„პოლიციის უფრო ეშინიათ, ვიდრე სიკვდილის“ - რა ხდება, როცა სახელმწიფო აცხადებს მონოპოლიას ჩანაცვლებით თერაპიაზე

მას მერე, რაც ერთი წლის წინ კერძო კლინიკებს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის უფლება აეკრძალათ და ეს თავის ხელში სახელმწიფომ აიღო, ექიმები და ნარკომომხმარებლებიც ამბობენ, რომ იმატა ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევებმა, სერვისის გარეშე დარჩენილები კი ქუჩას და ნარკოტიკების „შავ ბაზარს“ დაუბრუნდნენ.

„თითქოს სამსახურში დავდივართ“ - მეტადონის რიგში

შენობა დიდი ხნის სარემონტოა - გარედან ის მიტოვებულ დაწესებულებას ჰგავს, მაგრამ აქ ყოველდღე დადიან ადამიანები მათი კუთვნილი წამლისთვის, რომელსაც ექიმების კონტროლის ქვეშ სვამენ.

თბილისში, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ერთ-ერთ ცენტრთან ვართ, ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დანიშნულების ადგილამდე ჯერ ქვიანი გზით მიდიხარ, ტყიან მონაკვეთს გაივლი და იმ შენობის წინ აღმოჩნდები, სადაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართულები შიგნით რამდენიმე წუთით შედიან, წამლის გასაცემი სარკმლიდან კონკრეტულ დოზას იღებენ და იქაურობას სწრაფად ტოვებენ.

შენობაში უცხოების შესვლა აკრძალულია.

გარეთ გამოსულებთან ვცდილობ გასაუბრებას, მაგრამ ყველა უარზეა. ზოგი საერთოდ უარყოფს, რომ ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული.

შემდეგ სხვა განყოფილებას ვაკითხავ ქავთარაძის ქუჩაზე. აქ დილიდან გაცილებით მეტი მომხმარებელია - შენობაში უწყვეტად შედიან და გამოდიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

ჩემი იქ ყოფნისას ამ რიგში ქალები არ დამინახავს.

ნახევარსაათიანი დაკვირვებითაც ჩანს, რომ უმრავლესობა უკვე ერთმანეთს იცნობს.

მოხვედი სამსახურში? - ზოგიერთი ხუმრობითაც ესალმება მეორეს.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მათ რამდენიმე დღის სამყოფი წამლის თან წაღება არ შეუძლიათ. ამიტომ ისინი ადგილზე ყოველდღე უნდა გამოცხადდნენ.

ცენტრის ეზოში, რამდენიმე ადგილას, წამლის კოლოფი გდია - წარწერით „ნარკანი“. ეს იგივე ნალოქსონია, მედიკამენტი, რომელიც ნარკოტიკის სახიფათო ეფექტებს ანეიტრალებს. როგორც წესი, ასეთ ადგილებში ამ მედიკამენტს სოციალური მუშაკები ტოვებენ.

ეს წამალი თავისუფლად არ იშოვება და ვერც აფთიაქში იყიდი.

ბევრმა უკვე იცის, რომ ის მომხმარებლებს ზედოზირებისგან იხსნის.

2025 წლის ზაფხულის შემდეგ ნარკომომხმარებლებს ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობა მთელ საქართველოში მხოლოდ ასეთ სახელმწიფო ცენტრებში შეუძლიათ. კერძო კლინიკების კარი ამავე სერვისის მისაღებად მათთვის დახურულია.

„მალე კატასტროფაში აღმოვჩნდებით“

ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ფედერალისტების“ წევრი, საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვის პირველივე დღეებიდან (2005 წელი) არის პროცესში ჩართული.

„რეფორმის შედეგი ნულია“, - ეუბნება ზურაბ სიხარულიძე რადიო თავისუფლებას და ამის დასტურად ისიც მოჰყავს, რომ კერძო კლინიკების პაციენტების მხოლოდ 40% გადავიდა სახელმწიფო პროგრამაში. 60% კი ქუჩაში დარჩა და როგორც ექიმი ამბობს, ტოტალურად მიაკითხა ნარკოტიკების „შავ ბაზარს“ - საიტებს, რომლებსაც „ისედაც მიმართავდნენ ნარკოტიკის საყიდლად“.

ქუჩაში კი უკვე გამოჩნდა არალეგალურად ისეთი ძლიერი ნარკოტიკები, რომლებიც აქამდე „შავ ბაზარზე“ არ ჩანდა, მაგალითად, ბუპრენორფინი.

„ურანტი“ ერთ-ერთია იმ კლინიკებს შორის, რომელიც, უფასო სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, პაციენტებს ფასიან ჩანაცვლებით თერაპიას სთავაზობდა.

ნარკოტიკების მომხმარებელთა ნაწილს ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა თვეში დაახლოებით 1000 ლარი და ჩანაცვლებითი პროგრამით ესარგებლა არა სახელმწიფო, არამედ კერძო კლინიკაში, სადაც თავს უფრო დაცულად გრძნობდა.

„უფასო წამალი ბევრისთვის შეღავათია, მაგრამ მომხმარებლების ნაწილისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ნდობა. ანონიმურობის დაცვა, პერსონალური ინფორმაციის გაფრთხილება და მეტად ნორმალური პირობები, რასაც სახელმწიფო სერვისისგან ვერ იღებდნენ“, - გვეუბნება თემო ხატიაშვილი, სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელი, რომელსაც თავადაც, როგორც მომხმარებელს აქვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.

ცვლილება - „არაფერი გემუქრებათ“

2025 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესს განკარგავდა მხოლოდ სახელმწიფო და რომ მხოლოდ მას ექნებოდა ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანის უფლებაც.

დღეს „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესის“ თანახმად, ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა შეუძლია მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს დაფუძნებულია.

დღეს ამ პროცესს სრულად კურირებს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”.

ჩანაცვლების პროგრამაში ჯამში ჩართული იყო დაახლოებით 15 000 ადამიანი, აქედან კერძო კლინიკებში ამ სერვისით სარგებლობდა დაახლოებით 3 500.

განახლებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ მასალის მზადების დროსაც გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ასევე ნახეთ

ნარკომომხმარებლებზე „სრულ პასუხისმგებლობას“ სახელმწიფო იღებს - კარგია ეს თუ ცუდი?

სახელმწიფო აცხადებდა, რომ კერძო ცენტრების ბენეფიციარებს ამ ცვლილებით “არაფერი ემუქრებოდათ“ და რომ ისინი ძველებურად განაგრძობდნენ სერვისის მიღებას - თან უფასოდ.

“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მაშინ საკომიტეტო განხილვაზე ისიც თქვა, შესაძლოა, „ზოგიერთი ბენეფიციარი მედიკამენტებს რამდენიმე კლინიკაში იღებდეს, თანაც გადამეტებული დოზებითო“.

ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდნენ, რომ პაციენტებს კერძო კლინიკებიდან „წამალი გამოჰქონდათ და ყიდდნენ“.

არც ექიმები უარყოფენ, რომ მომხმარებლების რაღაც კატეგორია, შესაძლოა, პროგრამის წესებს არღვევდა, თუმცა გამონაკლისი შემთხვევების გამო ყველა დაზარალდა.

„მართლა ძალიან ბევრს გაურთულდა ცხოვრება. სახელმწიფო პროგრამაში გადასულმა არაერთმა პაციენტმა დატოვა იქაურობა, ბევრი ახლაც ქუჩაშია. მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო დეტოქს-პროგრამებში ჩართვა - ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა“, - გვითხრა ზურაბ სიხარულიძემ.

ზურაბ სიხარულიძე, ექიმი ნარკოლოგი, "ფედერალისტი"

რადიო თავისუფლება ესაუბრა ერთ ყოფილ მომხმარებელსაც (მისივე თხოვნით, სახელს ანონიმურად დავტოვებთ), რომელიც კერძო კლინიკაში გადიოდა ჩანაცვლებით თერაპიას.

„12 წელი ვიყავი მომხმარებელი. აქედან 5 წელი ყოველდღე ვიარე ჩანაცვლების პროგრამაში. ვინც ჩემსავით დეტოქსი არ გადაწყვიტა, ნაწილი გადავიდა სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ ბევრიც ქუჩაში დარჩა და პროგრამების გარეთ ცდილობს ნარკოტიკის შოვნას. ამიტომაცაა ზედოზირების ამდენი შემთხვევა. მე, უბრალოდ, ისედაც გადაწყვეტილი მქონდა დანებება და ფინანსურადაც შემეძლო, რომ დეტოქსის გზა ამერჩია. ამიტომაც საბოლოოდ „გამოსავალში“ მივედი“.

ამ გზას ბევრი მიზეზის გამო მაინც ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევს.

„ვისაც სხვა გზა არ რჩება, სახელმწიფო ჩანაცვლებით ცენტრებზე მიჯაჭვული ცხოვრობს, ვერც მოგზაურობს, თუ მუშაობს - სამსახურში სულ პრობლემა აქვს, ქალაქგარეთ გასვლაც კი შეუძლებელია ხოლმე. სხვათა შორის, პანდემიის დროს დაუშვეს გამონაკლისი და წამლის ხუთი დღის დოზას გვაძლევდნენ - არაფერი მომხდარა. ყველა თავის წამალს მოიხმარდა და არც გვაძლევდნენ და არც ზედოზირების შემთხვევები გაზრდილა“, - გვეუბნება თემო ხატიაშვილიც.

თემო ხატიაშვილი, სათემო ორგანიზაცია "მანდალა".

რა არის ჩანაცვლებითი თერაპია? - მოკლედ

ჩანაცვლებითი თერაპიის დროს, პაციენტები შედარებით ხანგრძლივად იღებენ ნარკოტიკულს საშუალებას. ეს მკურნალობა განკუთვნილია სწრაფი მოქმედების ოპიოიდებზე (ჰეროინი, სირეცი, ოპიუმი, დეზომორფინი, კოდეინი, ფენტანილი) დამოკიდებულებისთვის. ეს თერაპია პირველად აშშ-იში 1960-იან წლებში შემოიღეს, დღეს კი მთელ მსოფლიოშია დანერგილი.

საქართველოში ამ თერაპიაში იყენებენ 2 სახის მედიკამენტს: მეტადონს და სუბოქსონს (ბუპრენორფინი-ნალოქსონის კომბინაცია).

მეტადონი ხანგრძლივი (24-36 სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა - ის მორფინისა და მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. როდესაც ის გამოიყენება მხარდამჭერი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის (ე.წ. “კაიფი”) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს.

ასევე ნახეთ

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ახალი წესები: კანონი გამკაცრდა, მაგრამ ვის დაუჯდება ეს ძვირად?

რატომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ ცვლილებამ სარგებელი არ მოიტანა?

„ნახეთ, რა ხდება ქუთაისის ცენტრში, უბრალოდ შეურაცხყოფაა იქ ადამიანის მისვლა. გადათხრილი ადგილი ტრაილერების გაჩერებაზე, ბორდელებით სავსე ტერიტორია. არანაკლები ხდება ბათუმში, ფოთში, ან ზუგდიდში, სადაც ეს ცენტრი საერთოდ აგურის ქარხანასთანაა, მტვერსა და უბედურებაში. არც თბილისშია უკეთესი ვითარება... თითქოს განგებ, ადამიანებს უწევთ წამლის მიღება მათთვის დამამცირებელ გარემოში, რომ კიდევ უფრო უარესად იგრძნონ თავი“, - ზურაბ სიხარულიძე ღირსების შემლახველს უწოდებს სიტუაციას სერვისის ცენტრებში და ამბობს, რომ სახელმწიფომ დაპირება, რომ პირობებს გააუმჯობესებდა, არ შესრულდა.

ქუთაისი, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი

ექიმის შეფასებით, ხელისუფლებას უბრალოდ არ ესმის რას ნიშნავს ზიანის შემცირება და მოელის, რომ ერთ დღეს ის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებს საერთოდ დახურავს:

„რადგან მათი ღია პოზიციაა, რომ ეს არის ლეგალური ნარკომანია და რომ ადამიანებს საერთოდ არ უნდა მისცენ ნარკოტიკი - კერძო პროგრამების დახურვის არგუმენტიც ეს იყო, იქ ხალხს ნარკოტიკს აძლევენო. თითქოს მეტადონის პროგრამაში კანფეტებს არიგებენ“.

ექიმი-ნარკოლოგი ამბობს, რომ პაციენტების რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციასა თუ მათ დასაქმებაზე სახელმწიფო საერთოდ არაფერს აკეთებს და ეს მისი შეფასებით, რუსული, აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობის მოდელით მოქმედებაა.

„ე.წ. სავალდებულო მკურნალობაც ამისა დასტურია... უნდა მოუსმინოთ რუსეთის მთავარი ნარკოლოგის შეფასებებს ჩანაცვლებით თერაპიაზე - ერთი ერთში ემთხვევა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებს. ალბათ, ამ რეფორმის ჩატარების დროსაც რუსები ან ბელარუსელები ჩართეს ექსპერტებად. ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს“.

ქუთაისი, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრის ტერიტორია

ამ ფონზე კი, როგორც ზურაბ სიხარულიძე გვიყვება, ზუსტად 10 წუთში, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია ნებისმიერი სახის ნარკოტიკი იყიდოს „დარქნეტში“ - თან ნარკოტიკების ასორტიმენტიც ძალიან გაზრდილია.

„სპეციალური ტელეგრამარხები ფაქტობრივად ნარკოტიკების „ტემუ“ გახდა - იქ მხოლოდ წამალი კი არ იყიდება, ათასნაირი რეკლამაა, სამსახურის შეთავაზება, ბონუსები და ა.შ. და მას იყენებს ყველა. დღეს - ნარკოტიკის ხელიდან ხელში გაყიდვა უკვე ძალიან იშვიათია“.

პრობლემა ისიცაა, რომ ხშირად, განსაკუთრებით დამწყებმა მომხმარებლებმა, არ იციან როგორ გამოიყურება ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება, რა ტიპის ნარკოტიკია ეს და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მასში მეტადონია გარეული.

„რომ ამბობენ - დაიძინა არ გაიღვიძა, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ წამალში ოპიატი იყო შერეული. ყველაზე საბედისწერო შედეგი ფენტანილსა და მეტადონს მოჰყვება - ამ უკანასკნელმა კი, ბოლო დროს, ფაქტობრივად წალეკა ქვეყანა. ეს დანამდვილებით ვიცით, რადგან მეც პირადში უამრავი ადამიანი მთხოვს დახმარებას“, - უთხრა ზურაბ სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ

არასამთავრობო ორგანიზაციები: უარესდება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულთა უფლებრივი მდგომარეობა

„დარქნეტი“ - ტელეგრამის არხებში გაჩაღებული ყიდვა-გაყიდვა

ტელეგრამში არსებობს სპეციალური არხები, სადაც სხვადასხვა ნარკოტიკის ყიდვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. ეს არხები დროდადრო ქრება ხოლმე. თუმცა არის რამდენიმე სივრცე, რომლებიც წლებია არსებობს და მას მომხმარებლები ხშირად მიმართავენ.

ამ არხების სახელებს განგებ არ ვასახელებთ, თუმცა საკუთარ მობილურ ტელეფონში ტელეგრამის ჩამოტვირთვა და ამ არხზე მიერთება საკმარისია, რომ არხის „ასისტენტი“ წამებში შემოგთავაზებს სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას.

„შავ ბაზარზე“ ვაჭრობის სქემა ძალიან მარტივია. ირჩევ სასურველ უბანს, სადაც რამდენიმე მისამართზეა „ფაქტი“ - იგივე ნარკოტიკი დამალული. იხდი კრიპტოვალუტით - ნებისმიერი კრიპტოაპარატიდან, რომლებიც ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა ან ინტერნეტბანკიდან.

ერთ-ერთი შეთავაზება ერთ-ერთ ტელეგრამარხზე, სადაც ნარკოტიკების ყიდვაა შესაძლებელი

როცა გადახდის ქვითარს გაგზავნი, პასუხად მისამართი მოგდის - ზუსტი კოორდინატები, რომელიც უშეცდომოდ მიგიყვანს იქ, სადაც ნარკოტიკია ჩაფლული ან სხვაგვარად დამალული - სასაფლაოებთან, თბილისის შემოგარენში, ტყიან ადგილებში, სადარბაზოებში, სად აღარ.

ეს მისამართები დილიდანვე „მზადდება“, ხოლო ნარკოტიკები ადგილზე კურიერებს მიაქვთ. ამ ტელეგრამარხებზე, ხშირად ცხადდება კურიერის ვაკანსიებიც.

„როგორც წესი, საბოლოოდ, კურიერებს იჭერენ ხოლმე, ან მომხმარებლებს, მათ უკან ვინც დგას წლებია, მათ - არა“, - გვეუბნება თემო ხატიაშვილი, რომელიც თავადაც 15 წელი იყო ნარკოდამოკიდებული. დღეს ის სხვებს ეხმარება და წლებია უკვე ზიანის შემცირებას ემსახურება.

„მანდალას“ ხელმძღვანელიც ბოლო დროს გახშირებული ზედოზირების შემთხვევებზე წუხს და ამბობს, რომ ქუჩაში იყიდება საშიში, ე.წ. მეტადონის კრისტალი, რომლის მიღებასაც მოჰყვება ყველაზე ხშირად ზედოზირება და სიკვდილი. ეს ნარკოტიკი ვიზუალურად ძალიან ჰგავს კლუბურ ნარკოტიკებს, ამიტომ შეცდომის ალბათობა დიდია.

ამას ისიც ემატება, რომ ძალიან ხშირად, მომხმარებლები შიშის გამო სასწრაფოს გამოძახებასაც ერიდებიან. ყველამ იცის, რომ სასწრაფო დახმარებას პოლიციაც მოჰყვება. ხანდახან სასწრაფოს პოლიცია ასწრებს.

„პოლიციის უფრო ეშინიათ, ვიდრე სიკვდილის“, - შენიშნავს ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძეც.

ყველა, ვინც საქართველოში წლებია ზიანის შემცირებას ემსახურება, იმაზეც თანხმდება, რომ შედეგი ვერც იძულებით მკურნალობას მოაქვს და ხშირად მოჰყავთ პორტუგალიის მაგალითი, რომელიც ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა.

„პორტუგალიაში ნარკოპოლიტიკა მას შემდეგ შეიცვალა და ზიანის შემცირება მას მერე დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შვილი მოუკვდა ზედოზირებით და დაინტერესდა, რა გახდა ამის მიზეზი. აღმოაჩინა, რომ მის შვილს გადარჩენის ბევრად მეტი შანსი ექნებოდა უფრო ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში და შეცვალა კიდეც პოლიტიკა“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.

კრიპტოვალუტის აპარატები თბილისის ქუჩებში

წელიწადში 30-40 ზედოზირება?

სინთეტიკური ნარკოტიკების სავარაუდო ზედოზირების შედეგად კიდევ სამი ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავი ბოლოს 2026 წლის 9 ივნისს გავრცელდა, როცა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს.

მანამდე, 12 მაისს, თბილისში, სავარაუდოდ ასევე ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

2024 წელს მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები „არ იყო იშვიათი“ - მაშინ მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში ზედოზირებით იღუპებოდა 30-დან 40-მდე ადამიანი.

გომელაური ასევე ამბობდა, რომ სამაგიეროდ, პოლიცია აქტიურად ებრძოდა ნარკოტიკების გამსაღებლებს.

ბოლოს შსს-მ 2026 წლის 10 ივნისს გამოაქვეყნა ცნობა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს 119 ადამიანი - მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. შემოწმებების სტატისტიკის მიხედვით, „ექსპერტიზის მიზნით“, 2026 წლის პირველ კვარტალში, ნარკოტიკებზე შეამოწმეს 4932 ადამიანი - მათგან 3789 პირზე პასუხი დადებითი იყო.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითვე, სულ აღრიცხულია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის 1738 შემთხვევა (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა).

„სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ეს ერთი შტო მუშაობს - მიწოდების შემცირება ანუ გამსაღებლების დაჭერა, მაგრამ არა ზიანის შემცირება. მაგრამ თუ მოთხოვნა არ შემცირდა, მიწოდება სულ იქნება - ეს არასოდეს გაჩერდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ სიხარულიძემ.

ასევე ნახეთ

1 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა ბაზა უნდა შექმნას - ახალი კანონი

რა არის შესაცვლელი ჩანაცვლების პროგრამაში?

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი წლებია აცხადებს, რომ ამ პროგრამაში, სულ ცოტა, ოთხი რამეა შესაცვლელი. მათ შორის:

  • ჩამნაცვლებელი პრეპარატის სახლში გატანების პრაქტიკის დანერგვა;
  • ჰეროინით მხარდაჭერილი მკურნალობის დანერგვის საჭიროება;
  • ჩანაცვლების პროგრამების მოსარგებლეთა დასაქმების ხელშეწყობა;
  • ფსიქოსოციალური კომპონენტის გაძლიერება.

ჯერჯერობით, როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ეს რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.

ისევ უპასუხოა შეკითხვაც - როცა მკურნალობა ისე რთულდება, რომ ქუჩაში დაბრუნება უფრო მარტივი გზაა, მაშინ ვის ეხმარება სისტემა სინამდვილეში?

რადიო თავისუფლებამ ამ და სხვა კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა და ინტერვიუც მოვითხოვეთ, პასუხები ჯერ არ დაგვბრუნებია, თუმცა მათი მიღებისთანავე პასუხები მასალაში აისახება.

ასევე ნახეთ

ნარკოტიკებით ზედოზირების პრობლემას ეძებენ იქ, სადაც ის არ არის