პუტინმა ამ შეხვედრაზეც დააფიქსირა თავისი წინააღმდეგობა ამ საკითხის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები არის „ეთნიკური პრობლემები“, რაც საქართველოს „საუკუნეების განმავლობაში“ ჰქონდა.
ბუქარესტის სამიტის შემდეგ, აგვისტოს ომამდე
ლიდერების „საუბრის მემორანდუმი“ - ესე იგი, სტრუქტურირებული აღწერა იმისა, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე და არა პირდაპირი ტრანსკრიპტი - 2025 წლის 23 დეკემბერს გასაჯაროვდა.
ტექსტი, - რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“ (NSA, მდებარეობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში) გამოაქვეყნა, - 2008 წლის 6 აპრილით თარიღდება.
ესე იგი, აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე. ამასთან, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან ორიოდე დღის შემდეგ.
ეს არის ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის უკანასკნელი შეხვედრა ამ ფორმატში.
შეხვედრა რუსეთში, სოჭში, პუტინის რეზიდენციაში გაიმართა და მას ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
საუბრის ერთ-ერთ ეპიზოდში ვლადიმირ პუტინი აკრიტიკებს ნატოს გაფართოების ინიციატივებს და ჯერ უკრაინაზე ამბობს, რომ მისი ნატოში ინტეგრაცია შექმნის აშშ-სა და რუსეთს შორის გრძელვადიან კონფლიქტს. იქვე ამბობს, რომ უკრაინა „არ არის ბუნებრივად შექმნილი ერი“ და უწოდებს მას „საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად შექმნილ ქვეყანას“.
შემდეგ კი საქართველოზე იწყებს საუბარს.
ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში, 2005 წლის 9 მაისი
„ეთნიკური კონფლიქტები“
„ახლა საქართველოს რაც შეეხება, მათ ჰგონიათ, რომ ნატოს ფარის დახმარებით შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს სწორი გზაა? სწორია, ნატოს სამხედრო ქოლგის გაფართოვდეს და მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციები დაიწყონ? იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ნატო იქ ომში ჩაერთვება? რა თქმა უნდა, არა“, - ამბობს პუტინი.
„საქართველოს მოსახლეობა იძულებული უნდა გახდეს, სხვა საშუალებებით მოაგვაროს თავისი შიდა პრობლემები. თუ იძულებულნი იქნებიან, ამას გააკეთებენ. იქ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკური პრობლემებია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, - ეუბნება იგი ამერიკელ კოლეგას.
„მაგრამ თუ ისინი ხალხს ნატოს იქ მოსვლით დააშინებენ, ეს არ იმუშავებს. ისინი მაინც ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. თქვენ ნახავთ, როგორ ჩამოვლენ ადამიანები მთებიდან და გაისვრიან ყველა მიმართულებით. ისე ჩაცმული ხალხი, როგორც გუშინ ღამით თქვენთვის ცეკვავდნენ“, - ამბობს ვლადიმირ პუტინი და აგრძელებს:
„რუსეთმა ეს კარგად იცის და იქ მეგობრებიც შეიძინა. როდესაც აქ 10 წლის წინ ომი დაიწყო, ჩეჩნებმა რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციები შეწყვიტეს და საბრძოლველად მოვიდნენ. ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. მათი ერთ-ერთი ლიდერი ორი წლის წინ ჩვენ გავანადგურეთ, მაგრამ კიდევ ბევრნი არიან. ჩვენ ისინი იქ არ გაგვიგზავნია, მაგრამ ომის დაწყებისას ყველა აქ იყო“.
„საქართველო უნდა გახდეს იძულებული, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. მათი ნატოში გაწევრიანება მხოლოდ წაახალისებს მათ, რომ ეს საკითხი სამხედრო გზით მოაგვარონ; იარაღის აღებით. რუსეთისთვის კი ყოველთვის არსებობს ჩვენი საზღვრების მახლობლად ახალი სამხედრო ბაზებისა და შეიარაღების სისტემების საფრთხე. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი არგუმენტია ამ განვითარების წინააღმდეგ“, - ასე ასრულებს ის საქართველოზე საუბარს.
დასძენს, რომ ბუშისგან ამ საკითხზე „რეაქციას არ ელის“.
პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მას ასე პასუხობს:
„ერთ-ერთი რამ, რაც თქვენში აღმაფრთოვანებს, არის ის, რომ ამის ნატოსთვის თქმის არ მოგრიდებიათ. შესანიშნავია. ხალხი ფრთხილად გისმენდათ და ეჭვი არ შეჰპარვიათ თქვენს პოზიციაში. კარგი შესრულება იყო“.
შემდეგ ლიდერები საუბარს აგრძელებენ სხვა საკითხებზე, მათ შორის, ირანზე, ბირთვულ იარაღზე და ა.შ.
- 2025 წლის აგვისტოში ამავე გზით გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 2000 წელს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ვლადიმირ პუტინმა, კრემლში შეხვედრისას, არაერთი მაღალჩინოსნის თანდასწრებით, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხიც განიხილეს.
- ვლადიმირ პუტინმა ბილ კლინტონს უთხრა, რომ თუკი საქართველოდან რუსი ჯარისკაცები „ზედმეტად სწრაფად“ გავიდოდნენ, ეს ქვეყნის „ჩამოშლას“ გამოიწვევდა და „ქვეყანას ბანდიტები დაეპატრონებოდნენ“.
- 1999 წლის „სტამბოლის შეთანხმებით“, რუსეთმა ვალდებულება აიღო საქართველოდან ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების დაცლისა და ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებზე მოლაპარაკების შესახებ;
- ვაზიანიდან ბაზა 2001 წელს გაიყვანეს, გუდაუთის ბაზა დსთ-ის (ფაქტობრივად კი რუსეთის) სამშვიდობო ძალებს გადაეცა, ბათუმიდან და ახალქალაქიდან კი სამხედრო ნაწილები 2007 წელს გაიყვანეს;
- 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის სამხედრო ოკუპაცია, რაც დღემდე გრძელდება; რუსეთი დღემდე ოპერირებს სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.