რამდენიმე დღით ადრე, ალექსანდრე კორძაიასთან ერთობლივი კონცერტი გააუქმა გორის ბავშვთა გუნდმა (ხელმძღვანელის [თეონა ცირამუა - რ.თ.]
ასევე ნახეთ
გორის ბავშვთა გუნდი Kordz-თან ერთად Open Air-ის სცენაზე აღარ იმღერებსმიზეზად „პირადი და გადაუდებელი პრობლემა“ დასახელდა.
“ძალიან მეწყინა და არ ველოდი” - დაწერა მაშინ ალექსანდრე კორძაიამ
„ოფენ ეარზე“ კი Kordz-მა სტუდია ანა-ბანას გუნდთან ერთად იმღერა.
კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის 8 ივლისს კი, Kordz-ის ქუჩაში დაესხნენ თავს.
“ოთხი... „მობანდიტო“ ტიპი მომიახლოვდა და მეუბნება: „შენ დიჯეი კორძი არა ხარ, შე ბო*ო, ახლა კარგის ტრ**ს მოგი***ვთო“ და ქუჩაში გამომეკიდნენ“.
მაშინ მუსიკოსი თავდამსხმელებს გაექცა.
ასევე ნახეთ
თავს დაესხნენ კიდევ ერთ მუსიკოსს, Kordz-ს, რომელმაც „ოლე ოლა“ შეასრულავის „ეშინია“ ხელოვ(ა)ნების?
როდის აქტიურდება პროპაგანდა და მთელი ძალით უტევს მუსიკოსებს, მწერლებსა თუ რეჟისორებს? როდის ცდილობს მათ „მოთვინიერებას“?
„მათ სურთ, რომ თეთრზე ყველამ თქვას, რომ შავია, მაგრამ ამ დროს, საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც სცენიდან, წიგნიდან, ფილმიდან ამბობენ სიმართლეს. ასეთი სიმართლე არ აწყობთ ავტოკრატიულ ხელისუფლებებს და ამ სიმართლის რეპრესიებში მოქცევას ცდილობენ. გამოვლილი გვაქვს ეს ამბავი ბოლშევიკების დროსაც, როცა ხელოვნებას ატერორებდნენ და დღესაც იგივე ხდება“, - ამბობს მწერალი ბესო სოლომონაშვილი (ავტორი რომანისა „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“, „ლუმპენ მილენიუმი“).
ბესო სოლომონაშვილი
„ასეთი შეტევა იდეოლოგიური სიცარიელის ნიშანია, როცა მთავრობა ხალხს ვერაფერს სთავაზობს გარდა იმისა, რომ გაფუჭებული საქმეები გადაფაროს, სანახაობა მოაწყოს. ხალხი სხვა რამეზე აფიქროს, მთავრის გარდა. გააღიზიანოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატო ალხაზიშვილი, გამომცემლობა „ზიარის“ დამფუძნებელი, რომელიც გამოსცემს დოკუმენტურ ლიტერატურას ტოტალიტარული წარსულის შესახებ.
„ალბათ, ხვალ ლიტერატურულ ფესტივალსაც მოადგებიან და დაინტერესდებიან, რომელ ავტორებს ვიწვევთ, რაზე ვლაპარაკობთ, რადგან ეს თავისუფალი აზროვნების სივრცეა“ - ამბობს თბილისის საერთაშორისო ლიტფესტივალის და პენ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ლომოური.
ნატა ლომოური
მისი აზრით, როგორც მუსიკოსის წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდა, ისე სხვა ხელოვანებზე შეტევა ერთი მხრივ არის ნიშანი, რისი ეშინია ხელისუფლებას - თავისუფალი სიტყვის, ახალგაზრდებზე გავლენის და დიდი აუდიტორიის, მაგრამ მეორე მხრივ, ამ შიშით გამოწვეული მათი ნაბიჯები სახიფათოა ხელოვანთათვის.
„მერამდენე კონცერტი უნდა ჩაშალონ? მერამდენე სპექტაკლი უნდა გაუქმდეს? ეს უბრალოდ ცენზურა არ არის, ბიოგრაფიების შეცვლაზეა ლაპარაკი. და მეორე მხრივ, ასეთი კამპანიები თვითცენზურის დაწესების უზარმაზარ საფრთხესაც აჩენს, რასთან გამკლავებაც ძალიან რთულია“.
რა უნდა დაუპირისპირდეს პროპაგანდის ასეთ მძლავრ ტალღას, რომლის მიზანი მეამბოხე ადამიანების გაჩუმებაა?
არდანებება. პროპაგანდის საპირწონედ - ღრმა შინაარსის შექმნა და გამბედაობის ხარჯზე ისევ საკუთარი ბრძოლის გაგრძელება - ასე პასუხობენ რადიო თავისუფლებას ბესო, ნატო და ნატა.
თავდასხმები სხვებზეც - ისევ „ოლე, ოლას” გამო
ალექსანდრე კორძაია, მასზე თავდასხმის მომენტში, უკვე მესამე მუსიკოსი იყო, ვისაც „ოლე ოლას“ შესრულების გამო დაესხნენ თავს.
ორიოდე დღით ადრე, საკუთარ სახლთან თავს ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობს, მომღერალსა და ტელეწამყვან ვანიკო თარხნიშვილს.
ისიც ამ თავდასხმას 2025 წლის იანვარში, თბილისის ერთ-ერთ პაბში სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას უკავშირებდა.
ასე გამოიყურებოდა ვანიკო თარხნიშვილი თავდასხმის შემდეგ
რამდენიმე თვით ადრე, 2025 წლის 4 მარტს კი, ამავე სიმღერის გამო, ქუჩაში, თავს დაესხნენ თავს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში - „გამოუვალი მდგომარეობა“.
Kordz-ის მხარდასაჭერად გავრცელებულ განცხადებაში, მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა მუსიკოსი ერეკლე გეწაძეც გაიხსენა, რომელმაც 2025 წლის მაისში, Tbilisi Open Air-ზე გამოსვლისას, რუსულ დროშაზე მოშარდვის იმიტაციით (ბუშტიდან წყლის დასხმით) საკუთარი პროტესტი გამოხატა.
ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით.
„მას მერე მისი შემოქმედებაც გაქრა პლატფორმებიდან და თავადაც ჩამოშორდა სფეროს“ - წერს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი.
ირაკლი კობახიძემ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მაშინ „უკულტურობის“ გამოვლინება უწოდა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, მის ამ შეფასებას - - „სწორი".
ასევე ნახეთ
გავრილოვმა კობახიძეს საქციელი მოუწონა ერეკლე გეწაძის პერფორმანსის დაგმობისთვისეს ამბავი პროსახელისუფლებო რუსული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
გვაინტერესებდა, ახლა რას აკეთებს ერეკლე გეწაძე და რას ფიქრობს ხელოვანთა წინააღმდეგ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიებზე - ერეკლეს მივწერეთ, თუმცა ის აღარ გამოგვხმაურებია.
სცენიდან მოხსნილი სპექტაკლები
2025 წლის მაისში, ხელისუფლების მიერ წახალისებული "დაქენსელების" სამიზნე “სამეფო უბნის თეატრი” და დათა თავაძის გახმაურებული სპექტაკლი “ლიბერტე” გახდა.
„იმედის“ სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც სპექტაკლზე გადაღებული ნაწყვეტებიც აჩვენეს, "სამეფო უბნის თეატრთან" პრორუსული ფიგურების - დიმიტრი ლორთქიფანიძის, გურამ ფალავანდიშვილის, გრიშა ონიანის და სხვათა ორგანიზებითა და მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა - მათ სპექტაკლის „სცენიდან მოხსნა“, საჯარო ბოდიში და მომავალში კანონით დასჯა მოითხოვეს.
"ლიბერტეს" რეჟისორი დათა თავაძე სპექტაკლის აფიშის ფონზე.
საპატრიარქომ ამ სპექტაკლს „ღვთისმგმობელი“ უწოდა და საზოგადოება მისი „მართებულად შეფასებისკენ“ წააქეზა.
რეჟისორი დათა თავაძე „იმედის“ კამპანიას მაშინ არ გამოხმაურებია და ამ დრომდე ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია.
რაც შეეხება სპექტაკლ “ლიბერტეს”, უკვე წელიწად-ნახევარია, “სამეფო უბნის თეატრში“ ეს წარმოდგენა აღარ გამართულა.
გაუქმებული სპექტაკლი - ბათუმის თეატრში
2026 წლის თებერვალში, ბათუმის თეატრმა, პრემიერამდე ორი დღით ადრე, რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლი DARK WEB-ი (ქართულად „ბნელი ქსელი“) გააუქმა - ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.
აფიშა ამბობდა, რომ ეს საავტორო სპექტაკლი ეხმაურებოდა თანამედროვე ციფრულ სამყაროში გაბატონებულ ძალადობასა და სისასტიკეს და იკვლევდა ძალადობის წარმოშობის მიზეზებსა და მოტივაციებს.
გეგა გაგნიძის DARK WEB-ის პრემიერა 2026 წლის 7 თებერვალს უნდა გამართულიყო
ბათუმის დრამატული თეატრი წერდა, რომ მათი ინფორმაციით, რეჟისორი აპირებდა „სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“ - ამას თეატრის ადმინისტრაცია „თეატრის სივრცის პოლიტიზირებას“ უწოდებდა.
„შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“, - ეწერა თეატრის განცხადებაში.
სპექტაკლი გაუქმდა. გეგა გაგნიძე კი ამ გადაწყვეტილებას ერთი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა, მომხდარს ბოროტება უწოდა და დაწერა, რომ „ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშეო“.
გეგა გაგნიძეს ახლაც (და მაშინაც) ვთხოვეთ ჩვენთვის მისი მოსაზრების გაზიარება, თუმცა მედიასთან საუბარზე მან ამჯერადაც უარი გვითხრა.
ხელოვანების გაქრობა - პროპაგანდის ინსტრუმენტებით
2026 წლის 8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში დოქტორი კოლინ ალექსანდერი წერს, რომ პროპაგანდა იშვიათად არწმუნებს ადამიანს ლოგიკით, მაგრამ ის მუშაობს შიშზე, პატრიოტულ გრძნობებზე, წყენასა და კუთვნილების განცდაზე.
ეს კი ადამიანებს ტყუილების დაჯერებას უმარტივებს.
პროპაგანდა ვერ ზემოქმედებს მხოლოდ კრიტიკული აზროვნების მქონე, ინფორმირებულ ადამიანებზე. რეჟიმებიც ამიტომ ცდილობენ როგორც განათლების სისტემის კონტროლს, ისე დამოუკიდებელი მედიის დახურვას და კრიტიკული ხმების გაქრობას ყველა სცენიდან.
ასე ხდება რუსეთში, სადაც სახელმწიფო პროპაგანდა წლებია პარალელურ რეალობას ქმნის შიგნით, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ჩინეთში და ირანში, სადაც უმკაცრესი ინტერნეტ-ცენზურა არსებობს.
დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულ ქვეყანაში, ჩრდილოეთი კორეაში, სადაც პროპაგანდა ერთადერთი საინფორმაციო წყაროა...
ასეთ ქვეყნებში (და ეს არ არის სრული ჩამონათვალი), დევნა, მხოლოდ კონცერტის ჩაშლით, წიგნის აკრძალვით ან სპექტაკლის გაუქმებით არ მთავრდება - ხშირად ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და სცემენ, აპატიმრებენ, უკრძალავენ პროფესიული საქმიანობას, აიძულებენ ემიგრაციას.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის მაგალითებიც საკმარისია:
- უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომისა და პუტინის ხელისუფლების კრიტიკის გამო, რუსეთში მასობრივად აკრძალეს თეატრალური დადგმები. გააუქმეს მუსიკალური ჯგუფების კონცერტები (მაგალითად, ჯგუფი „ბი-2“, მწერალი ბორის აკუნინი და სხვები) და ისინი „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს. მათი წიგნები კი ბიბლიოთეკებიდან და მაღაზიებიდან გააქრეს.
- რუსეთის სახელმწიფო დუმა სპეციალურ კომისიებს ქმნიდა იმ არტისტების დევნისა და „დაქენსელებისთვის“, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომსა და პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ.
- 2016 წლის მოვლენების შემდეგ თურქეთში ათობით კრიტიკული სახელოვნებო პროექტი, ფილმი და თეატრალური სპექტაკლი აიკრძალა.
- ზეჰრა დოღანის, ცნობილი მხატვრისა და ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ სწორედ 2016 წლის მოვლენების შემდეგ დააკავა, სისხლის სამართლის აღძვრა საქმის აღძვრის მიზეზი გახდა მისი ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო თურქეთის სამხედრო ოპერაციების შედეგად განადგურებული, ქურთებით დასახლებული ქალაქ ნუსაიბინის ნანგრევები (ნახატში ნანგრევებზე თურქეთის დროშები იყო აღმართული).
- სასამართლომ მას თითქმის 3 წლიანი (2 წელი, 10 თვე და 22 დღე) პატიმრობა მიუსაჯა „ტერორისტული პროპაგანდის“ ბრალდებით. პატიმრობის პერიოდში მას ხატვის საშუალებასაც არ აძლევდნენ და ასე ცდილობდნენ გაექროთ სახელოვნებო სცენიდან, თუმცა ის მაინც ახერხებდა ხატვას იმ მასალებით, რაც ციხეში გააჩნდა - ყავით, ჩაით, სიგარეტის ფერფლით.
ხელოვნების, კინოსა და ლიტერატურის მკაცრ იდეოლოგიური ჩარჩოებში მოქცევის, ხელოვანების დევნის, იზოლაციის და მათი სახელების წაშლის პერიოდი - მეხსიერებიდანაც და პირდაპირ ფოტოებიდანაც, საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის შემდეგ, საქართველომ ერთხელ უკვე გამოიარა.
"ნუ ჩავდგებით მსხვერპლის როლში" - პასუხი პროპაგანდას
ეს კითხვა დასვა და მას თავადვე უპასუხა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ხელისუფლების ოპონენტ ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში.
მან თქვა, რომ დღეს მსხვერპლის როლში ჩადგომა - დანებების ტოლფასია და დღეს რასაც Kordz-ის მხარდამჭერები უნდა აკეთებდნენ, მისი კონცერტის ორგანიზებაა, სადაც ათასობით ადამიანი მივიდოდა და იტყოდა, რომ ისინი ბევრნი არიან, რომ მათ არ ეშინიათ:
"არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვიღაც თავის ძალადობრივ ჯგუფებს გამოგზავნის და დაგვიპირისპირებს. რაც მეტს გავუტარებთ და ჩავდგებით მსხვერპლების როლში, მით მეტს გაგვიკეთებს. ამიტომ თავი ზემოთ ავწიოთ და ვიბრძოლოთ".