ამ შეკრებით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც ორი კვირაა ირანის არაერთ ქალაქსა და პროვინციაში, ქუჩაში ითხოვენ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ირანის რეჟიმი პროტესტს ძალადობით პასუხობს - დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, ცეცხლსასროლ იარაღს. ინტერნეტის გათიშვის გამო თეირანიდან და სხვა ქალაქებიდან ინფორმაცია დაკავებულთა და დაღუპულთა შესახებ ფრაგმენტულად და შეზღუდულად გამოდის.
ირანში საპროტესტო გამოსვლების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შტატები ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და არ გამორიცხავს პროცესში ჩარევასაც.
ირანში დემონსტრანტების მხარდაჭერა x-ზე დააფიქსირა შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც 10 იანვარს დაწერა: „ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“.
პარალელურად, ირანის ყოფილი შაჰის შვილი, ემიგრაციაში მცხოვრები რეზა ფეჰლევი კვლავ ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ამბობს, რომ თავადაც ემზადება ირანში დასაბრუნებლად.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 10 იანვრის ღამეს როგორც თეირანში, ისე ირანის არაერთ სხვა ქალაქში კვლავ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იყო.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა. ირანელ ექიმებზე დაყრდნობით დასავლური მედია კლინიკების გადატვირთულობაზე წერს - BBC-ის ცნობით, თეირანის კლინიკაში აქციაზე დაშვებულთა სიმრავლის გამო კრიზისულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებს.