როცა არ არსებობს დაზარალებული, მაგრამ ხულიგნობისთვის გაჯარიმებენ - რა ხდებოდა სხდომაზე, სადაც ფეისბუკ-კომენტარზე იდავეს

გიორგი მელითაური, თბილისის საქალაქო სასამართლო, 22 ივნისი, 2026 წელი

2000 ლარით დააჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი მელითაური, რომელსაც შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფეისბუკში ფოტოგრაფის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არც გიორგი მელითაური და არც შსს-ს წარმომადგენლები არ დასწრებიან. ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება მხოლოდ ჟურნალისტებმა და სხდომის მდივანმა მოისმინეს.

გადაწყვეტილების დასაბუთება მოსამართლეს, 3 ივლისს, სხდომათა დარბაზში, არ წაუკითხავს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, უცნობია, რატომ მიიჩნია მან გიორგი მელითაური სამართალდამრღვევად. გადაწყვეტილების დადგენილება მხარეებს მომდევნო დღეებში ჩაბარდება.

ეს საქმე მოსამართლემ და მხარეებმა 30 ივნისს, ერთსაათიან სასამართლო სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილების მისაღებად ნინო ენუქიძეს 3 დღე დასჭირდა.

ასევე ნახეთ

გინებაც, წყევლაც და „დაფიფქული“ სიტყვებიც - ჯარიმები სიძულვილის ენის სასამართლოებიდან

რას ედავებოდა შსს გიორგი მელითაურს?

შსს გიორგი მელითაურს, 6 ივნისს, ფეისბუკში, „მთავარის“ ე.წ. ქარდის ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ედავებოდა. შსს-ს ინსპექტორი, ირწმუნებოდა, რომ გიორგი მელითაურმა ამ კომენტარით მისივე მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლოს მსვლელობისას გაირკვა, რომ რაკი ე.წ. ქარდზე ლევან ზაზაძის ფოტო იყო აღბეჭდილი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორმა ჩათვალა, რომ კომენტარი სწორედ ლევან ზაზაძეს ეძღვნებოდა.

დაცვის მხარის თქმით კი კომენტარი არ ეხებოდა ფოტოგრაფს, მეტიც, ლევან ზაზაძე და გიორგი მელითაური „კარგი ნაცნობები“ იყვნენ და ამ კომენტარს საერთოდ არ ჰყავდა ადრესატი.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრობდა ფოტოგრაფი ლევან ზაზაძეც და იხსენებდა 6 ივნისს, უკვე ტრადიციად ქცეული შაბათის მარშის დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაც მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა და რასაც შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერილი სადაო კომენტარიც მოჰყვა:

ლევან ზაზაძე, ფოტოგრაფი, 22 ივნისი, 2026 წელი

„6 ივნისს, შაბათის მარშის დროს, მე და ჩემს მეგობარს, თამარ გიორგაძეს მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უცნობმა, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ჩხუბში. ამის შესახებ ინფორმაცია დაიწერა სხვადასხვა მედიაშია. მათ შორის, ქარდი გააკეთა „მთავარმა“. ამ პოსტის ქვეშ დაიწერა გიორგი მელითაურის სახელით კომენტარიც, რომელიც, ცხადია, არ მომემართება მე. ის ზოგადად, აბსტრაქტულადაა დაწერილი. თუმცა, ინსპექტორმა გადაწყვიტა, რომ რაკი ქარდზე ჩემი ფოტო იყო, მე მაგინებს. ეს არის აბსურდი. ამაზე იხარჯება რესურსი“, - უთხრა ლევან ზაზაძემ რადიო თავისუფლებას 22 ივნისს.

რა ეწერა კომენტარში: "მერე ცემ ეგეთ დედა***ლს და 2 წელი ციხეში უნდა იჯდე. ამის დედა *** რამდენი ქართველი უნდა ჩავჯდეთ ციხეში ასეთი დედა***-ის გამო, რომ მიხვდეთ, რა ხდება ქვეყანაში?"

ასევე ნახეთ

„აქ თუ იმყოფება სანაია?“ - როგორ დააჯარიმეს ჟურნალისტის ფეისბუკში შეურაცხყოფისათვის 53 წლის კაცი

„ხშირად, მეც არ მომწონს ვიღაცის გამოხატვის ფორმები, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არსებობს ამისთვის“ - რას ამბობდა ადვოკატი

გიორგი მელითაურის ადვოკატი, გიორგი დავითური საქმის შეწყვეტას ითხოვდა.

30 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა მოსამართლე ნინო ენუქიძე, რომ:

  • პირველი - შსს ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ ფეისბუკ-კომენტარი ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი მელითაურს ეკუთვნოდა, თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს;
  • მეორე - კომენტარს, რომელსაც შსს-ს შეფასებით წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა ჰქონდა, რეალურად, გამოხატვის თავისუფლება იყო;
  • მესამე - გიორგი მელითაურს, რომელსაც შსს ფოტოგრაფის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას ედავებოდა, მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.


30 ივნისს გამართულ სხდომაზე გიორგი დავითურმა მოსამართლეს შუამდგომლობებიც წარუდგინა - მათ შორის, ე.წ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეო-ჩანაწერი, თუ როგორ არის შესაძლებელი ე.წ. ყალბი ანგარიშით, სხვისი სახელით, რაიმე კომენტარის დაწერა ნებისმიერი პოსტის ქვეშ. ეს შუამდგომლობა და ე.წ. ექსპერიმენტი, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულებების სახით დაურთო.

რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, რომელიც შსს-ს მიერ შეურაცხყოფილად აღიარებული ლევან ზაზაძის მოწმის სტატუსით გამოკითხვას შეეხებოდა, მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.

ადვოკატს სურდა, ერთი მხრივ, ლევან ზაზაძეს ესაუბრა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა მასა და გიორგი მელითაურს შორის დაპირისპირებისა და მეორე მხრივ, მისი, როგორც დაცვის მხარის ინტერესი იყო, ფოტოგრაფს აღეწერა 6 ივნისს, შაბათის მსვლელობისას განვითარებული მოვლენები, რათა მოსამართლეს დაედგინა, კომენტარი, რომელიც ამ მოვლენების ამსახველი ე.წ. ქარდის ქვეშ დაიწერა, იყო წვრილმანი ხულიგნობა თუ ის გამოხატვის თავისუფლების შინაარსს ატარებდა.

გიორგი დავითური, თბილისის საქალაქო სასამართლო, საარქივო ფოტო

„ხშირად, მეც არ მომწონს ვიღაცის გამოხატვის ფორმები, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არსებობს ამისთვის. ყველანი ერთმანეთისთვის მისაღები ფორმით ვერ ვილაპარაკებთ. ამ შემთხვევაში, ეს კომენტარი, რაც იქ არის გაკეთებული, რომც დადასტურდეს ან ჩაითვალოს, რომ ეს გიორგი მელითაურის მიერაა გაკეთებული, სრულად თავსდება გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმაში.

ეს არ არის არსაიდან გამოვარდნილი და დაწერილი კომენტარი. იმ დღეს, როცა ეს კომენტარი დაიწერა, აქციის მიმდინარეობისას, დაესხნენ თავს ადამიანებს. კომენტარშია გაკეთებული რეაგირება დაუსჯელობაზე გარკვეული ადამიანების მიმართ და შერჩევით დასჯაზე. ის ადამიანი, რომელიც იყო მოძალადე გაარიდეს ტერიტორიას.

შეიძლება ეს კომენტარი დაწერილია ჩვენთვის მიუღებელი ფორმით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ვიღაც ამ ფორმით გამოხატავს აზრს, მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა. იქ არ არის გაკეთებული არანაირი მოწოდება, არცერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ შეურაცხყოფა“.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ 30 ივნისს გამართულ სხდომაზე, მოწმის სტატუსით ლევან ზაზაძის გამოკითხვაზე უარი ასე დაასაბუთა:

ნინო ენუქიძე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე, საარქივო ფოტო

„მოწმე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც იცის რაიმე გარემოება სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტის შეფასების ფარგლებში, მნიშვნელოვანია, შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმე ამ თვალსაზრისით, დამატებით რაიმე სახის ინფორმაციის მომწოდებელი ჩვენთვის ვერ გახდება.

რაც შეეხება იმას, რომ მან შეიძლება რაიმე თქვას, რა მოხდა იმ კონკრეტულ დღეს, ესეც ცდება სავარაუდო სამართალდარღვევის საქმის ფარგლებს. რაც შეეხება იმას, თუ რა დამოკიდებულებაშია ბატონი გიორგი და ბატონი ლევანი ერთმანეთთან, მე ვფიქრობ, რომ ეს გარემოებებიც მხარის მიერ სადაო პრინციპში შეიძლება სულაც არ იყოს, ჩვენ უნდა შევაფასოთ, კონკრეტული კომენტარი არის თუ არა გაკეთებული კონკრეტული პირის მიერ და შეფასდეს, რამდენად ჯდება ან არ ჯდება, თუკი ის გაკეთებულია კონკრეტული პირის მიერ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

კონკრეტული კომენტარი გაკეთდა ზოგადად, გაკეთდა კონკრეტული პირის მისამართით თუ მეგობრის, ნათესავის თუ აბსოლუტურად უცხო პირის მიმართ, ესეც ცდება კონკრეტული საქმის ფარგლებს. საქმე ფასდება, კონკრეტულად საჯარო სივრცეში კონკრეტული გამონათქვამის კონტექსტში და არა კონკრეტულ სუბიექტებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობის ფარგლებში“, - უთხრა ადვოკატს მოსამართლემ.

ასევე ნახეთ

"ვსქროლავთ თუ არ ვსქროლავთ, ფაქტი სახეზეა" - რას, ვის და როგორ ეძებს შსს სოციალურ ქსელებში

„საჯარო სივრცეში მსგავსი ტერმინების გამოყენება, წარმოადგენს სამართალდარღვევას“ - რას ამბობდა შსს

შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმის თანახმად, 2026 წლის 6 ივნისს, გიორგი მელითაურმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ზაზაძეს.

„აღნიშნული კომენტარი გაკეთებული იყო კონკრეტულ პოსტზე, სადაც ვიზუალური გამოსახულებით ჩანდა, ბატონი ლევან ზაზაძე. მას შემდეგ, რაც სამმართველომ შეაფასა, რომ ეს კომენტარი სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მას ჰქონდა სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნები, დღის წესრიგში დადგა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში კონკრეტული კომენტარიდან მოხდა გიორგი მელითაურის ფბ გვერდზე გადასვლა და დათვალიერდა მისი ანგარიში“, - აცხადებდა 30 ივნისს გამართულ სხდომაზე შსს-ს იურისტი მარიამ კერესელიძე.

ის ირწმუნებოდა, რომ შსს-ს მოსაზრებით, კომენტარი, თავისი შინაარსით იყო შეურაცხმყოფელი, არღვევდა საჯარო წესრიგს და სცდებოდა გამოხატვის თავისუფლებას:

„შეიცავს უწმაწურ სიტყვებს და ეს უწმაწური სიტყვები მეორდება არა ერთგზის, არამედ, ფაქტობრივად, ყველა წინადადებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს კომენტარი სამართალდარღვევაა“.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ კომენტარი არ მიემართებოდა ლევან ზაზაძეს და ის, ზოგადად, იმ დღეს, მსვლელობისას განვითარებული მოვლენების შეფასება იყო, მარიამ კერესელიძემ თქვა:

„იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ ლევან ზაზაძეს არ მიემართებოდა ეს კომენტარი და ზოგადად მიემართებოდა მესამე პირებს, ან ადრესატი არ ჰყავს ამ შეურაცხყოფას, ჩვენ მაინც ვერ გავცდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებს, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე საჯარო სივრცეში უმისამართო ლანძღვა-გინებას. ამიტომ მიუხედავად იმისა, ბატონ ლევანს მიემართებოდა ეს კომენტარი თუ არა, საჯარო სივრცეში მსგავსი ტერმინების გამოყენება, თავისი შინაარსით უკვე წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას“.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გამოძიების დაწყებისას „არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინმემ იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად":

„ვინაიდან, თავისი შინაარსით, ეს არის ფორმალური სამართალდარღვევა, უკვე კომენტარის გაკეთების დროს დასრულებულად ითვლება და არ არის აუცილებელი, იმ პირმა, რომელსაც ეს კომენტარი მიემართება, მართლაც იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად, ან განაცხადოს ამის შესახებ. აქ დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცეში მსგავსი ტერმინების გამოყენებაა აკრძალულია და პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული შემთხვევაში“.

როგორია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ერთთვიანი სტატისტიკა?

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.

შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკა პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ასეთია:

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი;
  • საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე;
  • საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან, სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა. ამ სტატისტიკას 3 ივლისს კიდევ ერთი სიტყვიერი შენიშვნა შეემატა, რომელიც მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნობილ ლილი კომლაძეს გამოუცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე, ირწმუნება, რომ სამმართველოს შექმნის შემდეგ, „შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს“, - ეს განცხადება მან სამმართველოს შექმნიდან ერთი თავის თავზე გააკეთა.

ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.

შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

„შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს“ - შსს-ს კიდევ ერთი დავა პოსტის გამო