პურის საჭრელი დანა, მახათი, ბრელოკი - რას ამბობს კანონი ცივი იარაღის ტარებაზე და როგორ სრულდება ის

პურის საჭრელი დანა, კარაქის დანა, მახათი, დანა-ბრელოკი - საქართველოს კანონმდებლობით, ეს ყველაფერი ცივ იარაღად ითვლება - ფოტოილუსტრაცია

პურის საჭრელი დანა, კარაქის დანა, მახათი, დანა-ბრელოკი - საქართველოს კანონმდებლობით, ეს ყველაფერი ცივ იარაღად ითვლება და თუ ადამიანს ქუჩაში უპოვეს, ჩამოართმევენ და 500 ლარით დააჯარიმებენ. 

დანების მლესავი გიორგი ჩხაიძე რამდენიმე წელია ცდილობს გაერკვეს, რა არის ცივი იარაღი და რა - არა. ამბობს, კანონი იმდენად გაუგებარია, რომ სუფრის დანაც ცივ იარაღად მიიჩნევა და სამზარეულომდე მიტანამდე შეიძლება პოლიციამ ქუჩაში ჩამოგართვასო.

„ჩემს სახელოსნოსთან ჩამომართვეს გასალესი დანა. გავასაჩივრე, მაგრამ ვერ ვიბრუნებ. სასაცილოა, მლესავს წაართვეს სხვისი გასალესი დანა. სამზარეულოს დანაც წამართვეს, ზურგჩანთაში მედო საჭმელთან ერთად. ვერც მას ვიბრუნებ. იყო შემთხვევა, თიანეთში მიდიოდა ადამიანი, პოლიციამ დანა ხომ არ გაქვსო, ეგონა, დანა სჭირდებოდათ, მიაწოდა და დააჯარიმეს. მეაქლემე დააჯარიმეს, რომელიც ვაშლს უჭრიდა დანით აქლემებს“, - ამბობს გიორგი.

რას ამბობს კანონი?

საქართველოში ცივი იარაღის ტარება აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ 500 ლარით უნდა დაჯარიმდეს ყველა, ვისაც ცივი იარაღი ექნება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

დანაშაულის განმეორება 1 წლის ვადაში ისჯება ათასლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით.

რა ითვლება ცივ იარაღად?

2026 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N38, რომელიც აღწერს და ადგენს ცივ იარაღს. იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ ცივ იარაღთან დაკავშირებით ბევრი რამ იყო დაუზუსტებელი და ახალმა კანონმა კიდევ უფრო გააბუნდოვანა.

დადგენილებაში წერია, რომ არადასაკეცი და დასაკეცი დანები, ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია და უძლებს არანაკლებ 1 კგ-ის დატვირთვას. ეს არ ეხება მსხვრევად-დასარტყმელ ცივ იარაღებს, მაგალითად, კვერთხს და საჯიგველს (კასტეტი).

საილუსტრაციო ფოტო

იქვე წერია, რომ საგანი მართლაც ცივი იარაღია თუ არა, ექსპერტმა უნდა შეაფასოს.

„რეალურად გამოდის, რომ ყველაფერი ცივი იარაღია, სახლში რომ პურის საჭრელი დანა მიდევს და მლესავთან მინდა წავიღო, შეუძლიათ დამაჯარიმონ. ან დანას რომ ვყიდულობ და სახლში მიმაქვს“, - ამბობს იურისტი.

181-ე პრიმა მუხლში ჩამოწერილია, რომ ადამიანი არ ისჯება, თუ ცივ იარაღს ატარებს:

  • პირადი ჰიგიენის მიზნით;
  • საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
  • პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
  • ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
  • იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.


ბავშვთა ანსამბლი ეროვნულ სამოსში, ხანჯლებით

აქ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ...

„პოლიცია ამბობს, მე რა ვიცი შენ ხელოსანი ხარ თუ არა ან საჭმლისთვის გინდა ეს დანა თუ რისთვისო, - ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ალპინისტი, კატა და თოკის დასაჭრელი დანა

ორიოდე წლის წინ ცნობილი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე დანის ტარებისთვის დააჯარიმეს.

„მთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ცოლმა მთხოვა, იქნებ კატა მიიყვანო ვეტექიმთანო. კლინიკა იქვე იყო. უცბად პოლიციამ ჩამოიარა, ეს რა არისო, კატა-მეთქი. არა, ეგ არა, დანაო. სპეციალური დანა იყო ალპინისტებისთვის, მსუბუქი, პატარა, თოკის დასაჭრელი. შემთხვევით შემრჩა ქამარზე. ვუთხარი, რომ ალპინისტი ვარ და მჭირდება. მაგრამ მაინც გამოიძახეს პატრული და ოქმი შეადგინეს. ჯარიმა როდის გავასაჩივრო-მეთქი. როცა დასკვნა ჩაგბარდებაო. რომ არ ჩამბარდა, მივაკითხე და აღმოჩნდა, რომ უკვე დაგვიანებული იყო. გადავიხადე 500 ლარი, დანაც ჩამომართვეს. 150 ლარამდე ღირდა ის დანა. ძალიან განვიცდი, რომ დანის გარეშე მიწევს ცხოვრება, ბავშვობიდან არ მომიშორებია“, - ჰყვება ბიძინა გუჯაბიძე.

მოხუცი და ვაშლი

2022 წელს ტელევიზიები მოიარა სიუჟეტებმა მოხუცზე, რომელიც დანით ვაშლს თლიდა და პოლიციამ განყოფილებაში წაიყვანა.

„რა გვიცავს ამგვარი შემთხვევებისგან?“ - ჰკითხა იმავე წელს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა იაგო ხვიჩიამ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენდა. მოგვიანებით ეს ცვლილება მიიღეს კიდეც. კანონში ჩაიწერა, რომ საჯარო სივრცეში დანა ისე უნდა ატარო, რომ მისი დაუყოვნებლივ გამოყენება ვერ მოახერხო.

ცივი იარაღის ტარება - ანუ ის, რაც დასჯადია - გულისხმობს ისეთ გარემოებას, როდესაც ადამიანს „ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება“.

გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ ამ კანონის გამო პოლიციამ ჯერ პატარა, წელის ჩანთებიდან დაიწყო დანების ამოღება, მერე ზურგჩანთებიდან, ახლა კი უკვე მანქანების საბარგულებზეც გადავიდა.

„წერია გამონაკლისები, პროფესიული მიზნისთვის თუ იყენებ ან შეფუთული გადაგაქვს, მაგრამ რეალურად აჩერებენ მანქანებს, საბარგულებიდან ამოაქვთ დანები და ადამიანებს აჯარიმებენ. ან მოპედებს აჩერებენ და მოპედის საბარგულიდან ამოაქვთ. როგორც არ უნდა შეინახო ეს დანა, მნიშვნელობა არა აქვს. სამხრე კამერას ხშირად არ რთავენ და სასამართლოზეც ვერაფერს გააწყობ, იტყვის, რომ ის დანა ჯიბეში გედო“, - ამბობს ვასილ ჟიჟიაშვილი.

უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია. პოლიცია აჩერებს ადამიანს, ართმევს საგანს, აგზავნის ექსპერტიზაზე და თუ ექსპერტიზამ რაღაც დროის მერე დაადასტურა, რომ ეს საგანი ცივი იარაღია, პოლიცია ადამიანს დააჯარიმებს, ამ იარაღს კი ჩამოართმევს. ეს შეიძლება იყოს დანა (მათ შორის საკმაოდ ძვირფასიც, რადგან ზოგიერთ დანა ათასობით ლარი ღირს), ხელსაწყოები, სამეურნეო იარაღები და ა.შ.

სოციალურ ქსელში ამ თემაზე ბევრი წერს:

„სავსე ყუთი მიდევს მანქანაში ინსტრუმენტების, ნაჯახიც, 2 „ვიქტორინოქსიც“ (ერთი დიდი საკმაოდ, ფიქსატორით), თითოზე დამიწერენ 500 ლარიანს რო რამე, თუ ყველაზე ერთად?“

„დანა ვერ გავიჩერე ვერც მანქანაში და ვერც ტანსაცმელში, ორჯერ დამაჯარიმეს უკვე. ახლა მეუბნებიან, პირობითზე გაგიშვებთო. თუ რამე მქონდა ყველაფერი ამოვაბარგე მანქანიდან. ეხლა მეშინია „დანგრატზე“ და მაგის „კლუჩზეც“ არ მომედავონ“.

„ელექტრიკი“ ვარ. მანქანაში სულ მცირე 5-6 დანა მიდევს, ზოგი ხანჯალივითაა“.

„ცულის გადატანა საბარგულით არ შეიძლება? და თუ არა, როგორ შეიძლება?“

„საქმე ისეთი ტემპით მიდის, კბილის ჩხირებსაც აკრძალავენ მალე“.

2022 წელს იაგო ხვიჩიას კითხვის პასუხად, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში განმარტა, რომ კანონი არ გულისხმობს ისეთი დანების აკრძალვას, რომლებიც ადამიანს ჰიგიენისთვის, მაგალითად, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად სჭირდება. კანონის მიზანია, საზოგადოება დიდი, ხერხიანი, ორლესული დანებისგან დაიცვას. ამასთან პოლიციამ უნდა დაასაბუთოს ორი რამ: პირველი, რომ საგანი, რომელიც ადამიანს თან აქვს, ნამდვილად ცივი იარაღია და მეორე, ეს იარაღი აქვს ვინმესთვის საფრთხის შექმნის მიზნით.

„თუ ამას ვერ ასაბუთებს პოლიცია, ბუნებრივია, არც ჩამორთმევის უფლება გვაქვს... თუ პროფესიონალური იარაღია და ახალი ჯიშების გამოსაყვანად (დასამყნობად) სჭირდება, ბუნებრივია, აქვს მისი ტარების უფლება. მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ. იმ კრიმინალსაც, რომელიც ატარებს, ძალიან კარგად აქვს მომზადებული პასუხი - შეიძლება ორლესულ, ხერხიან დანაზეც გითხრას, სათევზაოდ მივდივარ და ამისთვის მჭირდებაო“, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ რეალობა სულ სხვაა. პოლიცია მათ დანებს ყველაფრის მიუხედავად ართმევს და შემდეგ არც შსს-ში გასაჩივრება ჭრის, არც - სასამართლოში.

ასევე ნახეთ

აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ - ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის?