რუსულმა მარკეტინგულმა სააგენტომ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს შესთავაზა, სოციალურ ქსელ X-ში, მის პირად ინგლისურენოვან ანგარიშზე განეთავსებინა ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებული დრონების ოპერატორების ქვედანაყოფ „სტალინის შევარდნების“ რეკლამა, რადგან, სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, იგი „ამოაგდო სისტემამ ძიების, გეოლოკაციისა და ჰეშთეგების კავშირების მიხედვით“. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ „შევარდნების“ საქმიანობა, როგორც ჩანს, დიდად არ სცილდება სუფთა PR-ს, ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ამ რაზმის პოპულარიზაციითაა დაკავებული, სულ რაღაც ერთი თვის წინ აშშ-ში ისვენებდა.
ცენტრ „რუბიკონის“ გარდა, რუსეთის არმიაში დრონებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად ითვლება „სტალინის შევარდნები“, რომლის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ იღებენ მსურველებს, რათა შეასწავლონ „შაჰედის“ ტიპის დრონების ოპერატორობა და არ მალავენ, რომ დაკავშირებულნი არიან „ალაბუგის“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან, სადაც ირანული წარმოშობის ამ საბრძოლო საშუალებებს აწარმოებენ.
თუმცა იმის დადასტურება, რომ „სტალინის შევარდნები“ მართლაც ამარაგებს ფრონტს „შაჰედების“ სპეციალისტებით, რთულია. ადამიანები, რომლებიც „შევარდნებთან“ მოხვედრას ცდილობდნენ, მათ „თაღლითებს“ უწოდებენ. მარკეტინგული სააგენტო VBI-ს დირექტორი, რომელიც ქვედანაყოფის ვებსაიტს მართავს, ამჟამად აშშ-ში ისვენებს — რამდენიმე კვირის წინ მან სერვის Strava-ში კალიფორნიის სანაპიროზე გარბენის ტრეკები გამოაქვეყნა.
2026 წლის იანვარში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა კიდევ ერთი რუსული მარკეტინგული სააგენტოსგან, Rasklad-ისგან მიიღო თანამშრომლობის შეთავაზება - სოციალურ ქსელ X-ში, ინგლისურენოვან პირად ანგარიშზე განეთავსებინა „სტალინის შევარდნების“ სარეკლამო ვიდეო. კორესპონდენტს აუხსნეს, რომ „დამკვეთს ინგლისურენოვან აუდიტორიაზე გასვლა სურს“, ხოლო ალგორითმებმა შესაფერის ანგარიშებს შორის შეარჩიეს მისი ანგარიშიც. ამ დროისთვის რადიო თავისუფლების რედაქციას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული „შევარდნებზე“.
სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დასახელებული ფასი შევაჭრების გარეშე მიიღეს, თუმცა ორი კვირის შემდეგაც სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ ბლოგერების სია, სადაც რეკლამები უნდა განთავსდეს, „კლიენტთან შეთანხმებას ელოდება“.
„ტელეგრამ-ჯარები“
„შაჰედები“ („გერანები“) უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა. იშვიათია ღამე, როცა რუსეთი არ უშვებს უკრაინის მიმართულებით 100, 200 ან მეტ ასეთ დრონს. ირანული ბარაჟირებადი საბრძოლო მასალის ამ რუსულმა ვერსიამ გაიარა გზა თითქმის იდენტური „წინაპრებისგან“ მოდიფიცირებულ უპილოტო საფრენ აპარატებამდე, რომლებიც აღჭურვილია გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ან სატელიტური კავშირის სისტემით (Starlink), რათა მოძრავ სამიზნეებზეც შეძლონ იერიშის მიტანა. სწორედ რამდენიმე ასეთი იერიშის შემდეგ (ერთ შემთხვევაში დაიბომბა სამგზავრო მატარებელი), კომპანია SpaceX-ი და უკრაინა აქტიურად შეუდგნენ ტერმინალების „თეთრი სიების“ შექმნას, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს რუს სამხედროებს შორის კავშირის გამართულ მუშაობას.
სამგზავრო მატარებელზე რუსული Shahed-ის იერიში. ხარკოვის ოლქი. 2026 წლის 27 იანვარი
თავდაპირველად „შაჰედის“ ტიპის დრონების ოპერატორებს უშუალოდ ირანელი სპეციალისტები ამზადებდნენ, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზეც. 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ პროფესიას ირანში ეუფლებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო ავიაციის სახელმწიფო ცენტრის სამხედროები ქალაქ კოლომნიდან. რადიო თავისუფლებამ შეისწავლა სტატიაში მოხსენიებული სამხედროების მონაცემები, თუმცა ვერ აღმოაჩინა რომელიმე მათგანის კავშირი ალაბუგის „შაჰედების“ წარმოების ცენტრთან.
ტელეგრამ-არხი „სტალინის შევარდნები“ შეიქმნა 2024 წლის ივლისში, როდესაც „შაჰედების“ წარმოება უკვე საბოლოოდ იყო ლოკალიზებული თათრეთის რესპუბლიკაში (მოგვიანებით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო ქალაქ იჟევსკშიც). არხის ერთ-ერთი პირველი პოსტი იყო 2024 წლის ივლისში გადაღებული ვიდეო მინსკში გამართული სამხედრო აღლუმიდან, რომელიც ბელარუსის ნაცისტებისგან გათავისუფლების 80 წლისთავს ეძღვნებოდა. ვიდეოში ჩანს „შაჰედი“ „შევარდნების“ ლოგოთი. ზოგადად, არხზე პოსტები იშვიათად ქვეყნდებოდა და ძირითადად ეხებოდა ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინის დასავლელი მოკავშირეების დაცინვას, ხოლო უშუალოდ დრონებს ათასში ერთხელ თუ ახსენებდნენ. თითოეულ პოსტს ახლდა ათობით ან ასობით ერთნაირი კომენტარი კითხვით, „როგორ მოვხვდეთ თქვენთან?“ და ასეთივე ტიპური პასუხები - „პირადში გიპასუხეთ“.
„შაჰედი“ „სტალინის შევარდნების“ სარეკლამო სტიკერით მინსკში გამართულ სამხედრო აღლუმზე. 2024 წლის 3 ივლისი
საინტერესოა, რომ გამომწერების შედარებით მცირე რაოდენობის მიუხედავად (10 ათასზე ნაკლები), დაახლოებით 2025 წლის ზაფხულიდან „სტალინის შევარდნების“ ტელეგრამ-არხის ზოგიერთმა პუბლიკაციამ ძალიან ბევრი ნახვები დააგროვა - 9 მილიონამდეც კი მაშინ, როცა ჩვეულებრივი მაჩვენებელი 50–200 ათასი იყო. ეს ეხება არხის ბოლო პოსტსაც, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა: სწორედ ამ ვიდეოს განთავსება შესთავაზეს სოციალურ ქსელ X-ში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს. იმ დროისთვის ვიდეოს თითქმის 2 მილიონი ნახვა ჰქონდა. რადიო თავისუფლებამ ვერ აღმოაჩინა X-ში ან სხვა რომელიმე სოციალურ ქსელში ინგლისურენოვანი ანგარიშებიდან გამოქვეყნებული ვერცერთი პოსტი, რომელიც ამ ვიდეოს შეიცავდა.
„ეს კანტორა არანაირ СВО-ზე არ მიდის“
2023 წელს გამოცემა „პროტოკოლმა“ აღწერა, როგორ იქცა „ალაბუგის“ წარმატებული ეკონომიკური ზონა მსხვილი სამოქალაქო წარმოებიდან მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების მთავარ ცენტრად. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ზონის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ დასავლური კომპანიების გასვლას, არამედ თანამშრომელთა მასობრივი მობილიზაციის რისკსაც შეეჯახა. „პროტოკოლის“ წყაროების მიხედვით, 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ „ალაბუგის“ ყველა საწარმოსა და შვილობილ კომპანიას სამხედრო კომისარიატებიდან შესაბამისი კვოტები მიუვიდა.
ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობამ, ადამიანური რესურსის შესანარჩუნებლად, აირჩია გზა, რომელსაც იმ პერიოდში სხვა მსხვილი რუსული ბიზნესებიც იყენებდნენ: შექმნეს „მოხალისეთა“ საკუთარი ქვედანაყოფი, რომელშიც ადამიანებს დამატებითი ანაზღაურებით იზიდავდნენ და ამ გზით ავსებდნენ სამხედრო კომისარიატების მიერ დაწესებულ კვოტებს, ხოლო პერსონალს უცვლელად ინარჩუნებდნენ.
„ფაქტობრივად, ესეც თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ოფიციალური კონტრაქტია, თუმცა გარკვეული განსხვავებებით. სანამ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გაემგზავრებით, გაივლით მომზადებას რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში, მიიღებთ სრულ ეკიპირებას და გზის ხარჯიც დაგიფინანსდებათ. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დამატება — კონტრაქტით მიღებულ თანხას დაემატება კიდევ 100–300 ათასი რუბლი. ეს მსხვილი სახელმწიფო კომპანიის ცალკე ინიციატივაა. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა როგორც მობილიზებულების, ისე მოხალისეების მხარდაჭერა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში მსგავსი რამ რუსეთის ბევრ რეგიონში გაჩნდება. ამ დროისთვის კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს პირველი ნაკადის მიღება“, — წერდა 2022 წლის ოქტომბერში სამხედრო კორესპონდენტი („военкор“) სერგეი კალაშნიკოვი.
"შაჰედების" წარმოება ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში. 2025 წლის ივლისი
ასე გაჩნდა „ალაბუგის“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში დაცვის ორი კერძო კომპანია - „ნოვოროსია“ და „პატრიოტ-კრემენი“. ორივე ორგანიზაციის ვებსაიტი ერთსა და იმავე დღეს - 2022 წლის 5 ოქტომბერს, მობილიზაციის პიკზე - დარეგისტრირდა. საკუთარ რეკლამაში ეს კერძო სამხედრო კომპანიები არ მალავდნენ კავშირს „ელაბუგის უდიდეს სააქციო კომპანიასთან“, თუმცა 2024–2025 წლებთან შედარებით, შეთავაზებული დამატებითი ანაზღაურება მოკრძალებული იყო — თვეში 100 ათასი რუბლი სწავლების პერიოდში და ფრონტზე ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში, ყოველთვე 300 ათასი რუბლი.
„ნოვოროსიასა“ და „კრემენში“ მიღების შესახებ განცხადებები 2022 წლის ბოლომდე ქვეყნდებოდა, თუმცა რადიო თავისუფლებამ ვერ იპოვა რაიმე ინფორმაცია ამ დანაყოფების (ან დანაყოფის) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. რეკლამების კომენტარებში ზოგი ავტორი წერდა, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს იმყოფებოდა დანაყოფის ბაზაზე (არ აზუსტებდა, იყო თუ არა ეს საბრძოლო ზონა), სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ „ეს კანტორა საერთოდ არანაირ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ არ მონაწილეობდა და რომ „უბრალოდ იცავდა ტვირთებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში“. კიდევ ერთმა კომენტატორმა 2023 წლის გაზაფხულზე დაწერა, რომ ორ კვირაში აპირებდა დანაყოფ „ნოვოროსიაში“ ჩარიცხვას, მაგრამ მოგვიანებით დაამატა: „არ წავედი, არაფერი იქ არ ხდება“.
ფაქტობრივად, უკვე 2023 წლის დასაწყისიდან „ალაბუგას“ მოეხსნა საკუთარი „მოხალისეების“ შენახვის საჭიროება როგორც მობილიზაციის აქტიური ფაზის დასრულების, ასევე წარმოების გაფართოების გამო: სპეციალური ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობამ რუსეთის მთავრობისგან მიიღო დავალება და კონტრაქტი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყებაზე.
გამოცემა „პროტოკოლი“ წერდა, რომ შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა 2022 წლის ნოემბერში, „ალაბუგაში“ რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერის, დენის მანტუროვის ვიზიტის დროს, ხოლო 2023 წლის მარტში „ალაბუგის“ სპეციალისტები უკვე გაემგზავრნენ ირანში „შაჰედების“ წარმოების შესასწავლად. ერთი შეხედვით, „ნოვოროსია“ და „კრემენი“ უნდა გამქრალიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად მათ ადგილას გაჩნდა ახალი დანაყოფი - „სტალინის შევარდნები“, სავარაუდოდ, ისეთივე ვირტუალური, როგორიც მათი წინამორბედები.
ასევე ნახეთ ნადირობა რუსულ დრონებზე - მომავლის ომი უკრაინაში„სტალინის შევარდნების ტაქტიკური ჯგუფის“ ერთ-ერთი პირველი სარეკლამო განცხადება 2023 წლის მაისში გამოქვეყნდა და მასში საუბარი იყო დაუზუსტებელი ტიპის უპილოტო აპარატების ოპერატორების მიღებაზე. უკრაინულმა ტელეარხმა „24 კანალ“ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რეკრუტერის ტელეფონის ნომერი განცხადებაში (ისევე როგორც „შევარდნების“ ბევრ მომდევნო რეკლამაში) ემთხვეოდა იმ ნომერს, რომელიც ადრე კერძო სამხედრო კომპანიების, „ნოვოროსიისა“ და „პატრიოტ-კრემენის“ რეკლამებში გამოიყენებოდა. გამოცემამ დაადგინა ნომრის მფლობელის ვინაობაც, რომელიც აღმოჩნდა დანიილ შახმატოვი, „ალაბუგის“ სპეციალური ეკონომიკური ზონის HR-განყოფილების უმცროსი სპეციალისტი (როგორც მინიმუმ 2025 წლის ივლისისთვის), რომელიც სამხედროების გარდა, სტუდენტების (მათ შორის უცხოელების) მიღებითაც იყო დაკავებული „ალაბუგა-პოლიტეხის“ პროგრამის ფარგლებში. „სტალინის შევარდნების“ რეკლამა აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა სამხედრო თემატიკის რუსულ ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში. დრონების ოპერატორებთან ერთად ეძებდნენ ადამიანებს „საქონლისა და მატერიალური ფასეულობების რუსეთის ტერიტორიაზე ბადრაგირებისთვის“ და „გასამხედროებული დაცვისთვის“.
2024 წლის ზაფხულში „შევარდნებმა“ შექმნეს საკუთარი ტელეგრამ-არხი, ხოლო იმავე წლის სექტემბერში - ოფიციალური ვებსაიტიც. სერვის Wayback Machine-ის მონაცემებით, საიტის მთავარი გვერდი თითქმის არ შეცვლილა გახსნის დღიდან: აქ არის რამდენიმე ვაკანსია დრონების წარმოების უმცროსი მოტორისტისა და ელექტრიკოსის პოზიციებიდან „გერანების“ პილოტისა და განაწესის მეთაურის ჩათვლით. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ ანაზღაურება: 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ივნისამდე უმცროს მოტორისტებს სთავაზობდნენ თვეში 90 ათას რუბლს, პილოტებს — 221 ათასს, განაწესის მეთაურებს — 265 ათასს. 2025 წლის ივნისში ანაზღაურება მოულოდნელად თითქმის ათჯერ გაიზარდა: უმცროსი მოტორისტისთვის 705 500 რუბლამდე, მეთაურისთვის კი 1 მილიონ რუბლზე მეტამდე. ასეთი პირობები შენარჩუნდა 2025 წლის ბოლომდე, თუმცა ახალ წელს თანხები კვლავ შემცირდა: ამჟამად „სტალინის შევარდნები“ უმცროს მოტორისტებს თვეში 400 ათას რუბლს, ხოლო უპილოტო ეკიპაჟების მეთაურებს — 650 ათას რუბლს სთავაზობს.
„შევარდნების“ ტელეგრამ-არხზე ასევე ჩნდებოდა „დამკვირვებლების“ და „საჰაერო თავდაცვის მებრძოლების“ ვაკანსიები, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა FPV-დრონების ოპერატორების მიღებაც. „გერანის“ ოპერატორებზე აქცენტი ხაზგასმული იყო დანაყოფის ძველ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბონუსების ცხრილით, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამიზნის განადგურებისთვის ბონუსების სისტემას ითვალისწინებდა. მაგალითად: რადიოელექტრონული ბრძოლის პუნქტის განადგურება - 3 მლნ რუბლი, ვერტმფრენისა - 50 მლნ რუბლი.
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები „ალაბუგის“ გარშემო
ერთ-ერთი ამოცანა, რომელსაც „სტალინის შევარდნების“ მიერ დაკომპლექტებული „საჰაერო თავდაცვის მებრძოლები“ შეიძლება ასრულებდნენ, თავად „ალაბუგის“ სპეციალური ეკონომიკური ზონის დაცვაა. რადიო თავისუფლებამ და OSINT-ის მკვლევრებმა სატელიტური სურათებისა და სერვისების, „იანდექს.პანორამისა“ და „იანდექს.სარკის“, ასევე ღია წყაროებში გავრცელებული ვიდეოების დახმარებით დაადგინეს, რომ „შაჰედების“ წარმოების დაწყების შემდეგ „ალაბუგის“ ტერიტორიასა და მის ირგვლივ მინიმუმ 19 კოშკი აშენდა საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციებისთვის. მათი უმეტესობა მცირე ზომის კოშკია, რომელიც საჰაერო სივრცის დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი და, სავარაუდოდ, აღჭურვილია 12,7 და 14,5 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებით (მაგ. „უტესი“ ან „კორდი“).
კოშკურა, სავარაუდოდ, მძიმე ტყვიამფრქვევისთვის, ალაბუგის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე
თუმცა „შაჰედების“ წარმოებას (ასევე ეკონომიკური ზონის სხვა საწარმოებს, მათ შორის პრემიუმ-კლასის ლიმუზინების მწარმოებელ Aurus-ის ქარხანას) უკრაინული დრონების თავდასხმებისგან ასევე იცავს პლატფორმებზე განთავსებული „პანცირები“, ზუსტად ისეთები, როგორიც რადიო თავისუფლებამ ადრე აღმოაჩინა ვლადიმირ პუტინის რეზიდენციის სიახლოვეს მოსკოვის ოლქსა და სხვა ლოკაციებზე.
"პანცირი" - საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა პლატფორმაზე და კოშკურა საჰაერო თვალთვალისთვის. ალაბუგის სპეციალური ეკონომიკური ზონა
„ალაბუგის“ სპეციალური ეკონომიკური ზონა უკრაინული დრონების შეტევების სამიზნე რამდენჯერმე გახდა: მაგალითად, 2024 წლის 2 აპრილს, 2025 წლის 23 აპრილს და 2025 წლის 15 ივნისს, თუმცა იქ განთავსებულ საწარმოებს სერიოზული ზიანი არ მიუღიათ.
ალაბუგის აეროზონის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მდებარეობის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ინტერაქციულ რუკაზე:
არც „სტალინის შევარდნების“ ოფიციალური საიტი და არც მისი ტელეგრამ-არხი პირდაპირ არ მიუთითებენ „დანაყოფის“ კავშირს „ალაბუგასთან“, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს კავშირი განსაკუთრებულად არის შენიღბული. 2024 წლის „ალაბუგა-პოლიტეხის“ რეკლამაში მომავალ სტუდენტებს ჰპირდებოდნენ შესაძლებლობას, დახმარებოდნენ „სტალინის შევარდნებს“. ონლაინ პლატფორმა Ozon-ზე „სტალინის შევარდნების“ სუვენირების მაღაზიას ოფიციალურად ემსახურება „ალაბუგის მართვის კომპანია“. ამავე ეკონომიკურ ზონაშია რეგისტრირებული კომპიუტერული თამაშის, Drone Wars-ის დომენიც, რომლის რეკლამირებაც ასევე ხდება „შევარდნების“ არხზე. ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეოში რადიო თავისუფლებამ ამოიცნო ორი მსახიობი ქალაქ ნაბერეჟნი-ჩელნიდან, რომელიც „ალაბუგის“ სიახლოვეს მდებარეობს.
2025 წლის აპრილში „სტალინის შევარდნებმა“ ჩაატარა ტურნირი Drone-Con-ი: შეჯიბრება უპილოტო აპარატების მართვასა (Wi-Fi-ს კონფიგურაციაში) და ონლაინ სტრატეგიულ თამაშ „დრონების ბრძოლაში“. კარგად დაფინანსებული ტურნირი ფართოდ იყო რეკლამირებული რუსი „ვოენკორების“ სოციალურ ქსელებში, თუმცა ღონისძიების შემდეგ „შევარდნების“ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი პოსტი რამდენიმე ფოტოთი: ერთ-ერთი ფოტო გადაღებულია „ალაბუგა-პოლიტეხის“ ტერიტორიაზე, მეორე - საწარმოო გაერთიანება „ზარნიცის“ შენობაში (ქ. ყაზანი). დამოუკიდებელი დადასტურება იმისა, რომ ტურნირი ნამდვილად გაიმართა, მხოლოდ ერთ წყაროში მოიძებნა: ალმეტიევსკის ნავთობის უმაღლესმა სკოლამ საკუთარ ვებსაიტზე დაწერა, რომ ერთ-ერთმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო Drone-Con-ის ტურნირში. სტუდენტმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ტურნირზე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მონაწილეთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო, გამოცხადებულ ათას ადამიანთან შედარებით.
დრონების ტურნირი. 2025 წლის აპრილი
„სტალინის შევარდნებსა“ და „ალაბუგას“ შორის კავშირები მრავლად იძებნება, თუმცა შეუძლებელია „შევარდნების“, როგორც რეალური საბრძოლო დანაყოფის, საქმიანობის კვალის აღმოჩენა, ისევე როგორც შეუძლებელია „დანაყოფთან“ დაკავშირებული რეალური ადამიანების პოვნა, ცხადია, რეკრუტერებისა და მარკეტოლოგების გარდა. „სტალინის შევარდნები“, როგორც საბრძოლო დანაყოფი, არასოდეს უხსენებიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშებში ან ფედერალურ მედიაში. რუსი „ვოენკორებიც“ მათზე ძირითადად სარეკლამო პოსტებში წერენ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა მრავალი უარყოფითი შეფასება იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეკრუტერების მეშვეობით ცდილობდნენ „სტალინის შევარდნებში“ მოხვედრას.
ერთ-ერთ ასეთ შეფასებაში წერია:
„თაღლითები. დაჟინებით ითხოვენ ყველა დოკუმენტის სკანირებული ასლების გაგზავნას ვითომ სწრაფი დასაქმებისთვის. ასლების გაგზავნის შემდეგ იწყება ზარები უცნობი ნომრებიდან ინვესტიციების, ნანოტექნოლოგიების, ბარათის ნომრების, SMS-კოდებისა და სხვა მსგავსი მოთხოვნებით. თუ ასლებს არ აგზავნი და წერ, რომ დოკუმენტებს ადგილზე წარადგენ — კავშირს წყვეტენ. ამბობენ, რომ დასაქმება ოფიციალურია, ხელშეკრულებით, მაგრამ ხელშეკრულების ნიმუშის გაგზავნაზე უარს ამბობენ და გასაუბრების ადგილის მისამართსაც არ ასახელებენ.“
მსგავსი გამოცდილების შესახებ წერენ სხვა საიტებზეც. „შევარდნების“ სარეკლამო განცხადებების კომენტარებში გვხვდება ისტორიები ადამიანებზე, რომლებსაც „სტალინის შევარდნების“ დისლოკაციის ადგილზე ჩასვლის შემდეგ, შესთავაზეს სულ სხვა დანაყოფთან გაეფორმებინათ კონტრაქტი. რადიო თავისუფლებამ ვერ იპოვა ვერცერთი ისტორია, რომელიც „სტალინის შევარდნებში“ სამსახურის რეალურ პირად გამოცდილებას აღწერდა.
პიარი ოკეანის სანაპიროდან
საინტერესოა იმ ადამიანის ვინაობაც, რომელიც, სავარაუდოდ, „სტალინის შევარდნების“ მასშტაბური პიარისა და პოპულარიზაციის უკან დგას. დანაყოფის საიტზე გაკეთებული თითქმის შეუმჩნეველი მინაწერიდან ირკვევა, რომ მარკეტინგს ახორციელებს ციფრული სააგენტო VBI (შპს „ვიბიაი“).
ვადიმ იუდინი
„ამჟამად ვმუშაობთ თათრეთში მდებარე ალაბუგის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან, რომელმაც რეიტინგების მეშვეობით გვიპოვა, დაგვიკავშირდა და ახლა ვთანამშრომლობთ — ვავითარებთ მათ სასწავლო კლასტერსა და პოლიტექნიკურ კოლეჯს“, — უთხრა VBI-ს დირექტორმა ვადიმ იუდინმა გამოცემა Управление персоналом-ს 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში.
„სტალინის შევარდნებთან“ პირდაპირი კავშირი არ გამხდარა დაბრკოლება იმისთვის, რომ იუდინსა და მის მეუღლეს 2025 წელს ამერიკული ვიზები მიეღოთ და ზაფხული-შემოდგომა შეერთებულ შტატებში გაეტარებინათ. ცოლ-ქმარმა მოინახულა ნიუ-იორკი და ლას-ვეგასი. „გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო“, — წერდა იუდინი ტელეგრამში 6 ნოემბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაზე. ვადიმ იუდინის ტელეგრამ-არხი ახლა წაშლილია.
ვადიმ იუდინი და მისი მეუღლე ლას-ვეგასში. 2025 წლის ზაფხული
ერთი თვის წინ, როგორც სერვის Strava-ში იუდინის ანგარიშიდან ჩანს, „სტალინის შევარდნების“ მომსახურე მარკეტინგული სააგენტოს გენერალური დირექტორი კვლავ აშშ-ში იმყოფებოდა: 27 იანვარს მან მონაწილეობა მიიღო გარბენში ქალაქ სანტა-მონიკაში (კალიფორნიის შტატში). „სტალინის შევარდნებთან“ კავშირის შესახებ რადიო თავისუფლების მიერ გაგზავნილ კითხვებზე ვადიმ იუდინს პასუხი არ გაუცია.