მკვლელობა, დამწვარი სახლები და არეულობა - რა მოხდა ახალქალაქში?

8 აგვისტოს, ახალქალაქში, არეულობის დროს დააზიანეს ორი მანქანა.

ახალქალაქში, ადგილობრივებსა და სოფელ გულიკამის მცხოვრებლებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს, 27 წლის კაცი მოკლეს. მოკლულის თანასოფლელებმა, შურისძიების მოტივით, დაწვეს სავარაუდო მკვლელის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო, სახლი და მისი მეგობრების სახლები, დააზიანეს მანქანები.

ადგილობრივები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. კონფლიქტის მონაწილე ასობით ადამიანიდან დაკავებულია მხოლოდ 37 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

არეულობის დღე

8 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 6 საათზე, ახალქალაქში, ცენტრში, მაშტოცის მოედანზე, რამდენიმე ათეული ადამიანის მონაწილეობით, ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს ახალქალაქელი და სოფელ გულიკამის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ.

კადრებში, რომელიც ადგილობრივმა მედია Jnews-მა გაავრცელა, ჩანს, რომ კონფლიქტში მონაწილეებს უჭირავთ ბლაგვი საგნები, მათ შორის, ბეისბოლის ბიტები. მოგვიანებით, კადრებში ჩანს, როგორ იღებს კაცი იარაღს და ესვრის 27 წლის ვართან მირანიანს, რომელიც ადგილზე კვდება.

ცოტა ხანში, მოკლულის ასობით თანასოფლელი ახალქალაქში ჩადის და მათი ნაწილი სასტუმრო “ArtSeg-თან” იკრიბება, რომელიც, მათი ვარაუდით, მკვლელის, არტურ გაბრიელიანის ოჯახს ეკუთვნის. ადგილობრივი ჟურნალისტი კრისტინა მარაბიანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 50-მდე ადამიანი აგრესიულად იყო განწყობილი, მათ შორის, ჟურნალისტის მიმართ, რომელსაც გაუტეხეს ვიდეოკამერა.

მარაბიანის თქმით, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე, მოკლულის ახლობლებმა, შურისძიების მიზნით, დაიწყეს სასტუმროს დარბევა:

“ჩაამსხვრიეს მინები ბიტებით, ქვებით, ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ. იარაღი მათ არ ჰქონდათ. სცემეს სავარაუდო მკვლელის მამა. შემდეგ ერთ ბიჭს დაესხნენ თავს. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა”, - ამბობს მარაბიანი.

რეპორტიორი იხსენებს, რომ იქ შეკრებილები მიმოიფანტნენ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა რამდენჯერმე გაისროლეს ცაში.

“ამის შემდეგ სახანძრო მოვიდა და გავიგეთ, რომ სასტუმრო იწვოდა. ასევე, გავიგეთ, რომ ცეცხლი წაუკიდეს სავარაუდო მკვლელის სახლს”, - იხსენებს ჟურნალისტი და განაგრძობს: “აქაც მოვიდა სახანძრო და გავიგეთ, რომ მეზობელ ქუჩაზე კიდევ ერთი სახლი დაწვეს”.

განრისხებულმა გულიკამელებმა სავარაუდო მკვლელის სასტუმროს შემდეგ ცეცხლი გაბრიელიანის მამისა და ძმის სახლებს წაუკიდეს. ასევე, დაწვეს გაბრიელიანის ნათესავისა და მეგობრის კლიმენტ კოზიანის და გენა ზარმარიანის საცხოვრებელი სახლები.

ზარმარიანის ოჯახის წევრი, ნარა ზარმარიანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სახლში რძალთან, ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად იყო, როცა იქ 250-300 ადამიანი მივიდა.

“დაახლოებით 80 ადამიანი შემოვიდა სახლში. სამზარეულოში გაზის მილი გადაჭრეს და შემდეგ ბენზინით ბოთლი შემოაგდეს. ყვიროდნენ, გავედით, აფეთქდებაო”, - იხსენებს ზარმარიანი და განაგრძობს: “გაზის გათიშვა რომ არ მოესწროთ, ალბათ მთელი კვარტალი აფეთქდებოდა”.

ქალაქში არეულობა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

სამწლიანი კონფლიქტი?

ახალქალაქში ჰყვებიან, რომ დაპირისპირება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. თუმცა ღიად ამაზე არ საუბრობენ.

“გაბრიელიანის სასტუმროში [გულიკამელმა] ბიჭებმა ნომრები დაჯავშნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, რადგან მეპატრონეს უთქვამს, სასტუმრო არ მუშაობსო, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ბიჭებმა [გაბრიელიანებმა] მამის ინტერესები დაიცვეს და ახალგაზრდები საქმის გასარჩევად დაიბარეს”.

გარჩევა კი 8 აგვისტოს ქალაქის ცენტრში, მერიისა და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ოფისის წინ დაიწყო.

ვინ არის მოკლული?

გულიკამელების მთავარი საზრუნავი ახლა მიცვალებულის დაკრძალვაა. სოფელში სხვა თემაზე აღარავინ საუბრობს. სოფლის მკვიდრი აღასინ მელიქიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სიკვდილის დღეს, დაახლოებით 4-5 საათზე, კაცი ყანაში დაინახა, კარტოფილს რწყავდა.

ვარდან მირანიანი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და მამობისთვის ემზადებოდა.

ვინ (არ) დააკავეს?

9 აგვისტოს, სამართალდამცველებმა დააკავეს ახალქალაქელი ბიზნესმენი, სასტუმრო-რესტორანი და კაზინო ლას ვეგასის მფლობელი არტურ გაბრიელიანი. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება.

დაკავებულის ადვოკატი ტარიელ ბალაბანაშვილი ამბობს, რომ გაბრიელიანი ბრალს მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ეთანხმება, მკვლელობას კი საერთოდ არ აღიარებს; დუმილის უფლებას იყენებს და ამ დრომდე ჩვენება არ მიუცია.

საქმეზე ცალკე წარმოებად გამოიყო ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით (სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილები).

“პოლიციის უმოქმედობა”

სპეციალური დანიშნულების რაზმი, ახალქალაქში დაახლოებით 11 საათზე, დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა. ადგილობრივები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტი კრისტინა მარაბიანი ამბობს, რომ სასტუმროსთან 5-6 პოლიციელი იყო, რომლებიც ვითარების განმუხტვას ვერ ახერხებდნენ - ძირითადად გვერდიდან აკვირდებოდნენ და არეულობას ტელეფონით იღებდნენ.

პოლიციას რომ კარგად ემუშავა, არანაირი სახლი არ დაიწვებოდაო, ამბობს გაბრიელიანების ნათესავი, რომელსაც რადიო თავისუფლება შემთხვევის ადგილზე ესაუბრა:

“მათ [სამართალდამცველებს] ჰქონდათ ბრძანება, რომ არაფერი გაეკეთებინათ. პარლამენტთან, როცა ხალხი საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავს, რეზინის ტყვიებით თვალებს თხრიან. აქ, ამ პატარა ქალაქში, როცა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა, არაფერი არ გააკეთეს” - ამბობს ის.

ახალქალაქში ახლა სიმშვიდეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში ატარებენ როგორც ახალქალაქში, ასევე გულიკამში.

გამოძიება მუშაობს იმ პირების გამოსავლენად, ვინც ორგანიზება გაუკეთა და მონაწილეობა მიიღო ძალადობაში, რბევასა და ქონების დაზიანებაში.