უკრაინის შეიარაღებული ძალები იოლად სწვდებიან ყირიმის ე.წ. სახმელეთო დერეფანს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ხაზია, თუმცა, როგორც ჩანს, ყირიმის რუსული ადმინისტრაცია და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო უარესი სცენარისთვის ემზადება: რუსი სამხედროები სისტემატურად გადიან წვრთნებს, მათ შორის ისეთ რაიონებშიც, სადაც არაოფიციალურად უკვე დაიწყო საკურორტო სეზონი. ნახევარკუნძულის რუსული ადმინისტრაციის თქმით, სამხედრო წვრთნების გამო, ექვსი თვით დაიხურება ყირიმის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთი ადგილი.
რა ხდება ყირიმში და ელოდებიან თუ არა იქ უკრაინის თავდაცვის ძალების გამოჩენას?
როგორც რადიო თავისუფლების პროექტის Krym.Realii-ის რედაქცია იუწყება, ანექსირებულ ყირიმში რუსმა სამხედროებმა ერთი-ორად გააქტიურეს წვრთნების კომპონენტები. მაისში მათი ყოფნა იგრძნობოდა თითქმის ყველგან — დაწყებული სევასტოპოლით, დამთავრებული ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროთი. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, უკრაინული დესანტის მოლოდინში რუსი სამხედროები ამაგრებენ ყირიმის სანაპირო ზოლს და ასევე ამუშავებენ ანტიდივერსიულ ღონისძიებებს.
რუსული სამხედრო წვრთნები ყირიმში, არქივის ფოტო
28 მაისს სამხედრო წვრთნები გაიმართა ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროს დასახლება ოლივას მიმდებარედ ტერიტორიაზე. ადგილობრივები წინასწარ გააფრთხილეს ხმაურის შესახებ და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.
„ძვირფასო იალტის მცხოვრებლებო და სტუმრებო! ოლივას დასახლების რაიონში 16:00-დან 22:00 საათამდე შესაძლოა ხმაური იყოს. მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები“, — აცხადებდა იალტის ერთიანი მორიგე-სადისპეტჩერო სამსახური.
ოლივაში მდებარეობს სახელმწიფო აგარაკები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების რეზიდენციები.
რუსული არმიის საცეცხლე წერტილი საკი-ევპატორიის გზატკეცილზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, 2026 წლის მაისი.
„ყირიმის გზა უკვე აღარ არის ზურგი“
გახშირებული სამხედრო წვრთნების ფონზე, ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საჯაროდ უარყოფს რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალების გამოჩენის შესაძლებლობას. სერგეი აქსიონოვი იმედოვნებს, რომ ВСУ-ს რუსი მესაზღვრეები შეაკავებენ.
„რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყირიმის სასაზღვრო სამმართველო წარმატებით ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. ჩვენი ნახევარკუნძული ისტორიულად რუსეთის სამხრეთ ფორპოსტს წარმოადგენს. ყირიმელები დარწმუნებულნი არიან, რომ საზღვარი საიმედოდ არის დაცული“, — განაცხადა სერგეი აქსიონოვმა მაისში, მესაზღვრეების პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოთქმულ მისალოც სიტყვაში.
სერგეი აქსიონოვი - ყირიმის რუსული ადამინისტრაციის ხელმძღვანელი კერძო სამხედრო დანაყოფის „BARS-Crimea“ მებრძოლებთან ერთად, 2025 წლის ოქტომბერი
თუმცა ე.წ. Z-საზოგადოებაში არ მალავენ, რომ სამხრეთ უკრაინასა და ყირიმის ირგვლივ ვითარება რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვნად გართულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიშის მიტანა დაიწყეს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2022 წელს გაჭრილ „სახმელეთო დერეფანზე“.
„რუსეთის სამხრეთ რეგიონებში (ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინულ ოლქებში) ვითარება სულ უფრო მეტად საგანგაშო ხდება. მაისის დასაწყისიდან უკრაინულმა ფორმირებებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დრონებით შეტევები სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ტვირთები ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გადააქვთ. საფრთხე მხოლოდ ყირიმში საკურორტო სეზონის ჩაშლაში ან გარკვეული პროდუქტების დეფიციტის შექმნაში არ არის. ნახევარკუნძულის მიმართულებით მოძრავ სატვირთო გადაზიდვებზე დარტყმები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე სამხრეთის ფრონტებზე, სადაც მდგომარეობა ისედაც რთულია“, — წერს რუსული სამხედრო Telegram-არხი «Рыбарь».
არხი აღიარებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ნაწილობრივ პარალიზება გაუკეთეს სამხრეთ რუსეთის ლოგისტიკას ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო დერეფანზე“ და არც იმას გამორიცხავს, რომ უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევაც შეძლონ.
„ყირიმისკენ მიმავალი გზა უკვე აღარ არის უსაფრთხო ზურგი“, — წერს რუსული Telegram-არხი „Разговор при галстуках“ და აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების მთავარი მაგისტრალი. არხის შეფასებით, თუ რუსეთის მხრიდან „მიდგომების რადიკალური განახლება“ არ მოხდება, ყირიმისკენ მიმავალი გზა შესაძლოა „მოსკოვისკენ მიმავალ გზად“ გადაიქცეს.
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსებიც წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებენ „ყირიმი–დონეცკის სახმელეთო დერეფნის“ ბლოკირებას, რითაც მნიშვნელოვნად აფერხებენ ყირიმისათვის იარაღისა და სხვადასხვა ტვირთის მიწოდებას. მათი თქმით, ფედერალური ავტომაგისტრალი Р-280 „ნოვოროსია“ მიიჩნევა „სახმელეთო ხიდად“ და ოკუპანტების მომარაგების მთავარ გზად ოკუპირებულ რეგიონებში: მარიუპოლში, მელიტოპოლსა და ბერდიანსკში. Р-280-ის მეშვეობით მარაგდება როგორც ანექსირებული ყირიმი, ისე სამხრეთის ფრონტზე მყოფი საოკუპაციო ძალები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. თუმცა სწორედ ეს გზა იქცა „ჯოჯოხეთის გზად“: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის არმიის ლოგისტიკა პარალიზების ზღვრამდე მიიყვანეს. ტრასის გასწვრივ ათობით დამწვარი სატვირთო ავტომობილის ნარჩენები ყრია.
სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით აკავშირებს
ექსპერტთა თქმით, ახლა უკრაინული დრონებისთვის მარიუპოლისა და მელიტოპოლის გავლით სიმფეროპოლამდე მიღწევა დაახლოებით ერთი საათის საქმეა. მათი იერიშები ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, გადაიყვანოს ფრონტზე ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. შედეგად, რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ამ ვითარებამ საფრთხის ქვეშ დააყენა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების — „დნეპრისა“ და „ვოსტოკის“ (რომელთა საერთო რიცხოვნობა დაახლოებით 150 000 ადამიანს შეადგენს)- მომარაგება.
„საფრთხე მხოლოდ საკურორტო სეზონის ჩაშლა არ არის. ნახევარკუნძულზე ტვირთების გადამზიდავებზე დარტყმები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე სამხრეთის ფრონტებზე, სადაც მდგომარეობა ისედაც საკმაოდ რთულია“, - ამბობენ უკრაინელი სამხედრო ექსპერტები.
ყირიმის დეოკუპაციის გზა
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ უკრაინას ახლა „ყირიმის ყოველი კვადრატული მეტრის დაზიანების შესაძლებლობა“ აქვს და, შესაბამისად, შეუძლია მისი დეოკუპაცია.
„ყირიმის გათავისუფლების პირველი ნაბიჯია მისი იზოლაცია — ჯანკოისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და ხიდის (ქერჩის სრუტეზე) განადგურება. მეორე ნაბიჯი - გახადო გამოუსადეგარი [ნახევარკუნძული] რუსეთისთვის. უფრო ხანგრძლივი და რთული ნაწილი - როგორ აიძულო რუსებს იქიდან გასვლა და შემდეგ შეიყვანო იქ უკრაინული ჯარები. ვფიქრობ, ეს ხდება რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების და მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმების საერთო კამპანიის ფარგლებში“, — უთხრა ჰოჯესმა „Укринформ“-ს 27 მაისს მიცემულ ინტერვიუში.
ბენ ჰოჯესი
ჰოჯესის თქმით, ყირიმი რუსეთ-უკრაინის ომში „ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია“ და ვინც მას გააკონტროლებს, საბოლოოდ გამარჯვებასაც ის მოიპოვებს.
ამერიკელი გენერლის მოსაზრებას სრულად იზიარებს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გარი კასპაროვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მიმდინარე ომი მხოლოდ ყირიმის სრული დეოკუპაციით შეიძლება დასრულდეს.
“სევასტოპოლზე აღმართული უკრაინული დროშა ერთადერთი გზაა იმპერიული სულის საბოლოოდ დასამარცხებლად და იმ „ვირუსის“ გასანადგურებლად, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის ცნობიერებაში ღრმად არის გამჯდარი", - ამბობს კასპაროვი, - "ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოხდება — საკითხი მხოლოდ დროშია. და თუ იმას დავაკვირდებით, რასაც დღეს ვხედავთ, კვანძის გახსნა შესაძლოა გაცილებით სწრაფად მოხდეს, ვიდრე ახლო წარსულში წარმოგვედგინა. დღეს ყირიმის რუსული ოკუპაცია უმძიმესი ლოგისტიკური პრობლემების წინაშე დგას. უკრაინას უნდა მიეგოს სათანადო პატივი: მტრის მასშტაბების გათვალისწინებით, მან ბრძოლის უკიდურესად ეფექტიანი მეთოდი იპოვა. უკრაინამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ომის კონცეფცია და დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ მხარეს შეუძლია კრიტიკული ზიანი მიაყენოს ჩვეულებრივი სამხედრო პოტენციალით ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს”.
გარი კასპაროვის თქმით, რუსეთის რესურსული ბაზის გამოფიტვის პროცესი ბოლო თვეებში სულ უფრო ინტენსიური ხდება:
“უკრაინული დრონები წარმატებით არღვევენ აგრესორის თავდაცვის სისტემას. საუკუნეების განმავლობაში რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია შემტევი არმიებისთვის გადაულახავ დაბრკოლებად ითვლებოდა, მაგრამ დღეს ეს გიგანტური სივრცეები თავად რუსეთის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად უკრაინულ მხარეს გადავიდა. პუტინის განცხადებების მიუხედავად, საოკუპაციო ჯარებს რეალური წარმატებები არ აქვთ. დღეს უკვე თავად რუსი “ვოენკორებიც” განგაშს ტეხენ და წერენ არა შეტევაზე, არამედ ფრონტის ჩამოშლის რეალურ საფრთხეზე. კრემლს ამ სტრატეგიის წინააღმდეგ ეფექტიანი საპასუხო საშუალება არ გააჩნია. ამიტომ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყირიმის დეოკუპაციის საკითხი აღარ არის შორეული მომავლის საქმე”.
ხანძარი ქერჩის ხიდზე უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაციის შედეგად, 2022 წლის 8 ოქტომბერი
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აცხადებდა, რომ მის მიზნებში ყირიმის დეოკუპაციაც შედიოდა. ომის მესამე წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ყირიმის დეოკუპაციის დიპლომატიურ გზებს ეძებს და, რომ უკრაინა „იურიდიულად არასოდეს იტყვის უარს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მოსკოვი ნახევარკუნძულს „რუსეთის განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მასზე „ნებისმიერ პრეტენზიას“ შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
ყირიმში საწვავის მიწოდებას უკრაინის ჯარი (ВСУ) „არეგულირებს“
ВСУ (უკრაინის შეიარაღებული ძალები) სისტემატურად ანადგურებს სამიზნეებს ე.წ. „ყირიმის სახმელეთო დერეფნის“ მონაკვეთებსა და თავად ანექსირებულ ყირიმშიც, მათ შორის ანადგურებს როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ობიექტებს ბენზინმზიდებისა და ტრაილერების სახით, რის გამოც რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ბენზინისა და დიზელის საწვავის მწვავე დეფიციტი შეიქმნა.
2026 წლის მაისის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები დარტყმებს აყენებდნენ ე.წ. „ყირიმის სახმელეთო დერეფნის“ ავტომაგისტრალს, რომელიც რუსეთის ზურგში 160–200 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. შედეგად გართულდა ანექსირებული ყირიმისათვის საავტომობილო საწვავის მიწოდება, თუმცა შექმნილ ვითარებას ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ „ლოგისტიკური სირთულეები“ უწოდა.
29 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГУР) აცხადებდა, რომ დრონების გამოყენებით კვლავაც ბლოკავს „ყირიმი–დონეცკის სახმელეთო დერეფანს“ და შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აქტიური მოქმედებების დეპარტამენტის უპილოტო სისტემების დანაყოფების სპეციალისტები აგრძელებენ „ყირიმი–დონეცკის სახმელეთო დერეფნის“ ბლოკირებას და რუსი ოკუპანტების ტექნიკის განადგურებას ღრმა ზურგში. ბერდიანსკს, მელიტოპოლსა და ჯანკოის შორის მდებარე გზის მონაკვეთები უკრაინული სამხედრო დაზვერვის ოპერატორების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა“, — ნათქვამია ვიდეოს თანდართულ განცხადებაში.
ამასთან, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბენზინმზიდების განადგურება დაიწყეს არა მხოლოდ ნახევარკუნძულის შესასვლელებთან, არამედ უშუალოდ ყირიმშიც.
უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა Exilenova+ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 მაისის ღამეს ყირიმში ბენზინმზიდი გაანადგურეს. არხის ვარაუდით, შემთხვევა „სიმფეროპოლის მახლობლად“ მოხდა. გამოქვეყნდა გზაზე ალმოდებული ავტომობილის ფოტოც.
მოგვიანებით Telegram-არხმა „Крымский ветер“ დააზუსტა, რომ იერიში კიროვის რაიონში, „თავრიდის“ ტრასაზე განხორციელდა. შეტევის დროს დაზიანდა და დაიწვა მსუბუქი ავტომობილიც, რომელიც ბენზინმზიდს უკან მიჰყვებოდა.
„მომხდარიდან მარტივი დასკვნები გამომდინარეობს: ბენზინმზიდებისთვის არ არის რეკომენდებული „თავრიდის“ ტრასაზე მოძრაობა; ბენზინმზიდების უკან მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა სახიფათოა; ყირიმში ბენზინთან დაკავშირებული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება“, — წერს Telegram-არხი.
30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის ოლქის სოფელ სალკოვოში კიდევ ერთი ბენზინმზიდის დაზიანების შესახებ. საწვავით დატვირთული ცისტერნა მთლიანად დაიწვა, ხოლო „ბენზინმზიდებისა და აირმზიდების დანარჩენი კოლონა გაჩერდა და უკან გაბრუნდა“, — ამბობს ვიდეოს ავტორი.
დამწვარი ავტომობილის სანომრე ნიშანზე ყირიმისთვის მინიჭებული რუსული რეგისტრაციის ნომერი ჩანს.
Telegram-არხ „Крымский ветер“-ის ცნობით, 31 მაისს დრონის შეტევის შედეგად კიდევ ერთი ბენზინმზიდი დაიწვა ჯანკოი–ფეოდოსიის გზატკეცილზე, ნიჟნეგორსკის მოსახვევსა და სოფელ ზორკინოს შორის მდებარე მონაკვეთზე. „ცისტერნა მთლიანად დაიწვა, ხოლო სატვირთო ტრაქტორი დროულად მოაშორეს. გზის მონაკვეთი პოლიციამ და მეხანძრეებმა გადაკეტეს“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსულ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე მრავლად ვრცელდება ცნობები, რომ მძღოლები უარს ამბობენ „სახმელეთო დერეფნით“ საწვავისა და ტვირთების გადაზიდვაზე, თუნდაც გაზრდილი ანაზღაურების სანაცვლოდ.
საბჭოთა დროის ტალონების სისტემა
ყირიმში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ნახევარკუნძულის რუსული ადმინისტრაციას გარკვეული ზომების მიღება აიძულა. 22 მაისს რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ერთ ავტომობილზე (ან ერთ კანისტრაზე) გასაცემი საწვავის მოცულობა დღეში 20 ლიტრით იზღუდებოდა. ამ სიახლემ მყისიერად გამოიწვია უზარმაზარი რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან.
ამ დროს სევასტოპოლის გარეთ ყირიმის სხვა ნაწილებში რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი შეზღუდვები ჯერ არ ჰქონდა დაწესებული.
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა დანარჩენ ნახევარკუნძულზეც. მძღოლები ჩატებში უზიარებდნენ ერთმანეთს ინფორმაციას იმ ბენზინგასამართი სადგურების შესახებ, სადაც ბენზინის შეძენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად აცხადებდა, რომ საწვავი ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდებოდა, თუმცა მისი რაოდენობა მცირე იყო და მარაგი სწრაფად იწურებოდა.
"საწვავი არ არის საერთოდ!" - წარწერა ბენზინგასამართ სადგურზე. სიმფიროპოლი. 2026 წ. 1 ივნისი
30 მაისს გვიან საღამოს ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემა სპეციალური ტალონების სისტემით დაიწყებოდა.
„31 მაისიდან АИ-95 მარკის ბენზინი პრიორიტეტულად მიეწოდება კომუნალურ და სოციალურ ტრანსპორტს, ასევე ტალონებით — მოცულობის შეზღუდვის გარეშე. ამასთან, АТАН-ისა და ТЭС-ის ავტოგასამართ სადგურებზე АИ-95 ბენზინის რეალიზაცია მხოლოდ ტალონებით განხორციელდება. ამავე დროს, АИ-92 მარკის ბენზინის შეზღუდული მარაგის გამო, 31 მაისიდან მისი საცალო გაყიდვა იზღუდება — არაუმეტეს 20 ლიტრისა ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე. კანისტრებში ჩასხმა აკრძალულია“, — დაწერა რუსმა ჩინოვნიკმა საკუთარ Telegram-არხზე.
აქსიონოვის მტკიცებით, შექმნილი ვითარების ნორმალიზებას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება.
მეორე დღეს, 31 მაისს, ტალონების სისტემა ყველგან, მათ შორის სევასტოპოლშიც ამოქმედდა.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ ტალონების გაცემა რიგითი მოქალაქეებისთვის საერთოდ არ იყო გათვალისწინებული — ისინი მხოლოდ საწარმოებისა და ორგანიზაციების განაცხადების საფუძველზე გაიცემოდა. ამიტომ ავტომობილების მფლობელებს, როგორც წესი, უწევთ ან ისეთი საწვავის შეძენა, რომელიც მათი მანქანისთვის ოპტიმალური არ არის, ან იმ იშვიათი ავტოგასამართი სადგურების გრძელ რიგებში დგომა, სადაც საწვავი თავისუფალ გაყიდვაში ჯერ კიდევ მოიპოვება.
უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება.
რუსული პროექტი „Агентство“ აღნიშნავს, რომ ნახევარკუნძულზე ბენზინის ტალონებით ასეთი მასშტაბური გაცემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ მომხდარა.
გამოცემის ცნობით, ბოლოს რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებამ საწვავის ტალონების შემოღების გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო: ბენზინის ტალონები შემოიღეს ქალაქ მაგადანში „ნავთობპროდუქტების გადამზიდი ტანკერის ტექნიკური გაუმართაობის გამო”.
2011 წელს, როდესაც რუსეთში ფართომასშტაბიანი საწვავის კრიზისი დაიწყო, ტუვის რესპუბლიკა მთლიანად გადავიდა ბენზინის ტალონებით გაყიდვის სისტემაზე. იმ პერიოდში ტალონები ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე რუსეთის სხვა რეგიონებშიც მოქმედებდა, მათ შორის პრიმორიესა და ამურის ოლქში.