„გავრბოდით და თან ყველაფერი მიწაში ჩადიოდა“: რა ხდება ახლა სოფელ კურსებში

სოფელი კურსები სტიქიის შემდეგ

ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას დაწყებული მეწყრული პროცესი ისევ აქტიურია. სამი უბნის მოსახლეობა, 45 ოჯახი, სტიქიის ეპიცენტრიდან გაყვანილია და ისინი დროებით ქუთაისის სასტუმროებში არიან გადანაწილებული.

მათი სახლების ნაწილი მიწითაა დაფარული და აღარ არსებობს, ნაწილი დანგრეულ-დაბზარულია, მოწყვეტილია სოფლის სასაფლაო. საქონელი და შინაური ცხოველები სოფლიდან ჯერ არ გამოუყვანიათ. ხალხი სტიქიას თითო ხელი ტანსაცმლით გამოექცა. ზარალი ათასობით ლარი იქნება. ახლა, როცა პირველმა ელდამ გადაიარა, გადარჩენილების მთავარი სადარდებელია, სად წავლენ, რა იქნება ხვალ.

ერთი კვირის წინ, სოფლის სასაფლაოს მახლობლად, იქ, სადაც ახალი ბეტონის გზა დააგეს, სოფლის მოსახლეობამ შენიშნა, რომ სანიაღვრეების რკინები დეფორმირდა. სოფლის კაცებმა იმ ადგილას სილა ჩაყარეს, თუმცა მეორე დღეს სილა გამქრალი დახვდათ. კი დაეჭვდნენ, თუმცა იფიქრეს, ალბათ, ბეტონი არ არის კარგად დასხმულიო. სოფელი ასეთი მეწყერი არ ახსოვთ, ამიტომ არავინ დაეჭვებულა.

იმ ღამით, ოთარ გოგოლაშვილსაც თავის ოჯახთან ერთად, მეუღლესთან და 4 წლის ტყუპ შვილებთან ერთად ეძინა, როცა გამთენიის ოთხ საათზე მეზობლად მცხოვრებმა ბიცოლამ დაურეკა, რაღაც ხმებია, რაღაც ხდებაო.

მოუსმინეთ ოთარს:

Your browser doesn’t support HTML5

ომარ გოგოლაშვილი სტიქიის ღამეზე

ოთარმა დაამშვიდა, ქარია, ნუ გეშინია, ღუმელს დავანთებ და ჩემთან გადმოგიყვანო. შეშის მოსატანად გარეთ გავიდა და დაინახა, რომ სახლის აივანი ორად იყო გადახსნილი.

ცოლს დაუძახა, სასწრაფოდ ბავშვები გააღვიძეო. მანქანა ჭიშკართან ეყენა და ეგონა, გაასწრებდნენ, თუმცა იმ დროს ბიძაშვილმა დაურეკა, ქვემოთ წამოსვლაზე არც იფიქრო, გზა აღარ არის, სასაფლაოც წამოღებულია, მიცვალებულები მოაქვს მიწას და იქნებ ზედა გზით გაასწროო.

„ზედა გზაზე მთლად ეპიცენტრში მოვყევი, კლდე იყო წამოსული და გავიჭედეთ. მივატოვეთ მანქანა და ფეხით გავიქეცით. საშინელება იყო, ბნელოდა, არავის ჩვენი ხმა არ ესმოდა, ბავშვები კიოდნენ, დილის ხუთის ათი წუთი იყო... მერე ქვემოდან მანქანის შუქები დაინახეს ბიჭებმა და რაღაცნაირად მოაღწიეს ჩვენამდე და გადაგვარჩინეს. მერე მივბრუნდით, რომ მოხუცები და ვინც დარჩენილი იყო, ისინი გამოგვეყვანა. ამასობაში ინათა და მაშველებიც მოვიდნენ“.

გვიყვება, რომ შვიდი სული საქონელი სოფელში დარჩა და ცდილობს, როგორმე სამშვიდობოს გამოდენას, რომ ისინი მაინც გადაარჩინოს.

სტიქიის ღამის ამბავს ოთარ გოგოლაშვილი დეტალურად აღწერს:

კურსებისკენ მიმავალი ბეტონის დანგრეული გზა

ამ ვიდეოში ნახავთ სოფელ კურსებში სტიქიის შემდგომ ვითარების კადრებს, რომლებიც ოთარ გოგოლაშვილმა და თინათინ გოგოლაშვილმა მოგვაწოდეს. მასში ჩანს დაბზარული და დანგრეული სახლები, ჩამოშლილი მიწა და დახეთქილი გზები.

Your browser doesn’t support HTML5

სოფელ კურსებში არსებული ვითარება - ადგილობრივების გადაღებული კადრები

"კარი გავაღე და მთა დამხვდა სახლის წინ"

მეწყრის პირველი ტალღის ქვეშ მოჰყვა ალფაიძეების სახლიც.

ნანა გელაშვილი-ალფაიძე უკვე 32 წელია კურსებში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ სოფელი მთაგორიანია, მსგავსი სტიქიის საფრთხე არასოდეს უგრძნია.

„ხანდახან შეგვიმჩნევია მიწაზე ღარები და ცოტათი ჩამოწოლილა კიდეც მიწა, მაგრამ ასეთი არასოდეს არაფერი მომხდარა“.

თუმცა მეწყრის გააქტიურებამდე ერთი დღით ადრე, წყალი დაწყდა.

შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ წყლის მილი, რომელიც უერთდებოდა ავზს, საიდანაც რამდენიმე ოჯახი წყლით მარაგდებოდა, ავზიდან საგრძნობლად დაშორებული იყო. იმავე საღამოს მილი შეაკეთეს, გადააბეს, თუმცა მეორე დღეს ისევ იგივე სურათი დახვდათ.

„ეს კი არ მოგვეწონა. ჩემს შვილს მაგ საღამოსვე, ღამის 11 საათზე ველაპარაკე და ვთქვით კიდეც, რომ მეორე დღეს გეოლოგები მოგვეყვანა. გამთენიას კი გავაღე კარი და წინ მიწის მთა დამხვდა“, - გვიყვება ნანა.

სოფლის დაბზარული გზა

რომ არა მეზობლის სატელეფონო ზარი, შეიძლება ვერაფერი გაგვეგო და სახლთან ერთად ჩავმარხულიყავითო. ნანას და მის მეუღლეს სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე ეძინათ, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.

„იქვე ბოტები მედო, ჩავიცვი და გავვარდით, რომ თავი გადაგვერჩინა. საოცარი ხმა იყო, ლეწვის, მტვრევის. ეზოში ორი მანქანა გვეყენა - ერთი მიწით იყო დაფარული, მეორე არა, მაგრამ გზა აღარ არსებობდა და ისე გავიქეცით. პირადობის მოწმობებიც კი არ აგვიღია. მხოლოდ ტელეფონს ვტაცე ხელი, რომ სიბნელეში გზა გამენათებინა და თან უბანს ვაღვიძებდით..."

მოუსმინეთ ნანას:

Your browser doesn’t support HTML5

ნანა გელაშვილი კურსების სტიქიაზე

სოფლის ამ ნაწილში, როგორც ნანა გელაშვილი გვიყვება, ცხოვრება უკვე შეუძლებელია. მისი სახლის მხოლოდ სახურავი ჩანს. დანარჩენი ყველაფერი მიწაშია.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამხელა მეწყრის განვითარების მიზეზი, ამაზე პასუხი არც ნანას და არც სხვებს არ აქვთ. ერთადერთი, რაც იციან, სოფლის თავზე, მთაზე, ადრე კარიერი იყო, თუმცა ის უკვე 20 წელია არ მუშაობს.

კიდევ რა ვიცით ამ ეტაპზე

  • ბოლო ინფორმაციით, სოფელ კურსებში დანგრეულია 15-მდე სახლი. თუმცა გაცილებით მეტი დანგრევის საფრთხის წინაშე დგას.
  • სტიქიის ზონაში აღმოჩნდა 40-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის ნაკვეთები და სახლები.
  • 45 ოჯახი სასტუმროებშია გადანაწილებული - ქუთაისსა და გელათში.

მათ ჯერჯერობით არ იციან რა ბედი ელით. ჯერ მხოლოდ დროებით ქირით გაყვანაზეა საუბარი.

იმის გამო, რომ მეწყრული პროცესი აქტიურია და გზაც დამეწყრილია, სოფელში ქუთაისიდან შესასვლელი - ჩაკეტილია. სოფელს მეორე მისასვლელიც აქვს და ხალხი იქიდან ცდილობს მიახლოებას და საკუთარი სახლების დანახვას.

მეწყერი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ სახლებიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს. რაც ტანზე ეცვათ ყველა იმ ერთი ხელი ტანსაცმლით არის გაქცეული. საშიშროების შესახებაც, გამთენიისას, ერთმანეთს ურეკავდნენ, ატყობინებდნენ და ასე გადარჩნენ.

ზოგმა შინაური ცხოველების გამოშვება მოასწრო. ზოგმა კი, დაბნეულობისგან, ეგეც ვერ მოახერხა და უკან რომ დააპირა მიბრუნება, სოფელში უკვე აღარ შეუშვეს.

შემდეგ, მაშველებმა გამოუშვეს ცხოველები გარეთ. დაბმული ძაღლებიც აუშვეს.

მარიამ ბეროძის დრონით გადაღებული კადრი მეწყრის ადგილას

„ძროხები დავინახე, მაგალითად, მეზობლის ეზოში, კატების წამოყვანაზე ვფიქრობდი, მაგრამ სად უნდა წავიყვანოთ ეს ცხოველები, ეგეც არ ვიცი“, - გვეუბნება მარიამ ბეროძე, რომლის დედაც კურსებში ცხოვრობდა და მეწყრის დაძვრის მომენტშიც იქ იყო, საკუთარ სახლში.

„რამდენ რამეზე უნდა ინერვიულო?! სახლი, ეზო, მთელი ცხოვრების შრომა… თან ეს სახლი ხომ უბრალოდ რაღაც შენობა არაა, თაობები გაიზარდა შიგნით და წარმოუდგენელი მიკუთვნებულობის შეგრძნება გაქვს ყველაფერთან და ეგ ქრება წამში... საშინელი სიცარიელის შეგრძნებაა. მერე თუ მთლიანად არ წაიღო მიწამ, სულ იმაზე ფიქრობ, იქნებ რამე გადაარჩინო: ფოტოალბომები, წიგნები, არ ვიცი, რამე, რის გამოტანასაც მოახერხებ. ცხოველები ცალკე სანერვიულოა, სად არიან, თუ იქ არიან, რას ჭამენ, თუ გადარჩნენ, რა უნდა ქნან. პლუს, უცებ იაზრებ, რომ წვრილმანი ნივთები აღარ გაქვს, არ ვიცი, რაც გჭირდება ადამიანს, უცებ არაფერი აღარ გაქვს და შოკიც რომ გადადის, ასეთ წვრილმან დეტალებში უფრო იაზრებ, რო არაფერი აღარ დაგრჩა. ცალკე სანერვიულოა, მერე რა იქნება, სად უნდა იცხოვრო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბეროძე.

ასევე ნახეთ გამოსავალია განჭვრეტა და გაფრთხილება - გეოლოგებმა 2025 წლის სტიქიური მოვლენების სურათი შექმნეს

მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელის მარცხენა ფერდობზე, 2026 წლის 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.

დამეწყრილი გზა

ასევე ნახეთ “მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” - კიდევ რა წერია ხარაგაულის მეწყერზე გეოლოგების დასკვნაში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი: 599273250; 574228102.

შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელიც სტიქიის შედეგებს სწავლობს.

სოფელ კურსების სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ტყიბულის მერთან შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ კურსების სტიქია - „რაც ვიშრომეთ, რაც ვაკეთეთ, აღარაფერი დარჩა“