ზელენსკის არჩევანი - რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის სამთავრობო ცვლილებების შესახებ?

ოლექსანდრ სირსკი (მარცხენა), ვოლოდმირ ზელენსკი (შუაში) მიხაილო ფედოროვი. ილუსტრირებული ფოტო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განახორციელა, რაც აქტიური განხილვის საგანი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის პარტნიორებში. განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლებამ.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ განხორცილებული მთავრობის ფართომასშტაბიანი რეორგანიზაციის მიზანი სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაზრდაა.

თანამდებობა დატოვეს:

  • იულია სვირიდენკო - პრემიერ-მინისტრი (მასთან ერთად უფლებამოსილება შეწყვიტა მთავრობამაც).
  • მიხაილო ფედოროვი - თავდაცვის მინისტრი. მისი გადაყენება აღმოჩნდა ყველაზე მტკივნეული, რომელმაც უკრაინის დედაქალაქსა და მსხვილ აქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

ახალი დანიშვნები:

  • სერგი კორეცკი - დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. მანამდე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოგაზს“.
  • ევჰენ ხმარა - დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მის კანდიდატურას მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენს.


თანამდებობები შეინარჩუნეს:

  • ოლექსანდრ სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მიუხედავად ფედოროვთან მწვავე კონფლიქტისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნისა, ზელენსკიმ სწორედ სირსკის გამოუცხადა ნდობა.
  • იგორ კლიმენკო - შინაგან საქმეთა მინისტრი. მის თანამდებობაზე დარჩენას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ფედოროვის მხარდამჭერები აკრიტიკებდნენ.


ზელენსკის პოზიცია

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთავრობის განახლება აუცილებელია ომის პირობებში მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად, ეკონომიკისა და თავდაცვის უკეთ სამართავად და სახელმწიფო აპარატის მუშაობის გასაძლიერებლად, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე მოუწია განმარტებების გაკეთება საზოგადოების მწვავე კრიტიკაზე, რაც გამოიწვია მთავრობიდან თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გაშვებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა 35 წლის თავდაცვის მინისტრ, მიხაილო ფედოროვსა და 60 წლის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, გენერალ ოლექსანდრ სირსკის შორის არსებული გადაულახავი დაპირისპირების ფაქტი. ზელენსკიმ სწორედ ეს გარემოება დაასახელა მთავარ მიზეზად, რის გამოც მან უარი თქვა ფედოროვის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ხელახლა დანიშვნაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი და მიხაილო ფედოროვი (მარცხნივ). 2026 წლის იანვარი

„ძალიან მსურდა, რომ ერთიანობა ყოფილიყო. მხარეებმა ამას ვერ მიაღწიეს. და ეს პრობლემა მხოლოდ მათი კი არა, ჩემიც არის. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. (...) თუ მხარეები საკითხს ვერ აგვარებენ, მაშინ მისი გადაწყვეტა მე მომიწევს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, - ისინი (უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი - რედ.) ჩემს გარეშე ვერ სხდებიან [სალაპარაკოდ]; ისინი კონფლიქტში არიან. (...) მე პატივს ვცემ ორივე მხარეს, ვიცი მათი ძლიერი მხარეები, ვიცი მათი სუსტი მხარეები და ნამდვილად მინდა, რომ მათ გააძლიერონ უკრაინა. მაგრამ ეს არის ის, რაც არის. და ამ სიტუაციაში ასეთი არჩევანი გვაქვს: ან ერთი მხარე ან მეორე“.

მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 2026 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე იყო IT მეწარმე, ზელენსკის საარჩევნო შტაბის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი, მთავრობის ვიცე-პრემიერი ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით.

ოლექსანდრე სირსკი ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენელია, რომელმაც 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლა; მსახურობდა უკრაინის სსრ-ში, სადაც დარჩა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - დაიწყო სამსახური ეროვნულ გვარდიაში, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული შეჭრისას სირსკი დაინიშნა ანტიტერორისტული ოპერაციის, ე.წ. АТО-ს შტაბის უფროსად დონბასში. ოლექსანდრ სირსკის ინიციატივით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაინერგა ნატოს მოდელის სარეზერვო მომზადების სისტემა და შეიქმნა სამი სპეციალიზებული სარდლობა სახმელეთო ჯარების სამეთაურო სტრუქტურაში. ოლექსანდრ სირსკის სახელს უკავშირდება უკრაინის არმიის 2022 წლის წარმატებული კონტრიერიში, რასაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება.

ფედოროვი VS სირსკი

მიხაილო ფედოროვს, რომელსაც ხშირად „ციფრულ ვუნდერკინდს“ უწოდებენ, უკავშირებენ უკრაინაში დრონების მასშტაბური წარმოებისა და გამოყენების განვითარებას, ასევე შორ მანძილზე იერიშებისა და ე.წ. mid-strike ოპერაციების ორგანიზებას, რომლებმაც რუსეთის ფრონტის მომარაგების ლოგისტიკა მნიშვნელოვნად დააზიანა.

უკრაინაში დაფუძნებული მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ანალიტიკოსი ვიქტორ შლინჩაკი ცდილობს ახსნას, თუ ვის დაუჭირა მხარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ რთულ არჩევანში.

„მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებით პრეზიდენტი პირადად იღებს პასუხისმგებლობას ომის სტრატეგიაზე. ეს კარგი გადაწყვეტილებაა თუ ცუდი - ამას დრო აჩვენებს... ფედოროვსა და სირსკის შორის დაპირისპირებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევანი მთავარსარდალზე შეაჩერა.“

ავტორიტეტიანი უკრაინული გამოცემა „ტექსტები“ (Тексты) კი წერს:

„სირსკის სტანდარტულმა „მოიერიშე“ ჯარებმა, რომლებიც თითქმის მთლიანად რუსული მოდელის მიხედვით არიან ჩამოყალიბებული, დაამარცხეს ფედოროვის ტექნოლოგიური, მონაცემებზე დაფუძნებული და სტრატეგიული მიდგომა... უზენაესი მთავარსარდალი [ზელენსკი] სირსკის უფრო ენდობა, ვიდრე ფედოროვს. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს პრეზიდენტის ყველაზე დიდი შეცდომა იყოს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.“

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ვოლოდიმირ ფესენკომ განაცხადა, რომ ზელენსკისთვის სირსკისთან მუშაობა გაცილებით კომფორტულია. მისი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა არჩევანი სირსკიზე გააკეთა: პირველად 2024 წელს, როდესაც ზელენსკიმ მაშინდელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ზელენსკი სირსკის კარგად იცნობს და მასთან მუშაობას შეჩვეულია. მის მიმართ უარყოფითი ემოციები არ აქვს. აი, ფედოროვი კი გარკვეულწილად აღიზიანებდა ზელენსკის, განსაკუთრებით თავისი ზედმეტი რადიკალიზმითა და ყველაფრის რეფორმირების სურვილით“, - განმარტა ვოლოდიმირ ფესენკომ.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ ზალუჟნის ნაცვლად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა ოლექსანდრ სირსკი

რას ამბობს ფედოროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებულმა მიხაილო ფედოროვმა გააკრიტიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი.

„შევეჯახეთ სიტუაციას, როდესაც ჩვენი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყეს. სირსკი კი, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, მზად არ არის, პირისპირ ისაუბროს ამ პრობლემებზე. სამაგიეროდ, მზად არის პირადად იაროს შეხვედრებზე, ინტრიგები ხლართოს, იფიქროს, თითქოს ვიღაცამ მედიაში მის წინააღმდეგ კამპანია შეუკვეთა... ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რომ მან ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოაყენა. იმის ნაცვლად, რომ ეფიქრა, როგორ უნდა დავამარცხოთ რუსეთი ასიმეტრიული გზებით, მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - განაცხადა მიხაილო ფედოროვმა 16 ივლისს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხაილო ფედოროვი

ფედოროვი აღიარებს სირსკის წვლილს ომის პირველ ეტაპზე. უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მ ინისტრმა გაიხსენა კიევის დაცვა, ხარკოვის ოპერაცია და ხერსონის განთავისუფლება და განაცხადა, რომ გენერალმა სირსკიმ მართლაც გადაარჩინა უკრაინა 2022 წელს, თუმცა “მას შემდეგ ომის ხასიათი შეიცვალა, ხოლო არმიის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციას”.

მიხაილო ფედოროვმა ყურადღება გაამახვილა დრონებზე (რომლებიც ახლა რუსეთის ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი აღწევენ), სამხედრო ნაწილების მართვის დიგიტალიზაციაზე, დანაყოფების მუშაობის ანალიზსა და სამხედრო შესყიდვების რესტრუქტურიზაციაზე.

რას ამბობს სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ მადლობა გადაუხადა მიხაილო ფედოროვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის და „კვლავაც უკრაინის გუნდის წევრად დარჩენა“ უსურვა.

ოლექსანდრ სირსკიმ თავისი განცხადება Telegram-არხით გაავრცელა, თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტრის კრიტიკას დეტალურად არ უპასუხა.

„ვამაყობ, რომ 2022 წელს კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით დედაქალაქის დაცვა შევძელით. სწორედ ამიტომ დღეს ამ ქალაქში შესაძლებელია ბრიფინგების გამართვა, ხედვების ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ტარდებოდეს თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში. ამისათვის საჭიროა მთელი ყურადღება გავამახვილოთ ომსა და ეფექტიან სტრატეგიაზე, რომელიც უკვე კონკრეტულ შედეგებს იძლევა“, - დაწერა სირსკიმ Telegram-ში.

საპროტესტო გამოსვლები

კიევში, ლვოვში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპრში, ლუცკსა და სხვა ქალაქებში ფედოროვის გადაყენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეფორმების გაგრძელებას და აკრიტიკებდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადადგომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია კიევში, 16 ივლისი

ქუჩებში გამოსული აქტივისტები სკანდირებდნენ: „სირცხვილი!“, „ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ჩვენ თვალს გადევნებთ!“, „ფედოროვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრია!“, „მუშაობს? - ხელს ნუ ახლებთ!“. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მუყაოს პლაკატები, რომლებზეც მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების მოწოდებები იყო დაწერილი.

„ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომელთა ნაწილი უკვე დაიწყო. ადამიანებს აშფოთებთ, რომ ეს რეფორმები შეიძლება შეჩერდეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს აქციის მონაწილემ, საზოგადოებრივმა აქტივისტმა, უფლებადამცველმა და რუსეთის ყოფილმა ტყვემ, მაქსიმ ბუტკევიჩმა.

მისი შეფასებით, აქციის მონაწილეები პირველ რიგში სწორედ რეფორმების დასაცავად გამოვიდნენ, ფედოროვი კი სწორედ ამ პოზიტიური ცვლილებების სიმბოლოდ მიიჩნევა. ბუტკევიჩი ასევე ამბობს, რომ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილებამ ბევრ ადამიანს შეუცვალა დამოკიდებულება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

„ვფიქრობ, აქ შეკრებილი ადამიანების უმეტესობამ ნახა ფედოროვის ინტერვიუები, გაეცნო მის ანგარიშებს და მოიწონა მისი მუშაობის სტილი. მათ სურთ, თავდაცვის სამინისტრო სწორედ ასეთი იყოს და არა ისეთი, სადაც მთავარი საზრუნავი ის არის, საწოლი კედლიდან 20 სანტიმეტრით დგას თუ არა. ამიტომაც გამოდიან ადამიანები ქუჩაში - ეს დემოკრატიის საფუძველიცაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯგუფ MUR-ის ლიდერმა და თეატრალურმა რეჟისორმა, ოლექსანდრ ხომენკომ, რომლის თქმით, მოქალაქეები ადამიანები მხოლოდ ფედოროვის გამო არ გამოსულან ქუჩაში. მისი თქმით, ისინი იცავენ რეფორმებსა და თანამედროვე მმართველობის სტილს:

„არანაირი პიროვნების კულტი აქ არ არის. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ფედოროვი იქცა ეფექტიანი მართვის სიმბოლოდ... ხელისუფლება კი მას თანამდებობიდან ათავისუფლებს გაუგებარი მიზეზით. როდესაც ადამიანს წარუმატებლობის ან სკანდალის გამო ათავისუფლებენ, ამის გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ როდესაც ადამიანი ახლა იწყებს შედეგების მიღწევას, ხდება ეფექტიანი და სწორედ ამ დროს ათავისუფლებენ თანამდებობიდან, აქ უკვე ლოგიკა აღარ ჩანს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ რის გამო - მისი პოპულარობის თუ ეფექტიანობის გამო?“

პროტესტის ნიშნად უკრაინის პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მმართველი პარტიის (“ხალხის მსახური”) წევრმა და უმაღლესი რადის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკიტა პოტურაევმა:

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა პროცესები მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ და რატომ იცვლება მისი ხელმძღვანელი. საქმე პირადად მიხაილო ფედოროვს არ ეხება - პრობლემა იმაშია, რომ შესაძლოა შეჩერდეს ან საერთოდ გაუფასურდეს მისი გუნდის მიერ დაწყებული რეფორმები“.

16 ივლისს თანამდებობიდან გათავისუფლების პატაკი დაწერა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, პავლო ელიზაროვმა, ხოლო მინისტრის მრჩევლებმა - სერჰი სტერნენკომ და სერჰი ბესკრესტნოვმა თავდაცვის სამინისტროს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ვინ არის ევჰენ ხმარა

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხაილო ფედოროვს შეცვლის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსი ევჰენ ხმარა, რომლის წარდგენისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევჰენ ხმარას აქვს ტექნოლოგიური ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების, საბრძოლო დანაყოფების მართვისა და რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე იერიშების მიტანის ორგანიზების დიდი გამოცდილება.

ევჰენ ხმარა

ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) გენერალ-მაიორი, პროფესიონალი სამხედრო და სპეცდანიშნულების ძალების ოფიცერია. 2011 წლიდან მსახურობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფაში“, 2023 წელიდან კი ამ ელიტური დანაყოფის ხელმძღვანელად.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევჰენ ხმარა მონაწილეობდა კიევის ოლქის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში. ჩრდილოეთ რეგიონების დეოკუპაციის შემდეგ კი საბრძოლო დავალებების შესრულება გააგრძელა დონეცკის მიმართულებაზე.

2026 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ის არის ბოგდან ხმელნიცკის ორდენის I, II და III ხარისხების სრული კავალერი; ასევე დაჯილდოებულია „მამაცობისთვის“ III ხარისხის ორდენით და „საბრძოლო დამსახურების ჯვრით“.

ევჰენ ხმარას ხელმძღვანელობით СБУ-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის („ალფა“) მებრძოლებმა არაერთი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია განახორციელეს. კერძოდ, პირადად მან უხელმძღვანელა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინის გათავისუფლების სპეციალურ ოპერაციას.

ასევე ნახეთ

უკრაინული თავდასხმების სამი დღე და დადუმებული პუტინი 

„ალფას“ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები მონაწილეობდნენ ოპერაცია „აბლაბუდას” (Паутина), რომლის ფარგლებშიც რუსეთის ღრმა ზურგში განადგურდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის რამდენიმე ბომბდამშენი. ასევე „ალფას“ სპეცრაზმი ახორციელებდა დარტყმებს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწარმოებზე, სადაც მართვადი საავიაციო ბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები იწარმოებოდა.

СБУ-ს მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის „ალფამ“ გაანადგურა 1 800-ზე მეტი რუსული ტანკი, ასევე ათასობით ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემა, საჰაერო თავდაცვის საშუალება და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა.