„ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გინებას [„ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“], დემონსტრაციებზე და პროტესტის მხარდამჭერების მხრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ის ხშირად ჟღერდება - ამ დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რამაც ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია.
„ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინიგის, ადამიანის განადგურების ახალ ხარისხში. და ამას მე, რადგან არ ვარ საქართველოში და სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, სრულიად დამტკიცებით და სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა“, - ამბობს მუსიკოსი თამარ კორძაია შვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც სახელისუფლებო ტელევიზიები და „ქართული ოცნების“ ლიდერები ახორციელებენ.
მაგალითად, 25 სექტემბერს აშშ-ში ვიზიტად მყოფ პრემიერ-მინისტრს KORDZ-ის შესახებ კითხვა დაუსვა პროსახელისუფლებო არხის ჟურნალისტმა. 7 წუთიანი კითხვა პასუხიდან 1,5 წუთი სწორედ მასზე საუბარს დაეთმო.
„ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, - თქვა კობახიძემ.
KORDZ-ის დედა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ალექსანდრე ამოირჩია იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ... რატომღაც ამოირჩიეს ადამიანი, რომელიც არის ყველაზე წესიერი, უვლის თავის ბებიებს და საქართველოში გადმოვიდა იმიტომ, რომ უყვარს და იცის, რომ ხელოვანებმა თავიანთი ცოდნა უნდა გაუყონ სხვებსაც...“
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ რაღაც არის შესაცვლელი, რადგან „ხალხს არაფრის გამო ციხეში სვამენ, სახლში უვარდებიან, ფსიქოლოგიურად ანგრევენ - უცვლიან იდენტობას“...
კონცერტი გაუქმდა
KORDZ-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო პარტიის ლიდერები და მათთან აფილირებული ტელევიზიები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც შეიტყვეს, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტი გორში კონცერტს/ფესტივალს აორგანიზებდა, რომლის მონაწილეც ალექსანდრე კორძაია უნდა ყოფილიყო.
ფესტივალი დღეს, 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სამი დღით ადრე, 23 სექტემბერს ღონისძიების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი. ორგანიზატორებმა „კამარა ფესტივალის“ გაუქმების მიზეზად დაასახელეს „უსაფრთხოების“ საკითხი.
მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, რომელსაც 2025 წლის ივლისში თბილისში თავს დაესხნენ, აცხადებდა, რომ „მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს“:
„საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“.
თავდასხმა Kordz-ზე
მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (სასცენო სახელით Kordz-ი), რომელიც ერთ-ერთია პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერ იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც საჯაროდ შესრულებული აქვთ სიმღერა „ოლე ოლა“, 2026 წლის 9 ივლისს თავს დაესხნენ.
Kordz-ი იყო მესამე მუსიკოსი, რომელსაც ამ სიმღერის გამო გაუსწორდნენ.
- „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღეროდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
- მასზე დღემდე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები;
- Kordz-ს იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“;
- მან ეს სიმღერა 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბ Moods-ში.
- ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“;
- როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).
ფორუმი