პუტინის რბოლა სათადარიგო აეროდრომზე

ვლადიმირ პუტინი ფორმულა 1-ის ავტომობილის საჭესთან, ხოტილოვო-2-ის ავიაბაზა, 2010 წლის 7 ნოემბერი

ხოტილოვო-2-ის აეროდრომი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ავიაბაზაა, რომელიც რუსეთის დედაქალაქს დასავლეთიდან იცავს. ის მდებარეობს ტვერის რეგიონში, რუსეთის პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში.

თექვსმეტი წლის წინ ვლადიმირ პუტინმა აქ გამოცადა თავისი ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილი და მას შემდეგ ეს ობიექტი პრეზიდენტის საჰაერო ესკადრილიის ერთ-ერთ ბაზად იქცა. ის მუდამ უკავშირდება რუსეთის და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

ავიაბაზაზე ცოტა ხნის წინ აღმართეს ვალდაის ტბაზე დახურული საპრეზიდენტო კომპლექსის გარშემო მდებარე კოშკურების მსგავსი „პანცირის“ კოშკურა.

თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები აქ სხდებიან, შემდეგ კი ჯარები და აღჭურვილობა ლიბიასა და მალიში გადაჰყავთ. აქ ბაზირებული გამანადგურებლები მონაწილეობენ ევროკავშირთან „ჰიბრიდულ ომში“.
2017 წელს ხოტილოვოში ახალი რკინიგზის ხაზი და სადგური აშენდა — დაახლოებით ამავე დროს, მსგავსი სადგურები პუტინის სხვა რეზიდენციებთანაც გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი აქ გაიქცა ევგენი პრიგოჟინის აჯანყებისგან და სწორედ აქ ჩამოაგდეს მოგვიანებით „ვაგნერის“ კერძო სამხედრო დანაყოფის დამფუძნებლის თვითმფრინავი.

„ყვითელი ფერი „ლადა კალინას“ გაგახსენებდათ"

„ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა პირადად გამოეცადა ფორმულა 1. ის ორადგილიან სპორტული მანქანის საჭეს ტურისტივით არ მისჯდომია. პრემიერმინისტრმა რამდენიმე საათი გაატარა Renault-ის გუნდის ნამდვილი სპორტულ ავტომობილში. მოგვიანებით, ტელემეტრიამ აჩვენა, რომ მან საათში 240 კილომეტრი განავითარა“, - განუცხადა სპორტულმა ჟურნალისტმა დმიტრი გუბერნიოვმა ტელეარხ Rossiya-2-ს 2010 წლის შემოდგომაზე. 12 წლის შემდეგ, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მან ლუჟნიკის სტადიონზე მიტინგი მოაწყო სახელწოდებით „მსოფლიო ნაციზმის გარეშე! რუსეთისთვის! პრეზიდენტისთვის!“

2010 წლის იანვარში, ავტომრბოლელი ვიტალი პეტროვი გახდა პირველი რუსი, რომელმაც ფორმულა 1-ში იასპარეზა და Renault-თან კონტრაქტი გააფორმა. ამ გუნდის მანქანის მართვის შესაძლებლობა პუტინს 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე მიეცა, თუმცა, იმავე დღეს იყო დაგეგმილი ახალი Renault R30-ის საზოგადოებისთვის წარდგენა სანქტ-პეტერბურგში.

იმედგაცრუებულ სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ოსტროვსკის მოედანზე მანქანის ძველი ვერსია, R26, დახვდათ. სხვა ინფორმაციით, როგორც ჩვეულებრივ სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებს, ასევე პუტინს სავარჯიშო მანქანები აჩვენეს და არა „შეჯიბრების“ მანქანები.

„პრემიერმინისტრს რუსეთის ფედერაციის გერბიანი ჩაფხუტი ეხურა წარწერით „რუსეთი“, ასევე ეცვა ფორმულა 1-ის პროფესიონალი მძღოლის სარბოლო კოსტიუმი, რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოქარგული. სარბოლო მანქანის შეფერილობა ლადა კალინას ყვითელს ფერს გაგახსენებდათ, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა იმ ზაფხულს ჩიტა-ხაბაროვსკის გზატკეცილზე 2000 კილომეტრზე მეტი გაიარა“, - ნათქვამია მთავრობის ვებსაიტზე და იქვე აზუსტებდნენ, რომ ღონისძიება „ლენინგრადის რეგიონში სპეციალურად მოწყობილ გზატკეცილზე“ გაიმართა.

"ცოცხალი ჟურნალისა" და "ვკონტაკქტეს" ყურადღებიანმა მომხმარებლებმა მაშინვე შენიშნეს, რომ „მოწყობილი გზატკეცილი“ აეროდრომს ჰგავდა და კადრებში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე გაჩერებული თვითმფრინავები მოჩანდა.

„დიახ, ეს ხოტილოვოა!“ „მართლა ხოტილოვოა, ჩანს ტრასა, სასიგნალო მაშუქები - „ტრანსკონები“ და სასტარტო სამეთაურო პუნქტი СКП-1 “, - სწრაფად ამოიცნეს ის ყოფილმა სამხედროებმა, რომლებიც საჰაერო ბაზაზე მსახურობდნენ და "ვკონტაკტეზე" პუტინისა და ფორმულა 1-ის ვიდეოს ქვეშ კომენტარები დატოვეს. გეოლოკაციის დადასტურება ასევე შესაძლებელია შვიდი წლის შემდეგ ბაზის პრესტურის დროს გადაღებული ვიდეოს საშუალებით."

პუტინის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზაზე ასაფრენი ბილიკი უნაკერო მონოლითური ბეტონით დაფარეს, რითაც ის სარბოლო მანქანებისთვის შესაფერისი გახდა. შუშარიში სანქტ-პეტერბურგის ავტოდრომი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, ხოლო „იგორა დრაივის“ ტრასის აშენებას, სადაც სოჭის ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ეტაპის გადატანა სურდათ უკრაინასთან ომამდე: პუტინის დისშვილი, მიხაილ შელომოვი, მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ ააშენებს.


ვლადიმერ პუტინი ფორმულა 1-ის სარბოლო მანქანის საჭესთან, 2010 წლის 7 ნოემბერი

ჩემს სადგურზე ჩამოვალ

2023 წლის თებერვალში გამოცემა „დოსიე“ წერდა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმირ პუტინმა, უსაფრთხოების გამო, სულ უფრო ხშირად დაიწყო სპეციალური საპრეზიდენტო მატარებლის გამოყენება - თვითმფრინავისგან განსხვავებით, ის არ ჩანს რადარებზე და სათვალთვალო საიტებზე.

იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტისთვის უკვე აშენებული იყო რამდენიმე პირადი სადგური. პუტინის რეზიდენციის გვერდით, მოსკოვის მახლობლად, ნოვო-ოგარიოვოში პირველი მათგანის - როგორც უსოვოს ჩიხური სადგურის მცირე გაფართოების მშენებლობა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, 2015 წელს მშენებლობა დასრულდა და პრეზიდენტს უკვე ჰქონდა თავისი პირველი პირადი სადგური, რომელიც მაღალი ღობით იყო შემოფარგლული. ამ უცხო თვალისთვის ფარული „ცხრა და სამი მეოთხედი პლატფორმის“ შესასვლელი 2019 წელს Google-ის პანორამულ ფოტოზე გამოჩნდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, პუტინის პირადი სადგურების მშენებლობა დაიწყო და დასრულდა კიდევ ორ რეზიდენციასთან ახლოს.

2017 წელს სოჭში, ბოჩაროვ რუჩეიში პრეზიდენტის აგარაკამდე მიმავალი განშტოება აშენდა. 2019 წლის მარტიდან დეკემბრამდე, პუტინის ვალდაის რეზიდენციის მახლობლად აშენდა ახალი რკინიგზის ხაზი და პირადი სადგური, რომელსაც ამჟამად 20-ზე მეტი „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა იცავს და სადაც პრეზიდენტის უმცროსი შვილების სავარაუდო დედა, ალინა კაბაევა, დიდ დროს ატარებს თავის ვაჟებთან ერთად, დასავლეთში სპეციალურად დაქირავებულ პერსონალთან ერთად.

კიდევ ერთი ასეთი სადგური და ახალი რკინიგზის ხაზი 2017 წელს ვალდაის მახლობლად, ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზის მახლობლად აშენდა. ახალი სარკინიგზო ხაზები წარმოადგენს ბოლოგოე-პოლოცკის კუჟენკინოს სადგურის განშტოებას.

Your browser doesn’t support HTML5

Строительство железнодорожной ветки к авиабазе "Хотилово-2"

ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზამდე მიმავალი რკინიგზის ხაზის მშენებლობა

ახალი რკინიგზის ხაზის მშენებლობა, რომელიც საჰაერო ბაზას ქალაქ ბოლოგოესთან და ვალდაიში პუტინის რეზიდენციასთან აკავშირებს. აეროდრომთან ახლოს მდინარე შლინაზე ახალი რკინიგზის ხიდის მშენებლობის დროს მუშის მიერ გადაღებული ფოტო.

ათი წლით ადრე, 2007 წლიდან, რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, ხოტილოვო-2-ის აეროდრომი ერთობლივი მოხმარება დამიწყეს და იქიდან სპეციალური საფრენი რაზმის „რუსეთის“ მფრინავებს პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირები და მათ სტუმრებს გადაჰყავთ.

უცნობია, გამოიყენა თუ არა თავად პუტინმა ეს რკინიგზა, მაგრამ მისი გზით ნამდვილად გადაჰყავთ სამხედრო პერსონალი საჰაერო ბაზაზე, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ გამოუცხადებია რკინიგზის მშენებლობის შესახებ. 2017 წლის ნოემბერში, კუჟენკინოდან ხოტილოვომდე ახალი გზის გახსნისთანავე, მასზე უკვე მოძრაობდნენ ვაგონები, რომლითაც ჯარისკაცები მგზავრობდნენ. ერთ-ერთი მათგანის მოგზაურობის თვალყურის დევნება ვოლგოგრადიდან და საჰაერო ბაზამდე, სოციალურ ქსელ „ვკონკტეში“ განთავსებული ფოტოების საშუალებით შეძლო რადიო თავისუფლებამ.

რუსი სამხედროები მოსამსახურეები მატარებლის ვაგონში ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზის მახლობლად, 2017 წლის დეკემბერი

სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „საწვავმზიდ თვითმფრინავამდე“

1952 წელს 790-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი გადაიყვანეს ტვერის ოლქის სოფელ ხოტილოვოს მახლობლად მდებარე პატარა აეროდრომზე. ის მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის ნაწილი გახდა. დანაყოფის მისია იყო მოსკოვის საჰაერო თავდაცვაში მონაწილეობა, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთიდან დაცვა.

მას შემდეგ, აეროდრომს ორი მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: 1960-იანი წლების დასაწყისში, ის გადაიტანეს მის ამჟამინდელ ადგილას (ასაფრენი ბილიკი თავდაპირველად გზატკეცილის გვერდით გადიოდა), ხოლო 2006 წელს, საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკი მთლიანად აღადგინეს.

რემონტის შემდეგ, მას შეუძლია ყველა ტიპის თვითმფრინავის, მათ შორის Tu-160 სტრატეგიული ბომბდამშენების მიღება. სწორედ ამ უკანასკნელი რემონტის შემდეგ, ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზას მიენიჭა ერთობლივი გამოყენების აეროდრომის სტატუსი.


სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-160 ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზაზე, 2014 წლის მაისი

ხოტილოვოში განთავსებულია მოდერნიზებული MiG-31BM/BSM გამანადგურებლების ორი ესკადრილია და მოდერნიზებული Su-27SM გამანადგურებლების ერთი ესკადრილია, რომელიც 2019 წლიდან უახლესი რუსული Su-35S გამანადგურებლებით აღიჭურვა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ხოტილოვო-2-ს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის ბაზად იყენებენ. აეროდრომი ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც იღებს და ის რეგულარულად გამოიყენება თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავების მიერ, რომლებსაც შემდეგ ტვირთი და პერსონალი სირიასა და აფრიკაში გადაჰყავთ (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ არის მოცემული).

ხოტილოვო-2-ის მიერ სამოქალაქო თვითმფრინავების მიღების შესახებ, სანდო ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება

2022 წლის 20 ივნისს აქ დაეშვა და თითქმის მაშინვე მინსკში დაბრუნდა „ბელავია-ს“ Boeing 737. ავიაკომპანია ცნობილია თამაშის World of Tanks-ის რეკლამით ფორმაზე. ის იქ ჩაფრენის მიზანი გაურკვეველი რჩება: ალიაქსანდრ ლუკაშენკა იმ დღეს მოგილევის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ზამთრის ქერის ჯიშებს ამოწმებდა. ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 14 თებერვალს, ბელორუსულმა საწვავმზიდმა ბოლო გაფრენა შეასრულა.

2023 წლის თებერვალში, როგორც რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტმა Sistema-მ აღმოაჩინა, პუტინის მეგობრებთან, ძმებ კოვალჩუკებთან დაკავშირებული კერძო ავიაკომპანია RusAir-ის კუთვნილი Falcon 8X-ის ტიპის თვითმფრინავი ხოტილოვოს აეროდრომზე დაეშვა. უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე. ფრენა ფედერალური ასამბლეისთვის პუტინის მიმართვამდე ორი დღით ადრე განხორციელდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა უამბო გამოცემა „სააგენტოს“, რომ პუტინი მართლაც რეგულარულად იყენებს ხოტილოვო-2-ს ვალდაში, თავის რეზიდენციაში მისასვლელად. მისი თქმით, სარკინიგზო ხაზის აშენებამდე პრეზიდენტი ავიაბაზაზე მანქანაში გადაჯდებოდა ხოლმე.

ხოტილოვო-2 და პრიგოჟინი

2026 წლის 1 ივნისს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელს, 65 წელი შეუსრულდებოდა. მისი სახელი მჭიდრო კავშირშია ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზასთან. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სწორედ აქ ჩამოფრინდა მოსკოვიდან სასწრაფო რეისით ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინის ამბოხის დაწყების შემდეგ. ამავე ადგილას, ორი თვის შემდეგ, ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც პრიგოჟნი იჯდა; ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო პრეზიდენტის შურისძიება თავისი ყოფილი მზარეულის ღალატისთვის. 2023 წლის 23 ივნისის საღამოს, ევგენი პრიგოჟინმა და „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი ოკუპირებული ლუგანსკის ოლქთან და შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც ალყა შემოარტყეს მთავარ ადმინისტრაციულ შენობებს. ისინი მოითხოვდნენ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გადადგომას რუსული არმიის არაეფექტიანი მართვის გამო. 24 ივნისს, დილით, რუსებისადმი საგანგებო ვიდეომიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მომხდარს „ღალატი“, „ამბოხი” და „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.


ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვში, 2023 წლის 24 ივნისი

პრიგოჟინი და მისი მებრძოლები მოსკოვისკენ დაიძრნენ, ამავდროულად, რუსეთის დედაქალაქიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით „როსიის“ საჰაერო რაზმის, სულ ცოტა, სამი თვითმფრინავი აფრინდა. მათგან ორმა - საპრეზიდენტო ილ-96-მა საბორტო ნომრით - RA-96022 და ილ-96-მა - ნომრით RA-96021 - ტვერის რაიონში დაშვება დაიწყეს, რის შემდეგაც ტრანსპონდერები გამორთეს და ხოტილოვო-2ის ბაზის მახლობლად რადარებიდან გაუჩინარდნენ.

მომდევნო დღეს, ორივე თვითმფრინავი კვლავ გამოჩნდა რადარზე ტვერის ოლქის მახლობლად და მოსკოვში დაბრუნდა. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვლადიმირ პუტინი რომელიმე ამ თვითმფრინავში.

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლში იყო.

პრიგოჟინის ამბოხი ჩაიშალა.

25 ივნისს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელსა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, მას და მის მებრძოლებს ბელარუსში შესვლის უფლება მისცეს. თუმცა, პრიგოჟინი რუსეთიდან სრულიად სხვა მიმართულებით გაფრინდა: აფრიკაში, სადაც მისი დაქირავებული მებრძოლები კრემლის ინტერესების დასაცავად იბრძოდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, სუდანში, ლიბიასა და სხვა ქვეყნებში.

ორი თვის შემდეგ, 23 აგვისტოს, ევგენი პრიგოჟინმა, „ვაგნერის“ მაღალი რანგის მეთაურებთან ერთად, აფრიკიდან რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მოსკოვში ის გადაჯდა კერძო Embraer Legacy 600-ის ტიპის თვითმფრინავში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში უნდა გაფრენილიყო.

საღამოს, დაახლოებით 6 საათზე თვითმფრინავმა მოულოდნელად სიმაღლის კარგვა დაიწყო და საღამოს 6:20 საათზე ჩამოვარდა სწორედ იმ სოფელ კუჟენკინოს მახლობლად, რომელიც ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.


წითლად აღნიშნულია ადგილი, სადაც იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც პრიგოჟინი იჯდა, ყვითლად კი აღნიშნულია საჰაერო ბაზა ხოტილოვო-2.

ამ კატასტროფის მიზეზის დოკუმენტური მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არსებობს: ძირითადი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა თვითმხილველებს ცაში რაკეტის გაშვების ან სხვა თვითმფრინავის კვალი არ დაუნახავთ. 2020 წელს, საჰაერო ბაზა ხოტილოვო-2-ზე ბაზირებულმა სუ-35С გამანადგურებელმა სასწავლო გაფრენის დროს კიდევ ერთი თვითმფრინავი, სუ-30, ჩამოაგდო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტი მოხდა იმიტომ, რომ სუ-35С-ზე საბრძოლო მორიგეობის შემდეგ ქვემეხის განმუხტვა დაავიწყდათ. „მეგობრული ცეცხლით“ დაზიანებულმა სუ-30-ის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა სოფელ კუჟენკინოს მახლობლად

ვალდაიდან მალიში

დღესდღეობით საჰაერო ბაზა ხოტილოვო-2 მხოლოდ პუტინის „სათადარიგო აეროდრომის“ და მისი რეზიდენციის თავდასხმებისგან დაცვის ფუნქციას არ ასრულებს.

პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროს „აფრიკის კორპუსმა“ ჩაანაცვლა. ჯერჯერობით, მას დიდი წარმატება არ აქვს: მაგალითად, მალიში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსებმა რამდენიმე მტკივნეული მარცხი განიცადეს ბრძოლებში ტუარეგ მეამბოხეებთან და ისლამისტებთან, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთს აკონტროლებენ.

2024 წლის ივლისში, მალის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ტინზაუტენიდან უკან დახევისას, რუსი ჯარისკაცები ალყაში აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. სულ ახლახან, 2026 წლის აპრილში, რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისმა ძალებმა და მალის არმიამ, შეიარაღებული ანტისამთავრობო დაჯგუფებების თავდასხმის შემდეგ, მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი კიდალი დატოვეს.

კიდალი ადრე ტუარეგების „აზავადის გათავისუფლების ფრონტის“ ერთ-ერთი ავანპოსტი იყო და მის დაბრუნებას დაჯგუფების კონტროლის ქვეშ, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს: ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამან შეიძლება გადაარწმუნოს ბამაკოს ხელისუფლება იმის აუცილებლობისგან, რომ მომავალშიც მნიშვნელოვანი თანხები ხარჯონ „აფრიკის კორპუსის“ დასახმარებლად. თუმცა, როგორც ჩანს, ეს თანამშრომლობა ჯერჯერობით გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ილ-76, საბორტო ნომრით RF-78663, ამ წლის 9 მაისს „პუტინის საჰაერო ბაზაზე“ შენიშნეს, შემდეგ კი, 17-დან 27 მაისამდე, მან რამდენიმე რეისი შეასრულა ბამაკოში, შუალედური გაჩერებებით სირიის ქალაქ ლატაკიასა და ლიბიაში.


ორი თვით ადრე, თავდაცვის სამინისტროს 223-ე საფრენი რაზმის თვითმფრინავმა ტუ-154-მა, საბორტო ნომრით RA-85041, ასევე რამდენიმე გრეისი განახორციელა ხოტილოვოს საჰაერო ბაზასა და „ჩკალოვსკის“ აეროდრომს შორის. ამ საფრენ რაზმს, და კერძოდ, ამ თვითმფრინავს, როგორც რადიო თავისუფლებამ 2019 წელს გაარკვია, რეგულარულად გადაჰყავდა რუსი სამხედროები სირიასა და ლიბიაში.

„ჰიბრიდული ომის“ ნაწილი

თუ აფრიკაში „ვაგნერის“ „აფრიკის კორპუსით“ ჩანაცვლებით რუსეთმა ღიად დაიწყო მოქმედება იმის აუცილებლობის გარეშე, რომ თავისი იქ ყოფნა ცრუ ახსნა-განმარტებებით გაემართლებინა, ევროპასთან მოსკოვი კვლავ აგრძელებს ჰიბრიდულ დაპირისპირებას რაც, მრავალი ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით, შეიძლება მომდევნო წლებში ახალ ღია ომში გადაიზარდოს.

ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტი, დივერსიასთან, ჰაკერულ შეტევებთან, მიგრანტების ნაკადის მართვასთან და სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, არის პროვოკაციები საჰაერო სივრცეში.

ერთ-ერთ ყველაზე აღსანიშნავ შემთხვევა მოხდა 2025 წლის 19 სექტემბერს, როდესაც სამმა რუსულმა გამანადგურებელმა, მიგ-31-მა, გამორთული ტრანსპონდერებით, ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. დარღვევა უპრეცედენტოდ დიდხანს - 12 წუთს გაგრძელდა, ხოლო გამანადგურებლები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის შიგნით რეკორდული მანძილით - 10 კილომეტრით შეიჭრნენ. ექსპერტები ამ ინციდენტს რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის ყველაზე ხანგრძლივ დარღვევად აფასებენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
ბალტიის ზღვის თავზე რუსული საჰაერო ძალების ფრენები ამით არ დასრულებულა. 22 იანვარს მის თავზე ორი რუსული სუ-35C გამანადგურებელი და ერთი ტუ-22М3 სტრატეგიული ბომბდამშენი დააფიქსირეს. ამჯერად რუსული თვითმფრინავები შვედეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა გადაიტაცეს. რუსულ ოპერაციას ასევე მხარს უჭერდნენ სუ-24МР ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებიც ხოტილოვო-2-ის აეროდრომიდან გაფრინდნენ. ისინი გადამცემის როლს ასრულებდნენ და ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ. ისინი ინარჩუნებდნენ კავშირს ტუ-22M3-თან და სამეთაურო პუნქტთან.


რუსული სუ-35С გამანადგურებლის გადატაცება შვედეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის მიერ, 2026 წლის 22 იანვარი

მშვიდობისკენ მოწოდება

გასულ კვირას, 28 მაისს, აღინიშნა 39 წელი იმ მოვლენიდან, რომელიც საბჭოთა კავშირში დაწყებული ცვლილებების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზაც პირდაპირ კავშირში იყო ამ მოვლენასთან.

1987 წელს განგაში გამოცხადდა და გამანადგურებლები აქედან აფრინდნენ, რათა გადაეტაცებინათ პატარა, ერთძრავიანი თვითმფრინავი „ცესსნა“, რომელსაც 19 წლის გერმანელი მათიას რუსტი მართავდა.

მას წითელ მოედნამდე სურდა გაფრენა, რათა მხარი დაეჭირა გორბაჩოვის „პერესტროიკისთვის“ და „მშვიდობისთვის“ გამოსულიყო სიტყვით. რუსტმა მანამდე მოახერხა საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სხვა საზღვრების გადალახვა, ხოტილოვო კი ბოლო იყო მის სანუკვარ მიზნამდე - მოსკოვამდე.

რუსტმა ხოტილოვო-2-ის საჰაერო ბაზის თავზე უვნებლად გადაფრენა მოახერხა: ერთ-ერთი ვერსიით, მას ხელი არ ახლეს სკანდალის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით სამხრეთ კორეის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, რომელიც საბჭოთა მფრინავებმა ოთხი წლით ადრე სახალინის მახლობლად ჩამოაგდეს.

სხვა ვერსიის თანახმად, გამანადგურებლებმა რუსტის „სესნა“ ღრუბლიანობის გამო ვერ შენიშნეს. გერმანელი ჟურნალისტი ედ შტულერი, რომელმაც რუსტის შესახებ წიგნი დაწერა, თვლის, რომ გერმანელი განზრახ დაფრინავდა მაღლა, რათა შეემჩნიათ და სწორად გათვალა საბჭოთა პილოტების სიფრთხილე „ბოინგის“ ტრაგედიის შემდეგ.


მათიას რუსტის თვითმფრინავი ეშვება წითელ მოედანზე, მოსკოვში, 1987 წლის 25 აგვისტო

1989 წელს, საბჭოთა ციხიდან - სადაც რუსტი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იხდიდა სასჯელს - გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, ის გერმანიაში ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა და დანით დაჭრა თავისი კოლეგა ექთანი, რომელმაც მის გრძნობებს არ უპასუხა, რის გამოც კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ამჯერად უკვე სამშობლოში. შემდეგ ის თაღლითობისთვის გაასამართლეს, პოკერის თამაში დაიწყო, იოგას სკოლის გახსნას აპირებდა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ერთი წლით ადრე, ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა „არ შეასრულეს ცივი ომის დასრულების შემდეგ მიცემული დაპირებები“.

2023 წელს, მათიას რუსტის სახელი უკვდავყო ერთმა ფაქტმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში: 2023 წლის 29 მარტს, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა გამოაცხადა დრონების „მათიას რუსტის სახელობის უკრაინული გუნდის“-ის შესახებ, რომელიც შედგებოდა ათასობით მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებისგან, რომელთა მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრს აღემატება.

მათ ჯერ არ მიუღწევიათ ხოტილოვომდე ან პუტინის რეზიდენციამდე ვალდაიში, თუმცა 2026 წლის იანვარში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა პუტინისა და კაბაევას ტბისპირა სახლზე დრონებით თავდასხმის მცდელობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდელობის რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა, მოსკოვმა საკუთარი განცხადებები გამოიყენა კიევსა და ლვოვზე მორიგი დამანგრეველი „შურისძიების დარტყმის“ განსახორციელებლად, და ამასთან, ომის განმავლობაში მეორედ აამოქმედა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“.