"ეს ეკლესიის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯი იყო და არა პოლიტიკური", - უთხრა რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. “სახელმწიფოს ამ საკითხის სხვაგვარად განხილვის იურიდიული საფუძვლები არ გააჩნდა“, - ასე უპასუხეს, მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საპატრიარქოს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს აქციებზე დაკავებული პატიმრების მშობლები ამბობენ, რომ მათ საპატრიარქოდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არავინ შეხმიანებია, თუმცა ეკლესიასთან დაკავშირებას ცდილობდნენ.
31 დეკემბერს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პატიმრების გათავისუფლებაზე თავად ორჯერ ესაუბრა ხელისუფლებას. ერთხელ კი ეს საკითხი „ქართული ოცნების“ პრემიერთან პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმაც დააყენა, თუმცა უშედეგოდ.
ასევე ნახეთ ჯაღმაიძის თქმით, აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი სამჯერ დააყენესდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გვეუბნება, რომ 2025 წლის დასაწყისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა ქალებმა საპატრიარქოში ითხოვეს შეხვედრა - შეხვედრა შედგა. პოლიტიკოს ქალებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) უმასპინძლა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს. პოლიტიკოსი ქალების სურვილი იყო საპატრიარქოს გარკვეული შუამდგომლობა გაეწია მათთვის ხელისუფლებასთან. უარი არ გვითქვამს და დაპირებისამებრ, მეუფე შიოს დავალებით, ეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დავსვი.
ეს იყო შეკითხვისა და სურვილის ხასიათის შუამდგომლობა, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება გამოიხატოს: ხომ არ იყო შესაძლებელი რაღაც პერიოდში მათი ბრალის გადახედვა და თუ შესაძლებელია, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანებისადმი სამართალდამცავმა უწყებებმა პოზიცია შეარბილონ?
მათ შორის შეკითხვა მზია ამაღლობელსაც შეეხებოდა.
ეს იყო დაახლოებით მარტში, აპრილში. შემდეგ, მოგვიანებით, თავად მეუფე შიოს მიეცა საუბრის შესაძლებლობა და კვლავ დაისვა ეს შეკითხვა.
მივიღეთ პასუხი, რომ იურიდიული საფუძვლები საკითხის სხვაგვარად განხილვისა არ გააჩნდა სახელმწიფოს.
ეს საპატრიარქოს მხრიდან ჰუმანური ნაბიჯი იყო და არა პოლიტიკური, ამიტომ მეტ კონკრეტიკას თავს ვარიდებ“, - მოგვწერა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე გვიპასუხა, რომ ქრისტიანული დამოკიდებულება არ ასხვავებს პატიმრობაში მყოფ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით და რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არაერთი ამგვარი ნაბიჯი გადაუდგამს დაპატიმრებული მოქალაქეების მიმართ.
დეკანოზი ამბობს, რომ საპატრიარქო მუდმივად ჩართულია იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან:
„გასული 13 თვის განმავლობაში 5200 ვიზიტი განხორციელდა სასულიერო პირების მხრიდან მათთან, რამდენიმე ათეული სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, ასევე პატრიარქისგან მცირედი საჩუქრები გაიგზავნა სხვადასხვა დროს. ნებისმიერ პატიმარს აქვს საშუალება, გამოიყენოს მოძღვართან შეხვედრის ეს საშუალება და აქ შეზღუდვა არ არსებობს.
ასეთ ქმედებებს ფართო აფიშირებას არ ვუკეთებთ. აფიშირებას არ ვაკეთებთ ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ამას შესაძლოა პოლიტიკური შეფასებები მიეცეს. გადაღლილია საზოგადოება და მოგეხსენებათ, დღეს პოლიტიკური ნიშნით, როგორც ერთგვარი კამერტონით ხდება გაზომვა თითოეული საჯარო განცხადებისა“, - ასე უპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას.
„ერთსულოვნების“ ეთერში სტუმრობისას ანდრია ჯაღმაიძემ უსაფუძვლო უწოდა საყვედურსაც, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და მათ დაუპირისპირდა - მისი თქმით, ეს რომ ასე არ არის, ამას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციებისას, ქაშვეთში მყოფი სასულიერო პირების ნაბიჯებიც მოწმობს:
„ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს.. ბევრი კადრებია, მღვდლები თავად აწვეთებენ თვალში [ფიზიოლოგიურ ხსნარს], აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ასე ჯაჭვად იდგნენ მამები და, რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
ასევე ნახეთ ვადამდე გათავისუფლება - რას ითხოვს სანაცვლოდ სახელმწიფო დემონსტრანტებისგან?საპატრიარქოს განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ პატიმრების გათავისუფლების თხოვნაზე, ენიშნათ დაკავებული პატიმრების მშობლებსაც, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ ეკლესიისგან არაფერს მოელიან. ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე (ე.წ. უდო) უარის შემდეგ, მათ არც შვილების შეწყალების ან ამნისტიის იმედი არ აქვთ.
თუმცა ერთ-ერთი პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე იხსენებს, რომ დედები ელოდნენ საპატრიარქოს განცხადებას:
„მას მერე, რაც „უცნობმა“ თავის გადაცემაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ნაწილის შეწყალება ითხოვა, მაშინვე ხმები დაირხა, რომ მალე საპატრიარქოც რამეს იტყოდა და ასეც მოხდა, თუმცა იმედი არ გვაქვს“.
აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომა. ფოტო არქივიდან
მარიზი კობახიძე გვეუბნება, რომ საპატრიარქოსთან მისვლის და კითხვების დასმის იდეა პატიმრების დედებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაუჩნდათ, თუმცა ყოველ ჯერზე სწორედ უნდობლობა ხდებოდა იქ მიუსვლელობის მიზეზი:
„სად არის ეკლესია, რატომ არ გვეხმიანება, რატომ არ ინტერესდება ბიჭების ამბით? - ამ კითხვებს სულ ვსვამდით - ტელეეთერებიდან. საპატრიარქოსთან არ წავსულვართ. არავის სჯეროდა, რომ საერთოდ ვინმე გამოვიდოდა და დაგველაპარაკებოდა... არც არასდროს შემოგვხმიანებია იქიდან ვინმე. ახლა, როცა თქვეს, მთავრობას ვუთხარით და უპასუხოდ დავრჩითო, ამის დაჯერებაც გვიჭირს. მართლა რომ მოეთხოვათ რამე, ეკლესიას ამ ქვეყანაში იმხელა ძალა აქვს, ეს მთავრობა მათ წინ ვერ დაუდგებოდა..."
საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე კი, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ტაძრის მრევლის წევრი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ საბას დაკავების შემდეგ, იმ ეკლესიიდან არც საბას და არც მისი ოჯახის ამბით ერთხელაც არავინ არ დაინტერესებულა.
„ვგულისხმობ ტაძარს, სადაც საბა გაიზარდა, რადგან მე ძალიან აქტიური მრევლი ვიყავი..."
თუმცა ელენე ახობაძეც გვიდასტურებს, რომ დედებს ჰქონდათ საპატრიარქოსთან დაკავშირების სურვილიც და ხმის მიწვდენის მცდელობაც.
„მგონია, რომ ამ განცხადებით საპატრიარქო თავს იმართლებს, რადგან ქრისტიანობა ქადაგებს, რომ არ უნდა დაჩაგრო, არ უნდა აწამო (ჩემი შვილი კი აწამეს) და ალბათ, ამ განცხადებებით ცდილობენ გამოასწორონ თავიანთი მდგომარეობა. ჩვენ გვერდით მათგან არავინ დამდგარა - რამდენიმე მამაოს გარდა და მათაც მღვდელმსახურება შეუჩერეს. მე მგონია, რომ საპატრიარქოს ყოველთვის ჰქონდა ძალა და გავლენა სახელმწიფოზე და ახლაც შეეძლო თავისი სიტყვის თქმა, რაც არ გააკეთა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების უკანაც ხელისუფლება იდგეს, რომელსაც თავად არ სურს შეცდომების აღიარება. უფრო ადვილია თქვას, აი, საპატრიარქოს თხოვნას ვითვალისწინებთო“, - გვიზიარებს თავის შეფასებას ელენე ახობაძე.
მარიზიმაც, ელენემაც და სხვა პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმაც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ არცერთი პატიმარი არაფრის აღიარებას არ აპირებს.
„არაფერი დაუშავებიათ და იმიტომ“, - ამბობს ელენე ახობაძე.
„ეს 11 თვეც გავა და თორნიკე თავაწეული გამოვა“, - გვეუბნება მარიზი კობახიძე.
ასევე ნახეთ „დავაი, გარეთ!“ - დემონსტრანტების დევნა ეკლესიაში, აფთიაქსა თუ მაღაზიაშიამით ისინი კიდევ ერთხელ პასუხობენ მომღერალ “უცნობს” (გია გაჩეჩილაძე), რომელმაც საპატრიარქოს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 19 დეკემბერს, თავის გადაცემაში, "უცნობის კიდობანი", “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საპატრიარქოს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ნაწილის შეწყალება სთხოვა: „ეს ამბავი მე შემისრულეთ პირადად, მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ ადამიანები იმავეს აღარ ჩაიდენენ.“
ოღონდ „უცნობი“ იქვე მიანიშნებდა, რომ პატიმრებისგან „არასწორი საქციელის აღიარებას” და სინანულის გამოხატვას მოითხოვდა.
გია გაჩეჩილაძემ მაშინ დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ “ბიჭების სიტუაცია“ (ანდრო ჭიჭინაძის სახელიც ახსენა) და არა სხვა დანარჩენი, მათ შორის პოლიტიკოსები.
„არანაირი აღიარება“ - ასეთია პატიმრების მტკიცე პოზიცია. ვადაზე ადრე გათავისუფლება [ ე.წ. უდო], როგორც „კანონით გათვალისწინებული შეღავათი“, ყველა იმ დემონსტრანტს შეეხო, რომლებიც ორი წლით დააპატიმრეს. თუმცა საბჭომ ამ ეტაპზე არცერთი მათგანი არ გამოუშვა ციხიდან.
ასევე ნახეთ ანდრო ჭიჭინაძე: "ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს"21 დეკემბერს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერდა, რომ ყველანაირ შეწყალებაზე საუბარი ზედმეტი იყო და ამ საკითხთან დაკავშირებულ არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა.
აქციებზე დაკავებული სხვა პატიმრების მსგავსად, მისთვისაც ერთადერთი მისაღები გამოსავალი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ის ობიექტურ და მიუკერძოებელ ვერდიქტს გამოიტანდა.
22 დეკემბერს იგივე თქვა აქციებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პატიმარმა, მათე დევიძემ, სააპელაციო სასამართლოზე, რომელმაც მისი განაჩენი, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ძალაში დატოვა: “ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ?..ბოდიში, მაგრამ სისულელეა", - თქვა მათემ.
ასევე ნახეთ მათე დევიძე სააპელაციო სასამართლოში: „ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც“იგივე მოიწერეს ციხიდან ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, თორნიკე გოშაძემ, საბა სხვიტარიძემ, რეზო კიკნაძემ. მათ პოზიციას პროევროპულ აქციებზე დაკავებული სხვა პატიმრებიც იზიარებენ.
შეწყალება და ვადაზე ადრე გათავისუფლება სხვადასხვა პროცედურაა. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მას შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. შეწყალებას დანაშაულის აღიარება არ სჭირდება, არც ოფიციალური განცხადება. თუმცა დემონსტრანტების შემთხვევაში “ქართული ოცნების” არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მათ „შეცდომები უნდა აღიარონ“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ხელისუფლება დაკავებული დემონსტრანტების შეწყალებას ან ამნისტიას, უარყოფითი პასუხი გასცა:
„იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი“, - თქვა მან.