XIV საუკუნის მოსკოვის მთავრის, დიმიტრი დონელის, ნეშტის ნაწილი, რომელიც კრემლის მთავარანგელოზის ტაძრის სარკოფაგიდან ამოიღეს და რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნაწილებად მიიჩნევს, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს.
მოსკოვის საპატრიარქოს სამხედრო განყოფილების ინფორმაციით, წმინდა ნაწილები „საბრძოლო შეხების ხაზისკენ მიმავალ გზაზეა“.
"კგბ" (КГБ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) - ორგანიზაცია, რომლის წევრიც ვლადიმირ პუტინი იყო და რომელიც საბჭოთა კავშირში რელიგიურ მოღვაწეებს დევნიდა, დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საყრდენად წარმოაჩენს თავს. ნუთუ მას გარდაცვლილთა ნეშტის ძალისაც სჯერა?
ვინ იყო დიმიტრი დონელი? - დიმიტრი დონელი (1350–1389 წწ.) - მოსკოვის (1359 წლიდან) და ვლადიმირის (1362 წლიდან) მთავარი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსკოვის სამთავროს პოლიტიკური გავლენა, ააშენა პირველი ქვის კრემლი და სცადა, სამთავრო ტახტის მემკვიდრეობითობა ოქროს ურდოს წინასწარი თანხმობის გარეშე დაემკვიდრებინა. ყველაზე მეტად დიმიტრი დონელი ცნობილია მამაის ჯარებზე გამარჯვებით 1380 წლის კულიკოვოს ბრძოლაში. თუმცა თანამედროვე ისტორიული ანალიზი ხაზს უსვამს, რომ ეს ბრძოლა სინამდვილეში არ ყოფილა ისეთი, როგორადაც მას ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ ისტორიაში წარმოაჩენდნენ - თითქოს ეს იყო მთლიანად თათრების ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლა. სინამდვილეში ეს იყო მოსკოვის მთავრის მონაწილეობა ურდოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში კანონიერი ხანის, თოხთამიშის მხარეს და არალეგიტიმური უზურპატორის, მამაის წინააღმდეგ. კულიკოვოს ველზე დროებითი წარმატების მიუხედავად, უკვე 1382 წელს თოხთამიშმა მოსკოვი გადაწვა და მოსკოვის სამთავროს მიერ ურდოსთვის ხარკის გადახდა განაახლა. 1988 წელს მოსკოვის საპატრიარქომ დიმიტრი დონელი „კეთილმორწმუნე წმინდანად“ შერაცხა. თანამედროვე რუსულ ნარატიულ ტრადიციაში მისი ფიგურა ხშირად გამოიყენება იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ კონსტრუქტებში, როგორც სამხედრო მსახურებისა და გამარჯვებების სიმბოლო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ორი რუსი კურსანტი დგას ახლადაშენებული მართლმადიდებლური სამლოცველოს კანკელის წინ, პირჯვარს იწერს და ქედს იხრის. ფონად ისმის გუნდური ლიტურგიული გალობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოში, რომელიც ამ რიტუალს ასახავს, არ არის დაზუსტებული, ზუსტად სად მდებარეობს სამლოცველო - ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სადღაც ნოვოსიბირსკის ოლქშია. ასევე არ არის ცნობილი, როდის მოხდა ეს და ვინ არიან ეს მამაკაცები.
უკვე 8 სექტემბერს კი გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ სამლოცველოს XIV საუკუნის კანონიზებული მთავრის სახელი ეწოდა, ხოლო ახლად აღმოჩენილი ძვლები კრემლს, როგორც ჩანს, „ახალ იარაღად“ სურს აქციოს - იარაღად, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის 4,5 წლის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შეცვლაში დაეხმარება.
როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში იუწყებოდნენ, 2026 წლის ივლისში კრემლის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს „დიმიტრი დონელის წმინდა ნაწილები“. ამ ამბავმა რუსეთში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ამის შესახებ ყველა რუსული მედია იუწყებოდა.
ისტორიის თანამედროვე რუსულ ვერსიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის ნარატივებს იმეორებს, დიმიტრი დონელი ოქროს ურდოზე ვითომ გამარჯვების გამო სამხედრო გამარჯვებების სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. თუმცა სინამდვილეში კულიკოვოს ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ (1382 წელს), ხანმა თოხთამიშმა მოსკოვი გადაწვა, თავად დონელი კი ურდოს ჯარების მოახლოებისას მოსკოვიდან გაიქცა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, წმინდა ნაწილების აღმოჩენიდან მალევე, 20 აგვისტოს ვლადიმირ პუტინი პირადად მივიდა მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზის ტაძარში, სადაც მან ლოცვაშიც მიიღო მონაწილეობა.
ვლადიმირ პუტინი პირჯვარს იწერს სიწმინდეების წინაშე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანახმად, ეს ნეშტი მე-14 საუკუნის მოსკოვის მთავარ დიმიტრი დონელს ეკუთვნის და საუკუნეების განმავლობაში მოსკოვის კრემლის ტაძარში ინახებოდა. მოსკოვი. 2026 წ. 20 აგვისტო
რუსეთის ხელისუფლება ნეშტის ნაწილებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აგზავნის. დონელის მარჯვენა ხელი კი იგზავნება ფრონტის წინა ხაზზე იმის იმედად, რომ ჯარისკაცები წმინდანის ღვთიური მფარველობის იმედით გამხნევდებიან.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი დონელის ნეშტის ნაწილი უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზეა. საუბარია მთავრის მარჯვენა ხელის ფრაგმენტზე, რომელსაც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გეგმის მიხედვით, სხვადასხვა რუსულ სამხედრო ნაწილში მიასვენებენ.
„სასოწარკვეთის სუნი ასდის“
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები განსაკუთრებული კეთილგანწყობით ამზადებენ რეპორტაჟებს ნეშტის ფრაგმენტების როგორც აღმოჩენაზე, ასევე გადასვენებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ტელეარხი „ცარგრადი“ - კონსერვატიული არხი, რომელიც მილიარდერ ულტრანაციონალისტ კონსტანტინ მალოფეევს ეკუთვნის.
მალოფეევი, ისევე როგორც მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე (ვლადიმირ გუნდიაევი), უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს უწოდებს „დასავლეთის წინააღმდეგ წმინდა ომს“.
ცარგრადი (Царьгра́д ТВ) - რუსული საინფორმაციო საინტერნეტო სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის, კონსტანტინ მალოფეევის მიერ და რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
მალოფეევმა აღმოჩენილ წმინდა ნაწილებს უწოდა „სასწაული“, რომელიც მომავალ გამარჯვებას მოასწავებს.
ვლადიმირ პუტინი, რომელიც ომს ასევე რელიგიური და მესიანისტური ტერმინებით წარმოაჩენს, სარკოფაგის გახსნიდან მალევე კამერებითა და ჟურნალისტების მთელი ამალით ეწვია იმ ტაძარს, სადაც დონელის ნეშტი იყო დაკრძალული.
ასევე ნახეთ
ცნობილია პირველი რუსი ოლიგარქი, რომლის კონფისცირებულ აქტივებს აშშ უკრაინას გადასცემსყოველივე ეს კი ხდება იმ დროს, როდესაც კრემლმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი შეჭრის თავდაპირველ მიზნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უფრო დიდი დანაკარგი განიცადა, ვიდრე 1945 წლის შემდეგ მოსკოვის მიერ წარმოებულ ყველა ომში ერთად. კრემლის მიერ გამოცხადებულ მიზნებს შორის იყო უკრაინის ხელისუფლების შეცვლა, დონბასის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და იმის გარანტიის მიღება, რომ უკრაინა არასოდეს გახდებოდა ნატოს წევრი. თუმცა ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ლიდერის, პუტინის ყველა განცხადება (განსაკუთრებით ისტორიის ინტერპრეტაცია) და უკრაინის ქალაქებსა და მთლიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშები პირდაპირ მიუთითებს უკრაინელების მიმართ კრემლის გენოციდურ მიზნებზე.
„რუსულ ისტორიაში არსებობს წარმოდგენა, რომ სათანადო ხატის არსებობამ შეიძლება ბრძოლის ველზე თქვენი ბედი შეცვალოს“, - ამბობს ლუსი ეში, ავტორი 2024 წელს გამოცემული წიგნისა The Baton and the Cross: Russia's Church from Pagans to Putin („კვერთხი და ჯვარი: რუსული ეკლესია წარმართობიდან პუტინამდე“).
„გარკვეული თვალსაზრისით, ეს შეიძლება სასოწარკვეთასაც ჰგავდეს. <...> ეს ის ენაა, რომელზეც პუტინი საუბრობს. ეს ისტორიული ენაა. ეს საკრალური ისტორიაა, უკიდურესად სიმბოლური და ნამდვილად შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, - ამბობს ემი ადამსი, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ვუსტერის წმინდა ჯვრის კოლეჯის რუსული კვლევებისა და მსოფლიო ლიტერატურის პროფესორი, - ეს არის საკრალურისა და სამხედრო სფეროს მუდმივი გადაჯაჭვულობა, რაც რუსულ ისტორიაში სულაც არ არის ახალი მოვლენა“.
უკრაინელი ჯარისკაცი ამოწმებს განადგურებული რუსული ტანკის ნამსხვრევებს.
კულიკოვოს ველიდან დონბასამდე
რუსეთის ისტორიაში მრავლადაა ომებში რელიგიური ხატების გამოყენების მაგალითები. თუმცა შემთხვევები, როდესაც საუბარია ნამდვილ წმინდა ნაწილებზე ან წმინდანთა სხეულის ნაწილებზე, ისტორიკოსების თქმით, იშვიათია.
- 1170 წელს, შიდაომების დროს, როდესაც სუზდალის სამთავრომ ნოვგოროდს ალყა შემოარტყა, დამცველებმა ადგილობრივი ეკლესიიდან გამოიტანეს ხატი, რომელიც „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნიშნის“ სახელით არის ცნობილი. ლეგენდის თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები დაბრმავდნენ.
- სხვა ხატმა - ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატმა - როგორც ამბობენ, მოსკოვი XIV საუკუნეში შუააზიელი დამპყრობლის, თემურლენგის შემოსევისგან დაიცვა. „დიდი არეულობის“ (სმუტის) და შიდა მღელვარებების ხანაში (დაახლოებით 1600 წელს) ყაზანის ღვთისმშობლის ხატს მიაწერდნენ შემწეობას მოსკოვიდან პოლონელთა ჯარების განდევნაში.
- XVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთი ომებს აწარმოებდა შვედებთან ბალტიის ზღვის სავაჭრო გზებზე კონტროლისთვის, რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა პეტრე I-მა ბრძანა, მოსკოვთან ახლოს მდებარე ვლადიმირის ეკლესიიდან გამოეტანათ ალექსანდრე ნეველის ნეშტი (მეომარი მთავრისა, რომელიც რამდენიმე საუკუნით ადრე ასევე ებრძოდა შვედებს) და ახლად დაარსებულ სანქტ-პეტერბურგში გადაეტანათ.
- ლევ ტოლსტოის რომანში „ომი და მშვიდობა“ მოხსენიებულია სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობს რუსეთის არმიის მთავარსარდალი, გენერალი მიხაილ კუტუზოვი ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის წინ.
პუტინის გადაწყვეტილებით, ტრეტიაკოვის გალერეიდან სერგევ პოსადში მდებარე მონასტერში გადაასვენეს ანდრეი რუბლიოვის მიერ 600 წლის წინ შესრულებული ხატი. 2023 წ. 4 ივნისი
„ეს გარკვეულწილად ჰგავს კათოლიკეებს და საერთოდ რელიკვიების სამკურნალო ძალის რწმენას, მაგრამ აქ ის, თუ როგორ იყენებენ წმინდა ნაწილებსა და ხატებს ბრძოლაში, სრულიად სხვა მასშტაბია“, - ამბობს ეში, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში როგორც BBC-ს კორესპონდენტი.
დიმიტრი დონელის საგმირო საქმეების შესახებ რუსეთის სკოლებში მოსწავლეებს უკვე მრავალი თაობის განმავლობაში უყვებიან.
ისტორიის რუსული ვერსიის თანახმად, მოსკოვის მთავარმა დიმიტრი დონელმა 1380 წელს მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, სამხრეთით მდებარე კულიკოვოს ველზე, მონღოლი მხედართმთავრის ძალები დაამარცხა. ეს გამარჯვება მიიჩნევა მონღოლთა ბატონობის გადაგდების გარდამტეხ მომენტად, რომელმაც გზა გაუხსნა მოსკოვის სამთავროს მომავალი რუსული სახელმწიფოს ბირთვად გადაქცევას.
დონელი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, 1988 წელს, გორბაჩოვის რეფორმების, „გლასნოსტის" პერიოდში წმინდანად შერაცხეს.
„წმინდა ომი“
პუტინი, "კგბ-ს" ყოფილი ოფიცერი, რომელიც საბჭოთა კავშირის ოფიციალურად ათეისტური პოლიტიკის პირობებში გაიზარდა, სულ უფრო მეტი მონდომებით აჩვენებს საჯაროდ თავის ერთგულებას რუსეთის მართლმადიდებლობის მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მმართველობის ხანგრძლივობით თვით იოსებ სტალინსაც კი გადაუსწრო.
პუტინის მართლმადიდებლობა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც საქმე უკრაინას ეხება.
ასევე ნახეთ
რუბლიოვის შედევრის ბედი ჩეკისტურ მართლმადიდებლობაში2014 წელს, როდესაც რუსეთმა შავ ზღვაში მდებარე უკრაინის ნახევარკუნძული ყირიმი დაიპყრო, პუტინმა ყირიმი რუსებისთვის წმინდა მიწად წარმოაჩინა. რუსულ მატიანეთა ტრადიციის მიხედვით, ნახევარკუნძულზე 988 წელს მოინათლა კიევის რუსეთის მმართველი, დიდი მთავარი ვლადიმირი, რის შემდეგაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქცა.
2014 წლის დეკემბერში პუტინმა საჯაროდ უწოდა ყირიმს რუსეთისთვის „უზარმაზარი ცივილიზაციური და საკრალური მნიშვნელობის“ ტერიტორია და რუსებისთვის ხერსონესის მნიშვნელობა შეადარა იერუსალიმის ტაძრის მთას.
უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევენ. რუსეთმა უკანონოდ მოახდინა მისი ოკუპაცია და ანექსია.
2014 წლის ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რუსული „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტით მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან რამდენიმე დღეში, პუტინი სერგი რადონეჟელის დაბადებიდან 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა. ისტორიის რუსული ვერსიის თანახმად, ამ ბერმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი რუსი მთავრების (მათ შორის დიმიტრი დონელის) გაერთიანებაში.
ამასობაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე (გუნდიაევი), აქტიურად უჭერს მხარს პუტინსა და რუს სამხედროებს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, მოსკოვის პატრიარქმა კირილემ (გუნდიაევმა), სრულად და გულმხურვალედ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომს.
მართლმადიდებელი კაპელანები, რომლებიც ოდესღაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იშვიათობას წარმოადგენდნენ, ახლა რეგულარულად უწევენ სულიერ მხარდაჭერას წინა პოზიციებზე მყოფ სამხედროებს.
რუსი მღვდლები ასევე ხშირად ჩნდებიან სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კურთხევისას.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემაც უპირობოდ დაუჭირა მხარი იმ ქვეყნის (უკრაინის) წინააღმდეგ ომს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.
2024 წლის მარტში კირილეს ხელმძღვანელობით მიღებული იქნა დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოცხადებულია „წმინდა ომად“, რომელიც, თავის მხრივ, „იცავს მსოფლიოს გლობალიზმის შემოტევისა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან“.
2024 წლის მარტში, პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით, რუსი ხალხის მსოფლიო კრებამ უკრაინის წინააღმდეგ ომს ოფიციალურად უწოდა „ეგზისტენციალური და ცივილიზაციური წმინდა ომი“. დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია რუსეთის განსაკუთრებული გავლენის სფეროში უნდა შევიდეს. ამავე დროს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათობით რუს სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა, დასაჯა ან დევნას დაუქვემდებარა ომის წინააღმდეგ გამოსვლის გამო.
ასევე ნახეთ
მილიტარიზმის პატრიარქიის ფაქტი, რომ დონელის ნეშტი კრემლის ტაძარში ინახებოდა, საიდუმლო არასოდეს ყოფილა. იგი იქ საუკუნეების განმავლობაში ესვენა რუსეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა ნეშტებთან ერთად (კრემლში მას შემდეგ გადაასვენეს, რაც პეტრე I-ის დროს რუსეთის დედაქალაქი სანქტ-პეტერბურგი გახდა).
2026 წლის ივლისში არქიტექტორები ტაძრის კონსტრუქციებს არემონტებდნენ, როდესაც, გავრცელებული ცნობით, მუშებმა ბზარები აღმოაჩინეს დონელის ნეშტის სარკოფაგზე.
ამის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა პირველად გადაწყვიტეს სარკოფაგის გახსნა - პატრიარქ კირილეს კურთხევისა და Telegram-ზე ომის მომხრე ნაციონალისტი ბლოგერების მოწონების ფონზე.
„დონბასის გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ რუსი სამხედროების მფარველი არმიის გვერდით ჩნდება“, - დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა, რომლის თქმითაც: „რუსეთი კვლავ გამოდის კულიკოვოს ველზე. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება უკვე ახლოსაა“.
ასევე ნახეთ
„რაშიზმის“ სამართლებრივი დამკვიდრება - ახალი „ნიურნბერგის“ საფუძველი?20 აგვისტოს პუტინი პირადად ეწვია XVI საუკუნის მთავარანგელოზის ტაძარს და იქ ილოცა, რაც ფართოდ გააშუქეს რუსეთის სახელმწიფო არხებმა.
8 სექტემბერს, იმავე დღეს, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ვიდეო გამოაქვეყნა, გავრცელებული ცნობით, დონელის ხელი უკრაინის დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სამხედრო მემორიალში ჩაიტანეს.
დონელის ნეშტის ფრაგმენტების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის ეკლესია გადაჯაჭვული სახელმწიფო პოლიტიკასთან, - ამბობს ალექსანდრ ზანემონეცი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი და ისრაელის ჰაიფის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდის რადბაუდის უნივერსიტეტის მკვლევარი.
„ომში ჩაბმული სახელმწიფო შეეცდება, აიძულოს ყველა ინსტიტუტი, მათ შორის რელიგიურიც, მონაწილეობა მიიღონ მასში“, — ამბობს ის.
„რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა არც ერთი მსახურება, გარდა „პატრიოტულის“, რომელშიც მთავარი დიმიტრი... იდეალურად ჯდება“, - დაწერა მან 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ კომენტარში: “ადამიანები ეკლესიისგან თითქმის არაფერს იღებენ ისეთს, რასაც სახელმწიფო ტელევიზიისგან ვერ მიიღებდნენ“.